
პრეპარატი ეროგრა გარსით დაფარული ტაბლეტების სახით, საქართველოში იწარმოება. ის აქტიურ ნივთიერება სილდენაფილსა და დამხმარე ნივთიერებებს — ლაქტოზას, მიკროკრისტალურ ცელულოზას, კალციუმის ჰიდროფოსფატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, მაგნიუმის სტეარატსა და შემოსაგარს ფხვნილს შეიცავს.
ეროგრაში სილდენაფილის დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 50მგ და 100მგ სილდენაფილის შემცველი ეროგრას ტაბლეტებია ხელმისაწვდომი. ეროგრა 50მგ-ისა და ეროგრა 100მგ-ის ერთ შეკვრაში 5-5 ტაბლეტია.
ეროგრა II ჯგუფს ფარმაცევტული პროდუქტია და ფორმა #3 რეცეპტით გაიცემა.
რა არის ეროგრა?
ეროგრა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებაა. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც დამაკმაყოფილებელი სქესობრივი აქტის მიღწევისთვის აუცილებელი ერექციის ან მისი შენარჩუნების უუნარობა აღინიშნება.
გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის შემთხვევაშია ეფექტიანი. ის ერექციულ დისფუნქციას სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაუმჯობესებით ებრძვის.
ეროგრას მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის. ამასთან, მედიკამენტი ქალებისათვის არ არის გათვალისწინებული.
ეროგრას მიღების წესი და დოზირება
ეროგრა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, რაც პოტენციური გართულებების რისკს ამცირებს. ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზა 50მგ-ს შეადგენს, რომელიც პაციენტმა სქესობრივ აქტამდე 1 საათით ადრე უნდა მიიღოს.
ეფექტიანობისა და ორგანიზმის მიერ პრეპარატის მიმართ ამტანობის მიხედვით შესაძლებელია დოზა შეიცვალოს, შემცირდეს 25მგ-მდე ან გაიზარდოს 100მგ-მდე. გასათვალისწინებელია, რომ ეროგრას მიღება დღე-ღამეში მხოლოდ ერთხელ არის რეკომენდებული.
დოზა შეიძლება ინდივიდუალურად, პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეც განისაზღვროს. მაგალითად, მათ, ვისაც თირკმლის მძიმე უკმარისობა აღენიშნება ექიმები დოზას 25 მგ-მდე უმცირებენ. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის უკმარისობის დროს დოზა ასევე 25 მგ-მდე მცირდება.
ციტოქრომ P-450 ფერმენტული სისტემის ინჰიბიტორებთან, მათ შორის ერითრომიცინთან, კეტოკონაზოლთან ან იტრაკონაზოლთან ერთდროული მიღებისას საწყისი დოზა 25 მგ-ს შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ალფა-ადრობლოკატორებით მკურნალობს, პოსტურალური ჰიპოტენზიის რისკის შესამცირებლად, ეროგრა მხოლოდ ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის შემდეგ, მცირე საწყისი დოზით ინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ასაკოვან პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ეროგრაში შემავალი სილდენაფილი ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტებით მეტაბოლიზდება. აქედან გამომდინარე, ამ იზოფერმენტების ინჰიბიტორები, როგორიცაა ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ციმეტიდინი, ამცირებს სილდენაფილის კლირენსს (თირკმელების მიერ ცხოველქმედების პროდუქტების სისხლიდან გამოტანა).
სილდენაფილი ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს აძლიერებს, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. უკუნაჩვენებია ასევე ეროგრასა და აზოტის ოქსიდის დონატორი პრეპარატების პარალელურად მიღება.
სილდენაფილის და ალფა-ადრენობლოკატორების ერთდროულად გამოყენებამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარება გამოიწვიოს.
აღსანიშნავია, რომ სილდენაფილი არ იწვევს ალკოჰოლის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ეროგრას მიღებას, ძირითადად, მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის გვერდითი მოვლენები ახლავს თავს. მათი სიხშირე კი დოზის მომატებასთან ერთად იზრდება.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ შედარებით ხშირად ვლინდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წამოხურება და სიწითლე სახის არეში. პაციენტებს შეიძლება გაუძლიერდეთ გულისცემა, განუვითარდეთ რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), დისპეფსია (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება) ან მხედველობის დარღვევა.
ეროგრას მიღებისას ზოგჯერ ალერგიული რეაქციები იჩენს თავს, მათ შორის კანზე გამონაყარი. პაციენტების ნაწილს შეიძლება განუვითარდეს ტაქიკარდია, დაუქვეითდეს არტერიული წნევა ან ცხვირიდან სისხლდენა დაეწყოს. ხანდახან აღინიშნება გულის წასვლა, ღებინება, სიწითლე და ტკივილი თვალის არეში. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული ან/და უნებლიე ერექცია (პრიაპიზმი).
დოზის გადაჭარბების დროს სიმპტომური მკურნალობაა აუცილებელი. სილდენაფილი ჰემოდიალიზით ორგანიზმიდან პრაქტიკულად არ გამოიდევნება.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეროგრაში შემავალი სილდენაფილი არ ახდენს უარყოფით გავლენას ავტომობილისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მართვაზე. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისმა მიღებამ შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება ან მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს, აქედან გამომდინარე, ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account