
არისტა აპკიანი გარსის მქონე ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი, რომლებიც 18 წელზე მეტი ასაკის კაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მედიკამენტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტიანი, როცა სექსუალური სტიმულაცია არსებობს.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ერექციული დისფუნქციის მიზეზების გამოკვლევა, ამიტომ რეკომენდებულია ექიმთან წინასწარი ვიზიტი და მის მიერ პაციენტისთვის საჭირო თერაპიის განსაზღვრა. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ არისტა მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.
მასში შემავალი აქტიური ნივთიერება ტადალაფილია, ხოლო დამხმარე კომპონენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
არისტა 5 მგ. და არისტა 10 მგ. გარსში შეიცავს ოპადრი®II ყვითელ 31F38002-ს (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი და რკინის ყვითელი ოქსიდი). არისტა 20 მგ. შეიცავს ოპადრი®II ყვითელ 31K32498-ს (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი, ტრიაცეტინი და რკინის შავი ოქსიდი).
არისტას ანოტაცია — როგორ მოქმედებს პრეპარატი
ტადალაფილი 5 ტიპის ფოსფოდიესთერაზის შექცევადი და სელექციური ინჰიბიტორია. სექსუალური აგზნების დროს აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლება ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) დონეს ზრდის, რაც სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში სისხლის ნაკადის მომატებას იწვევს. შედეგად, გლუვი კუნთების მოდუნებით ერექვია მიიღწევა.
ტადალაფილი გამოირჩევა მაღალი სელექტიურობით ფდე-5 ფერმენტის მიმართ, რომელიც მღვიმოვანი სხეულის გლუვ კუნთებში აქტიურობას ავლენს. ის 10 000-ჯერ უფრო ძლიერი ინჰიბიტორია ფდე-5-ის მიმართ, ვიდრე სხვა ფოსფოდიესთერაზების, მაგალითად, ფდე-1-ისა და ფდე-4-ის, რომლებიც სხვა ორგანოებში გვხვდება. ტადალაფილის სელექციურობა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან იგი არ მოქმედებს ისეთ ფერმენტებზე, რომლებიც გულის მუშაობასა და სისხლის მიმოქცევაზე ახდენს გავლენას. ამგვარი მიზანმიმართული მოქმედება ერექციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, მინიმალური გვერდითი ეფექტებით.
პრეპარატი ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით, რომელიც დაახლოებით 36 საათს გრძელდება, რაც პაციენტებს სქესობრივი აქტივობის დაგეგმვისას მეტ მოქნილობას აძლევს. ტადალაფილის მოქმედება მიღებიდან 16 წუთში ხდება შესამჩნევი, რაც მის სწრაფ ეფექტს უსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი არტერიული წნევის ან გულისცემის სიხშირის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს, რაც მის უსაფრთხოებას კიდევ უფრო ამყარებს.
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ტადალაფილი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას მიღებიდან საშუალოდ 2 საათში აღწევს. მისი შეწოვის ხარისხი და სიჩქარე საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის, რაც მის გამოყენებას მარტივსა და მოქნილს ხდის. პრეპარატი, ძირითადად, პლაზმის ცილებთანაა დაკავშირებული და ორგანიზმში ფართოდ ნაწილდება.
ტადალაფილი ფერმენტ cYP3A4-ის გავლით მეტაბოლიზდება და არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა, ძირითადად განავლითა (61%) და შარდით (36%). მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი 17.5 საათია, რაც ხანგრძლივ მოქმედებას ხსნის.
ტადალაფილი არ მოქმედებს მხედველობაზე და არ ცვლის ფერების აღქმას, რაც განპირობებულია მისი სუსტი კავშირით ფდე-6 ფერმენტთან, რომელიც ფოტოგადაცემაზეა პასუხისმგებელი. ასევე, არ აქვს არასასურველი გავლენა მხედველობის სიმახვილეზე, გუგის ზომაზე ან თვალის შიდა წნევაზე. სპერმატოგენეზზე გავლენის შეფასებისას კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი სპერმატოზოიდების მორფოლოგიის ან მოძრაობის უნარის ცვლილებას არ იწვევს. ტადალაფილი ჰორმონალურ დონეზეც არ ახდენს გავლენას და ტესტოსტერონის ან სხვა ჰორმონების რაოდენობას არ ცვლის.
65 წელზე მეტი ასაკის პირებში მისი მოქმედება მხოლოდ მცირე განსხვავებას ავლენს, რაც დოზის კორექტირებას არ საჭიროებს. თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის დროს პრეპარატის ეფექტიანობა იგივე რჩება, რაც ჯანმრთელ პირებში. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებშიც ტადალაფილი უსაფრთხოდ მიიჩნევა, რადგან მისი მოქმედება მხოლოდ მცირე ცვლილებებს იწვევს და დოზის შეცვლას არ საჭიროებს.
