
პრეპარატი ექსოდერილი ავსტრიაში, გერმანიასა და თურქეთში სხვადასხვა ფორმით იწარმოება. მათ შორის, მედიკამენტი წარმოდგენილია ხსნარის, სპრეისა და კრემის სახით.
PSP-ში ხელმისაწვდომია ექსოდერილი 1% 20მლ ხსნარი, ექსოდერილი 1% 10მლ ხსნარი, ექსოდერილი 1% სპრეი 20მლ, ექსოდერილი 1% კრემი 30გ და ექსოდერილი კრემი 1% 15გ. აფთიაქების ქსელში პრეპარატის თითოეული ფორმა რეცეპტის გარეშე გაიცემა.
რისთვის იყენებენ ექსოდერილს?
ექსოდერილის 1 მლ ხსნარი და სპრეი 10 მგ აქტიურ ნივთიერება ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის შეიცავს. დამხმარე ნივთიერებების სახით მათში ასევე შედის პროპილენგლიკოლი (50მგ/მლ), ეთანოლი და გასუფთავებული წყალი.
რაც შეეხება ექსოდერილის მალამოს, კრემის ყოველ 1 გრამში 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი შედის. დამხმარე ნივთიერებების სახით კი ის ნატრიუმის ჰიდროქსიდს, ბენზილის სპირტს, სორბიტანსტეარატს, ცეტილპალმიტატს, ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს, პოლისორბატი 60-ს, იზოპროპილ მირისტატსა და გასუფთავებულ წყალს შეიცავს.
ექსოდერილი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც დერმატოლოგიაში აქტიურად იყენებენ. პრეპარატში შემავალი ნაფტიფინი ხასიათდება ფუნგიციდური მოქმედებით ორგანიზმების მიმართ: Trichophyton spp., Microsporon spp., Epidermophyton floccosum.
ის ზომიერად ეფექტიანია საფუარის (Candida spp.), ობისა (Aspergillus spp.) და სხვა სოკოების (მაგ. Sporothrix schenkii) მიმართ.
გარდა ამისა, ექსოდერილის აქტიურ ნივთიერებას ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.
აღნიშნული თვისებების გამო, ექსოდერილს იყენებენ ნაფტიფინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის. მას მიმართავენ კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციების დროს, მათ შორის თანმდევი ქავილის შემთხვევაში.
პრეპარატი ხშირად ინიშნება ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში. მას იყენებენ კანის კანდიდოზებისა და ქატოსებური ლიქენის დროს.
ხსნარის გამოყენების წესი და დოზირება
ექსოდერილის ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის კანზე ან ფრჩხილებზე. ის რეკომენდებულია 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის. კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ პრეპარატი დღე-ღამეში ერთხელ ინიშნება.
რაც შეეხება ექსოდერილის გამოყენების წესს, პირველ რიგში, დაზიანებული კანი და მიმდებარე ადგილი კარგად უნდა გაისუფთაოთ და გააშროთ. ამის შემდეგ ფლაკონში მოთავსებული ხსნარით ბამბის ტამპონი დაასველეთ და დაზიანებულ კანზე წაისვით. შეეცადეთ, ხსნარი თვალებში ან ლორწოვან გარსებზე არ მოხვდეს.
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობის მიზნით პრეპარატი დღე-ღამეში ორჯერ უნდა გამოიყენოთ. ხსნარის პირველად გამოყენებამდე ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მაკრატლითა და ფრჩხილის ქლიბით მაქსიმალურად მოიშორეთ.
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე, ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ინფექციის რეციდივის თავიდან აცილებისთვის რეკომენდებულია, მკურნალობა, კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ, კიდევ არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.
როგორ გამოვიყენოთ ექსოდერილის სპრეი?
ექსოდერილის სპრეი კანზე ან ფრჩხილებზე შესხურების გზით გამოიყენება. შესხურებამდე დაავადებული კანი ან ფრჩხილები თბილი წყლით კარგად უნდა დაიბანოთ და გაიმშრალეთ.
პირველად გამოყენებისას საჭიროა ტუმბოზე რამდენჯერმე ხელის დაჭერა, რათა სპრეის კარგად შესხურება შეძლოთ. ტუმბო ფლაკონის ყველანაირ პოზიციაში მოქმედებს, აქედან გამომდინარე, პრეპარატს სხეულის ნაკეცებში ჩასახლებულ ინფექციებამდე მიღწევა შეუძლია.
პრეპარატი ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიიღოთ. თუმცა, ჩვეულებრივ, რეკომენდებულია ექსოდერილის სპრეის დღეში ერთხელ გამოყენება. სასურველია, სპრეი დაავადებულ ადგილზე საღამოს საათებში შეისხუროთ, ისე, რომ პრეპარატი დაავადებული კანის ირგვლივ, დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი დიამეტრით გავრცელდეს.
რეციდივის თავიდან არიდების მიზნით, პრეპარატით მკურნალობა, დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ, კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციის ტიპზე, ლოკალიზაციასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.
როგორია მალამოს მოხმარების წესი
ექსოდერილის კრემი ექიმის დანიშნულების შესაბამისად გამოიყენება. თუ სპეციალისტი დოზას ინდივიდუალურად არ განგისაზღვრავთ, ის დღეში ერთხელ გამოიყენოთ.
პრეპარატი დაავადებულ კანზე თხელ ფენად უნდა წაისვათ. სასურველია, ამისთვის საღამოს საათები შეარჩიოთ. კრემით დაზიანებული კანი მთლიანად უნდა დაიფაროთ, ასევე მის ირგვლივ დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი დიამეტრიც დაიმუშაოთ. მალამოს წასმის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, კანის ნაკეცებს შორის მარლის დადებაა საჭირო.
ფრჩხილების ინფექციების დროს, ისინი რაც შეიძლება ღრმად უნდა მოიჭრათ. მალამო დღეში ერთხელ ფრჩხილებში უნდა შეიზილოთ.
მკურნალობის ეფექტიანობისთვის პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებაა საჭირო. რეციდივის თავიდან ასაცილებლად, დაავადების ნიშნების წარმოქმნიდან სულ მცირე ორი კვირის შემდეგ, ექსოდერილის კრემის მოხმარება უნდა განაგრძოთ.
ექსოდერილის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
მედიკამენტების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი ეფექტები შესაძლოა ექსოდერილის გამოყენების შემდეგაც განვითარდეს. ისინი, ძირითადად, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში იჩენს თავს.
მაგალითად, ექსოდერილის მოხმარების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სიმშრალის შეგრძნება. ასევე, პრეპარატის გამოყენების ადგილზე ზოგჯერ თავს იჩენს გაღიზიანების სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და წვა.
ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის შეწყვეტაა აუცილებელი. პრეპარატის უკუმოქმედების შედეგად გამოვლენილი სიმპტომები მკურნალობის დასრულების შემდეგ ქრება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account