ენტეროჯერმინა — პრობიოტიკული პრეპარატი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის




საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია და შესაძლოა, ყოველდღიურობაში ხშირად იჩინოს თავი. სხვადასხვა სახის დარღვევების შესაბამისად კი, ბაზარზე ბევრი საჭირო მედიკამენტი გვხვდება — მათ შორისაა ენტეროჯერმინა (Enterogermina). ეს უკანასკნელი პრობიოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს და შეიცავს Bacillus clausii-ის სპორებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად ბინადრობს და ხელს უწყობს ნაწლავების მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას. 

 

ვიდრე დეტალურ განხილვაზე გადავალთ, მოკლედ განვმარტავთ, რომ პრეპარატი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების დროს, განსაკუთრებით დიარეის, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ დისბაქტერიოზის პრევენციისთვის, და ზოგადად, ნაწლავების მიკროფლორის აღსადგენად.

 

საგულისხმოა, რომ ენტეროჯერმინა ერთნაირად უსაფრთხოა ბავშვებისთვის მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის; ამიტომაცაა, რომ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მედიკამენტის სამი სახით წარმოება: ენტეროჯერმინა, ენტეროჯერმინა ფორტე და ენტეროჯერმინა საბავშვო.

რა განსხვავებაა მედიკამენტის სამ წარმოებას შორის?

მათ შორის ძირითადი განსხვავება Bacillus clausii-ის სპორების კონცენტრაციაში მდგომარეობს. ეს კი თავისთავად აისახება დოზირებასა და იმაზე, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფს ეხება საქმე. აქვე განვიხილოთ ეს სხვაობა:

 

ენტეროჯერმინა: ის სტანდარტულ ფორმულაციას ეფუძნება, რომელიც ჩვეულებრივ 2 მილიარდ სპორას შეიცავს. განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისთვისაც — უმეტესად გამოიყენება მსუბუქი და ზოგადი დისბალანსის დროს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მცირე დარღვევების, ანტიბიოტიკების გამოყენების შემდგომი მიკროფლორის აღსადგენად. 

 

რაც შეეხება ფორმას, ხელმისაწვდომია „ენტეროჯერმინა სუსპენზია“ და „ენტეროჯერმინა კაფსულა“. მართალია, პაციენტები ხშირად ეძებენ მას ტაბლეტების სახით, მაგრამ ენტეროჯერმინა ტაბლეტის ფორმით არ იწარმოება.

 

ენტეროჯერმინა ფორტე (Enterogermina Forte): ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უფრო ძლიერ ფორმულაციასთან — ანუ მედიკამენტი შეიცავს 4 მილიარდ ან მეტ სპორას. შესაბამისად, განკუთვნილია უფრო მძიმე მიკროფლორის დარღვევებისთვის, როგორიცაა დიარეა ან ანტიბიოტიკების გამო გამოწვეული სერიოზული დისბალანსი. ხშირად ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა მეტად მძლავრი და სწრაფი პრობიოტიკური ეფექტი.

 

ამასთან, ენტეროჯერმინა ფორტე ხელმისწვდომია მხოლოდ სუსპენზიის სახით.

 

ენტეროჯერმინა ბავშვებისთვის (Enterogermina Kids): ბუნებრივია, პატარებისთვის განკუთვნილი პრეპარატი მათზე ადაპტირებულ ფორმულაციას ეყრდნობა — ანუ Bacillus clausii-ის სპორების დაბალ კონცენტრაციას შეიცავს. ჩვეულებრივ, ბავშვებში ნიშნავენ, როცა საჭმლის მომნელებელი სისტემა უფრო მგრძნობიარეა; მიმართავენ მიკროფლორის დარღვევების პრევენციისა და მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. საგულისხმოა, რომ ენტეროჯერმინა ჩვილებშიც გამოიყენება.

 

საბავშვო ენტეროჯერმინა ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია სუსპენზიის ან სიროფის სახით, რათა ბავშვებმა მარტივად შეძლონ მედიკამენტის მიღება.

რას გვეუბნება ენტეროჯერმინას ანოტაცია?

როგორც პრეპარატის ანოტაციაში ვკითხულობთ, ზოგადად აღნიშნული მედიკამენტი ისეთი პრობლემების დროს გამოიყენება, როგორებიცაა: 

 

  • დიარეა — განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დიარეა გამოწვეულია მიკროფლორის დისბალანსით;
  • დისბაქტერიოზი — პრეპარატი ეფექტიანია დისბაქტერიოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის;
  • ანტიბიოტიკების გამოყენება — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ენტეროჯერმინა ხშირად ინიშნება ანტიბიოტიკების მიღების პერიოდში და შემდგომ, რათა აღდგეს მიკროფლორის ბალანსი. ასევე, კარგ საშუალებას წარმოადგენს პოტენციური გართულებების პრევენციისთვის.

