
ვეცეფი (Vecef) ინფექციების სამკურნალო პრეპარატია, რომელიც ცეფალოსპორინები რიგის ანტიბიოტიკთა რიცხვს მიეკუთვნება. ის ცეფტრიაქსონისა და სულბაქტამის კომბინაციას წარმოადგენს და გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ:
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ოსტეომიელიტი (ძვლის ინფექცია);
- ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადება);
- სიფილისი (სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექცია);
- ქრონიკული ბაქტერიული შუა ყურის ანთება;
- გონორეა, ანუ ტრიპერი (სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექცია);
- საავადმყოფოში ნოზოკომიური ინფექციის (საავადმყოფოში მყოფი ადამიანის ძირითადი სამედიცინო მდგომარეობის თანმხლები ინფექციური დაავადება) მკურნალობა.
ვეცეფი 1500მგ-იანი ამპულების სახით არის ხელმისაწვდომი.
საგულისხმოა, რომ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული არასასურველი გვერდითი ეფექტები — გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული) და კანქვეშა რეაქციები.
გაითვალისწინეთ: ვეცეფის მიღებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, ასევე მოუყევით იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.
როგორია ამ პრეპარატის მიღების წესი და დოზირება?
ინტრამუსკულარული ინიექციისას, უმტკივნეულობის უზრუნველსაყოფად, ვეცეფის ფლაკონის შიგთავსი იხსნება 1% ლიდოკაინის ხსნარში, რის შემდეგაც პრეპარატი ღრმად შეჰყავთ კუნთში. რეკომენდებული დოზირება კი ასეთია:
- მოზრდილები: დღიური დოზა მერყეობს 1.5-დან 3 გრამამდე (1-2 გრ. ცეფტრიაქსონი, 0.5-1 გრ. სულბაქტამი). საგულისხმოა, რომ სულბაქტამის საერთო დოზა დღეში 4 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
- ახალშობილები (2 კვირამდე ასაკის): დღეში ერთხელ 20-50 მგ/კგ. ამ შემთხვევაში დღიური დოზა 50 მგ/კგ-ს არ უნდა აჭარბებდეს.
- ჩვილები და 12 წლამდე ბავშვები: დღეში ერთხელ 20-დან 80 მგ/კგ-მდე მიიღება. 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვების შემთხვევაში კი მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზები გამოიყენება.
გაფრთხილება: დოზირების ზუსტი სქემა და მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის მიერ განისაზღვრება, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამიტომ, ვეცეფის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა და პრეპარატის მისი დანიშნულების მიხედვით მიღება.
რა უკუჩვენებები აქვს ვეცეფს?
ვეცეფის ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ.
გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში ვეცეფი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის მკაფიო საჭიროება არსებობს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account