დოპროკინი — რა უნდა ვიცოდეთ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებამდე

ჯანმრთელობის შენარჩუნება, ალბათ, ადამიანის პროდუქტიულობის შენარჩუნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ამისა, მრავალი ინდივიდის წინაშე  ყოველდღიურად დგება პრობლემები, რომელთან ჭიდილსაც ჩვენი დრო, ენერგია და მოტივაცია ეწირება. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ამის კარგი მაგალითია — ამ კუთხით ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება ბევრი გეგმა შეგიცვალოს, ან  ხშირად, დისკომფორტისა და უხერხულობის წინაშეც დაგაყენოს. 

დისპეფსიას (კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედების მოშლა) თან ახლავს მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება — თითოეულ მათგანს კი შესწევს ძალა, ერთი ჩვეულებრივი დღე 24-საათიან ტანჯვად აქციოს. 

კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევით გამოწვეული დისკომფორტი სცდება ფიზიკურ საზღვრებს. ამ სიმპტომების მაღალი სიხშირით გამოვლენას ადამიანის დათრგუნვა, შფოთვების გამოწვევა, გამართული სოციალური ცხოვრებისგან ჩამოშორება შეუძლია. სწორედ ამიტომ, თითოეული ასეთი დაბრკოლების წარმოშობისთანავე, მნიშვნელოვანია, მკურნალობას სათანადო ყურადღება დაეთმოს — შესაბამისი პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, ჩამოთვლილი სიმპტომების დათრგუნვა და დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეფექტიანი საშუალებაა დოპროკინი (Doprokin), რომელიც მომხმარებელს ნორმალური დღისწესრიგის დაბრუნებას ჰპირდება.

როგორ მოქმედებს დოპროკინი — ანოტაცია

დოპროკინი ღრუ მილოვანი ორგანოების (კუჭი, ნაწლავები და ა.შ.) რიტმული შეკუმშვა-გაფართოების (პერისტალტიკის) სტიმულატორია (პროპულსანტი), რომელიც ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება, როგორებიცაა გულისრევა და ღებინება. პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას დომპერიდონი წარმოადგენს. პსპ-ს აფთიაქების ქსელში პრეპარატი წარმოდგენილია როგორც თხევადი (სუსპენზიის), ისე მყარი (ტაბლეტების) ფორმით. 

დოპროკინი-S სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 1მგ დომპერიდრონს, ხოლო დამხმარე ნივთიერებებია თხევადი არაკრისტალიზებადი სორბიტოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, გასუფთავებული წყალი.

ხოლო პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ დომპერიდრონს, დამხმარე ნივთიერებების სია კი ასე გამოიყურება: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაურილის ნატრიუმის სულფატი, პოვიდონი, აეროსილი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოპროკინის აქტიური ნივთიერება, დომპერიდონი, პერორალური (პირის ღრუს საშუალებით) მიღებისას, ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აუმჯობესებს ანტროდუოდენურ მოტორიკას და აჩქარებს კუჭის დაცლას. პრეპარატი  არ  ახდენს  გავლენას  კუჭის სეკრეტორულ (გამოყოფის) ფუნქციაზე.

დოპროკინის გამოყენების წესი და სიფრთხილის ზომები 

რაც შეეხება დოპროკინის ინსტრუქციას, გაითვალისწინეთ, რომ ამ მედიკამენტი ხანგრძლივი მკურნალობისთვის არ არის შექმნილი. პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მინიმალური ეფექტიანი დოზით, დროის მაქსიმალურად  მოკლე პერიოდში, გულისრევისა და ღებინების გასაკონტროლებლად. როგორც წესი, დოპროკინის მიღების მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთ კვირას არ უნდა აჭარბებდეს. 

პასუხი მარადიულ კითხვასაც უნდა გავცეთ, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსვამს: ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ? — უმჯობესია, დოპროკინი ჭამის წინ მიიღოთ, რადგან საკვების მიღების შემდეგ დალევისას, პრეპარატის შეწოვა (აბსორბცია) შენელებულია.

პრეპარატი დადგენილ დროს უნდა მიიღოთ ხოლმე, თუმცა თუ დოზის მიღება გამოგრჩათ, არ შეიძლება გახსენებისთანავე დალევა. დაელოდეთ განრიგში შემდეგ დოზას და მაშინ მიიღეთ, ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ერთი დოზა: “კომპენსაციის” მიზნით დოპროკინის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება!

