დიაბეტონი — პრეპარატი “ჩუმი მკვლელის”, ანუ II ტიპის დიაბეტის გასაკონტროლებლად

დიაბეტონი

II ტიპის დიაბეტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის სხეული ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდება და სისხლში დიდი რაოდენობით გლუკოზა გროვდება, შესაბამისად შაქრის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება ვერ ხერხდება. როგორც წესი, დაავადების ადრეულ ეტაპზე სიმპტომები თითქმის არ ვლინდება, თუმცა უყურადღებობისა და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მუდმივი მონიტორინგი და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა, რათა II ტიპის შაქრიანი დიაბეტი წარმატებით გაკონტროლდეს. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დიაბეტონია.    

Diabeton MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები — ეს სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატია, რომელიც სისხლში შაქრის დონის დასაწევადაა განკუთვნილი. დიაბეტონის აქტიურ კომპონენტს გლიკლაზიდი წარმოადგენს, რომლის 60მგ-საც თითოეული ტაბლეტი შეიცავს. პრეპარატის სხვა კომპონენტებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი.

პრეპარატი დიაბეტონი II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება მოზრდილებში მაშინ, როდესაც დიეტის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა და წონის კლება არასაკმარისია სისხლში გლუკოზის ადეკვატური დონის მისაღწევად.

რა უნდა იცოდეთ დიაბეტონის მიღების დაწყებამდე 

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული:

●       თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)  გლიკლაზიდზე, დიაბეტონ 60-ის ნებისმიერ კომპონენტზე, სულფონილშარდოვანას ან სხვა მონათესავე, ჰიპოგლიკემიური სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატებზე;

●       თუ გაწუხებთ ინსულინდამოკიდებული, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი;

●       თუ თქვენს შარდში აღმოჩენილია კეტონური სხეულები და შაქარი, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ დიაბეტური კეტოაციდოზი გაქვთ; 

●       დიაბეტური კომის ან პრეკომის შემთხვევაში;

●       თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;

●       თუ პარალელურად იღებთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს; 

●       თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ.

როგორ მივიღო დიაბეტონი

დიაბეტონის მიღების წესი განსაზღვრავს ექიმის მითითებების მკაცრ დაცვას. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. სპეციალისტი პრეპარატის თერაპიულ დოზას სისხლში და, ზოგ შემთხვევაში, შარდშიც, შაქრის დონის საფუძველზე დაადგენს.

პრეპარატის დოზებზე გავლენა აქვს გარე ფაქტორების ნებისმიერ ცვლილებასაც — წონის შემცირებას, ცხოვრების წესის გარდატეხას, სტრესს ან შაქრის დონის გაუმჯობესებას — ეს შემთხვევები გლიკლაზიდის დოზის შეცვლას მოითხოვს.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120მგ) რაოდენობას მოიცავს საუზმის დროს ერთჯერადი მიღებისათვის, ექიმის დანიშნულებისამებრ. 

დიაბეტონის ტაბლეტები განკუთვნილია პერორალურად მისაღებად. დიაბეტონი მიიღება საუზმის დროს, ყოველი დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ჭიქა წყლის დაყოლებით. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ან მთლიანი ტაბლეტი სრულად — ნუ დაღეჭავთ და დააქუცმაცებთ მას. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ ნაწილებად, მათზე არსებული ნაზოლის შესაბამისად. დიაბეტონის მიღების შემდეგ აუცილებელია საკვების მიღებაც.

დიაბეტონის ალფა-გლიკოზიდაზების ინჰიბიტორებთან, მეტფორმინთან, თიაზოლიდინდიონთან, დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის ინჰიბიტორთან, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორის აგონისტთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, ექიმი თქვენთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას. 

თუ პრეპარატის დანიშნულებისამებრ მიღების მიუხედავად, ამჩნევთ სისხლში შაქრის მომატებულ დონეს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გავლა.

დიაბეტონის ზედოზირება

თუ შემთხვევით ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტები მიიღეთ, მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. 

ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) ნიშნები. ამ კლინიკური გამოვლინებების შესამცირებლად შესაძლებელია, დაუყოვნებლივ მიიღოთ შაქარი ან დალიოთ ტკბილი სასმელი, რის შემდეგაც საჭიროა საკვების მიღებაც. თუ ავადმყოფი უგონო მდგომარეობაშია, საჭიროა ექიმის და სასწრაფო დახმარების გამოძახება და საქმეში ექიმის ჩართვა. 

