
გაწუხებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი, ან დეგენერაციული დაავადებები, რომელიც ტკივილით მიმდინარეობს, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, პოდაგრა, ნევრალგია, ტკივილი ხერხემალში, ან სხვა?
იცით, რომ ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც ამ ჩვენებების დროს ინიშნება — არტოქსანია. უფრო კონკრეტულად კი ეს მედიკამენტი ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.
არტოქსანის კაფსული, არტოქსანის გელი, არტოქსანის სუპოზიტორია, არტოქსანის ნემსი - პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი. თუ რომელს შეიძენთ, დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საჭიროებასა და ექიმის დანიშნულებაზე. ამ ბლოგში კონკრეტულად არტოქსანის კაფსულის შესახებ მოგიყვებით.
არტოქსანის კაფსულის შედგენილობა და მიღების წესი
კაფსულის გარსის შედგენილობაში ჟელატინი, ინდიგოტინი და ტიტანის დიოქსიდი შედის. პრეპარატის აქტიური ნივთიერება ტენოქსიკამია, ხოლო დამხმარე ნივთიერებები – ლაქტოზა და მაგნიუმის სტეარატი.
არტოქსანის ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. რაც შეეხება რევმატულ დაავადებებს, ამ დროს არტოქსანი ამცირებს სახსრების ტკივილს, არამხოლოდ მოსვენებულ მდგომარეობაში, ასევე მოძრაობისას. პრეპარატი ასევე ამცირებს სახსრების შეშუპებას, ეხმარება მათ უკეთეს ფუნქციონირებაში და ზრდის მოძრაობის შესაძლებლობას.
გაითვალისწინეთ, რომ არტოქსანი უნდა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. რაც შეეხება ანოტაციაში ჩაწერილ დოზებს, ვკითხულობთ, რომ 20 მგ-იანი კაფსულის მიღება შეგიძლიათ ერთჯერ 24 საათში, ერთსა და იმავე დროს.
ხოლო თუ გაწუხებთ, მაგალითად მწვავე პოდაგრული ართრიტი ამ დროს ანოტაციაში შემდეგი სქემაა აღწერილი: 40 მგ კაფსული ერთჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ კი, 20 მგ კაფსული ერთჯერ დღე-ღამეში, 5 დღის განმავლობაში.
აუცილებლად უნდა გაეცნოთ არტოქსანის უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს მის მიღებამდე, თუკი გაქვთ ეჭვები და კითხვები, პასუხები უნდა დააზუსტოთ მკურნალ ექიმთან, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის გართულება, თუ არასასურველი შედეგი.
არტოქსანის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ყურადღებით იყავით, თუკი თქვენ იღებთ ლითიუმის პრეპარატებს, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებს, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, რადგანაც არტოქსანი აძლიერებს ამ მედიკამენტების ეფექტს.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ანტაციდები პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს აქვეითებენ, ხოლო თუკი სხვა არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებას იღებთ, ეს გააძლიერებს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს, კონკრეტულად კუჭ-ნაწლავის მხრივ. რაც შეეხება მიელოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს, ისინი ჰემატო ტოქსიკურობის ეფექტს აძლიერებენ.
არტოქსანი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა არის სამი წელი, გამოითვალეთ წარმოების თარიღიდან. ვადის გასვლის შემდეგ მედიკამენტი არ გამოიყენოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account