ლევომეკოლი — მალამო ანთების წინააღმდეგ

ლევომეკოლის მალამო (იგივე ლევომეკოლის მაზი) ჩირქოვანი ჭრილობების (მათ შორის, შერეული მიკროფლორით ინფიცირებული ჭრილობების) პროცესის პირველ ფაზაში, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, ინფიცირებული დამწვრობების, ფურუნკულების, კარბუნკულების სამკურნალოდ გამოიყენება.

მას რეპარაციული, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

მალამოს შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი 

ლევომეკოლის მალამოს აქტიური ნივთიერებებია ქლორამფენიკოლი, იგივე ლევომიცეტინი და მეთილურაცილი. მათ გარდა, შედგენილობაში შეიძლება იყოს პოლიეთილენოქსიდიც.

მალამო, როგორც წესი, თეთრი ან მოთეთრო ფერის ერთგვაროვანი მასაა, დაჰკრავს მოყვითალო ტონები. აქვს სუსტად გამოხატული სუნიც.

მალამოს შედგენილობაში შემავალ ქლორამფენიკოლს (ლევომიცეტინს) აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. თუკი ლევომეკოლს ჭრილობაზე დაიდებთ, სწორედ ლევომიცეტინი იმოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, სტაფილოკოკების, ლურჯ-ჩირქოვანი და ნაწლავის ჩხირის წინააღმდეგ. 

რაც შეეხება მეორე აქტიურ ნივთიერება მეთილურაცილს — ის უჯრედების განახლების, აღდგენის პროცესს აჩქარებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და, ასევე, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ლევომეკოლის ფასი მრავალ გარემოებაზე არის დამოკიდებული. განსხვავებულია ლევომეკოლის მალამოს ფასი იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანიაა მწარმოებელი, რომელი ქვეყნიდან შემოდის ის საქართველოში და როგორია ზოგადი ეკონომიკური პარამეტრები ამ დროს ჩვენთან.

რას კურნავს ლევომეკოლი?  

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ლევომეკოლი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოა — მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება და, ცხადია, დამწვრობაზეც შეიძლება გამოვიყენოთ. თუმცა, აღმდგენი ეფექტების მიუხედავად, მალამოს მთავარი დანიშნულება და ჩვენებაც სწორედ ჭრილობის პირველადი დამუშავებისას მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლაა.

ლევომეკოლის ანოტაციის მიხედვით, მალამო შეგვიძლია ჭრილობაზე დაიდოთ, როცა გაქვთ ჩირქოვანი ჭრილობა, ინფიცირებული დამწვრობა, ფურუნკულები და ა.შ. თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი ჭრილობა მალამოს მოხმარებას საჭიროებს, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული — კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ლევომეკოლის გამოყენების წესი  

მალამოთი გაჟღინთეთ დოლბანდი, რომელიც ჭრილობაზე უნდა მოათავსოთ. მოამზადეთ ჭრილობაც, მოაშორეთ მას მკვდარი, დაზიანებული ქსოვილები და წყალბადის ზეჟანგით დაამუშავეთ ის. შემდეგ კი ჭრილობა კარგად დაფარეთ დოლბანდით.

პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია ჩირქოვან ღრუებშიც, ე.წ. ზონდის (დრენაჟის მილის) შპრიცის გამოყენებით. თუმცა, ამ შემთხვევაში მალამოს 35-36°C-მდე შეთბობაა აუცილებელი. 

სახვევები ჭრილობაზე დაიტანება ყოველდღიურად, ჩირქოვან-ნეკროზული მასისაგან ჭრილობის მთლიანად გასუფთავებამდე.

გაითვალისწინეთ, რომ ლევომეკოლი 3 წლამდე ბავშვებში არ ინიშნება. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ პატარა ასაკში მალამოს მოხმარება არ არის რეკომენდებული.

ლევომეკოლის გამოყენება შეიძლება 3 წლიდან ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში. ლევომეკოლის მალამო დაზიანების მიღებიდან პირველი 4 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. მისი ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ჭრილობის გარშემო დაუზიანებელ, ჯანსაღ უჯრედებზეც. 

სწორედ ამიტომ, მკურნალობის მე-5 დღიდან რეკომენდებულია მალამოს იმ პრეპარატებით შეცვლა, რომლებიც დაზიანებულ ქსოვილს აღადგენენ. საუკეთესო გამოსავალი კი, ცხადია, ექიმთან კონსულტაცია იქნება — ის მოგცემთ რჩევას, რა გამოიყენოთ ქსოვილების აღდგენისათვის და როგორ განაგრძოთ მკურნალობა.

გავრცელებული მითები — როდის არ გამოიყენება ლევომეკოლი?  

გავრცელებული მითია, რომ ლევომეკოლი გინეკოლოგიაში გამოიყენება. სინამდვილეში კი თუკი შესაბამისი ჭრილობა არ მოითხოვს კონკრეტული პრეპარატის დატანას, თვითნებურად მისი მოხმარება არ შეიძლება.

ასევე, არასწორია, თითქოს ლევომეკოლი აკნეს კურნავს. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი შეიძლება იყოს ბაქტერიული წარმოშობის, მალამო მის წინააღმდეგ მკურნალობისას არ გამოიყენება.

ზოგადად კი ლევომეკოლი სახეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავიტანოთ, თუკი გვაქვს ჭრილობა და მის სამკურნალოდ, ანთებითი პროცესების წინააღმდეგ, გვინდა მალამოს გამოყენება. სხვა შემთხვევაში ლევომეკოლის სახის მოვლის რუტინაში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კიდევ ერთი გავრცელებული მითი არის ლევომეკოლის ბუასილის საწინააღმდეგო მოქმედება. თუკი კანზე არ არის ჭრილობა, ლევომეკოლის დატანამ, პირიქით, შეიძლება ჯანსაღი უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს ე.წ. ოსმოსური შოკი.

სამედიცინო ჩვენებებით კი ლევომეკოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებისა და ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის. ორივე დროს მალამო ინიშნება მხოლოდ ისეთ მწვავე შემთხვევაში, როცა დედისთვის მოტანილი სიკეთე ბევრად აღემატება ნაყოფისთვის/ბავშვისთვის არსებულ რისკებს.