უძველეს დროში ჭრილობების მკურნალობა და მათი დამუშავება საკმაოდ რთულ და რისკიან პროცესად მიიჩნეოდა, ჩირქოვანი ქირურგიული ჭრილობებისგან გამოწვეული ინფექციები კი დიდი ხნის განმავლობაში მძიმე გართულებების მიზეზი იყო და არცთუ იშვიათად ლეტალურადაც სრულდებოდა.
ადამიანები ჭრილობების დასამუშავებლად სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს, თაფლს, თბილ და ცივ აბაზანებსა და სხვა „ტრადიციულ“ ტექნიკებს იყენებდნენ.
მედიცინის განვითარებასთან ერთად, სამკურნალო მეთოდები დაიხვეწა, ეფექტიანი და უსაფრთხო გახდა. ფარმაცევტულ ბაზარზე კი გამოჩნდა ანტისეპტიკური პრეპარატების ფართო სპექტრი, რომელიც მალამოებს, ხსნარებს, სანთლებსა და ა.შ. მოიცავს.
ერთ-ერთი ასეთი ანტისეპტიკური პრეპარატია ბეტადინი/Betadine, რომელიც რამდენიმე ფორმით გამოდის – ვაგინალური სანთლები, მალამო, ხსნარი, ქირურგიული სითხე და ა.შ.
ამ ბლოგში განვიხილავთ ბეტადინის სხვადასხვა ფორმას, მათ ჩვენებებს, უკუჩვენებებს, გვერდით ეფექტებსა და მიღების წესებს.
ყველაფერი ბეტადინის ხსნარის შესახებ
ბეტადინის ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის განკუთვნილი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი), გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გამოხდილი წყალი.
ბეტადინის ხსნარი ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ეფექტიანია ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსებისა და უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ. ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
გამოიყენება ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექციისთვის, ჭრილობებისა და დამწვრობების დასამუშავებლად, ლორწოვანი გარსების ანტისეპტიკური დამუშავებისთვის, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურებამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინიექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე და ა.შ.
ბეტადინის ხსნარი, განზავებული სახით, გამოიყენება ოფთალმოლოგიაშიც, როგორც მოზრდილებში, ისე ახალშობილების ოფთალმიის პროფილაქტიკისათვის.
რა უკუჩვენებები აქვს ბეტადინის ხსნარს?
ბეტადინის ხსნარის ერთ-ერთ უკუჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ; პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია ჰიპერთირეოზის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სხვა გამოხატული დარღვევების (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა) დროს; დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს; აგრეთვე, თუ თქვენ იტარებთ ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში უნდა დაელოდოთ სრულ გამოჯანმრთელებას.
არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების კონტროლი.
ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტხანს) გამოყენება რეკომენდებული არ არის, ასევე არ შეიძლება მისი ხმარება ფართო ზედაპირებზე (სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი). იმ პაციენტებისთვის (განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის), რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევები აქვთ, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სარგებლისა და შესაძლო რისკის გულდასმით შედარების შემდეგ. მკურნალობის დროსა და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში კი საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად.
შეიძლება თუ არა ბეტადინის ხსნარის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს?
ბეტადინის ხსნარის გამოყენება ორსულობის 2 თვემდე არ შეიძლება, ხოლო 2 თვის შემდეგ და, აგრეთვე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ხანმოკლე დროით და მკაცრი ჩვენებით, რადგან იოდი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია დედისა და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე დაკვირვება.
რა განსაკუთრებული მითითებები უნდა დაიცვათ ბეტადინის ხსნარის გამოყენებისას?
ბეტადინის ხსნარში შემავალმა პვპ-იოდმა შესაძლოა, შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე. მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით და ა.შ. ამიტომ პვპ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული გამოკვლევების ჩატარებამდე საჭიროა არანაკლებ 1-4 კვირის ინტერვალის დაცვა.
როგორია ბეტადინის ხსნარის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან?
ჭრილობების ანტისეპტიკური დამუშავებისათვის, ბეტადინის ხსნარისა და ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი ფერმენტული პრეპარატების ერთობლივად გამოყენება აქვეითებს მათ ურთიერთეფექტიანობას.
ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო, არ შეიძლება ბეტადინის ხსნარის გამოყენება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებიც ლითიუმის პრეპარატებს იღებენ.
რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ბეტადინის ხსნარის გამოყენებისას?
ბეტადინის ხსნარში შემავალი პვპ-იოდი, როგორც წესი, კარგად აიტანება, თუმცა იშვიათად, მაგრამ შესაძლოა გამოვლინდეს კანის ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა: ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის დაქვეითება და/ან სუნთქვის გაძნელება (ანაფილაქსიური რეაქციები). ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს იოდით ინდუცირებულ ჰიპერთირეოზს.
