ვარფარინი — პრეპარატი, რომელიც სისხლის შედედების პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება

ვარფარინი (WARFARIN) არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ან ამ სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალოდ. ის წარმოადგენს ანტიკოაგულანტს (სისხლის გამათხელებელი), რომელიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს. 

 

ანოტაციის თანახმად, ამ პრეპარატის გამოყენების ჩვენებები ასეთია:

  • მწვავე ვენური თრომბოზი (მდგომარეობა, როდესაც ღრმა ვენებში, ძირითადად ქვედა კიდურებში, წარმოიქმნება სისხლის კოლტები (თრომბი), რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას) და ფილტვის არტერიის ემბოლია (ჰეპარინთან ერთად) — მყარი მასებით (როგორც წესი, სისხლის კოლტებით) ფილტვის არტერიის დახშობა;
  • ოპერაციის შემდგომი თრომბოზი;
  • მიოკარდიუმის (გულის კუნთოვანი შრე) განმეორებითი ინფარქტი;
  • თრომბოზის ქირურგიული ან მედიკამენტური (თრომბოლიზური) მკურნალობა დამატებითი ღონისძიების სახით;
  • წინაგულების თრთოლვის ელექტრული კარდიოვერსია (სამედიცინო პროცედურა, რომლის მიზანიც არის გულის არარეგულარული რიტმის (არითმიის) ნორმალიზაცია ელექტრული იმპულსის გამოყენებით);
  • თავის ტვინის, პერიფერიული და კორონარული (გულის მკვებავი მარჯვენა და მარცხენა არტერიები) სისხლძარღვების თრომბოზი;
  • მორეციდივე ვენური თრომბოზი;
  • ფილტვის არტერიის განმეორებითი ემბოლია;
  • სისხლძარღვების ან გულის სარქვლების პროთეზირების შემდეგ (ამ შემთხვევაში შეიძლება მედიკამენტის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინირება);
  • თრომბოზისა და თრომბოემბოლიის მეორეული პროფილაქტიკა როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, ისე — მოციმციმე წინაგულოვანი არითმიის დროს.

აღსანიშნავია, რომ ვარფარინი 2.5 მილიგრამიანი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი.

როგორ მივიღოთ ვარფარინი?

პაციენტებში, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა უნდა ჩაუტარდეთ, ემბოლიური და თრომბული გართულების მაღალი რისკის შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის ოპერაციამდე 2-3 დღით ადრე დაწყება.

მწვავე თრომბოზის შემთხვევაში ვარფარინით მკურნალობის კურსის დაწყებისას, სისხლის გამათხელებელი ეფექტის სრულად გამოვლენამდე (მკურნალობის მე-3-5 დღემდე), რეკომენდებულია ჰეპარინის დამატება. 

ვარფარინის საწყისი დოზა დღეში 2.5-5 მილიგრამს შეადგენს. დოზირების შემდგომი რეჟიმი კი ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება პროთრომბინის დროის (PT) ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მიხედვით, ასევე თრომბოზის საშიშროებიდან, სისხლდენის განვითარების რისკიდან და პაციენტის დაავადების ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე. 

განმარტება: პროთრომბინის დრო წარმოადგენს სისხლის პლაზმის შედედების დროს, რომელიც წამებით იზომება. საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება კი გამოითვლება PT-ის შედეგიდან და გამოიყენება იმის მონიტორინგისთვის, თუ რამდენად კარგად მოქმედებს სისხლის გამათხელებელი მედიკამენტი.

გაითვალისწინეთ: რეკომენდებულია სრული სადღეღამისო დოზის ერთიანად მიღება, დღის ერთსა და იმავე დროს.

ემბოლიის (საწყის ეტაპზე) ან ვენების მწვავე თრომბოზის შემთხვევაში, გულის სარქვლების პროთეზირებისას, გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის და  მარცხენა პარკუჭის თრომბოზის დროს საჭიროა შედედების საწინააღმდეგო მაქსიმალური ეფექტის მიღწევა — INR 2.0-2.5-მდე უნდა გაიზარდოს.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებელი განისაზღვროს. შემდგომში კი საჭიროა რეგულარული ლაბორატორიული კონტროლი — ყოველ 4-8 კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ხოლო კურსის შეწყვეტა დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი.

საგულისხმოა, რომ დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებს მედიკამენტის უფრო დაბალი დოზები ენიშნებათ. 

გაფრთხილება: აუცილებელია, ვარფარინით მკურნალობისას, წამლის დანიშნული დოზით მიღების წესები მკაცრად დაიცვათ. ამასთან, თუ რაიმე ლოკალიზაციის სისხლდენა აღგენიშნებათ, თქვენთვის ვარფარინის მიღება რეკომენდებული არ არის.

როგორია ვარფარინის უკუჩვენებები? 

ვარფარინის ანოტაციის თანახმად, მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), ასევე თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებები.

ორსულებში ვარფარინის დანიშვნა ასევე არ არის რეკომენდებული, რადგან ამ მედიკამენტმა შეიძლება ნაყოფში სისხლდენა და მისი დაღუპვა გამოიწვიოს. 

რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, ვარფარინი დედის რძეში უმნიშვნელო რაოდენობით გადადის და ბავშვის სისხლის შედედებაზე არ ზემოქმედებს. შესაბამისად, ლაქტაციის დროს ამ პრეპარატის მიღება დაშვებულია, თუმცა მკურნალობის კურსის პირველი 3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში ვარფარინის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე და არა — თვითნებურად. ამასთან, ვარფარინის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

რა სახის გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ მედიკამენტს? 

ვარფარინის გამოყენებისას პაციენტს, გვერდითი ეფექტის სახით, ყველაზე ხშირად შეიძლება გამოუვლინდეს სისხლდენა. თუმცა, გარდა ამისა, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა სხვა გვერდით მოვლენებსაც ჰქონდეს ადგილი:

  • თმის ცვენა;
  • დიარეა;
  • ღვიძლის ფერმენტების აქტივობის გაზრდა;
  • კანის ნეკროზი (მდგომარეობა, როდესაც კანის უჯრედები იღუპება სისხლის მიწოდების შეწყვეტის ან სხვა დაზიანების შედეგად); 
  • ეგზემა (კანის გავრცელებული დაავადება, რომელიც ლაქებს, გამონაყარს, ქავილსა და ინფექციას იწვევს);
  • ვასკულიტი (სისხლძარღვების კედლის ანთებითი პროცესი).

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართეთ. 

გაფრთხილება: ვარფარინის მოხმარების პარალელურად ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში სისხლდენის განვითარებისა და ჰიპოპროთრომბინემიის (დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შედედების ცილის — პროთრომბინის დეფიციტით, რაც ხანგრძლივი სისხლდენის ტენდენციას იწვევს) საშიშროება იზრდება.