მენოვაზინი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც სხვადასხვა სახის ტკივილის სამკურნალო პრეპარატს წარმოადგენს.
ის გამოიყენება, როგორც კანის ქავილის საწინააღმდეგო საშუალების, ასევე ნევრალგიის (ნერვების დაზიანება), მიალგიის (კუნთების ტკივილი) და ართრალგიის (სახსრების ტკივილი) შემთხვევაში, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლის სახით.
აღსანიშნავია, რომ მენოვაზინი ხელმისაწვდომია სამი სახით: ხსნარი, სპრეი და მალამო.
მენოვაზინის ხსნარი, სპრეი და მალამო — რა განსხვავებაა მათ შორის?
ტკივილგამაყუჩებელი მენოვაზინის ხსნარი არის მენთოლის მკვეთრი სურნელის მქონე გამჭვირვალე სითხე, რომელიც კანზე შეზელის გზით გამოიყენება. ის სწრაფად იწოვება და ეფექტიანად მოქმედებს ფართო არეალებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ეს ვერსია შეიძლება მცირე რაოდენობით წასასმელად ცოტა მოუხერხებელი იყოს.
მენოვაზინის სპრეი მარტივად გამოსაყენებელია მტკივნეულ არეზე პირდაპირ შესხურებით. მედიკამენტის ეს ფორმა მოსახერხებელია სწრაფი და ერთგვაროვანი განაწილებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტკივნეულ ადგილთან დამატებითი კონტაქტი სასურველი არ არის.
მენოვაზინის მალამო არის მენთოლის სურნელის მქონე თეთრი ფერის კრემის მაგვარი მასა, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ანესთეზიასა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მენოვაზინის მაზის სტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ ის უფრო ხანგრძლივად დარჩეს კანზე, რაც აუმჯობესებს ანესთეზიას და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
როგორც წესი, მენოვაზინის სპრეის ფასი პრეპარატის დანარჩენი ორი ვერსიის ფასებს აღემატება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მენოვაზინის სამივე ფორმის შემთხვევაში აქტიური ნივთიერებები იდენტურია: რაცემიული მენთოლი, ნოვოკაინი (პროკაინი ჰიდროქლორიდი), ანესთეზინი (ბენზოკაინი), ეთილის სამედიცინო სპირტი (70%-იანი).
მენოვაზინის კრემი კი დამატებით შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: მინერალური ზეთი, თეთრი რბილი პარაფინი, ემულგატორი T-2, გაწმენდილი წყალი.
როგორია მენოვაზინის მოქმედების მექანიზმი?
მენოვაზინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მის აქტიურ ინგრედიენტებს — მენთოლს, ანესთეზინს და პროკაინს — რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას და ანთების შემცირებას.
მენოვაზინში შემავალი მენთოლი კანზე წასმისას იწვევს სიცივის შეგრძნებას, რაც ამსუბუქებს ტკივილს და ქავილს. ასევე, ის აძლიერებს სხვა აქტიური ინგრედიენტების — პროკაინისა და ანესთეზინის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
თავის მხრივ, პროკაინი და ანესთეზინი კი ბლოკავს ნერვული იმპულსების გადაცემას, რაც ხელს უშლის ტკივილის შეგრძნების წარმოქმნას.
როგორ მივიღოთ მენოვაზინი?
მენოვაზინი გამოიყენება გარეგანად, მტკივნეული ადგილების დასაზელად, დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი გრძელდება 3-4 კვირა და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს.
მენოვაზინის გელის შემთხვევაში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 გრამს. პრეპარატი არ გამოიყენება დაზიანებულ და ალერგიის ნიშნების მქონე კანზე, ასევე სახის კანზე.
მენოვაზინის სპრეი და ხსნარი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სიფრთხილით გამოიყენება, ხოლო მალამო ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის საერთოდ არ არის დაშვებული.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ მოიპოვება.
როგორია მენოვაზინის უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები?
მენოვაზინის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ უკუჩვენებები აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გააჩნია ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მენოვაზინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი, ასევე ალერგიული რეაქციები, როგორებიც არის: ჰიპერემია (სხეულის რომელიმე ნაწილში სისხლის მოწოლა, დაგროვება), კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება, ჭინჭრის ციება.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება.
ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ მენოვაზინი გაციების დროს, ასევე კბილის ტკივილის ან ბუასილის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებების გასამყარებლად სამეცნიერო წყაროები არ მოიპოვება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account