როგორია პრეპარატის დოზირება და განზავების წესი?
ბეტადინის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის და გამოიყენება როგორც გაზავებული, ისე განუზავებელი სახით. განზავება უნდა მოხდეს ცივი ან სხეულის ტემპერატურის წყლით. დაუშვებელია ცხელი წყლით განზავება.
ბეტადინის განუზავებელი ხსნარი გამოიყენება ჭრილობების (დამწვრობები და სხვა ჭრილობები) დასამუშავებლად, ასევე ხელებისა და კანის დასამუშავებლად ქირურგიულ ოპერაციამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ინიექციამდე, პუნქციამდე და ა.შ. ოპერაციის წინ კანის დეზინფექციისას დაუშვებელია ზედმეტი რაოდენობის ხსნარის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ხელების ჰიგიენური დეზინფექცია უნდა გაკეთდეს განუზავებელი ხსნარით — საჭიროა დაიტანოთ ხელზე 3 მლ ბეტადინის ხსნარი და 5 წუთის განმავლობაში დაიტოვოთ.
ხელების ქირურგიული დეზინფექციაც იმავენაირად, ასევე განუზავებელი ხსნარით ხდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხსნარის რაოდენობა 5 მლ-მდე იზრდება.
ხსნარი არ უნდა ჩამოიბანოთ.
რაც შეეხება ბეტადინის ხსნარის განზავების წესებსა და დოზებს, ის შეიძლება ონკანის წყლით განაზავოთ. საჭიროების შემთხვევაში, განზავებისათვის შეიძლება სუფრის მარილის ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ხსნარი გამოიყენოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბეტადინის ხსნარი ოფთალმოლოგიურ ქირურგიაშიც აქტიურად გამოიყენება. ოფთალმოლოგიურ ქირურგიაში გამოყენებისას ბეტადინის ხსნარი უნდა განზავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით და/ან ფოსფატური ბუფერით (აფთიაქებში იყიდება). ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ უნდა განზავდეს.
რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?
ბეტადინის ხსნარის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს: ანურია, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება სუსტი პულსის ან მისი არარსებობის დროს, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ასეთ დროს უნდა მიიღოთ სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტები. მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი. ამოირეცხოთ კუჭი ნატრიუმის თიოსულფატის 5%-იანი ხსნარით 3-საათიანი ინტერვალებით.
ბეტადინის მალამო
ბეტადინი მალამო ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება პოვიდონ-იოდს (პვპ-იოდი), ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, პოლიეთილენგლიკოლს 400, 1000, 1500, 4000 და გამოხდილ წყალს.
მალამოს აქვს ძლიერი ჰერმიციდული ეფექტი. in vitro ექსპერიმენტებში ის სწრაფად ანადგურებს ყველა ბაქტერიას, სოკოებს, ვირუსებსა და ზოგიერთ უმარტივეს ორგანიზმს. ასევე გამოიყენება მცირე ზომის ჭრილობებისა და ნაკაწრების, მცირე დამწვრობებისა და მინიმალური ქირურგიული პროცედურების დროს ინფექციის პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატი რეკომენდებულია ასევე კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ნაწოლებისა და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.
რა უკუჩვენებები აქვს ბეტადინის მალამოს?
ბეტადინის მალამო უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს ალერგია იოდზე ან პრეპარატში შემავალ სხვა ნივთიერებაზე. ასევე უკუნაჩვენებია პრეპარატის რეგულარული გამოყენება იმ პირებისთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები აქვთ, როგორიცაა, მაგალითად: კოლოიდური კვანძოვანი ჩიყვი, ენდემური ჩიყვი და ჰაშიმოტოს თირეოიდიტი. მალამოს გამოყენებისგან ასევე თავი უნდა შეიკავოთ, თუ დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი გაწუხებთ;
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ასევე იმ პირებში, რომლებიც ლითიუმის პრეპარატებს იღებენ. ასეთ შემთხვევებში მალამოს რეგულარული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბეტადინის მალამოს გამოყენება შეიძლება ბავშვებშიც, თუმცა ძალიან მცირე დოზითა და, რაც შეიძლება, ხანმოკლე კურსით.
შეიძლება თუ არა მალამოს გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს?
ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა პრეპარატი დიდი სიფრთხილითა და ხანმოკლე დროით უნდა გამოიყენონ, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი აბსორბირებული იოდი გადის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში.
მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე დროით გამოყენების შემთხვევაში არ გამოვლენილა არანაირი გვერდითი ეფექტი, საჭიროა, ექიმის მიერ შეფასდეს სამკურნალო ეფექტიანობის სარგებლისა და პრეპარატის ნაყოფზე შესაძლო ზემოქმედების რისკები.
როგორია პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან?
ბეტადინის მალამოს გამოყენება არ შეიძლება ისეთ მადეზინფიცირებელ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს ვერცხლისწყალს, ვერცხლს, ტაუროლიდინს, წყალბადის ზეჟანგსა და ბენზოის მჟავას, რადგან ასეთ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტური ხდება ორივე პრეპარატი.
გარდა ამისა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისა და სხვა სახის გამოკვლევის შედეგებზე.
როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება?
სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ მალამო უნდა წაისვათ დღეში 1-ჯერ ან 2-ჯერ, არაუმეტეს 14 დღისა. ხოლო ინფექციების პროფილაქტიკისთვის - 1-ჯერ ან 2-ჯერ კვირაში, მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
მალამოს წასმამდე დაზიანებული კანი ჯერ უნდა გაიწმინდოს და კარგად გაშრეს. საჭიროების შემთხვევაში დამუშავებული კანი შეგიძლიათ სახვევით დაიფაროთ.
რა გვერდითი ეფექტები აქვს პრეპარატს და რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?
პოვიდონ-იოდი, რომელიც ბეტადინის მალამოს აქტიური კომპონენტია, როგორც წესი, ძალიან კარგად აიტანება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად: კონტაქტური დერმატიტი ფსორიაზისმაგვარი წითელი პატარა ბულოზური ელემენტების განვითარებით.
გაცილებით სერიოზული გვერდითი მოვლენები ახლავს პრეპარატის დოზის გადაჭარბებას. ჭარბი დოზით მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: ჩიყვი, ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის განვითარება. შეიძლება პაციენტს განუვითარდეს: პირის ღრუში ან ხახაში ტკივილის ან წვის შეგრძნება, თვალების გაღიზიანება და შეშუპება, კანისმიერი რეაქციები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ და ფაღარათი, პირში ლითონის გემო, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა, სუნთქვა, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი და სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე), თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ბეტადინის პირის ღრუსა და ყელის სავლები
ბეტადინის პირის ღრუსა და ყელის სავლები ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც შეიცავს პოვიდონ-იოდს, გლიცეროლს, ნატრი-საქარინატს, ეთანოლს, მეთილსალიცილატს, მენთოლს.
პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს ინფექციურ-მიკოზური ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებების დროს, როგორებიცაა: გინგივიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, ასევე გამოიყენება სტომატოლოგიური და პირის ღრუს პრე- და პოსტოპერაციულ პერიოდში.
რა უკუჩვენებები აქვს ბეტადინის პირის ღრუსა და ყელის სავლებს?
პრეპარატის უკუჩვენებად შესაძლოა ჩაითვალოს იოდის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა. მისი რეგულარული მოხმარება ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ბეტადინის პირის ღრუსა და ყელის სავლები არ გამოიყენება კბილების მომეტებული მგრძნობელობის შემთხვევაში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ბეტადინის პირის ღრუსა და ყელის სავლების მოხმარებისას დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. ასევე პაციენტს გამოუვლინდეს რკინის გემოს შეგრძნება, ჭარბნეწყვიანობა, ყელისა და პირის ღრუს ტკივილი, თვალების სიწითლე და შეშუპება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, კანის ალერგიული რეაქციები, დიარეა. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერნატრიემია და თირკმელების მდგომარეობის გართულება.
როგორია ბეტადინის სავლების დოზირება და მიღების წესი?
ბეტადინის სავლები ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან. პრეპარატი უნდა გამოივლოთ პირის ღრუში და ყელში დღეში 4-ჯერ; სავლები შეგიძლიათ განაზავოთ თანაბარი რაოდენობის თბილი წყლით, ან გამოიყენოთ განუზავებელი სახით. დაახლოებით, 10 მლ ხსნარი გამოივლეთ 30 წამის განმავლობაში გადაყლაპვის გარეშე;
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შესაძლოა, მკურნალობა 14 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბეტადინის სავლები გადაყლაპეთ ან ხანგრძლივად იყენებთ?
