კლოტრიმაზოლი — როდის არ უნდა გამოვიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

სქელი ყვითელი ფრჩხილები, გაუხეშებული კანი, ქავილი და არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან, თმის ცვენა — ეს სოკოვანი დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არასრული ჩამონათვალია. 

სოკოები ბინადრობენ წყალში, ნიადაგში, ჰაერში და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმშიც კი. ისინი განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს ორგანიზმის ნოტიო და ლორწოვან ადგილებში, როგორებიცაა: პირის ღრუ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, სასქესო ორგანოები, შარდსასქესო სისტემის ლორწოვანი გარსები, კანის ნაოჭები და სხვა. სოკოვანი დაავადება სწრაფად ვრცელდება და გადამდებია, ამირომ თუ დაავადება განვითარდა, პროცესის შესაჩერებლად დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. 

სოკოვანი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სპექტრი ფართოა და მოიცავს როგორც აბებს, ასევე სანთლებს და მალამოებს.

სოკოს სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტია კლოტრიმაზოლი, რომელიც გამოდის როგორც მალამოს, ასევე ტაბლეტების, სანთლებისა და ხსნარის სახით. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ პრეპარატზე ვისაუბრებთ.

რა არის და რისთვის გამოიყენება კლოტრიმაზოლი? — მალამო და ვაგინალური სანთლები  

კლოტრიმაზოლი გარეგანი გამოყენების ანტიმიკოზური პრეპარატია, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. 

კლოტრიმაზოლის მალამო ძირითადად გამოიყენება:

  • სოკოთი გამოწვეული ვაგინალური სოკოვანი ინფექციების დროს;
  • სტომატიტის, ლიქენის დროს;
  • ტერფის სოკოვანი დაავადებისა და ქავილისას;
  • ყურის ინფექციების სამკურნალოდ;
  • კანდიდოზის ადგილობრივი მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია Candida albicans -ის მიერ;
  • შემდეგი დერმალური ინფექციების სამკურნალოდ: tinea pedis, tinea cruris, tinea corporis, რომლებიც გამოწვეულია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, da Microsporum canis- ის მიერ; 
  • კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი დაავადების, საზარდულის ნაკეცების ანთებისა და ხახუნით გამოწვეული კანის ანთების დროს;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზის სამკურნალოდ.

რაც შეეხება კლოტრიმაზოლის სანთელს იგი ცილინდრულ-კონუსური ფორმის თეთრი, მოყვითალო ელფერის სანთლებია, რომელიც განკუთვნილია: 

  • სოკოებით Candida ან Trichomonas vaginalis გამოწვეული გენიტალური ინფექციების (კანდიდოზურივულვოვაგინიტი, ინფექციური ლეიკორეა, ტრიქომონადური ვაგინიტი) სამკურნალოდ;
  • ვაგინალური ბაქტერიული სუპერინფექციების სამკურნალოდ;
  • მშობიარობის წინ სამშობიარო გზების სანაციისთვის. 

დოზირება და გამოყენების წესი 

კლოტრიმაზოლის კრემი უნდა წაისვათ კანზე, დაზიანებულ და მის გარშემო უბნებში, დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. კლინიკური გაუმჯობესება ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველი კვირის შემდეგ. თუ კლოტრიმაზოლით მკურნალობის 4-კვირიანი კურსის შემდგომ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.

რაც შეეხება კლოტრიმაზოლის სანთლებს, იგი შეჰყავთ ინტრავაგინალურად, შემდეგი დოზებით: 100 მგ კლოტრიმაზოლი (1 სანთელი) დღეში ერთხელ, ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-7 დღეს შეადგენს.

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული უბნის დაბანა და გამშრალება.

სიფრთხილის ზომები — რა უნდა იცოდეთ კლოტრიმაზოლით მკურნალობის შესახებ?

იმ შემთხვევაში, თუ კლოტრიმაზოლის კრემით მკურნალობისას აღინიშნება გაღიზიანების ან მომატებული მგრძნობელობის ეპიზოდები, შეწყვიტეთ კლოტრიმაზოლის მიღება და მკურნალობის სხვა მეთოდს მიმართეთ.

თუ მკურნალობის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება, ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს აცნობეთ.

ასევე აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ადგილობრივი მკურნალობისას გამოვლინდა კანის სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, ბუშტების წარმოქმნა, შეშუპება და ა.შ. 

კლოტრიმაზოლით მკურნალობის პერიოდში არ ატაროთ ოკლუზიური სახვევები და შებოჭილი ტანსაცმელი. მოერიდეთ ინფიცირებისა და რეინფიცირების წყაროებს.

შეიძლება თუ არა კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს? 

თაგვებზე ჩატარებული 18-თვიანი კვლევისას, კლოტრიმაზოლის კანცეროგენური მოქმედება არ გამოვლენილა. ზაზუნებზე ჩატარებული კვლევის შედეგად კი დადგენილია, რომ კლოტრიმაზოლს არ ახასიათებს მუტაგენური მოქმედება.

კვლევებით ასევე შესწავლილია პრეპარატის მოქმედება ორსულობის პერიოდში და პრეპარატის უარყოფითი გავლენა ნაყოფზე გამოვლენილი არ არის. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ რეპროდუქციური კვლევები ცხოველებზე ყოველთვის არ შეესაბამება მოსალოდნელ გვერდით ეფექტებს ადამიანებში, პრეპარატის დამიშვნა ორსულობის 1 ტრიმესტრში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, გამოკვეთილი ჩვენებების არსებობისას უნდა მოხდეს. 

რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, დედის რძეში პრეპარატის ექსკრეციის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით მიღება.

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

კლოტრიმაზოლის როგორც მალამოს, ასევე ვაგინალური სანთლების გამოყენებისას, შესაძლოა იშვიათად ადგილი ჰქონდეს ისეთ ალერგიულ რეაქციებს, როგორებიცაა: წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება, ეპიდერმისის აქერცვლა.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებას, შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობაა.

პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა მისი მცირე აბსორბციის უნარის გამო. კლოტრიმაზოლის ეფექტი მცირდება გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან, ასევე დექსამეტაზონთან ერთად გამოყენებისას.

რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ კლოტრიმაზოლი ექიმთან კონსულტაციის გარეშე? 

კლოტრიმაზოლი არ უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე, თუ:

  • გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და გადიხართ იმინოსუპრესიულ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას; 
  • გაქვთ აივ ინფექცია;
  • ხართ ორსული ან მეძუძური დედა;
  • პაციენტი არის 11 წლამდე ასაკის და ხანდაზმული.