
გული “ცუდად გაგიხდათ”? დიდი ალბათობით, ამის გაგონებაზე მაშინვე ვალიდოლს გამოგიწოდებენ — მედიკამენტს, რომელსაც საქართველოში ასეთ დროს ძალიან ხშირად მიმართავენ.
მიიჩნევენ, რომ ვალიდოლია ენის ქვეშ საჭირო და პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუმცა რამდენად მართალია ეს? საერთოდაც, რისი წამალია იგი და რა დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ? ყველასთვის შეიძლება მისი მიღება?
სანამ ამ კითხვებს გავცემდეთ პასუხს და ვალიდოლის ინსტრუქციას გავეცნობოდეთ, ჯერ მის რაობაზე ვისაუბროთ.
რისი წამალია ვალიდოლი?
ვალიდოლი კარდიოლოგიური, ანუ გულზე მოქმედი, პრეპარატია. მას სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ, რომელთა შორისაა:
- სტენოკარდიის მსუბუქი შეტევები;
- ზღვისა და საჰაერო ტრანსპორტის დაავადება;
- შფოთვა;
- ნიტრატების მიღებისგან გამოწვეული თავის ტკივილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს წამალი სტენოკარდიის მსუბუქი შეტევებისას გამოიყენება. ეს მდგომარეობაა, როცა პაციენტს გულის არეში ხანმოკლე ტკივილი ან სხვა სახის დისკომფორტი აღენიშნება, რომელიც ხშირად განმეორებადი სახისაა.
ვალიდოლი დამამშვიდებელი საშუალებაა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც სწორედ ასეთი გავლენა აქვს. გარდა ამისა, იგი სისხლძარღვებს აფართოებს (ანუ ახასიათებს კორონაროლიზური მოქმედება). პრეპარატი ამას იმ მგრძნობიარე ნერვული რეცეპტორების (ეს რეცეპტორები სიცივის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი) გაღიზიანებით აკეთებს, რომლებიც პირის ღრუს ლორწოვან გარსში გვხვდება.
რეცეპტორებს იგი სხვადასხვა ნივთიერების გამოყოფით აღაგზნებს. ესენია: ენდორფინები, ენკეფალინები, დინორფინები და სხვა პეპტიდები, ასევე ჰისტამინი და კინინები. ეს მნიშვნელოვანია, რათა ტკივილისადმი მგრძნობელობა შემცირდეს, სისხლძარღვების შეღწევადობა დარეგულირდეს და გულ-სისხლძარღვთა თუ ნერვულმა სისტემებმა გამართულად იმუშაოს.
ამ ყველაფერს ვალიდოლი მისი მოქმედი ნივთიერების მეშვეობით ახერხებს. ესაა მენთოლის ხსნარი, რომელიც იზოვალერიანის მჟავას მენთილურ ეთერს შეიცავს. წამლის დამხმარე ნივთიერებებია: დაფშვნილი შაქარი (შაქრის “ფქვილი”) და კალციუმის სტეარატი.
ვალიდოლი ტაბლეტის სახითაც არის ხელმისაწვდომი და კაფსულისაც (ვალიდოლის კაფსულა). მოქმედი ნივთიერება, შესაძლოა, მედიკამენტში სხვადასხვა რაოდენობით გვხვდებოდეს — 0.06 ან 0.1 გრამი (იგივე 60 მგ. და 100 მგ. ვალიდოლი) ოდენობით.
პრეპარატი განსხვავდება როგორც მწარმოებელი ქვეყნებით, ასევე სავაჭრო დასახელებებითაც (იგი გვხვდება ვალიდოლი მედილოლისა და ვალიდოლი დარნიცას სახელებითაც).
ვალიდოლის ფასი მისი გამოშვების ფორმის მიხედვით იცვლება. ეს ასევე დამოკიდებულია სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეც.
როგორ გამოვიყენოთ ვალიდოლი?
ეს წამალი აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა და ყველა ოჯახში მოიპოვება, თუმცა მისი მიღება ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი; მანამდე რამდენიმე საკითხი მაინც უნდა გავითვალისწინოთ. არსებობს წამლის დოზირების გარკვეული წესებიც.
როდის არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება?