ანალოგიურად მოიქცეთ იმ შემთხვევაშიც თუ ვინმემ, მაგალითად ბავშვმა, შემთხვევით გადაყლაპა დიაბეტონის ტაბლეტი. 

გაითვალისწინეთ, რომ დიაბეტონის ზედოზირების დროს გონების დაკარგვის შემთხვევაში, პიროვნებისათვის საკვებისა და სასმლის მიწოდება არ შეიძლება! 

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დიაბეტონის მიღება, რაც ხშირად ხდება ხოლმე პარალელურად სხვა მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში, უბრალოდ, მიიღეთ შემდეგი დოზა მომდევნო დღეს ჩვეულ დროს და ნუ მიმართავთ კომპენსაციის გზას — არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა წინა დღით გამორჩენის პოტენციური შედეგების აღმოსაფხვრელად. 

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან პრეპარატის მოხმარების რეგულარობა მკურნალობას უფრო ეფექტიანს ხდის. 

ვინაიდან შაქრიანი დიაბეტი მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, ვიდრე თვითნებურად შეწყვეტთ დიაბეტონის მიღებას. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), რაც დიაბეტური გართულებების განვითარების რისკს მხოლოდ ზრდის.

შენიშვნები და უსაფრთხოების ზომები

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დიაბეტონის მიღებამდე, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად, აუცილებლად უნდა მიჰყვეთ ექიმის მიერ დანიშნულ სამკურნალო გეგმას. შესაბამისად, ტაბლეტების რეგულარულად მიღების გარდა, თქვენ უნდა დაიცვათ დიეტა, დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით და როდესაც ამას აუცილებლობა მოითხოვს, დაიკლოთ წონაში. 

გლიკლაზიდით მკურნალობისას საჭიროა სისხლსა და შარდში შაქრისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონის რეგულარული მონიტორინგი. 

რაც შეეხება დიაბეტონის დანიშვნას ბავშვებში, შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო, ეს არ არის რეკომენდებული.

დიაბეტონის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი სახეობის შაქრის მიმართ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ დიაბეტონის მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. ასევე, თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, დიაბეტონ MR 60მგ ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ.

ასევე, მნიშვნელოვანია შემთხვევები, როცა პაციენტს გენეტიკური დაავადებებიც აწუხებს: თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას (G6PD) მემკვიდრეობითი დეფიციტი, შესაძლოა, განგივითარდეთ ჰემოლიზური ანემია — ჰემოგლობინის დონისა და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. გარდა ამისა, პორფირიის მქონე პაციენტებში (მემკვიდრული გენეტიკური დაავადებები, როდესაც ორგანიზმში გროვდება პორფირინები ან პორფირინების წინამორბედები) აღინიშნება მწვავე პორფირიის შემთხვევები სულფონილშარდოვანას ჯგუფის ზოგიერთი პრეპარატის მიღების დროს. 

პრეპარატით მკურნალობის პირველ კვირებში ჰიპოგლიკემიის, სისხლში შაქრის დონის დაწევის, რისკი არსებობს, ამიტომ მუდმივი სამედიცინო კონტროლია საჭირო. მნიშვნელოვანია, იცოდეთ რისკ-ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმში შაქრის დონის ვარდნას, ჰიპოგლიკემიას, იწვევს:

●       არარეგულარული და არასტაბილური კვება;

●       უარის თქმა საკვების მიღებაზე; 

●       არაჯანსაღი კვება;

●       საკვების შემადგენლობის მკვეთრი ცვლილება;

●       ფიზიკური დატვირთვის ზრდა, ნახშირწყლების მიღების ადაპტირების გარეშე;

●       ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარალელურად პიროვნება არ იკვებება;

●       გლიკლაზიდის ძალიან მაღალი დოზით მიღება;

●       ჰორმონდამოკიდებული დარღვევები, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დარღვევა; 

●       ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების მწვავე მოშლა.

სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემის დროს, შესაძლოა, გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მოუსვენრობა, აგრესიულობა, კონცენტრაციის გართულება, რეაქციის შენელება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, მეტყველებისა და მხედველობის დარღვევა, კიდურებისა და თავის კანკალი (ტრემორი), თავბრუსხვევა და უღონობა.


აგრეთვე, შესაძლოა განვითარდეს მომატებული ოფლიანობა, ცივი და ნამიანი კანი, შფოთვა, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, მოულოდნელი, ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადავიდეს სხეულის უახლოეს ნაწილებში (სტენოკარდია).

