
კალციუმი არის მინერალი, საკვები ნივთიერება, რომლის არსებობაც ორგანიზმში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. კალციუმი ყველაზე ხშირად ასოცირდება ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობასთან, თუმცა ის ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, არეგულირებს გულის ნორმალურ რიტმს და ნერვულ ფუნქციას, ხელს უწყობს ჰორმონების გამოყოფას და ეხმარება კუნთებს შეკუმშვაში.
იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველდღიური ფუნქციები, იგი თავად არეგულირებს სისხლში და ქსოვილებში კალციუმის მუდმივი რაოდენობის შესანარჩუნებას. კერძოდ, თუ სისხლში კალციუმის დონე ძალიან დაბალია, პარათირეოიდული ჰორმონი (PTH) აგზავნის სიგნალს ძვლებში, რომ კალციუმი გამოუშვან სისხლში. ამ ჰორმონს შეუძლია D ვიტამინის გააქტიურებაც ნაწლავში კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, პარათირეოიდული ჰორმონი (PTH) თირკმელებს უგზავნის სიგნალს შარდში ნაკლები კალციუმის გამოყოფის შესახებ.
როგორ მივიღოთ კალციუმი — საკვები და დანამატები
ადამიანის ორგანიზმი საჭირო რაოდენობის კალციუმს ორი გზით იღებს:
- კალციუმის შემცველი საკვების ან დანამატების მიღებით
- ორგანიზმში კალციუმის გამოდევნით.
კალციუმის საჭირო რაოდენობის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა საკვების ან დანამატის მიღებით, მათ შორისაა:
- რძის პროდუქტები - რძე, ყველი და იოგურტი.
- ფოთლოვანი მცენარეები და ბოსტნეული - ბროკოლი, ჩინური კომბოსტო და ა.შ.
- თევზი - დაკონსერვებული სარდინი, ორაგული (ძვლებით).
- მარცვლეული პროდუქტები
- ნატურალური ხილის წვენები
- სოიოს და ბრინჯის სასმელები, ტოფუ
- ნუში
- კალციუმი გვხვდება საკვებ დანამატებშიც. ის შედის ბევრი მულტივიტამინის შემადგენლობაში. კალციუმის დანამატების ორი ძირითადი ფორმა არსებობს - კალციუმის კარბონატი და კალციუმის ციტრატი.
რაც შეეხება ორგანიზმში კაციუმის გამოყოფას, თუკი ადამიანი არ მიირთმევს კალციუმის შემცველ საკვებს, ამ დროს სხეული კალციუმს ძვლებიდან გამოათავისუფლებს. როგორც წესი, კალციუმი, რომელიც არის ძვლებისგან გამოდევნილი (“ნასესხები”), მოგვიანებით ივსება.
როგორია კალციუმის მიღების რეკომენდებული დღიური ნორმა
ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმის დღიური ნორმა დამოკიდებულია ასაკზე.
- დაბადებიდან 6 თვემდე – 200 მგ
- 7-დან 12 თვემდე – 260 მგ
- 1-დან 3 წლამდე – 700 მგ
- 4-დან 8 წლამდე – 1000მგ
- 9-დან 13 წლამდე – 1300 მგ
- მოზარდები (14-დან 18 წლამდე) – 1300 მგ
- 19-დან 50 წლამდე – 1000 მგ
- მამაკაცებისთვის (51-დან 70 წლამდე) – 1000 მგ
- ქალებისთვის (51-დან 70 წლამდე) – 1200 მგ
- ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის - 1300 მგ
- 71 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის - 1200 მგ.
კალციუმი და D ვიტამინი
კალციუმთან ერთად ძლიერი და მკვრივი ძვლების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ნუტრიენტი, როგორიცაა D ვიტამინი. D ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატის რაოდენობის რეგულირებას. D ვიტამინის მისაღებად სამი გზა არსებობს: მზის შუქი, საკვები (რძე და მცენარეული რძე, ცხიმიანი თევზი (თინუსი, ორაგული, სკუმბრია, ტუნა), კვერცხის გული, ხორბლეული/მარცვლეული და ა.შ.) და საკვები დანამატები.
კალციუმის დეფიციტი/ჰიპოკალცემია
ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად კარგავს კალციუმს კანის, ფრჩხილების, თმის, ოფლის, შარდისა და განავლის მეშვეობით. გამომდინარე იქედან, რომ სხეული თავად ვერ გამოიმუშავებს კალციუმს, დანაკლისის შემთხვევაში იგი იღებს საჭირო რაოდენობის კალციუმს ორგანიზმში კალციუმის გამოდევნით (ძვლებიდან “სესხებით”). აღნიშნული დისბალანსი კი იწვევს ძვლების დასუსტებას და ისინი უფრო მარტივად მსხვრევადი ხდება.