როგორ მიიღება პრეპარატი — რეკომენდებული დოზები
როგორც წესი, არისტას ტაბლეტის რეკომენდებული საწყისი დოზა 10 მგ-ს შეადგენს და ის სავარაუდო სქესობრივ აქტივობამდე უნდა მიიღებოდეს, საკვებისგან დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში, თუ 10 მგ. დოზა საკმარის ეფექტს არ უზრუნველყოფს, შესაძლებელია დოზის 20 მგ-მდე გაზრდა. პრეპარატი სქესობრივ აქტივობამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე მიიღება, თუმცა მიღების მაქსიმალური სიხშირე დღეში ერთ ტაბლეტამდე უნდა იყოს შეზღუდული. 10 და 20 მგ-იანი დოზები განკუთვნილია ეპიზოდური გამოყენებისთვის და ყოველდღიურად არაა რეკომენდებული.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ტადალაფილს ხშირად საჭიროებენ (კვირაში ორჯერ ან მეტჯერ), შესაძლებელია მიღების რეჟიმის შეცვლა და პრეპარატის ყოველდღიურად, მინიმალური დოზით, მიღება. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებული ყოველდღიური დოზა 5 მგ-ს შეადგენს, რომელიც დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მიიღება. პრეპარატის ყოველდღიური რეჟიმით გამოყენების მართებულობა ექიმის მიერ პერიოდულად უნდა გადამოწმდეს.
არისტა, ასევე, გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებული დოზა 5 მგ-ია, რომელიც პაციენტმა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოს. მათთვის, ვინც ერთდროულად მკურნალობენ როგორც ერექციულ დისფუნქციას, ისე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიას, დოზირება იგივეა — 5 მგ ყოველდღიურად.
ხანდაზმულ კაცებში დოზის კორექცია საჭირო არაა, ხოლო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზირების საკითხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი ან ზომიერი თირკმლის უკმარისობის დროს დოზის შეცვლა საჭირო არ არის, მძიმე უკმარისობის შემთხვევაში კი რეკომენდებული მაქსიმალური დოზა 10 მგ-ია. რაც შეეხება 5 მგ-ის ყოველდღიურ მიღებას, ის თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული არაა.
ღვიძლის უკმარისობის დროს ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი დოზა 10 მგ-ს შეადგენს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში კლინიკური მონაცემები შეზღუდულია, რაც ექიმის მხრიდან სარგებლისა და რისკის ინდივიდუალურ შეფასებას მოითხოვს, მათ შორის პრეპარატის ყოველდღიური მიღების შემთხვევაში.
რა უკუჩვენებები აქვს არისტას?
პრეპარატ არისტას გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ. ასევე, მისი მიღება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ორგანული ნიტრატების შემცველი პრეპარატებით მკურნალობს.
აუცილებელია სიფრთხილე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც სქესობრივი აქტივობა წინააღმდეგჩვენებად მიიჩნევა. ასეთ მდგომარეობებში შედის უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, სტენოკარდიული შეტევები სქესობრივი აქტივობის დროს, NYHA კლასიფიკაციის მიხედვით II-IV კლასის გულის ქრონიკული უკმარისობა, არაკონტროლირებადი არითმიები, არტერიული ჰიპოტენზია (სისხლის წნევა 90/50 მმ.ვწყ.სვ.-ზე ნაკლები) და არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია. ასევე, პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში იშემიური ინსულტი ჰქონდათ. არისტა უკუნაჩვენებია მათშიც, ვისაც არაარტერიული წინა იშემიური ნეიროპათიის გამო მხედველობა აქვთ დაკარგული.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოქსაზოზინის ან ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად არისტას გამოყენებისას, რადგან ეს კომბინაცია შეიძლება არასასურველი შედეგების გამომწვევი აღმოჩნდეს. არისტას არ ურჩევენ იმ პაციენტებს, რომელთაც თირკმლის ქრონიკული უკმარისობა აქვთ (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) და პრეპარატს კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად იყენებენ.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის მქონე ადამიანებში. მისი გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
მკურნალობის პროცესში სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ღვიძლის მძიმე უკმარისობა აქვთ (C კლასი ჩაილდ-პიუსის კლასიფიკაციის მიხედვით), რადგან ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო α-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენების დროს, რადგან ეს შეიძლება სიმპტომურ არტერიულ ჰიპოტენზიას დაედოს საფუძვლად.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პრიაპიზმისადმი წინასწარგანწყობილ (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა,ლეიკემია) ან სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციის (კუთხისებური გამრუდება, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) მქონე კაცებში.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას იზოფერმენტ CYP3A4-ის მძლავრ ინჰიბიტორებთან (როგორებიცაა რიტონავირი, საკვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი) და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად.