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა  იქნას უზრუნველყოფილი შესაბამისი სიმპტომური თერაპია. რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო. ექსტრაპირამიდული დარღვევების სამკურნალოდ უნდა იქნას გამოყენებული ანტიქოლინერგული და ანტიპარკინსონული პრეპარატები.

დოპროკინი S სუსპენზია გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიოთ, დოზირებისათვის კი საზომი შპრიცი გამოიყენეთ (ბუნდოვანების გასაფანტად, პრეპარატის მიღება ხდება მისი დალევით, შპრიცის საშუალებით მხოლოდ დოზა გაზომეთ). რაც შეეხება დოზას, ზრდასრულებსა და მოზარდებში, 12 წლის ასაკიდან ზევით, რომელთა სხეულის მასაც 35კგ-ს აღემატება, რეკომენდებული დოზაა 10მლ სუსპენზია (10მგ დომპერიდონი) დღე-ღამეში 1-3-ჯერ. აქტიური ნივთიერება დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30მგ-ია. 

12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით, პრეპარატის გამოყენების ეფექტიანობა დადასტურებული არ არის. 

რაც შეეხება დოპროკინის ტაბლეტებს, ქრონიკული დისპეფსიისას მოზრდილებს შეუძლიათ, 3-ჯერ დღე-ღამეში, ჭამამდე 15-30 წუთით ადრე 1 ტაბლეტი (10მგ) მიიღონ. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღება ძილის წინაც არის შესაძლებელი. ასეთ ვითარებაში, საბავშვო დოზა შეადგენს 2.5მგ-ს სხეულის მასის ყოველ 10კგ-ზე, დღეში 3-ჯერ, ასევე ჭამამდე.

ღვიძლის მძიმე ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში დოპროკინის გამოყენება არ შეიძლება. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში, მრავალჯერადი გამოყენებისას, სიხშირე დღე-ღამეში 2 მიღებას არ უნდა აღემატებოდეს.  

დოპროკინი გავლენას ახდენს  ავტოტრანსპორტის  ტარებისა  და  მექანიზმების  მართვის  უნარზე. ზოგ შემთხვევაში პრეპარატი იწვევს თავბრუსხვევასა და ძილიანობას, ამიტომ დოპროკინის დალევის შემდეგ, თავი აარიდეთ ისეთ საქმეებს, რომელიც მოითხოვს ყურადღების გამახვილებასა და მოძრაობის კოორდინაციას. 

დოპროკინს გავლენა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პრეპარატის უკუჩვენებები გამოვლენილია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის გამტარობის დარღვევა, მათ შორის QTc ინტერვალის გახანგრძლივება, ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია), ბრადიკარდია ან გულის ისეთი  თანმხლები დაავადებები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ასეთ პაციენტებს აქვთ პარკუჭოვანი არითმიის განვითარების გაზრდილი რისკი. 

ისეთი ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის რითმის დარღვევასთან, საჭიროა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

შეიძლება თუ არა დოპროკინის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში? 

ორსულ ქალებში დოპროკინის მოხმარების კვლევის გამოცდილება შეზღუდულია. ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატი, მაღალი დოზით გამოყენებისას, რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფითად  მოქმედებს, შესაბამისად, დედის ორგანიზმისათვის ტოქსიკურია. 

როგორც უკვე აღინიშნა, ადამიანებისთვის პოტენციური რისკის შესახებ საკმარისი ცნობები არ მოიპოვება. ორსულობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმის ნებართვით, მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის დეტალური შეფასების შემდეგ უნდა მიიღოთ. 

რაც შეეხება ლაქტაციას, დომპერიდონი დედის რძეში ხვდება. შესაბამისად, ბავშვები, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებიან, იღებენ დედის მიერ მიღებული დოზის ნაწილს, თუმცა პროპორცია 0,1%-ზე ნაკლებია. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არასასურველი რეაქციების წარმოქმნის რისკი არსებობს, უმჯობესია, ლაქტაციის პერიოდში დოპროკინის მიღებისგან თავი შეიკავოთ. 

ამ შემთხვევაშიც, საბოლოო სიტყვა ექიმს ეკუთვნის, რომელიც შეაფასებს, თუ რამდენად პროპორციულია პრეპარატის სარგებელი დედისათვის, ჩვილის ჯანმრთელობის წინაშე მდგარ რისკებთან შედარებით.  