თუ სისხლში შაქრის შემცველობა შემცირებას გააგრძელებს, შესაძლოა, განვითარდეს ცნობიერების გამოხატული დაბინდვაც — დელირიები, კონვულსიები, თვითკონტროლის დაკარგვა. სუნთქვა შესაძლოა გახდეს ზედაპირული, გულის შეკუმშვები კი შენელებული, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს გონების დაკარგვას.

ხშირად, სისხლში შაქრის შემცირებული დონის კლინიკური გამოხატულება სწრაფად წარმავალია, მას შემდეგ, რაც მიიღებთ შაქარს ნებისმიერი ფორმით - გლუკოზის ტაბლეტს, შაქრის ნატეხს, ტკბილ წვენს, ტკბილ ჩაის და ა.შ. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, მუდმივად თან გქონდეთ რომელიმე მსგავსი პროდუქტი. გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები ასეთ შემთხვევაში არაეფექტიანია.  

თუ შაქრის მიღება არ გშველით, ან კლინიკური გამოვლინება განმეორდა, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს, ან მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს. 

სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკური გამოხატულება, შესაძლოა, საერთოდ არ განვითარდეს, იყოს ნაკლებად გამოხატული ან განვითარდეს ძალიან ნელა და თქვენ მყისიერად ვერ მიხვდეთ, რომ შაქრის დონე შემცირდა. ასეთი შემთხვევის რისკი არსებობს ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც სხვადასხვა, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ პრეპარატებსა და ბეტა ბლოკატორებს იღებენ.

თუ თქვენ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდით, ექიმმა, შესაძლოა, დროებით დაგინიშნოთ ინსულინოთერაპიაც. 

გასათვალისწინებელია ჰიპერგლიკემიის, სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მომატების კლინიკური გამოხატულებებიც, რომელიც შესაძლოა დადგეს მაშინ, თუ პრეპარატმა არასაკმარისად შეამცირა სისხლში შაქრის დონე, არ მიჰყევით ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას, იღებდით კრაზანას (Hypericum perforatum) პრეპარატებს, ან განიცდიდით მძიმე სტრესს. 

ჰიპერგლიკემიის დროს პიროვნებას აწუხებს წყურვილი, გახშირებული შარდვა, პირის ღრუს სიმშრალე, კანის სიმშრალე, ქავილი და შემცირებული შრომისუნარიანობა. ასეთი ნიშნებისა და მათი კომბინაციის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

დიაბეტონის მიღება სხვა წამლებთან, საკვებთან და სასმელთან ერთად

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რა პრეპარატებს იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში, ან შეიძლება მომავალში მიიღოთ, მიუხედავად იმისა, გაიცემა ეს პრეპარატები ურეცეპტოდ თუ არა, რადგან შესაძლოა, ისინი დიაბეტონთან უარყოფითად ურთიერთქმედებდეს. 

გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებისა და სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკური გამოვლინების რისკი იზრდება, თუ იღებთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს: 

●       პრეპარატები, რომლებიც სისხლში შაქრის მომატებული დონის სამკურნალოდ გამოიყენება (მაგალითად, პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის აგონისტები ან ინსულინი); 

●       ანტიბიოტიკები (მაგალითად, სულფონამიდები, კლარითრომცინი);

●       პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ (ბეტა ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ისეთი როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი);

●       სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

●       კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალო პრეპარატები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები);

●       ანტიდეპრესანტები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები);

●       ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი);

●       სპირტის შემცველი პრეპარატები.

ჰიპოგლიკემიური ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს ან სისხლში შაქრის შემცველობა გაიზარდოს, თუ იღებთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს: 

●       ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (ქლორპრომაზინი),

●       ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (კორტიკოსტეროიდები)

●       ასთმის სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც მშობიარობის დროს გამოიყენება (ინტრავენური სალბუტამოლი, რიტოდრინი, ტერბუტალინი),

●       სარძევე ჯირკვლის დარღვევების, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენისა და ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატები (დანაზოლი)

●       კრაზანას (Hypericum perforatum) პრეპარატები

დიაბეტონმა, შესაძლოა, გააძლიეროს იმ პრეპარატების მოქმედებაც, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას (მაგ. ვარფარინი). 

ჩამონათვალის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა პრეპარატის მიღებას დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ასევე,  თუ მოგიწიათ საავადმყოფოსათვის მიმართვა, გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი იმის შესახებ, რომ იღებთ დიაბეტონს. 

დიაბეტონი შესაძლებელია საკვებთან ერთად მიიღოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლურ სასმელთან. ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მას შეუძლია, ხელი შეუშალოს  დიაბეტის კონტროლს არაპროგნოზირებადი სახით.