როგორი გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?
ტადალაფილის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, დროებითია და პრეპარატის მიღების გაგრძელებისას ხშირად სუსტდება ან მთლიანად ქრება. გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება რამდენიმე კატეგორიით: ძალიან ხშირი, ხშირი, არახშირი, იშვიათი და ძალიან იშვიათი. ასევე, არსებობს ისეთი რეაქციები, რომელთა სიხშირეც არსებული მონაცემების მიხედვით გაურკვეველია.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა — არახშირად გვხვდება გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება, ტაქიკარდია ან არტერიული წნევის ცვლილებები (როგორც მომატება, ისე დაწევა), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ჰიპოტენზიურ საშუალებებს უკვე იღებენ. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ხოლო სიხშირის დაუდგენელ რეაქციებს შორის აღინიშნება არასტაბილური სტენოკარდია და უეცარი კარდიალური სიკვდილი.
- ნერვული სისტემა — ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, რომელიც შესაძლოა, პრეპარატის მიღების საწყის ეტაპზე უფრო გამოხატული იყოს. ხშირია თავბრუსხვევა, ხოლო იშვიათად გვხვდება გულის წასვლა, შაკიკი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები ან ინსულტი.
- მხედველობის ორგანოები — აქ გვერდითი მოვლენები შედარებით იშვიათია. მაგალითად, არახშირად შეიძლება განვითარდეს არამკვეთრი მხედველობითი აღქმა, ხოლო იშვიათად — მხედველობის ველის დარღვევა. დაუდგენელი სიხშირის მოვლენებს შორისაა მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია და ბადურას ვენების ოკლუზია.
- სასუნთქი სისტემა — იშვიათად აღინიშნება ცხვირიდან სისხლდენა.
- საჭმლის მომნელებელი სისტემა — ხშირი რეაქციაა მუცლის ტკივილი, ხოლო არახშირად შეიძლება გამოვლინდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
- დერმატოლოგიური რეაქციები — ხშირად არ არის გამოხატული. არახშირად ვლინდება გამონაყარი, ჭინჭრის ციება ან ჰიპერჰიდროზი, თუმცა არსებობს სერიოზული დარღვევების განვითარების მცირე რისკი, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ექსფოლიაციური დერმატიტი, რომელთა სიხშირე გაურკვეველია.
- რეპროდუქციული სისტემა — იშვიათია ხანგრძლივი ერექცია, ხოლო პრიაპიზმი, რომელიც სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, სიხშირის დაუდგენელ კატეგორიას მიეკუთვნება.
- იმუნური სისტემა — შეიძლება, განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, თუმცა ეს შემთხვევები არახშირია. ზოგადი დარღვევებიდან ტკივილი გულმკერდში არახშირია, ხოლო სახის შეშუპება შედარებით იშვიათად გვხვდება.
როგორ ურთიერთქმედებს პრეპარატი სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვადასხვა სამკურნალო საშუალებასთან ტადალაფილის ურთიერთქმედება ხშირად პრეპარატის მექანიზმსა და პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი ვაზოდილატაციური ეფექტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არტერიულ წნევაზე ან სისხლის მიმოქცევაზე მოქმედ სხვა მედიკამენტებს უკვე იღებს.
ტადალაფილმა შესაძლოა, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება გააძლიეროს და არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება გამოიწვიოს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ პაციენტებს, რომლებიც რამდენიმე ჰიპოტენზიურ პრეპარატს იღებენ ან ცუდად კონტროლირებადი ჰიპერტენზია აქვთ. ამის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში, ამგვარ რეაქციებს ჰიპოტენზიის აშკარა სიმპტომები არ ახლავს. ასეთ დროს მკურნალობის დაწყებამდე ან მიმდინარეობისას ექიმისგან დეტალური რეკომენდაციების მიღებაა აუცილებელი.
რაც შეეხება α-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებთან ურთიერთქმედებას, ტამსულოზინისა და ტადალაფილის კომბინაცია, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის განვითარებას არ იწვევს. დოქსაზოზინის მიღებისას მაინც შეიძლება დაფიქსირდეს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება, რაც ზოგჯერ თავბრუსხვევით გამოიხატება. ამიტომ, ამ ჯგუფის პრეპარატებთან კომბინაციისას სიფრთხილეა საჭირო.