იმ შემთხვევაში, თუ ბეტადინის სავლები განზრახ ან უნებლიეთ გადაყლაპეთ, საჭიროა დააკვირდეთ სიმპტომებს და ამის მიხედვით მოიქცეთ. დალიეთ რძე, მცენარეული ზეთი, ან სახამებლის ხსნარი. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ელექტროლიტების თანაბრობას, თირკმელების მდგომარეობასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
პრეპარატის ხშირი გამოყენება (14 დღეზე მეტ ხანს) რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს იოდის აბსორბცია. პრეპარატის ხშირად გამოყენებას განსაკუთრებით იმ პაციენტებმა უნდა აარიდონ თავი, რომლებიც პარალელურად იტარებენ ლითიოთერაპიას.
ბეტადინის ვაგინალური სანთლები
ბეტადინის ვაგინალური სანთლები ანტისეპტიკური საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შემავალი პოვიდონ-იოდი ეფექტიანად ანადგურებს მიკროორგანიზმებს, მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმების) წინააღმდეგ.
ის ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფლორის სწრაფ აღდგენას, სწრაფად აქრობს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა ქავილი და წვა.
ბეტადინის ვაგინალური სანთლები გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციების (კოლპიტი), შერეული ინფექციების, არასპეციფიკური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინიზმი, Gardenella vaginalis), გენიტალური ჰერპესის, სოკოვანი ინფექციების (Candida albicans), ტრიქომონიაზის სამკურნალოდ.
პრეპარატი ასევე ინიშნება საშოს ქირურგიული ოპერაციის წინ და მის შემდეგ ჭრილობების დასამუშავებლად. ბეტადინის სანთლებს იყენებენ სამეანო და დიაგნოსტიკური პროცედურების დროსაც.
რა უკუჩვენება აქვს ბეტადინის ვაგინალური სანთლების გამოყენებას?
ბეტადინის ვაგინალურმა სანთლებმა შესაძლოა უკუჩვენება გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ; ეს პრეპარატი ასევე არ უნდა გამოიყენოთ, თუ გაქვთ ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სხვა დარღვევები, რომლის ნიშნებიცაა: გულისცემის გახშირება, შფოთვა და სხვა.
ბეტადინის სანთლის გამოყენება არ შეიძლება დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს;
პოვიდონ-იოდი, რომელსაც შეიცავს ბეტადინის სანთლები, უკუნაჩვენებია 6 თვემდე ჩვილებში, ხოლო 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ის მხოლოდ მკაცრი ჩვენებით ინიშნება. მკურნალობის დროს აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, მისი გამოყენება 14 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება, რადგან პრეპარატს შეუძლია ჰიპერთირეოზის განვითარება.
არ არის რეკომენდებული ბეტადინის სანთლების გამოყენება იმ პაციენტებშიც, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევები აქვთ, განსაკუთრებით ეს ეხებათ ხანდაზმულ პაციენტებს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პაციენტებში მკურნალობის აუცილებლობა არსებობს, საჭიროა მკურნალობის დაწყებამდე გულდასმით შეფასდეს სარგებელი და შესაძლო რისკი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის 2 თვის შემდეგ და ასევე ლაქტაციის პერიოდში, რადგან სანთლების შემადგენლობაში შემავალი იოდი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა მკურნალობა ჩატარდეს მხოლოდ მკაცრი ჩვენებითა და ხანმოკლე დროით.
მკურნალობისას აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს დედისა და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.
რა განსაკუთრებული მითითებები უნდა დაიცვათ ბეტადინის სანთლების გამოყენებისას?
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა პოვიდონ-იოდმა შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით).
ბეტადინის სანთლების გამოყენება რეკომენდებული არ არის წყალბადის ზეჟანგის, ასევე, ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველ ფერმენტულ პრეპარატებთან ერთად, რადგან ეს აქვეითებს მათ ურთიერთეფექტიანობას. პოვიდონ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ასევე ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, რადგან არსებობს ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკი.
თავი აარიდეთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ იღებთ ლითიუმის პრეპარატებს.
ბეტადინის სანთლების გამოყენების წესი და დოზირება
ბეტადინის სანთლები გამოყენებამდე უნდა დაატენიანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ღრმად შეიყვანოთ საშოში. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ საღამოს, ძილის წინ. მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოთ მენსტრუაციის დროსაც კი. სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.
მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 7 დღეს შეადგენს, თუმცა მისი ხანგრძლივობა მაინც შედეგებზეა დამოკიდებული. არასაკმარისი ეფექტიანობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო დოზამ ყოველდღიურად ორ ვაგინალურ სანთლამდე უნდა მოიმატოს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ანურია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება, სუსტი პულსი ან მისი არარსებობა, ფილტვების შეშუპება.
თუ ბეტადინის დოზა შემთხვევით გამოტოვეთ, ნუ მიიღებთ გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგ დოზას და დაელოდეთ შემდეგ საღამოს. პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account