როგორ მოქმედებს მწვანე მალამო და როდის იყენებენ პრეპარატს?

პირადი აფთიაქისთვის მწვანე მალამო საკმაოდ გამოსადეგი პრეპარატია. ის პარასამკურნალო საშუალებაა და იწარმოება საქართველოში, მცენარეული მასალისგან და თაფლის სანთლისგან. მწვანე მალამოს მოხმარების ინსტრუქცია, შედარებით მსუბუქ დაზიანებებზე საკმაოდ მარტივია, უბრალოდ, შეგიძლიათ დაზიანების არეზე ნაზად წაისვათ. 

 

როგორ მუშაობს მწვანე მალამო?

 

მწვანე მალამოს ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის ამცირებს ჰიპოქსიის ხარისხს უჯრედში, ხელს უწყობს მიკროცირკულაციას, აძლიერებს ფაგოციტოზის პროცესს და T ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას. 

 

ეს ტერმინოლოგია რთული ჩანს მათთვის, ვინც არ არის ფარმაკოლოგი ან მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოთი გატაცებული მოსწავლე, ამიტომ საბაზისოდ და უფრო მარტივად შევეცდებით ახსნას.

მაგალითად, გვაქვს რამე ანთებითი პროცესი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა სხვადასხვა გამღიზიანებელზე, შეიძლება ის გამოწვეული იყოს არასასურველი მიკროორგანიზმის მიერ. მწვანე მალამოს გამოყენების შემდეგ მასში არსებული აქტიური ნივთიერებები დაეხმარებიან ჩვენს ორგანიზმს ამ დაბრკოლებასთან გამკვლავებაში.

გაძლიერებული ფაგოციტოზი და მომატებული T ლიმფოციტები გვეხმარება არასასურველი მიკროორგანიზმებიისგან გათავისუფლებაში. მიკროცირკულაციის ხელშეწყობა და ჰიპოქსიის ხარისხის გაუმჯობესება გვეხმარება, რომ ანთების ან შეშუპების დროს, ქსოვილში შეფერხებული სითხის ცირკულაცია და სისხლის მიმოქცევა დარეგულირდეს. 

 

რა შემთხვევებში გამოვიყენოთ მწვანე მალამო? 

 

მწვანე მალამოს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, როგორც მსუბუქი დაზიანებებისას, ასევე შედარებით მძიმე ტრავმებისას, რომლებსაც ხანგძლივი თერაპია ესაჭიროება.

მსუბუქ დაზიანებებში იგულისხმება მაგალითად: მზის დამწვრობა, მსუბუქი ჭრილობა, კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენი. მწვანე მალამო გამონაყარზე ან აკნეზე, ასევე ახალშობილთა გამოყელვის დროს და სხვა მსგავსი კანის ზედაპირის გაღიზიანებებისას საკმაოდ სასარგებლოა. თუმცა, სიფრთხილეც გვმართებს, რადგან მწვანე მალამოს სახეზე გამოყენებისას არ შეიძლება მისი თვალის არეში მოხვედრა.

მალამოს შიდა მოხმარებაც შესაძლებელია, მაგალითად პირის ღრუში შემაწუხებელი სტომატიტის დროს, ცხვირში სისხლდენისას ან ბუასილის კვანძების ანთების დროს.

მწვანე მალამო ასევე გამოიყენება მძიმე დამწვრობისას, საშვილოსნო ყელის ეროზიის და სხვადასხვა წყლულების მკურანლობაში დამხმარე საშუალებად. ცხადია, ამ შედარებით მძიმე ანთებებს და დაზიანებებს მალამოს მიღების თავისი ხანგძლივობა და ეტიკეტი აქვთ, რომელიც მკურნალ ექიმთან უნდა დააზუსტოთ.