კლექსანი — ჩვენებები, გვერდითი მოვლენები, სიფრთხილის ზომები

ანტიკოაგულანტი სისხლის შედედების შემაფერხებელი და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებაა, რომელსაც ხშირად იყენებენ გულის შეტევების, იშემიური დაავადების, არტერიული ემბოლიის და სხვა შემთხვევებში.

ანტიკოაგულანტები იყოფა ორ ჯგუფად: პირდაპირი ანტიკოაგულანტები, რომლებიც ეფექტურია როგორც ორგანიზმში, ისევე ორგანიზმის გარეთაც და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ორგანიზმში. 

დღევანდელ ბლოგში პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტს — კლექსანს განვიხილავთ.

რას წარმოადგენს კლექსანი და როდის გამოიყენება?

კლექსანი ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც საინიექციო ხსნარის სახით იყიდება, მზა შპრიცებში.

კლექსანი გამოიყენება: 

  • ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს;
  • ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკისთვის, წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში, მწვავე დაავადებების დროს;
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ;
  • არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, ასპირინთან ერთად;
  • თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკისთვის, ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები გააჩნია კლექსანის ინიექციას?

კლექსანის ერთ-ერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შედგენილობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების (ენოქსაპარინის მარილის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების) მიმართ.

პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია ახლო წარსულში გადატანილი ინსულტისა და იმ დაავადებების შემთხვევაში, რომელთა დროს მაღალია სისხლდენების რისკი. სისხლდენების განვითარების რისკი ასევე მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით 80 წლის ზევით, ამიტომ კლექსანით მკურნალობისას, ხანდაზმულები მუდმივად საჭიროებენ მონიტორულ კონტროლს.  

პრეპარატის მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი და სისტემური ალერგიული რეაქციები.

ასევე იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ინიექციის ადგილის შეწითლებას და მტკივნეულობას. ხანდახან ყალიბდება მკვრივი ანთებითი კვანძები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაიწოვება და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

ძალიან იშვიათად შეიძლება ინიექციის ადგილას განვითარდეს ნეკროზი. ამ შემთხვევაში მკურნალობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

შეიძლება თუ არა კლექსანის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში?

რადგან არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები იმის შესახებ, აღწევს თუ არა კლექსანი პლაცენტაში ორსულობის პერიოდში, ან გადადის თუ არა დედის რძეში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკაცრი საექიმო ჩვენებით.

ასევე არ არის დადგენილი კლექსანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში, ამიტომ იგი ზრდასრულ ასაკამდე არ ინიშნება.

დოზირება და მოხმარების წესები

პრეპარატი უნდა შეიყვანოთ კანქვეშ, მუცლის კედლის წინა ან უკანა მიდამოში წელის დონეზე. ხოლო ჰემოდიალიზის დროს პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ინტრაარტერიალურად.

ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებული დოზაა 20 მგ (0.2 მლ) 1-ჯერ დღეში, კანქვეშ. თუ არსებობს თრომბოემბოლიის განვითარების რისკი, დოზას უნდა გაიზარდოს 40 მგ-მდე დღეში 1-ჯერ.

ზოგადი ქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციის წინ, რეკომენდებულია ინიექციის შეყვანა 2 საათით ადრე, ხოლო ორთოპედიული ოპერაციის დროს — 12 საათით ადრე.

ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ პრეპარატი უნდა შეიყვანოთ 1 მგ/კგ, კანქვეშ.

ჰიპერკოაგულაციის პროფილაქტიკისათვის პრეპარატი შეჰყავთ ინტრაარტერიულად 1 მგ/კგ.

ორთოპედიაში მიზანშეწონილია კლექსანის გამოყენება დოზით — 40 მგ ერთხელ დღეში, 5 კვირის განმავლობაში.

კლექსანი, ჩვეულებრივ, ინიშნება საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობის ხანგრძლივობა გააიზარდოს, მანამდე, სანამ არსებობს თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების რისკი. 

