
ზენტელი (Zentel) მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტული მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება პარაზიტებით გამოწვეული სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ასეთებია:
- ნემატოდოზები (ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ნეკატოროზი, ანკილოსტომიდოზი, ტრიქოცეფალოზი). საგულისხმოა, რომ ნემატოდოზები წარმოადგენს დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით — მრგვალი ჭიებით. ისინი პარაზიტულად ცხოვრობენ ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ორგანიზმებში;
- ლამბლიოზი (ნაწლავური ინფექცია, გამოწვეული პარაზიტი Giardia lamblia-თი);
- სტრონგილოიდოზი (ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Strongyloides-ით, პარაზიტული ჭიით);
- პერიტონეუმის, ფილტვების, ღვიძლის ექინოკოკოზი, რომელთა გამომწვევიც არის Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმა;
- ნეიროცისტიცერკოზი, რომელიც გამოწვეულია Taenia solium-ის ლენტური ფორმით;
- ტოქსოკაროზი (პარაზიტული დაავადება, რომელიც ასევე გამოწვეულია მრგვალი ჭიებით).
გარდა ამისა, ეს მედიკამენტი გამოიყენება დამხმარე საშუალებად ექინოკოკური (ექინოკოკოზი პარაზიტული დაავადებაა) კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.
საგულისხმოა, რომ ზენტელი ხელმისაწვდომია როგორც ტაბლეტების (400 მგ), ისე პერორალური სუსპენზიის სახით (ფლაკონში 10მლ).
როგორია ზენტელის მიღების წესი და დოზირება?
ზენტელის ინსტრუქციის თანახმად, მედიკამენტი მიიღება პერორალურად და დოზის განსაზღვრისას პაციენტის სხეულის წონის დადგენა საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ ის 1 წლის ასაკიდან ინიშნება.
რაც შეეხება დოზირებას, მოდით განვიხილოთ ის სხვადასხვა დაავადების მიხედვით.
ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი
- ზენტელის დღიური დოზა 1-2 წლის ბავშვებში: მიიღება 200 მგ (5 მლ 4%-იანი ორალური სუსპენზია) ერთჯერადად.
- 2+ ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: მიიღება 400 მგ (10 მლ 4%-იანი ორალური სუსპენზია ან 1 ტაბლეტი 400 მგ) ერთჯერადად.
Anguillula ინვაზია ტენიაზი (სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული):
- 2+ ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: 400 მგ (10 მლ 4%-იანი ორალური სუსპენზია ან 1 ტაბლეტი 400 მგ) დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
ლამბიოზი:
ბავშვებში: 400 მგ (10 მლ 4%-იანი ორალური სუსპენზია ან 1 ტაბლეტი 400 მგ) მიიღება დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი კი 5 დღის განმავლობაში გრძელდება.
ტრიქინელოზი:
ბავშვებში: დღეში 15 მგ/კგ იყოფა ორ დოზად, მიიღება დილით და საღამოს, 10-15 დღის განმავლობაში.
მოზრდილებში: დღეში 800 მგ იყოფა ორ დოზად, მიიღება დილით და საღამოს, 10-15 დღის განმავლობაში.
საგულისხმოა, რომ ზენტელის მიღება არ საჭიროებს სპეციალურ დიეტას ან საფაღარათო საშუალებების გამოყენებას. თუმცა, პრეპარატის მოხმარებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა, რათა პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვროს შესაბამისი დოზა და მკურნალობის სქემა.
როგორია პრეპარატის უკუჩვენებები?
ზენტელის ანოტაციის თანახმად, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გაზრდილი მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების ან ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა მედიკამენტების მიმართ.
გარდა ამისა, ზენტელი არ უნდა გამოიყენონ ორსულებმა. ლაქტაციის პერიოდში კი, თუ ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობა არსებობს, უნდა გადაწყდეს საკითხი ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ზენტელს?
მედიკამენტის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ პაციენტებს, მისი გამოყენებისას, შეიძლება გამოუვლინდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- ტკივილი მუცლის არეში;
- ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება;
- ალერგიული რეაქციები.
გარდა ამისა, ზენტელით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს:
- ქავილი;
- გამონაყარი კანზე;
- შექცევადი ალოპეცია (თმის ცვენა სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან).
ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება სხვა გვერდითი მოვლენებიც გამოვლინდეს — ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
გაითვალისწინეთ: ზენტელის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account