ყველას, ვინც საჭმლის მომნელებელი სისტემის მცირე პრობლემასაც კი გადაჰყრია, კარგად მოეხსენება, რამდენად უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ადამიანის ყოველდღიურობაზე.
ისეთმა, ერთი შეხედვით, მცირე სიმპტომმაც კი, როგორიც გულძმარვაა, შეიძლება თქვენი მთელი დღე გააფუჭოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ სერიოზულ ჩვენებებზე, როგორებიცაა, მაგალითად, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და მათთან დაკავშირებული გამოვლინებები.
მომნელებელი სისტემის დარღვევების უგულებელყოფა დაუშვებელია — დისკომფორტის მოთმენასა და წაყრუებას ასეთ დროს ადამიანის ძალიან მძიმე შედეგამდე მიყვანაც შეუძლია. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა იძლევა საშუალებას, კუჭ-ნაწლავის პრობლემათა დიდი ნაწილი მედიკამენტური მკურნალობით მოგვარდეს — ნექსიუმი სწორედ ამ პრეპარატთა ჯგუფს მიეკუთვნება.
რა არის ნექსიუმი — ანოტაცია
ნექსიუმი 40მგ (NEXIUM®) ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტია, რომელიც პერორალურად მიიღება. მისი აქტიური ნივთიერება 44,5მგ ეზომეპრაზოლის მაგნიუმის ტრიჰიდრატია, ხოლო დამხმარე ნივთიერებათა შორის არის: გლიცეროლის მონოსტეარატი, ჰიპროლოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავას ეთილის აკრილატის კოპოლიმერი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ხელოვნური პარაფინი, მაკროგოლი, პოლისორბატი 80, კროსპოვიდონი, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ტალკი, ტრიეთილის ციტრატი, საღებავები: რკინის ოქსიდი (E172) (წითელ-ყავისფერი) და ტიტანის დიოქსიდი (E 171). პრეპარატის ეფექტია კუჭში მჟავას წარმოქმნის შემცირება.
ნექსიუმი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს (GERD), რომლის დროსაც ინდივიდს აღენიშნება ტკივილი, ანთება და გულძმარვა საყლაპავში კუჭის წვენის მოხვედრის გამო;
- პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NSAID-ით (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) უწყვეტ მკურნალობას;
- ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული მედიკამენტებით გამოწვეული წყლულების შეხორცებისა და პროფილაქტიკისთვის;
- შესაფერის ანტიბაქტერიულ თერაპიულ რეჟიმთან კომბინაციაში ბაქტერიული ინფექცია Helicobacter pylori-ს ერადიკაციისთვის;
- კუჭში მჟავას ჭარბი სეკრეციის შემთხვევაში, მათ შორის ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნეების (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი) შემთხვევებშიც, რომლებიც კუჭში მჟავას ჭარბად წარმოქმნას იწვევს.
მნიშვნელოვანი შენიშვნები და სიფრთხილის ზომები
როგორც ყველა პრეპარატის, ისე ნექსიუმის შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ სიფრთხილის ზომები და მიიღოთ პრეპარატი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, ან თავი შეიკავოთ მისი მიღებისგან:
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ეზომეპრაზოლის, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების ან ნექსიუმის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ ალერგიული ხართ პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებზე (მაგ., პანტოპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ომეპრაზოლი);
- თუ იღებთ აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალო პრეპარატებს (ატანაზავირი ან ნელფინავირი);
- თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
- თუ გაქვთ თირკმელების სერიოზული პრობლემები;
- თუ გქონდათ კანზე რეაქცია წამლის გამო, რომელიც, ნექსიუმის მსგავსად, ამცირებს კუჭის მჟავიანობას;
- თუ მალე აპირებთ სისხლის ქრომოგრანინ A-ს ანალიზის ჩატარებას.
ნექსიუმს შეუძლია, დამალოს სხვა დაავადებების სიმპტომები. ამიტომ, თუ ნექსიუმის მიღებამდე ან მის დროს შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:
- გაქვთ ყლაპვის პრობლემები და უმიზეზოდ იკლებთ წონაში;
- გტკივათ კუჭი და საჭმლის მონელება დარღვეული გაქვთ;
- აღებინებთ სისხლს ან საკვებს;
- განავალი შავია და არის სისხლდენის ლაქები.
