
გრიპის ან სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ან ჰერპესის მკურნალობისთვის ხშირად იყენებენ კაგოცელს. ეს სისტემური მოქმედების ანტივირუსული საშუალება ტაბლეტების ფორმითაა ხელმისაწვდომი და მაღალი ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.
სანამ პრეპარატის შესახებ უფრო ვრცლად მოგიყვებით, გაითვალისწინეთ, რომ კაგოცელი მიეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს, შესაბამისად, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
როგორია კაგოცელის ანოტაცია და ფარმაკოლოგიური თვისებები
მედიკამენტი კაგოცელი არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალება, რომელიც ღია ყავისფერი შეფერილობის, მრგვალი და ორმხრვიამობურცული ტაბლეტების სახით გვხვდება. პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება კაგოცელს (12მგ) და დამხმარე ნივთიერებებს - კარტოფილის სახამებელი (10 მგ), კალციუმის სტეარატი (0,65 მგ) და ლუდიპრესი.
კაგოცელი იწვევს ადამიანის ორგანიზმში ე.წ. გვიანი ინტერფერონების წარმოქმნას, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედება. კაგოცელით მკურნალობის დაწყება ყველაზე ეფექტიანია მწვავე ინფექციის დაწყებიდან არაუგვიანეს მე-4 დღისა.
რა უკუჩვენებები აქვს პრეპარატს?
მედიკამენტ კაგოცელს აქვს შემდეგი უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაცია (აუცილებელი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული კაგოცელის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში);
- 3 წლამდე ასაკი (არ არის რეკომენდირებული კაგოცელის გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში);
- ლაქტოზას დეფიციტი და ლაქტოზას აუტანლობა.
- გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
კაგოცელის ინსტრუქცია — მიღების წესი და დოზირება
კაგოცელის ტაბლეტები მიიღება პერორალურად (მედიკამენტის მიღება პირის ღრუს საშუალებით), საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში პირველი ორი დღე ნიშნავენ 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორო დღე კი თითო ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. ჯამურად მიიღება სულ 18 ტაბლეტი მკურნალობის კურსის განმავლობაში, კურსის ხანგრძლივობა არის 4 დღე.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა მოზრდილებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - 2-2 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ კი ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა არის ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.
რაც შეეხება კაგოცელის დოზებს ჰერპესის მკურნალობისთვის მოზრდილებში, ინიშნება 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. ჯამურად სულ 30 ტაბლეტი მკურნალობის კურსის განმავლობაში, კურსის ხანგრძლივობა არის 5 დღე.
კაგოცელის მიღება შესაძლებელია ბავშვებშიც 3 წლის ასაკიდან.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველი 2 დღე ნიშნავენ თითო ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე კი თითო ტაბლეტს 1-ჯერ დღეში. ჯამურად სულ 6 ტაბლეტი მკურნალობის კურსის განმავლობაში, კურსის ხანგრძლივობა არის 4 დღე.
გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 6 წლის ასაკიდან ზემოთ ბავშვებში პირველი 2 დღე ინიშნება თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე კი თითო ტაბლეტს 2-ჯერ დღეში. ჯამურად სულ 10 ტაბლეტი მკურნალობის კურსის განმავლობაში, კურსის ხანგრძლივობა არის 4 დღე.
გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა 3 წლის ასაკის ბავშვებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე თითო ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა არის ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და პირღებინების გამოწვევა.
გასათვალისწინებელია, რომ თუ მკურნალობის შემდეგ არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან პირიქით, სიმპტომები მწვავდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები
მედიკამენტ კაგოცელის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
- ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება.
- გართულებები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - გულისრევა, დიარეა, გასტრალგია.
კაგოცელის ტაბლეტები ინახება წარმოებიდან 4 წლის განმავლობაში, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account