
გული ადამიანის ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ის პარკუჭების მეშვეობით სისხლის გადატუმბვას უზრუნველყოფს, შედეგად კი მას სხეულის ყველა ორგანოსა თუ ქსოვილს აწვდის, რითაც მათ ჟანგბადითა და საჭირო ელემენტებით ამარაგებს.
შესაბამისად, გულის გამართული ფუნქციონირება ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ მისი მუშაობა ფერხდება. ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს, მათ შორის გულის უკმარისობა.
როგორ ამოვიცნოთ გულის დაავადებები
გული და გულის დაავადებები ბევრი ჩვენგანისთვის საინტერესოა, რადგან ამ ორგანოსთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების ყველას გვეშინია. იმისათვის, რომ გულმა თავისი ფუნქცია კარგად შეასრულოს, აუცილებელია, ჩვენც შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, სქესი, გენეტიკა და ასაკი ჩვენგან დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორებია, სამაგიეროდ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც კონტროლს ექვემდებარება. ესენია:
- თამბაქოს მოხმარება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული წნევა;
- წონა;
- ფიზიკური აქტიურობა.
ჭარბი წონა, მაღალი წნევა ან ცხოვრების მჯდომარე წესი იმის შანსს ზრდის, რომ გულის დაავადება განვითარდეს. როცა ასე ხდება, სხეული საგანგაშო სიგნალებს გვიგზავნის და გვატყობინებს, რომ გულს პრობლემა აქვს. ეს ყველაზე კარგად ფიზიკური დატვირთვის დროსაა შესამჩნევი, რადგან მსგავსი აქტიურობისას გულზე ჩვეულებრივზე მეტი დატვირთვა მოდის.
გულსისხლძარღვთა დაავადებების ზოგად სიმპტომებს შორისაა:
- დაღლილობა;
- აჩქარებული გულისცემა;
- არარეგულარული გულისცემა;
- ძლიერი თავბრუსხვევა;
- გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
- ფიზიკური დატვირთვის დროს მკერდის ძვლის უკან გაჩენილი ტკივილი.
გულის დაავადებები ბავშვებშიც გვხვდება, თანდაყოლილი ან შეძენილი. პირველი ამ ორგანოს სტრუქტურულ ანომალიებს გულისხმობს, მეორე კი — არითმიას, მიოკარდიტს, კავასაკის დაავადებას და სხვა. გულის დაავადებები მოზარდებშიც ვლინდება. ახალგაზრდებში ამას ხშირად ხელს უწყობს თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარება, სტრესი, ძილის დარღვეული რეჟიმი და სხვა რისკ-ფაქტორები.
გულის დაავადებების ჩამონათვალი
გულის დაავადებები სხვადასხვა ტიპისაა. ამას განსაზღვრავს ის, თუ რითაა პრობლემა გამოწვეული. გავრცელებულ დარღვევებს შორისაა:
- გულის ათეროსკლეროზული დაავადებები — გულის სისხლძარღვების შევიწროება და დაბლოკვა, რაც სისხლის ნაკადის დინების შეფერხებას იწვევს;
- არითმია — გულისცემის არანორმალური რიტმი, რაც შეიძლება იყოს ფრიალი, აჩქარება ან შენელება;
- გულის თანდაყოლილი დეფექტები — გულის სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც დაბადებიდანვე არსებობს;
- კარდიომიოპათია — გულის კუნთის სისუსტე ან სხვა პრობლემა, რომელიც გულის კუმშვადობის ფუნქციას არღვევს;
- ინფექციური დაავადებები — გულის ინფექციები, როგორიცაა, მაგალითად, ენდოკარდიტი;
- სარქვლოვანი დაავადებები — გულის სარქვლების დარღვევა, რაც სარქვლის არასწორ გაღება-დახურვას იწვევს.
გულის დაავადებების სიმპტომები
გულის დაავადებების სიმპტომები ტიპების მიხედვით განსხვავებულია, მაგრამ საერთო ნიშნებიც ახასიათებს. ასევე, ზოგჯერ ისინი ქალებსა და კაცებში სხვადასხვანაირად ვლინდება. სიმპტომები შემდეგნაირია:
გულის ათეროსკლეროზული დაავადებებისას
- კაცებში გულ-მკერდის მიდამოში ტკივილი შეინიშნება, ქალებში კი ხშირია იმავე არეში დისკომფორტის შეგრძნება, ქოშინი, სისუსტე და გულისრევა;
- გულის ანგინა-სტენოკარდიის დროს ვლინდება გულ-მკერდის მიდამოში ტკივილის, შებოჭვის, ზეწოლისა და დისკომფორტის შეგრძნება. ზოგჯერ ატიპიური ტკივილი ყელის, ყბების, კისრის, ზურგის ან მუცლის მიმდებარედ;
- პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს ფეხებში ტკივილის, დაბუჟების, სისუსტისა და სიცივის შეგრძნება ჩნდება.
არითმიისას
- გულის ფრიალი;
- გულისცემის აჩქარება;
- გულისცემის შენელება;
- გულ-მკერდში ტკივილი/დისკომფორტი;
- ჰაერის უკმარისობა;
- თავბრუსხვევა;
- წონასწორობის დარღვევა;
- გონების დაკარგვა;
გულის დეფექტებისას
- კანისა და ლორწოვანი გარსების სილურჯე (ციანოზი);
- ფეხების, მუცლის ან თვალების გარშემო შეშუპება;
- ჩვილებში ქოშინი კვების დროს;
- ფიზიკური დატვირთვისას ჰაერის უკმარისობა და დაღლა;
- ტერფის, წვივის ან ხელის მსუბუქი შეშუპება.