 

დიაბეტონის გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში, დიაბეტონ 60 მილიგრამის აქტიურმა ნივთიერებამ, ზოგ პაციენტში, შესაძლოა, გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

პირველ რიგში, სისხლში შაქრის დაბალ ან მაღალ დონეებს კონცენტრაციის უნარსა და რეაქციის სისწრაფეზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. დიაბეტონის ანოტაცია მიანიშნებს, რომ ამ მდგომარეობებში მოსალოდნელია მხედველობის გაუარესებაც. გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მართვა საგრძნობლად რთულდება, რაც, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს როგორც თქვენი, ისე გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც.  

გარდა ამისა, დიაბეტონის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი სისხლში შაქრის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემიაა. 

მკურნალობის არარსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალიან ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით კონტროლდება შაქრის გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

ასევე, აღწერილია ცალკეული შეტყობინებები ღვიძლის ფუნქციის ნორმიდან გადახრის შესახებაც, რისი დამახასიათებელი ნიშანიც კანისა და თვალის სკლერების გაყვითლებაა. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მაგრამ ნუ იდარდებთ - როგორც  წესი, სიმპტომები პრეპარატის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ქრება, ეს გადაწყვეტილება კი ექიმმა უნდა მიიღოს. 

გვერდით მოვლენათა შორის აღწერილია კანის დარღვევებიც: გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, კვინკეს შეშუპება (ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკებისა და კანის აქერცვლის სახით. თუ ვითარდება ასეთი სიმპტომები, უნდა შეწყვიტოთ დიაბეტონის მიღება და ექიმს მიმართოთ. 

გამონაკლის, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციებიც (DRESS), რომლებიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, ხოლო შემდეგ გავრცელებული გამონაყარითა და მაღალი ტემპერატურით ვლინდება.

შესაძლოა, გვერდითი ეფექტი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებითაც გამოიხატოს, რაც სიფერმკრთალესა და გახანგრძლივებულ სისხლდენას, სილურჯეებს, ყელის ტკივილსა და ცხელებას იწვევს. სიმპტომები ამ შემთხვევაშიც, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. იშვიათად, თუმცა დაფიქსირებულია სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული ცვლილებებისა და სისხლძარღვთა კედლების ანთების შემთხვევებიც. ასევე, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია). 

პრეპარატი დიაბეტონი შეიძლება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების გამომწვევადაც იქცეს. მაგალითად ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს სიმპტომები ნაკლებად ვლინდება, როდესაც დიაბეტონს იღებთ საკვების მიღებისას, როგორც ეს რეკომენდებულია.

ასევე, მკურნალობის დასაწყისში მხედველობა, შესაძლოა, დროებით გაუარესდეს. ეს ეფექტი სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.

თუ გივითარდებათ რაიმე გვერდითი ეფექტი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ჩანართში. Მსგავსი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის შეგროვებას.

 

პრეპარატის შენახვის წესი, ვადა და სხვა მონაცემები

დიაბეტონი MR 60მგ — ეს არის თეთრი ფერის, მოგრძო ტაბლეტები, სიგრძით 15მმ და სიგანით 7მმ. ნაზოლით და ნიშნით “DIA 60” ორივე მხარეს. ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვებში, რომელიც შეიცავს 10, 30 ან 60 ტაბლეტს, თუმცა, შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა გაყიდვაში არ იყოს. 

პირველ რიგში, აუცილებელია, პრეპარატი შენახული იყოს მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 30○C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ დიაბეტონი მუყაოს კოლოფსა და შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. ხშირი დაბნეულობის გასაფანტადდ გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე

არ დაგავიწყდეთ გარემოზე ზრუნვაც - ნუ გადააგდებთ დიაბეტონს გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში, მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატების სწორად მოშორებაში ფარმაცევტი დაგეხმარებათ. 

II ტიპის დიაბეტის მკურნალობას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ, რადგან დაავადებას “ჩუმ მკვლელს” შემთხვევით არ უწოდებენ — დიაბეტონი მისი კონტროლის ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა სიფრთხილე ამ შემთხვევაშიც გმართებთ  — ნუ გადასცემთ პრეპარატს სხვა პირებს, რადგან ეს, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები თქვენის იდენტურია. ამიტომ შეგახსენებთ, რომ პრეპარატი გაიცემა რეცეპტით, ექიმის დანიშნულებით და მისი შენახვის ვადა 3 წელს შეადგენს.