კალციუმის სერიოზულ დეფიციტს ჰიპოკალციემია ეწოდება. ჰიპოკალცემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში (და არა ძვლებში) კალციუმის დონე არის ძალიან დაბალი.
ჰიპოკალციემია გამოწვეულია ისეთი დაავადებებით, როგორებიცაა: თირკმლის უკმარისობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ოპერაციები ან ისეთი მედიკამენტებით, როგორებიცაა: შარდმდენები, რომლებიც ხელს უშლიან შეწოვას.
ჰიპოკალცემია შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილ ბავშვებსაც.
კალციუმის დეფიციტის/ჰიპოკალცემიის რისკ-ჯგუფები
კალციუმის დეფიციტი/ჰიპოკალცემია შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ჩვილ ბავშვებსაც. თუმცა მიუხედავად ამისა, გამოიყოფა რისკ-ჯგუფები, სადაც უფრო მაღალია ჰიპოკალცემიის გამოვლენის ალბათობა.
ეს ჯგუფებია:
ქალები პოსტმენოპაუზურ პერიოდში – მენოპაუზის დროს ორგანიზმში ესტროგენის (ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძვლებში მინერალის შენარჩუნებას) გამოყოფა მცირდება, რაც შესაძლოა იქცეს ჰიპოკალცემიის ჩამოყალიბების რისკად.
ამენორეა — მდგომარეობა, რომლის დროსაც მენსტრუალური ციკლი დროზე ადრე წყდება ან დარღვეულია. ამენორეა ხშირად ვლინდება ანორექსიით დაავადებულ ახალგაზრდა ქალებში და სპორტსმენებში, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ ძალიან დიდი დატვირთვით.
ლაქტოზის შეუწყნარებლობა – მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს რძეში შემავალ შაქარს (ლაქტოზას) ან რძის ცილებს.
რა იწვევს ჰიპოკალცემიას?
უმრავლეს შემთხვევაში კალციუმის დეფიციტის/ჰიპოკალცემიის გამომწვევ მიზეზად პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) და/ან D ვიტამინის პრობლემები სახელდება.
ჰიპოკალცემიის სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის:
- ჰიპოპარათირეოზი - ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება. პარათირეოიდული ან ფარისებრახლო ოთხი მცირე ზომის ჯირკვალი მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის უკან. ეს ჯირკვლები გამოიმუშავებენ პარათირეოიდულ ჰორმონს (PTH), რომელიც აკონტროლებს სისხლში კალციუმის დონეს.
- D ვიტამინის დეფიციტი - D ვიტამინი ეხმარება თქვენს ორგანიზმს კალციუმის სწორად ათვისებაში, ამიტომ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალციუმის დაბალი დონე (ჰიპოკალცემია).
- თირკმლის უკმარისობა - ჰიპოკალცემია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს განპირობებულია სისხლში ფოსფორის დონის მომატებით და გარკვეული სახის D ვიტამინის შემცირებით.
ჰიპოკალცემიის გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება მოიცავდეს:
- ზოგიერთი მედიკამენტი - შარდმდენმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალცემია.
- ფსევდოჰიპოპარათირეოიდიზმი - იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის უჯრედები რეზისტენტულია პარათირეოიდული ჰორმონის მიმართ.
- ჰიპომაგნიემია (მაგნიუმის დეფიციტი) - მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მაგნიუმის, ანუ ელექტროლიტის დონე დაბალია. როგორც წესი, ჰიპომაგნიემიის დიაგნოზის დროს სხვა ელექტროლიტების (კალციუმი და კალიუმი) რაოდენობაც დაქვეითებულია.
- პანკრეატიტი - კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ანთება. მწვავე პანკრეატიტის მქონე ადამიანების დაახლოებით 15%-88%-ს უვლინდება ჰიპოკალცემია.
- ზოგიერთი იშვიათი გენეტიკური დარღვევა - მაგალითად, დიჯორჯის სინდრომი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალცემია.
როგორია ჰიპოკალცემიის სიმპტომები
კალციუმის დეფიციტი/ჰიპოკალცემია შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქი ან მწვავე სიმპტომებით.
კალციუმის დეფიციტის მსუბუქი ფორმის დროს პაციენტს შეიძლება არ გამოუვლინდეს სიმპტომები. მეორე მხრივ, მსუბუქი ფორმის დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- კუნთის სპაზმი (განსაკუთრებით ფეხებსა და ზურგის არეში)
- გამომშრალი კანი
- ფრჩხილების მტვრევადობა
- ჭარბთმიანობა.