აგრეთვე, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI) დაკავშირებულია კანის კანქვეშა წითელი მგლურას (კანისა და იმუნური სისტემის გარკვეული ორგანოების დაავადება) ძალიან იშვიათ შემთხვევებთან და ასეთ დროს ჯანდაცვის პროფესიონალმა აუცილებლად უნდა განიხილოს ნექსიუმის თერაპიის შეწყვეტა. კანქვეშა წითელი მგლურას განვითარება წინა PPI მკურნალობის შემდეგ ზრდის იმავე მდგომარეობის რისკს სხვა PPI-ებთან ერთად.
ნექსიუმ 40მგ-ით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა, ნაკლები დოზა დაგენიშნოთ, ან პრეპარატის გამოწერისგან ექიმმა თავი შეიკავოს. ასევე, ჰელიკობაქტერიის დესტრუქციისათვის ან სხვა საჭიროების შემთხვევაში ნექსიუმის გამოწერისას, მნიშვნელოვანია, მედიკოსი ინფორმირებული იყოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პარალელურად იღებთ.
ნექსიუმის (ან პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორის) ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებისას, თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი შეიძლება ოდნავ გაიზარდოს. შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (ამან შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
თუ მოსალოდნელია ნექსიუმით დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობა, ან თუ იღებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს ისეთ პრეპარატებთან, როგორებიცაა დიგოქსინი ან წამლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე, ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ, პერიოდულად, შესაძლოა, აკონტროლოს თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე, რათა არ დაფიქსირდეს ჰიპომაგნემია (მაგნიუმის დონის დაქვეითება).
კუჭის მჟავას დაქვეითება რაიმე მიზეზით, პროტონული ტუმბოს სუპრესორების ჩათვლით, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმალურად არსებული ბაქტერიების რაოდენობის ზრდას. პროტონული ტუმბოს სუპრესორებით მკურნალობამ შეიძლება ოდნავ გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი ინფექციის რისკი.
ნექსიუმი არ ახდენს პირდაპირ გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. თუმცა, გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა ძილიანობა და მხედველობის დაბინდვა, შესაძლოა, დაფიქსირდეს. თუ ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, არ მართოთ ავტომობილი და სხვა მექანიკური საშუალებები.
ამასთანავე, ნექსიუმი შეიცავს საქაროზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
როგორ მივიღოთ ნექსიუმი სხვა პრეპარატებთან ერთად
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან, სავარაუდოდ, მიიღებთ სხვა პრეპარატებს, აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ. ეს გაფრთხილება მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც იღებდით რეცეპტის გარეშე. ნექსიუმის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ამ წამლების მოქმედება ან პირიქით, შეიცვალოს თავად ნექსიუმის ეფექტი.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- კლოპიდოგრელი, რომელიც სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება;
- კეტაკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან ვორიკონაზოლი — სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებელი მედიკამენტები;
- კიბოს სამკურნალო საშუალებები: ერლოტინიბი ან იმავე კლასის სხვა პრეპარატი. თუ თქვენ იყენებთ მეთოტრექსატის (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი დოზებით კიბოს სამკურნალოდ) მაღალ დოზებს, ნექსიუმით მკურნალობა შეიძლება დროებით შეწყდეს;
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები: ციტალოპრამი, იმიპრამინი ან კლომიპრამინი;
- დიაზეპამი (შფოთვის სამკურნალოდ, კუნთების მოდუნების ან ეპილეფსიის სამკურნალოდ);
- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
- ვარფარინი ან კლოპიდოგრელი — სისხლის გამათხელებელი საშუალებები. ამ შემთხვევაში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი მონიტორინგი ნექსიუმის დაწყების ან შეწყვეტის დროს;
- ცილოსტაზოლი, რომელიც გამოიყენება წყვეტილი კლოდიკაციის (ტკივილი ფეხებში სიარულის დროს სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო) სამკურნალოდ;
- ციზაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემებისა და გულძმარვის დროს);
- გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატი დიგოქსინი;
- ტაკროლიმუსი (ორგანოს გადანერგვის შემდგომი პრეპარატი);
- ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (მაგ., რიფამპიცინი).