დოპროკინი – უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

სიახლე არ არის, რომ უკუჩვენება თითქმის ყველა მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს. გამონაკლისი არც დოპროკინია, თუმცა თუ ამ ჩამონათვალს ყურადღებით წაიკითხავთ, გართულებებს (რომლებიც ისედაც იშვიათია) თავიდან მარტივად აირიდებთ. 

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მოერიდეთ დოპროკინის მიღებას. ეს შეზღუდვა ეხებათ ჰიპოფიზის  პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნის (პროლაქტინომა) მქონე პაციენტებსაც. 

სიფრთხილე გმართებთ მაშინაც, თუ გაწუხებთ მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მოტორიკის გაძლიერებას, შესაძლოა, არასასურველი შედეგები ჰქონდეს — მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია;

მოერიდეთ დოპროკინის მიღებას გულის გამტარობის დარღვევის (QTc ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით), ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევების ან გულის თანმხლები დაავადებების (მაგ. შეგუბებითი უკმარისობა) ქონის დროსაც. 

გვერდით მოვლენებს შორის შეიძლება იყოს ანაფილაქსური რეაქციები, ოკულოგირული კრიზი (მხედველობის ტონური კრუნჩხვა რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში), შარდის შეკავება, გინეკომასტია (მამაკაცის მკერდის გადიდება), ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა 6 თვეზე მეტი ხნით), მოუსვენარი ფეხების სინდრომი, პარკუჭოვანი არითმია. 

იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიარეა,  ჭინჭრის ციება, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, უღონობა (ასთენია).

რა თქმა უნდა, პრეპარატის ექიმის მეთვალყურეობით, წესისამებრ მიღებისას, გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა ძალიან დაბალია. თუკი სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია გამოგივლინდებათ, ან ახალ გვერდით რეაქციას შეამჩნევთ გთხოვთ, მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას — ასე თქვენ უფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას და, ამავდროულად, მონაწილეობას იღებთ პრეპარატის გაუმჯობესებაში. 

დოპროკინის მიღება სხვა წამლებთან ერთად 

თუ დოპროკინის მიღებას აპირებთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სექცია, რადგან, შესაძლოა, სხვა წამლებთან ურთიერთქმედებამ არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული დოპროკინთან ერთდროულად ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღება.

ასევე, უკუჩვენება დაფიქსირებულია ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც ახანგრძლივებს გულის QT ინტერვალს. დოპროკინის აპომორფინთან ერთად მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი კომბინირებული გამოყენების სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს. 

დომპერიდონისა და ლევოდოპას ერთდროულად გამოყენებისას, ამ უკანასკნელის კონცენტრაცია  სისხლის პლაზმაში იზრდება (მაქსიმუმ 30-40%-ით), მაგრამ ითვლება, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია საჭირო არ არის. 

გარდა ამისა, დოპროკინის მიღება არ არის სასურველი შემდეგ პრეპარატებთან ერთადაც: 

  • IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);
  • III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი);
  • ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
  • ზოგი ანტიდეპრესანტი (ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი);
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (პენტამიდინი, ფლუკონაზოლი);
  • მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
  • პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მონელებაზე (ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი)
  • ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);
  • სიმსივნის  საწინააღმდეგო პრეპარატები (ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი);
  • ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი.

პრეპარატის შენახვის პირობები და დამატებითი ინფორმაცია 

როგორც დოპროკინის სუსპენზიის, ისე ტაბლეტების შენახვის ვადა 3 წელს შეადგენს. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად გეტყვით, რომ ვარგისობის ვადაში იგულისხმება შეფუთვაზე დატანილი თვის ბოლო დღე. 

დოპროკინი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით და, გთხოვთ, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს, რადგან ეს, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები თქვენის იდენტურია — თითოეულ ინდივიდი, შესაძლოა, პრეპარატის განსხვავებულ დოზას საჭიროებდეს. 

იზრუნეთ გარემოზეც — ნუ გადააგდებთ დოპროკინს გამდინარე წყალში, კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

ერთი სიტყვით, დოპროკინი საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის თანმდევ შემაწუხებელ სიმპტომებთან საბრძოლველად და თქვენს ყოველდღიურობაში სტაბილურობის დასაბრუნებლად საიმედო საშუალებაა.