კარდიომიოპათიისას:
- ქოშინი (ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში);
- ფეხების შეშუპება;
- მარტივად დაღლა;
- არარეგულარული გულისცემა.
გულის ინფექციური დაავადებებისას
- ქოშინი;
- სისუსტე/მარტივად დაღლა;
- ფეხების შეშუპება;
- გულის რითმის დარღვევა;
- ცხელება;
- მშრალი ხველა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
- კანზე გაჩენილი გამონაყარი ან ლაქები.
გულის სარქვლოვანი დაავადებებისას
- მარტივად დაღლა;
- ჰაერის უკმარისობა;
- გულისცემის დარღვევა;
- ფეხების შეშუპება;
- გულ-მკერდის მიდამოში ტკივილის შეგრძნება.
რას ნიშნავს გულის უკმარისობა
გულთან დაკავშირებული კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემა გულის უკმარისობაა. ესაა მდგომარეობა, როცა აღნიშნული ორგანო ვეღარ ახერხებს, ორგანიზმი საკმარისი სისხლით მოამარაგოს. ამ დროს ის მუშაობას არ წყვეტს, მაგრამ ბიოლოგიურ ფუნქციას შეფერხებით ასრულებს.
გულის უკმარისობა ბავშვებშიც გვხვდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ხანდაზმულებში ვლინდება. ორი ძირითადი ტიპია: ა) გულის ქრონიკული უკმარისობა, როცა დაავადების ნიშნები ეტაპობრივად იჩენს თავს; ბ) გულის მწვავე უკმარისობა, როცა ადამიანს სიმპტომები ერთბაშად ატყდება თავს.
გულის უკმარობის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- კორონალური არტერიების დაზიანება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- კარდიომიოპათია;
- არითმია;
- გულის სარქვლების დაზიანება;
- გულის თანდაყოლილი ანომალია;
გულის უკმარისობის სიმპტომები
გულის ქრონიკული და მწვავე უკმარისობის სიმპტომები ერთნაირია, მაგრამ ამ უკანასკნელის დროს ისინი უფრო მძაფრია და სწრაფად ვითარდება. ეს ნიშნებია:
- ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ან, ძლიერი უკმარისობისას, მოსვენებულ მდგომარეობაშიც;
- სისუსტე;
- ფეხების შეშუპება, მეტწილად ტერფებისა და მუხლების არეში;
- სწრაფი და არარეგულარული გულისცემა;
- მოურჩენელი ხველა, ზოგჯერ სისხლნარევი ნახველით;
- სხეულში სითხის დაგროვების გამო წონის უეცარი მატება;
- მადის დაქვეითება და გულისრევის შეგრძნება;
- კონცენტრაციის დაქვეითება;
ასეთი სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა დროული მკურნალობა დაიწყოთ.
გულის უკმარისობის სტადიები
გულის უკმარისობა 4 სტადიად იყოფა — A, B,C და D. მათი განსაზღვრა ექიმებს მკურნალობის გეგმის შედგენაში ეხმარება, რადგან თითოეულ ეტაპზე პაციენტს სხვადასხვა საჭიროება აქვს. განვიხილოთ სტადიები:
- სტადია A — ამ დროს ადამიანს ჯერ სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ის გულის უკმარისობის მაღალი რისკის ქვეშაა. ამის მიზეზი ისეთი პრობლემებია, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა, დიაბეტი, ოჯახში გულის დაავადებების ისტორია და სხვა;
- სტადია B — ადრეული ეტაპი, როცა პაციენტს გულის სტრუქტურული დაავადება აქვს, მაგრამ გულის უკმარისობის სიმპტომები არ უვლინდება;
- სტადია C — ამ ეტაპზე ადამიანს გულის უკმარისობის სიმპტომები უკვე გამოხატული აქვს;
- სტადია D — ბოლო სტადიაზე უკვე მწვავე სიმპტომები იჩენს თავს, რაც ადამიანის ცხოვრების ხარისხზეც აისახება. შესაძლოა, დასჭირდეს ხშირი ჰოსპიტალიზაციაც.
გულის უკმარისობის მკურნალობა ყველა ეტაპზე განსხვავებულია:
პირველი სტადიის დროს ექიმები პაციენტებს ურჩევენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვან. მაგალითად, გულისთვისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები მიიღონ, ფიზიკურად აქტიურები იყვნენ და წნევის ან ქოლესტერინის გასაკონტროლებლად მედიკამენტები დალიონ.
მეორე ეტაპზე ბეტა ბლოკატორები ან ACE ინჰიბიტორები ინიშნება. შესაძლოა, პაციენტს დასჭირდეს დეფიბრილატორიც. მესამე სტადიაზე პაციენტები ხშირად გულის უკმარისობის მედიკამენტებს გულის რესინქრონიზაციის თერაპიის პარალელურად იღებენ. ბოლო ეტაპზე უკვე გულის უკმარისობის წამალი არ კმარა და ქირურგიული ჩარევების, ორგანიზმში დამხმარე მოწყობილობების ჩადგმის ან გულის ტრანსპლანტაციის საჭიროებაა მოსალოდნელი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account