აქვა მარისი — პრეპარატი, რომელიც ცხვირის ღრუს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

აქვა მარისი (Aqua maris) არის ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება, რომელიც სპრეის სახით არის ხელმისაწვდომი. საგულისხმოა, რომ ეს პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებსა და ქიმიურ დანამატებს. 

 

აქვა მარისის ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი შემთხვევებისთვის:

 

  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტები (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება);
  • მწვავე და ქრონიკული რინიტები (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტები (ცხვირ-ხახის ნუშურა ჯირკვლების (ადენოიდების) ანთება);
  • ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება;
  • ვაზომოტორული (ცხვირის ქსოვილების ანთება, რომელიც იწვევს ცემინებას, ცხვირის შეშუპებას, სურდოს ან პოსტნაზალურ სინდრომს) და ალერგიული რინიტები;
  • მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების კომპლექსური მკურნალობა;
  • ცხვირის ღრუს მოვლა მასზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
  • სამკურნალო საშუალებების დასატანად ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მომზადება;
  • ყოველდღიური გამოყენება გრიპისა და მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში;
  • უცხო სხეულების, მიკროორგანიზმების, მტვრის, მცენარეული მტვრის ნაწილაკების, ალერგენების მოცილება.

 

აღსანიშნავია, რომ აქვა მარისის სპრეი ხელმისაწვდომია 50, 125 ან 150 მლ-იან ფლაკონებში. ამასთან არსებობს მისი საბავშვო ვერსიაც.

 

როგორია აქვა მარისის გამოყენების წესები და დოზირება?

 

პრეპარატის ინსტრუქციაში ვკითხულობთ, რომ მისი სწორად გამოყენებისთვის შემდეგი საფეხურები უნდა გავიაროთ:

 

  • თავი გვერდზე გადახარეთ (3+ თვის ასაკის ჩვილებში ეს პროცედურა მწოლიარე მდგომარეობაში უნდა ჩატარდეს);
  • ფლაკონის გამომფრქვევი მოათავსეთ ცხვირის იმ ნესტოში, რომელიც ზემოთ მოექცა. 
  • დაიწყეთ გამორეცხვა;
  • დასრულების შემდეგ ცხვირი მოიხოცეთ და საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა გაიმეორეთ;
  • იგივე საფეხურები გაიარეთ მეორე ნესტოს შემთხვევაშიც.

 

რაც შეეხება დოზირებას, ინსტრუქციის მიხედვით, თითო ნესტოში 1-2 შესხურებაა საჭირო. პროცედურა კი დღეში 2-6-ჯერ ან, თუ საჭირო გახდება, უფრო მეტჯერაც უნდა ჩატარდეს. ამასთან, კურსის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.

 

საგულისხმოა, რომ აქვა მარისი თავსებადია სურდოს სამკურნალო ნებისმიერ საშუალებასთან.

რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს ამ პრეპარატს?

 

აქვა მარისის ანოტაციის თანახმად, მედიკამენტის უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი. ამასთან, ის, ავტომობილის მართვისას ან მექანიკურ დანადგარებთან მუშაობისას, ადამიანის რეაქციის სისწრაფეზე არ ზემოქმედებს. 

 

გარდა ამისა, აქვა მარისის გამოყენება დასაშვებია როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში.

 

აქვა მარისის ანოტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ პრეპარატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში, პაციენტებში, როგორც წესი, გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.