რაც შეეხება მწვავე ჰიპოკალცემიას, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- კუნთების პრობლემები - კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სპაზმი, კუნთების უნებლიე, ძლიერი შეკუმშვა
- ტკივილი ბარძაყებსა და მკლავებში მოძრაობის დროს
- დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში, მკლავებში, თითებში, ტერფებზე, ფეხებში, ენაზე
- ლარინგოსპაზმი
- ფრჩხილებსა და კანთან დაკავშირებული პრობლემები - კანის გამოშრობა, ფრჩხილების გამოშრობა და დატეხვა, ჭარბთმიანობა და თმის გაუხეშება, ალოპეცია, ეგზემა, ფსორიაზი
- კბილებთან დაკავშირებული პრობლემები - კბილების დაშლა, ღრძილების გაღიზიანება, კბილების სუსტი ფესვები
- მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი (PMS)
- დეპრესია
- თავბრუსხვევა
- გონების დაბინდვა
- მეხსიერების პრობლემები
- გაღიზიანება ან მოუსვენრობა
- ჰალუცინაციები
- არითმია.
რა შეიძლება იყოს კალციუმის დეფიციტის გართულებები
კალციუმის დეფიციტის დროული მკურნალობა ჯანმრთელობის სხვა სირთულეების პრევენციაცაა. იმ შემთხვევაში, თუკი არ ხდება კალციუმის დეფიციტის დროული მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გართულებები:
- ოსტეოპოროზი - ძვლის მასის შემცირება და მოტეხილობების რისკის ზრდა
- მხედველობითი ნერვის დისკის შეშუპება
- კატარაქტა
- ნევრიტი
- ჰიპოპარათირეოზი - ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება
- გულის უკმარისობა
- ჩონჩხის დეფორმაცია.
როგორ ხდება ჰიპოკალცემიის დიაგნოსტირება
კალციუმის დეფიციტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. დიაგნოსტირებისთვის ენდოკრინოლოგი გირჩევთ შესაბამის ანალიზებს.
კალციუმის დეფიციტის დიაგნოსტირება შეიძლება მოხდეს შემდეგი ანალიზებით:
- სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი
- შარდის ანალიზი
- ელექტროკარდიოგრაფია - პროცედურა, რომელიც იყენებს გულმკერდზე მიმაგრებულ ელექტროდებს გულის რითმის გასაზომად
- ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა
- დენსიტომეტრია - სპეციალური ტიპის რენტგენული სხივები, რომლებიც ძვალთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება
- შინაგანი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
- სხვა სპეციალური სინჯებს.
როგორ მკურნალობენ კალციუმის დეფიციტს?
კალციუმის დეფიციტის/ჰიპოკალცემიის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის კალციუმის შემცველი მედიკამენტების პერორალური მიღება.
ზოგადად, ჰიპოკალცემიის დროს გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები:
- კალციუმის შემცველი მედიკამენტები - შეიძლება გამოყენებულ იქნას კალციუმის ნორმის აღსადგენად. ასეთი პრეპარატია მაგალითად კალცემინი.
- D ვიტამინის შემცველი მედიკამენტები - კალციუმის შემცველ მედიკამენტებთან ერთად გამოიყენება D ვიტამინის შემცველი მედიკამენტები, რათა სხეულმა შეძლოს კალციუმის სათანადო ათვისება.
- მაგნიუმის დონის ამწევი მედიკამენტები - თუ გაქვთ ჰიპომაგნიემია, მკურნალობის პროცესში აუცილებლად ინიშნება მაგნიუმის დამაბალანსებელი მედიკამენტები.
შეგვიძლია თუ არა კალციუმის დეფიციტის/ჰიპოკალცემიის პრევენცია?
კალციუმის დეფიციტის პრევენციისთვის ყველაზე უსაფრთხო და მარტივი გზაა რაციონში კალციუმით მდიდარი ისეთი საკვები პროდუქტების გათვალისწინება, როგორებიცაა: რძის პროდუქტები, მარცვლელული, ლობიო, ისპანახი, ლეღვი, ბროკოლი, ტოფუ, სოიოს რძე, თხილეული და ნუში.
პრევენციის კომპონენტში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რისკს-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის საჭიროა ენდოკრინოლოგთან პერიოდული ვიზიტი და კალციუმის და D ვიტამინის შემცველი მედიკამენტების გამოყენებამდე კონსულტაციის გავლა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account