შეიძლება თუ არა ნექსიუმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს?
ნექსიუმს შესაძლოა, სხვადასხვა სახის გავლენა ჰქონდეს ორსულობის მიმდინარეობაზე, ამიტომ, სანამ ნექსიუმის გამოყენებას დაიწყებთ, აცნობეთ ექიმს, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. თუ ორსულად ხართ, გამოიყენეთ ნექსიუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ექიმი გირჩევთ.
თუ მკურნალობის მიმდინარეობისას აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რაც შეეხება ლაქტაციას, უცნობია, გადადის თუ არა ნექსიუმი დედის რძეში, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ ნექსიუმი, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ნექსიუმის მიღების წესი და დოზები
როგორც ნებისმიერი მედიკამენტი, ნექსიუმიც ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მკაცრი დაცვით უნდა მიიღოთ. ტაბლეტის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი დაავადების მიმდინარეობაზე. ტაბლეტები არ უნდა დაღეჭოთ ან დააქუცმაცოთ. შეგიძლიათ, მიიღოთ ნექსიუმის ტაბლეტები საკვებთან ერთად ან უზმოზე, დღის ნებისმიერ დროს — ის მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.
თუ ტაბლეტის გადაყლაპვა გიჭირთ, ის შეიძლება მოთავსდეს ნახევარ ჭიქა წყალში ისე, რომ დაიფანტოს და ადვილად გადაიყლაპოს. არ გამოიყენოთ სხვა სითხეები! დარწმუნდით, რომ გადაყლაპეთ პაწაწინა გრანულები, რომლებიც ტაბლეტიდან გამოდის. არ გააჩეროთ გრანულები წყალში 30 წუთზე დიდხანს და ყოველთვის მოურიეთ დალევის წინ. დალევის შემდეგ ჭიქაში მცირე რაოდენობით წყალი გამოავლეთ და ეს ნაწილიც დალიეთ.
თუ საერთოდ ვერ გადაყლაპავთ, ტაბლეტი შეიძლება შეურიოთ ცოტა წყალს და მოათავსოთ შპრიცში. ამ გზით ის შეიძლება პირდაპირ კუჭში შეიყვანოთ („კუჭის მილის“ მეშვეობით).
თუ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) გაწუხებთ, ნექსიუმის რეკომენდებული დოზა შემდეგია:
ზრდასრულებისათვის რეკომენდებული დოზა საყლაპავში ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ არის ნექსიუმი 40 მგ დღეში ერთხელ. დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა 4-იდან 8 კვირამდე პერიოდს შეადგენს.
სიმპტომატური მკურნალობისას, რეკომენდებული დოზაა ნექსიუმი 20 მგ დღეში ერთხელ. თუ სიმპტომები არ გაქრება 4 კვირის შემდეგ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
12-18 წლის ბავშვებისათვის, ისევე როგორც ზრდასრულების შემთხვევაში, რეკომენდებული დოზა არის ნექსიუმი 40 მგ დღეში ერთხელ. დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით, მკურნალობის საერთო ხანგრძლივობაა 4-იდან 8 კვირამდე.
დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული დოზაა პრეპარატის 20 მგ დღეში ერთხელ.
თუ თქვენ ხართ პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება უწყვეტი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპია და გაწუხებთ ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ღრუში (რომელსაც ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს), რეკომენდებული დოზა ამ შემთხვევაში შეადგენს 20 მგ ნექსიუმს დღეში ერთხელ. თუ სიმპტომები 4 კვირის (1 თვის) განმავლობაში არ გაქრება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ტკივილისა და ანთების დროს გამოყენებული წამლით გამოწვეული წყლულების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა ნექსიუმი 20 ან 40 მგ დღეში ერთხელ 4-იდან 8 კვირის განმავლობაში.