მწვავე თერაპიული დაავადებების დროს, წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში, კლექსანის რეკომენდებული დოზაა 40 მგ ერთხელ დღეში, ინიექცია უნდა გაკეთდეს კანქვეშ.  მკურნალობა ინიშნება მინიმუმ 6 დღის განმავლობაში და გრძელდება მანამ, სანამ პაციენტი გადავა მკურნალობის ამბულატორიულ რეჟიმზე, მაქსიმუმ 14 დღემდე.

არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ, კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ კანქვეშ. იმავდროულად გამოიყენება ასპირინი (100-325 მგ ერთხელ დღეში). ასეთ დროს პრეპარატს ნიშნავენ მინიმუმ 2 დღით და შემდეგ აგრძელებენ მკურნალობას კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ამ შემთხვევაში, მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 დღეს.

როგორ კეთდება კლექსანის ნემსი

წინასწარ ავსებული ერთჯერადი შპრიცი, რომელიც აფთიაქში დაგხვდებათ, უკვე მზადაა გამოყენებისათვის. რაც შეეხება უშუალოდ ინიექციას, უმჯობესია ის გაკეთდეს პაციენტის წოლით მდგომარეობაში. კლექსანი შეჰყავთ ღრმად, კანქვეშ.

20 მგ და 40 მგ წინასწარ ავსებული შპრიცების გამოყენებისას ნუ გამოდევნით ჰაერს შპრიციდან, პრეპარატის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით.

ინიექციები კეთდება მონაცვლეობით — მუცლის კედლის მარჯვენა ან მარცხენა წინაგვერდით ან უკანაგვერდით ზედაპირზე.

ნემსი შეიყვანეთ კანში ვერტიკალურად მთელ სიგრძეზე, კანის ნაოჭის დაჭერით.  კანის ნაოჭს ხელი მხოლოდ ინიექციის დამთავრების შემდეგ გაუშვით

არ შეიძლება პრეპარატის შეყვანის შემდეგ ინიექციის ადგილის დაზელა.

რა უნდა ვიცოდეთ კლექსანის გამოყენებამდე?

გაითვალისწინეთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება კლექსანის ინიექციის შეყვანა კუნთში. 

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით, გამონაკლის შემთხვევებში ენიშნებათ ისეთ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია. მკურნალობის პროცესში აუცილებელია ასეთ ავადმყოფებს ჩაუტარდეთ პერიფერიულ სისხლში თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი.

პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა შეწყვიტოთ ჰემოსტაზას გამაძლიერებელი საშუალებით მკურნალობა.

თრომბოციტების მაჩვენებლების საწყის დონესთან შედარებით 50%-ით შემცირების შემთხვევაში ჰემოქსაპარინის მკურნალობას წყვეტენ და ნიშნავენ ადეკვატურ საშუალებას.

კლექსანი სიფრთხილით გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადების, იშემიური ტიპის ცერებრული სისხლმიმოქცევის დარღვევის, მძიმე ხასიათის არტერიული ჰიპერტონიის, დიაბეტური რეტინოპათიის, განმეორებითი ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ასევე ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის დროს.

რა სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივად არ უნდა გამოიყენოთ კლექსანის ინიექცია?

კლექსანით მკურნალობის დაწყების წინ უნდა მოიხსნას ისეთი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ჰემოსტაზის სისტემაზე, რა თქმა უნდა გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც მათი გამოყენება აუცილებელია.

ასეთი პრეპარატებია:

  • სისტემური გამოყენებისათვის განკუთვნილი სალიცილატები, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოროლაკის ჩათვლით);
  • დექსტრან 40, ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი;
  • სისტემური გლუკოკორტიკოიდები;
  • თრომბოლიზური საშუალებები და ანტიკოაგულანტები;
  • სხვა ანტიაგრეგანტები (IIბ/IIIა გლუკოპროტეინული რეცეპტორების ანტაგონისტების ჩათვლით). 

თუ აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა, მაშინ კლექსანი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება კლექსანის სხვა პრეპარატებთან შერევა.