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ მის რომელიმე კომპონენტზე ალერგიული ხართ, გაქვთ სისხლის დაბალი წნევა ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. თუკი შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს წამალი შაქარსაც შეიცავს.
ვალიდოლი ორსულებში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდშიც არის შესაძლებელი მაშინ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ დედის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება იმ რისკს, რომელიც ნაყოფს შეიძლება შეექმნას. შესაძლოა, სიმპტომების შესამსუბუქებლად ექიმმა სხვა საშუალების გამოყენება გირჩიოთ.
ვალიდოლი ლაქტაციის დროს
დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ვალიდოლი ძუძუთი კვების დროსაც უსაფრთხოა, რადგან საკმარისი მონაცემი არ არსებობს. ბუნდოვანია, აქვს თუ არა რაიმე გავლენა პრეპარატის ინგრედიენტებს დედის რძეზე ან ჩვილებზე. შესაბამისად, ეს წამალი ლაქტაციისას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ, თუ შესაბამის რეკომენდაციას ექიმი მოგცემთ.
ცნობისთვის, პრეპარატი ბავშვებშიც არ გამოიყენება — რთული სათქმელია, რამდენად უსაფრთხოა იგი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ?
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ვალიდოლი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებს. იგი ნიტრატების მიღებისგან გამოწვეულ თავის ტკივილს ამცირებს. შესაძლოა, ძილიანობა და ანტიჰიპერტენციული მოქმედება გაძლიერდეს (სხვა სიტყვებით, ვალიდოლი წნევას საჭიროზე მეტად დასწევს), თუ ამ წამალს ზოგიერთ პრეპარატთან ერთად მიიღებთ. ესენია: ფსიქოტროპული მედიკამენტები, ანტიჰიპერტენზიული წამლები, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები, საანესთეზიო საშუალებები და ალკოჰოლი.
პრეპარატი მშრალ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, სადაც ტემპერატურა 150C-250C იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მისი აღება ვერ შეძლონ.
გარდა ამისა, ვალიდოლი მხოლოდ გამოშვებიდან 2 წლის განმავლობაშია ვარგისი. ამ დროის გასვლის შემდეგ მას ნუ გამოიყენებთ.
რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას იშვიათად, თუმცა მაინც, ჩნდება ხოლმე მსუბუქი გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, სისხლის წნევის ხანმოკლე შემცირება და ძილიანობა, რომელიც მალევე თავისით ქრება.
შესაძლოა, ვალიდოლის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქციებიც განვითარდეს. ასეთი გამოვლინებები შეიძლება იყოს: კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი.
როგორ და რა დოზებით უნდა მივიღოთ ეს წამალი?
ტაბლეტები ენის ქვეშ უნდა გაიჩეროთ მანამ, სანამ იგი სრულად არ გაილევა.
მოზრდილებს შეუძლიათ, თითო ჯერზე 1-2 ტაბლეტი მიიღონ. დღეში 2-4 ტაბლეტია დაშვებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 600 მილიგრამს (ანუ 60 მილიგრამიან 10 ტაბლეტს ან 100 მილიგრამიან 6 ტაბლეტს). ვალიდოლით მკურნალობა 7 დღემდე ვადით გრძელდება.
ენის ქვეშ ჩადებისას ეს წამალი პირის ღრუს ლორწოვან გარსში შეიწოვება. მისი მოქმედების შედეგებს დაახლოებით 5 წუთში იგრძნობთ. შეწოვის შემდეგ იგი ღვიძლში გარდაიქმნება და შარდში გამოიდევნება გლუკურონოიდების სახით.
რა უნდა გავითვალისწინოთ ვალიდოლის მიღების შემდეგ?
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი მიიღეთ და გულის არეში ტკივილი მაინც არ მსუბუქდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მწვავე კორონარული სინდრომი გამოირიცხოს.
თუკი ვალიდოლი საჭიროზე დიდი დოზით მიიღეთ, შესაძლოა, ზედოზირების სიმპტომებიც დაგეწყოთ. ესენია: თავის ტკივილი, გულისრევა, გულისრევა, გულის მოქმედების დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება და ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.
ასეთ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ. ექიმი თქვენი სიმპტომების შესაბამისად დაგინიშნავთ მკურნალობას.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account