თუ გაწუხებთ Helicobacter pylori-ს (ჰელიკობაქტერია) მიერ გამოწვეული ინფექცია, პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ორჯერ. ექიმმა შესაძლოა, ასევე გირჩიოთ სხვა ანტიბიოტიკების, ამოქსიცილინისა და კლარითრომიცინის მიღებაც. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა ერთი კვირა. ეს მკურნალობა ვრცელდება როგორც მოზრდილებზე, ისე 12-18 წლის მოზარდებზეც.
თუ ნექსიუმის მოხმარების დაწყების მიზეზი ეზომეპრაზოლის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის შემდეგ სისხლდენის შეჩერების მექანიზმების (ჰემოსტაზის) შენარჩუნება და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს განმეორებითი სისხლდენის პროფილაქტიკაა, მიიღეთ პრეპარატის 40 მგ დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში.
კუჭის ჰიპერსეკრეციის შემთხვევაში, რომლის მიზეზიც შესაძლოა ჰორმონის წარმომქმნელი სიმსივნე იყოს (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი), ნექსიუმის რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებისთვის არის 40 მგ ორჯერ დღეში. ამ შემთხვევაში, დოზასა და პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობას, თქვენი საჭიროების მიხედვით, ექიმი თავად დაადგენს.
რაც შეეხება სხვა ასაკობრივ ჯგუფებს, ნექსიუმის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში! ხანდაზმულებში დოზის შემცირება საჭირო არ არის, თუ რაიმე სხვა მიზეზი არ არსებობს.
რა თქმა უნდა, დოზაზე გავლენას ახდენს ჯანმრთელობის პარალელურად მიმდინარე პრობლემები. ასეთი სპეციალური შემთხვევაა, მაგალითად, ღვიძლის უკმარისობა, რომლის დროსაც ეზომეპრაზოლის დაშლის დაქვეითების რისკი დგას. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დაშლა მცირდება და მისი დონე, შესაბამისად, სისხლში იზრდება, ამიტომ ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნექსიუმის დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 20 მგ-ს. ეზომეპრაზოლი და მისი დაშლის პროდუქტები არ გროვდება ორგანიზმში დღეში ერთხელ გამოყენებისას.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებზე კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა ეზომეპრაზოლის დაშლის ცვლილებები ამ შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობისას თითოეულ ცვლილებას მიაქციოთ ყურადღება — თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ნექსიუმის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზედოზირების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ხოლო თუ საერთოდ დაგავიწყდათ ნექსიუმის დოზის მიღება, მიიღეთ ის მაშინვე, როგორც კი აღმოაჩენთ, რომ დოზის მიღება გამოგრჩათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, ან ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, უბრალოდ მიიღეთ სათანადო დოზა დროულად.
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების გამოყენება, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. ნექსიუმის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნექსიუმის შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, გვერდითი ეფექტები ნექსიუმსაც ახასიათებს. ეს მოვლენები ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ნექსიუმის შემადგენელი კონკრეტული ნივთიერებების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატის მოხმარება და მიმართოთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე მაინც: უეცარი ხიხინი, ტუჩების, ენისა და ყელის ან სხეულის შეშუპება, კანის გამონაყარი, სისუსტე ან ყლაპვის გაძნელება — თითოეული ეს სიმპტომი მძიმე ალერგიულ რეაქციას ახასიათებს.
შეიძლება რეაქცია გამოიხატოს კანის აქერცვლით, სიწითლითა და ბუშტუკებით. ძლიერი გამონაყარი და სისხლდენა შეიძლება ასევე გამოვლინდეს ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირსა და სასქესო ორგანოებზე. მსგავსი რეაქცია სტივენს-ჯონსონის სინდრომს ან ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს ახასიათებს.
ღვიძლის პრობლემებზე მიანიშნებს კანის გაყვითლება, შარდის მუქი ფერი და დაღლილობა. შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პრობლემებიც, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. იშვიათად ვლინდება მოუსვენრობის, დაბნეულობისა და დეპრესიის შეგრძნებაც. გამოვლენათა შორისაა ბუნდოვანი ხედვა, ალოპეცია (თმის ცვენა), პირის ღრუს ანთება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი) და გაძლიერებული ოფლიანობა.
აქამდე ჩამოთვლილი თითოეული გამოვლინება ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა იშვიათია და ყოველ მეათასე პაციენტშიც კი არ გვხვდება.
არსებობს ნაკლებად იშვიათი გვერდითი მოვლენებიც (100-იდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში): ტერფების შეშუპება, ძილის დარღვევა, თავბრუდახვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, ჭინჭრის ციება, ქავილი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ნექსიუმს ახასიათებს შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენებიც (10-იდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში): თავის ტკივილი, დიარეა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გაზების დაგროვება, გულისრევა, ღებინება და კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.
ყველაზე იშვიათ შემთხვევაში კი (10000-იდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში) არსებობს ისეთი გამოვლინებების გამოცდილებაც, როგორებიცაა სისხლის მნიშვნელობების ცვლილებები, აგრანულოციტოზის ჩათვლით (სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა), აგრესია, ჰალუცინაციები, ღვიძლის უკმარისობა და თავის ტვინის ანთება, მკერდის გადიდება მამაკაცებში და თირკმელების სერიოზული პრობლემები.
თუ ნექსიუმს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე შემცირდეს. მაგნიუმის დაბალი დონის დროს ვლინდება დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, ძილიანობა ან აჩქარებული გულისცემა. თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაგიჩნდებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის ანალიზის რეგულარული დანიშვნა მაგნიუმის დონის მონიტორინგისთვის.
ძალიან იშვიათად ნექსიუმმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის თეთრ უჯრედებზე, რომელთაც ორგანიზმის იმუნური პასუხისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ გაქვთ ინფექცია, რომელიც ვლინდება ცხელებისა და ადგილობრივი ანთების გზით, გიჭირთ შარდვა ან გაწუხებთ ყელის ტკივილი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა სისხლის თეთრი უჯრედების დეფიციტი (აგრანულოციტოზი) შესაბამისი ანალიზით გამოირიცხოს.
არ შეგაშინოთ გვერდითი ეფექტების ამ ჩამონათვალმა! იმის ალბათობა გაცილებით მაღალია, რომ მსგავსი პრობლემები არ შეგაწუხებთ.
თუ გაქვთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნექსიუმის შენახვის წესი და სხვა მონაცემები
ნექსიუმი 40 მგ არის ვარდისფერი, მართკუთხა ფორმის, ორივე მხრიდან ამოზნექილი ტაბლეტი მომრგვალებული კუთხეებით, გარსით დაფარული, ერთ მხარეს გრავირებულია წარწერა „40მგ“, ხოლო მეორე მხარეს - “A EI”.
შეინახეთ ნექსიუმი არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. დაბნეულობის გასაფანტად გეტყვით, რომ შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
გთხოვთ, ნუ გადასცემთ პრეპარატს სხვა პირებს, რადგან ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები იდენტურია - თითოეული ინდივიდი შესაძლოა, პრეპარატის განსხვავებულ დოზას საჭიროებდეს.
ნექსიუმის შეძენას პსპ-ს აფთიაქთა ქსელში შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი კარგი ავტორიტეტით სარგებლობს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა და კუჭში მჟავას სეკრეციასთან დაკავშირებული სხვა დარღვევების მკურნალობის საკითხში და მისი ეფექტიანობა მრავალი კვლევითაა დადასტურებული, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ მისი დამოუკიდებლად, ექიმის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე მიღება სერიოზული რისკია.
პროფესიონალური სამედიცინო შეფასების გარეშე კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ამ პრეპარატის ხანგრძლივი ეფექტის გავლენის შეფასება შეუძლებელია. გასტროენტეროლოგიის სფეროს სპეციალისტები ამ პრეპარატს დადებითად აფასებენ და ენდობიან, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ის მოგიგვარებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს და დაგაბრუნებთ მშვიდ, მუცლის ტკივილითა და გულძმარვით გამოწვეული დისკომფორტისგან დაცლილ ყოველდღიურობაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account