 

ენტეროჯერმინას მიღების წესი 

 

ვიდრე კონკრეტულ დოზირებაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია. პირველ რიგში, აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე — ასე ვთქვათ, ჭამა მის წინაპირობას არ წარმოადგენს.

 

ამასთან, გაითვალისწინეთ, თუ სუსპენზიას იღებთ, დალევამდე აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ ფლაკონი, რათა მყარი ნაწილაკები თანაბრად გადანაწილდეს სითხეში. ასევე, შესაძლებელია, სუსპენზია ან პირდაპირ დალიოთ, ან მცირე რაოდენობით წყალი, რძე თუ ფორთოხლის წვენი დაამატოთ.

 

ზოგადად, ენტეროჯერმინას მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის მიზნებზე. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ჩვეულებრივ, პრეპარატის მიღება გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში, თუმცა ექიმმა შეიძლება უფრო ხანგრძლივი კურსიც დანიშნოს.

 

რაც შეეხება ენტეროჯერმინას დოზას, ცხადია, ეს დამოკიდებულია პრეპარატის ფორმაზე, პაციენტის ასაკსა და საჭიროებებზე. თუმცა ძირითად რეკომენდაციებს გაგიზიარებთ: 

 

  • ენტეროჯერმინა როგორც წესი, მოზრდილებში ინიშნება 1 ფლაკონი ან 1-2 კაფსულა დღეში;
  • ენტეროჯერმინა ფორტე — 1 ფლაკონი დღეში 1-2-ჯერ, ექიმის რეკომენდაციით; 
  • საბავშვო ენტეროჯერმინა — 1-2 ფლაკონი დღეში, თუ მკურნალმა ექიმმა სხვა დანიშნულება არ გასცა. ხოლო მოზრდილებში ეს დოზა ინიშნება დღეში 2-3 ფლაკონი.

 

როგორია ენტეროჯერმინას უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები? 

 

აღნიშნული პრეპარატი ძირითადად უსაფრთხო და კარგად ამტან პრობიოტიკად მიიჩნევა, თუმცა, როგორც ყველა მედიკამენტს, მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები.

 

უკუჩვენებები: 

 

  • ჰიპერმგრძნობელობა — თუ პაციენტს აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ენტეროჯერმინას მიღება არ არის რეკომენდებული;
  • მძიმე იმუნოდეფიციტი — იმუნოსუპრესიული მდგომარეობის დროს ენტეროჯერმინას მიღება შეიძლება დამატებით სიფრთხილეს საჭიროებდეს. ანუ მაშინ, როცა ადამიანის იმუნური სისტემა დაქვეითებულია ან აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შედეგად, ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება ინფექციების, დაავადებებისა და სხვა პათოგენების მიმართ.

გვერდითი ეფექტები: 

 

ენტეროჯერმინა იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, მაგრამ მათ შორის შეიძლება იყოს:

 

  • ალერგიული რეაქციები — იშვიათ შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, შეშუპება ან სუნთქვის სირთულეები. თავის მხრივ, ეს სიმპტომები მოითხოვს დაუყოვნებლივ კონსულტაციას ექიმთან;
  • მეტეორიზმი — ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მეტეორიზმი გამოუვლინდეს ან მუცლის არეში სიმძიმე იგრძნოს; თუმცა, როგორც წესი, ეს სიმპტომები მსუბუქია და დროთა განმავლობაში ქრება;
  • გულისრევა — იშვიათად, ენტეროჯერმინამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი გულისრევა, რომელიც ხშირად არ საჭიროებს მკურნალობას და თავისით ქრება.

 

ენტეროჯერმინა ლაქტაციისა და ორსულობის დროს 

ვინაიდან ენტეროჯერმინა ადამიანის ორგანიზმში არსებულ პრობიოტიკულ ბაქტერიებს ეფუძნება, პრეპარატი უსაფრთხოდ მიიჩნევა ლაქტაციისა და ორსულობის დროს. 

 

თუმცა ორსულობის პერიოდში ნებისმიერი მედიკამენტის ან დანამატის მიღება საჭიროებს ექიმის კონსულტაციას — სხვაგვარად ვერ განსაზღვრავთ უსაფრთხოების დონეს, საჭირო დოზირებასა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას.