
ვიქტოზა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატია, რომელიც დანიაში იწარმოება. ხსნარის ერთი მლ 6 მგ ლირაგლუტიდს შეიცავს. წინასწარ შევსებულ ერთ კალამში 3 მლ ხსნარია, რომელშიც, შესაბამისად, 18 მგ ლირაგლუტიდი შედის. ლირაგლუტიდი ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის (GLP-1) ანალოგია.
საინიექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული კალმით, PSP-ის აფთიაქებში რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.
როდის და რისთვის იყენებენ ვიქტოზას?
ვიქტოზა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. მას მიმართავენ მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის მხოლოდ დიეტა და ვარჯიში საკმარისი არ არის.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად, როგორიცაა მეტფორმინი, სულფონილშარდოვანა (გლიმეპირიდი ან გლიბენკლამიდი) და გლიტაზონი (როზიგლიტაზონი ან პიოგლიტაზონი).
ვიქტოზას იყენებენ კომბინაციური თერაპიის შემადგენლობაში საბაზისო ინსულინით, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ვიქტოზით და მეტფორმინით გლიკემიის ადეკვატური კონტროლს ვერ აღწევენ.
პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს საკვების მიღების საპასუხოდ, ინსულინის სეკრეციის გაზრდით. გარდა ამისა, ის ანელებს კუჭის დაცლას და ამცირებს მადის ზრდას, შესაბამისად, ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ვიქტოზამ შეიძლება შეამციროს კარდიოვასკულური მოვლენების რისკი მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში, რომლებსაც გულის დაავადებები აწუხებთ.
პრეპარატი, დიეტასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ზოგჯერ წონის მართვისთვის გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც სპეციფიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ამასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაციაა საჭირო.
როგორი დოზებით გამოვიყენოთ პრეპარატი?
რეკომენდებული საწყისი დოზა დღეში 0,6 მგ ლირაგლუტიდს შეადგენს. სულ ცოტა ერთი კვირის შემდეგ დოზა 1,2 მგ-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლოა, ზოგიერთი პაციენტისთვის აუცილებელი გახდეს დოზის 1,2 მგ-დან 1,8 მგ-მდე გაზრდა.
კლინიკური პასუხიდან გამომდინარე, გლიკემიის უკეთესად გასაკონტროლებლად, სულ ცოტა ერთი კვირის შემდეგ, დოზის 1,8 მგ-მდე მომატებაა შესაძლებელი (თუ მანამდე მკურნალობა ამ დოზით არ მიმდინარეობდა).
ვიქტოზა შესაძლოა, მეტფორმინს ან მეტფორმინით და თიაზოლიდინდიონით კომბინაციურ თერაპიას დაემატოს. ასეთ შემთხვევაში მეტფორმინისა და თიაზოლიდინდიონის არსებული დოზის შეცვლა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის.
65 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. 75 წლისა და უფროსი ასაკის პირებში კი თერაპიული გამოცდილება შეზღუდულია. მონაცემების არარსებობის გამო, ვიქტოზა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე პირებისთვის.
როგორ გავიკეთოთ ვიქტოზა?
ვიქტოზა დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში კეთდება. პრეპარატის გამოყენებისას კვების რეჟიმის გათვალისწინება აუცილებელი არ არის.
ამის მიუხედავად, უმჯობესია, ვიქტოზა დღის დაახლოებით ერთსა და იმავე მონაკვეთში გაიკეთოთ, რომელი დროც თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქნება.
ინიექცია კანქვეშ მუცლის, ბარძაყის ან მხრის მიდამოში უნდა გაკეთდეს. ინიექციის ადგილისა და დროის შეცვლა დოზის კორექციის გარეშეა შესაძლებელი. ვიქტოზას გაკეთება არ არის რეკომენდებული ვენაში ან კუნთში.
როდის შევიკავოთ თავი პრეპარატის გამოყენებისგან?
ვიქტოზას გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ვიქტოზას გამოყენებისას, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებია საჭირო. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რომ ვიქტოზა არ არ არის განკუთვნილი პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის და დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვიქტოზა ინსულინის შემცვლელი არ არის.
ვიქტოზა რეკომენდებული არ არის ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა და დიაბეტური გასტროპარეზის დროსაც, რადგან მისი უსაფრთხო გამოყენებისთვის საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ნუ გამოიყენებთ მას მედულარული ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის ან მე-2 ტიპის მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომის დროს. მოერიდეთ პრეპარატს კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემების ან პანკრეატიტის შემთხვევაშიც.
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ვიქტოზას გამოყენება ზოგჯერ დაკავშირებულია გარდამავალ გვერდით რეაქციებთან კუჭ-ნაწლავის მხრივ. მაგალითად, პრეპარატის გაკეთების შემდეგ, ძალიან ხშირად გამოვლენილა გულისრევა და დიარეა, ხშირად კი აღინიშნა
ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია.
ვიქტოზათი მკურნალობის დასაწყისში აღნიშნული რეაქციები შეიძლება უფრო მეტი სიხშირით გამოვლინდეს. როგორც წესი, უწყვეტი მკურნალობისას, ეს გვერდითი მოვლენები რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ მსუბუქდება.
ვიქტოზათი მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რათა დაადგინოთ, შეესაბამება თუ არა ის თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და მდგომარეობას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account