
ბრილინტა (Brilinta) არის შვედეთში წარმოებული ანტიაგრეგანტული და ანტითრომბოციტული საშუალება, რომლის საერთაშორისო დასახელება არის ტიკაგრელორი.
ბრილანტა აცეტილსალიცილის მჟავასთან (ASA) ერთად გამოიყენება ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე კორონარული სინდრომი.
პრეპარატი იწარმოება მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ყვითელი ფერის ტაბლეტების ფორმით, რომელსაც ერთ მხარეს აქვს გრავირება 90T.
მედიკამენტი განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აფთიაქიდან გაიცემა მხოლოდ ფორმა N3 რეცეპტით.
რისგან შედგება პრეპარატი და როგორ გამოვიყენოთ ის
ბრილინტას შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება ტიკაგრელორი (90მგ) და დამხმარე ნივთიერებები - მანიტოლი (126მგ), კალციუმის ჰიდროფოსფატი (63მგ), ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (9მგ), ჰიპროლოზა (9მგ) და მაგნიუმის სტეარატი (3მგ).
გარდა ამისა, ბრილინტას გარსსაც აქვს თავისი შედგენილობა, კერძოდ: ჰიპრომელოზა 2910 (5.6მგ), ტიტანის დიოქსიდი E 171 (1.7მგ), ტალკი (1მგ), მაკროგოლი 400 (0.6მგ), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი E 172 (0.1მგ).
ბრილინტათი მკურნალობა იწყება 180 მგ დოზით (ანუ 2 ცალი 90 მგ-იანი ტაბლეტი) და გრძელდება დღე-ღამეში ორჯერ 90მგ-ის მიღებით.
იმ პაციენტებმა, რომლებიც ბრილინტას იღებენ, უნდა გამოიყენონ ასევე აცეტილსალიცილის მჟავა (ASA) ყოველდღიურად, თუ არ არსებობს რამე სპეციფიკური უკუჩვენება.
მედიკამენტი განკუთვნილია პერორალური (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით) გამოყენებისთვის და მისი დალევა შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშეც. იმ პაციენტებისთვის კი, რომელთაც არ შეუძლიათ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, შესაძლებელია ტაბლეტების წვრილად დაფხვნა, ნახევარ ჭიქა წყალში გახსნა და დალევა.
ბრილინტათი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობად განსაზღვრულია 12 თვე. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ მკურნალობა 12 თვეზე მეტი დროით შეზღუდულია.
აღსანიშნავია, რომ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მწვავე კორონარული სინდრომი (ACS), ანტითრომბოციტული მედიკამენტის (მათ შორის ბრილინტას) ნაადრევმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის რისკის გაზრდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოერიდოთ მკურნალობის ადრე მოხსნას.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ბრილინტას დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი (შემდეგი დოზა) დაგეგმილ დროს.
რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს ბრილინტას?
სხვა მედიკამენტების მსგავსად ბრილინტასაც აქვს უკუჩვენებები. მედიკამენტი არ გამოიყენებამ თუკი:
- გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- გაქვთ აქტიური პათოლოგიური სისხლდენა;
- ანამნეზში იკვეთება ინტრაკრანიალური ჰემორაგია;
- გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
უკუჩვენებების გარდა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები მედიკამენტის გამოყენებისას:
- სისხლდენის რისკი - ტიკაგრელორის გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სისხლდენის მომატებული რისკი, უნდა დაბალანსდეს ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის სარგებლით.
- ქირურგიული ოპერაცია - ნებისმიერი ტიპის ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტებმა უნდა აცნობონ მათ მკურნალ ექიმებს ან სტომატოლოგებს, რომ ტიკაგრელორს იღებენ.
- ღვიძლის დაზიანება - ბრილინტას გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე დეფიციტის მქონე პაციენტებში.
- ბრადიკარდიის რისკის მქონე პაციენტები - სიფრთხილეა საჭირო ბრილინტას ბრადიკარდიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.
- დისპნოე - პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრილინტას, გამოვლინდა დისპნოე. ჩვეულებრივ, დისპნოე მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და ხშირად ქრება მკურნალობის მოხსნის საჭიროების გარეშე.
- ცენტრალური ძილის აპნოე - თუ არსებობს ეჭვი ცენტრალური ძილის აპნოეს შესახებ, მედიკამენტის მიღებამდე უნდა გაიაროთ აღნიშნული საკითხი მკურნალ ექიმთან.
- კრეატინინის მომატება - ტიკაგრელორით მკურნალობისას შეიძლება მოიმატოს კრეატინინის დონემ.
- შარდის მჟავას მომატება - ბრილინტათი მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერურიკემია (შარდმჟავას ცვლის მოშლა).
- თრომბოზური თრომბოციტოპენიური პურპურა (TTP) - ძალიან იშვიათად, თუმცა TTP-ც არის აღწერილი ტიკაგრელორით მკურნალობისას.
- CYP3A4 ინჰიბიტორები - ბრილინტასთან ერთად უკუნაჩვენებია CYP3A4 ინჰიბიტორების გამოყენება.
- CYP3A ინდუქტორები - არაა რეკომენდებული ბრილინტასთან ერთად CYP3A ინდუქტორების მიღება.
მედიკამენტის შენახვის პირობები და ვარგისიანობა
ბრილინტა ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რაც შეეხება მის ვარგისიანობას, მედიკამენტის ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 3 წელი და გასათვალისწინებელია, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account