დოსტინექსი — პრეპარატი ლაქტაციის შესაჩერებლად

დოსტინექსი პროლაქტინის სეკრეციის ინჰიბიტორი, ჰორმონული საშუალებაა, რომელიც ტაბლეტების ფორმით იტალიაში იწარმოება. პრეპარატი აქტიურ ნივთიერება კაბერგოლინს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას, ლეიცინსა და ადსორბენტს შეიცავს.

მედიკამენტის თითოეულ ტაბლეტში 0.5 მგ კაბერგოლინი შედის, მუყაოს ერთ კოლოფში კი 8 ტაბლეტია მოთავსებული. დოსტინექსი II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და აფთიაქებში რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

რისთვის იყენებენ დოსტინექსს?

დოსტინექსი ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შეწყვეტის ან, დედის სურვილით, მისი ხელოვნურად დათრგუნვის, რძის გაშრობის მიზნით გამოიყენება. პრეპარატს მიმართავენ იმ შემთხვევაშიც, როცა დედის ან ჩვილისთვის ძუძუთი კვება სასურველი არ არის. დოსტინექსი ლაქტაციის შეწყვეტის მიზნით მკვდრადშობილი ნაყოფისა და აბორტის შემთხვევაშიც გამოიყენება.

მედიკამენტი ინიშნება ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული დისფუნქციის მკურნალობისთვისაც. მათ შორის, ქალებში ამენორეის, ოლიგომენორეის, ანოვულაციის, გალაქტორეისა და უნაყოფობისას, მამაკაცებში კი - იმპოტენციის დროს.

დოსტინექსს მიმართავენ ასევე ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული ადენომების მკურნალობისას, იდიოპათიური ჰიპერპროლაქტინემიის ან ე.წ. „ცარიელი“ თურქული კეხის სინდრომის დროს, რომელიც ჰიპერპროლაქტინემიასთან ასოცირებულ ძირითად პათოლოგიურ მდგომარეობას წარმოადგენს.

ჰიპერპროლაქტინემია სისხლში პროლაქტინის სიჭარბეა. პროლაქტინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს ლაქტაციას - სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნას.

როგორ და რა დოზებით მივიღოთ პრეპარატი?

მშობიარობის შემდგომი ლაქტაციის შესაჩერებლად, მშობიარობიდან პირველივე დღეს, 1 მგ კაბერგოლინი (2 ტაბლეტი დოსტინექსი 0.5 მგ) ერთხელ უნდა მიიღოთ.

თუ ლაქტაცია უკვე დაწყებულია, მის დასათრგუნად რეკომენდებულია 0.25 მგ კაბერგოლინი, პრეპარატის 1/2 ტაბლეტი ყოველ 12 სთ-ში 2 დღის განმავლობაში. ამ დოზირების მიღებისას გვერდით ეფექტები, განსაკუთრებით არტერიული ჰიპოტენზია, ნაკლებად აღინიშნება.

ჰიპეპროპროლაქტინემიის სამკურნალოდ პრეპარატი კვირაში 1-2-ჯერ ინიშნება და საწყისი დოზა 1/2 (0.25 მგ) ტაბლეტს შეადგენს, ან 1 ტაბლეტს (0.5 მგ) ერთ კვირაში მისაღებად.

ეფექტიანობის შესაბამისად, შესაძლებელია დოზის კორექცია. კვირის დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს, 0.5 მგ-თი ერთთვიანი ინტერვალით.

თერაპიული საშუალო დოზა კვირაში 1 მგ-ს შეადგენს (მერყეობს 0.25 მგ-დან 2 მგ-მდე). პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს.

რა შემთხვევაში შევიკავოთ თავი დოსტინექსის მიღებისგან?

დოსტინექსი უკუნაჩვენებია კაბერგოლინისა და ჭვავის რქის ალკალოიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გარდა ამისა, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მოშლის დროს.

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი აქვთ, დოსტინექსის გამოყენებას უნდა მოერიდონ.

პრეპარატის მიღება არ არის დაშვებული ორსულთა ტოქსიკოზის დროსაც, რომლისთვისაც ღებინება, გულისრევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, თავბრუსხვევა და გაძლიერებული ნერწყვდენა, იგივე ჰიპერსალივაციაა დამახასიათებელი.

მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში 

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში დოსტინექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტის მიღების შემდეგ ლაქტაციის დათრგუნვის მისაღწევად სასურველი ეფექტი არ აღინიშნება, ჩვილის ძუძუთი გამოკვებისაგან თავი უნდა შეიკავოთ. ალტერნატიული მეთოდების შესარჩევად კი ექიმთან კონსულტაცია და მისი მითითებების გათვალისწინებაა საჭირო.

ვიდრე დოსტინექსით მკურნალობას დაიწყებთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ამის შემდეგ კი, მკურნალობის პარალელურად, კონტრაცეფციის მექანიკური მეთოდების გამოყენებაა სასურველი.

იქიდან გამომდინარე, რომ დოსტინექსის ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, მენსტრუალური ციკლის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ჩასახვამდე 1 თვით ადრე, რათა ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციური რისკი თავიდან იქნას აცილებული.

დოსტინექსის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

პრეპარატების უმეტესობის მსგავსად, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი დოსტინექსის მიღების შემდეგაც არსებობს, თუმცა ის ყველა პაციენტს არ აღენიშნება. გარდა ამისა, გვერდითი ეფექტები სხვადასხვა სიხშირით ვლინდება.

მაგალითად, დოსტინექსით მკურნალობისას, გაცილებით ხშირად აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა და ტკივილები მუცლის არეში.

პრეპარატის ხანგრძლივი მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს დისპეფსიური მოვლენები, საერთო სისუსტე, ღებინება, გაუვალობა, გასტრიტი, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, წამოხურება, დეპრესია და პარესთეზიები. მსგავსი სიმპტომები ზომიერად არის გამოხატული და, ჩვეულებრივ, პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში ვლინდება. როგორც წესი, სიმპტომები თავადვე ქრება.