ტადალაფილი ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაციას არ ცვლის და არც ალკოჰოლი მოქმედებს მასზე. მიუხედავად ამისა, ეთანოლის მაღალ დოზებთან კომბინაციამ შესაძლოა, პოსტურალური თავბრუსხვევა და ორთოსტატიური ჰიპოტენზია გამოიწვიოს. შედარებით დაბალი დოზების მიღებისას ეს რეაქციები ნაკლებადაა გამოხატული.
ნიზატიდინის, Н2-რეცეპტორების ბლოკატორის, გამოყენებას ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ აქვს. მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები ტადალაფილის შეწოვის სიჩქარეს აქვეითებს, თუმცა არა მისი მთლიანი ექსპოზიციის დონეს. ეს ნიშნავს, რომ ტადალაფილის საერთო ეფექტი არ იცვლება, მაგრამ მოქმედების დაწყება შეიძლება ოდნავ დაგვიანდეს.
აცეტილსალიცილის მჟავის ფონზე ტადალაფილი სისხლდენის ხანგრძლივობას არ ზრდის, ხოლო ვარფარინთან კომბინაცია არ ცვლის ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას ან მის გავლენას პროთრომბინის დროზე. შესაბამისად, ამ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, ძირითადად, უსაფრთხოა.
თეოფილინთან კომბინაციამ კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები ასევე არ აჩვენა, რაც ამ პრეპარატების თანადროულ გამოყენებას შესაძლებელს ხდის. თადალაფილის გამოყენების მნიშვნელოვანი შეზღუდვა ორგანულ ნიტრატებთან კომბინაციაში არსებობს. ისინი, ტადალაფილთან ერთად, არტერიული წნევის კრიტიკულ დაქვეითებას იწვევს, რაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.
დამატებითი ინფორმაცია და განსაკუთრებული მითითებები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში სქესობრივი აქტივობა შესაძლოა, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა განისაზღვროს. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც სექსუალური აქტივობა უკუნაჩვენებია, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატების, მათ შორის ტადალაფილის, გამოყენება არ არის რეკომენდებული. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პაციენტებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები აქვთ.
ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების, მათ შორის ტადალაფილის, გამოყენებას შესაძლოა, თან ახლდეს პრიაპიზმის შემთხვევები. პრიაპიზმი არის მდგომარეობა, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელებული ერექციით ხასიათდება და დროულ ჩარევას საჭიროებს. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ ამგვარი მდგომარეობისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, რადგან პრიაპიზმის დაგვიანებულმა მართვამ შეიძლება სასქესო ორგანოს ქსოვილების დაზიანება და შეუქცევადი იმპოტენცია გამოიწვიოს.
პრეპარატ არისტასა და მკურნალობის სხვა მეთოდების კომბინირებული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა სათანადოდ არ არის შესწავლილი, ამიტომ ასეთი კომბინაციების დანიშვნა რეკომენდებული არაა. პრეპარატს ვაზოდილატაციური მოქმედება აქვს, რაც სისხლძარღვთა სისტემის დროებით ტრანზიტორულ ცვლილებებს, მათ შორის არტერიული წნევის დაქვეითებას, იწვევს. ეს ექიმთან მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა გაქვთ.
შესაძლოა, განვითარდეს არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (ააწიონ), რაც მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვით გამოიხატება. ამგვარი შემთხვევები იშვიათია, თუმცა ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების გამოყენებასთან დროულ კავშირშია დაფიქსირებული. ამჟამად შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას, იწვევს თუ არა ტადალაფილი უშუალოდ ამ მდგომარეობას, რადგან ამ პროცესში შესაძლოა, სხვა ფაქტორებიც იყოს ჩართული. ასეა თუ ისე, პაციენტებმა მხედველობის უეცარი დაკარგვის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტონ და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ასევე, იმ პირებმა, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ააწიონ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი განმეორებითი შემთხვევის მაღალი რისკის წინაშე არიან.
პრეპარატ არისტას ეფექტიანობა მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის, მათ შორის რადიკალური ნეიროდამზოგველი პროსტატექტომიის, შემდეგ ჯერჯერობით უცნობია. ასეთი პაციენტებისთვის ექიმმა საჭირო თერაპია განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილოს.
რაც შეეხება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე გავლენას, არისტას მიღება ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითებას არ იწვევს. მას პაციენტის მუშაობის უნარზეც არ აქვს გავლენა, რაც სწრაფ და ზუსტ რეაქციებს მოითხოვს.
დაბოლოს, პრეპარატი ქალებისთვის არაა განკუთვნილი. ტადალაფილი და მისგან მომდინარე შედეგები მხოლოდ კაცების ორგანიზმის საჭიროებებს შეესაბამება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account