
ადენოკარცინომა არის სიმსივნის სახეობა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლოვან უჯრედებში და გვხვდება სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. ეს უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ისეთი სითხეების გამომუშავებაზე, როგორიცაა ლორწო, საჭმლის მომნელებელი წვენები და სხვა სეკრეციული ნივთიერებები.
იმის გამო, რომ ჯირკვლოვანი უჯრედები ბევრ ორგანოშია წარმოდგენილი, ადენოკარცინომა შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით. ამ კიბოს მრავალ ორგანოში წარმოშობის უნარი მას დღეს ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და სერიოზულ ფორმად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ ადენოკარცინომა წარმოიქმნება ადამიანის ჯირკვლებში, მას აქვს უნარი, გავრცელდეს სხვა ორგანოებზეც. ეს შეიძლება მოიცავდეს თავის ტვინს, ღვიძლს, ლიმფურ კვანძებს, ძვლებს და/ან ძვლის ტვინს.
მეცნიერები ადენოკარცინომას თვისობრივად ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ:
- ინვაზიურია ადენოკარცინომა, რომელიც წარმოშობის ადგილის მიმდებარე ქსოვილებსა და მიმდებარე ლიმფურ კვანძებში ვრცელდება;
- მეტასტაზური ადენოკარცინომა კი სისხლის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით შორეულ ორგანოებზეც გადადის.
როგორ სვამენ ადენოკარცინომის დიაგნოზს?
დიაგნოზის სრულფასოვნად დასასმელად თქვენს მკურნალ ექიმს დასჭირდება სამედიცინო ისტორია და რამდენიმე კვლევის ჩატარება, რათა განისაზღვროს ზუსტი ადგილმდებარეობა, მეტასტაზების არსებობა და ზოგადი გავლენა ჯანმრთელობაზე. ტესტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მეთოდებს:
- ბიოფსია - ამ დროს იღებენ სავარაუდო სიმსივნური წარმონაქმნის მასის ნიმუშს და იკვლევენ მას მიკროსკოპის ქვეშ, რათა დადგინდეს არის თუ არა ის ნამდვილად სიმსივნური. ასევე ამ დროს მოწმდება, კიბო წარმოიშვა ამ ორგანოში თუ ის მეტასტაზურად გავრცელდა.
- CT სკანირება - ეს კვლევა იძლევა სხეულის დასნებოვნებული ნაწილის 3-D სურათს, რათა შეფასდეს პათოლოგიური მასები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ადენოკარცინომაზე.
- MRI - ეს დიაგნოსტიკური ტესტი იძლევა სხეულის ორგანოების დეტალურ სურათებს და საშუალებას აძლევს ექიმებს, დაინახონ მასები ან არანორმალური ქსოვილები.
როგორც წესი, ექიმები მიმართავენ ბიოფსიას, რათა დადასტურდეს სიმსივნის არსებობა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წარმოშობისა და მახასიათებლების დადგენა, ამიტომ ხდება საჭირო სხვა კვლევების ჩატარება.
არსებობს სიმსივნური უჯრედების შეფასების სქემაც - სწორედ ამიტომ შეიძლება დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გადააწყდეთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა ადენოკარცინომა grade 1, ადენოკარცინომა grade 2 ან ადენოკარცინომა g3. ეს კლასიფიკაცია გვანიშნებს, თუ როგორ გამოიყურებიან დაავადებული უჯრედები მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ. თუკი კიბოს უჯრედები ჰგავს ნორმალურ უჯრედებს, მათ დაბალი ქულა ენიჭებათ, ხოლო რაც უფრო შორდებიან უჯრედების ნორმას, იზრდება ქულაც. რაც უფრო მაღალია ეს ქულა, მით უფრო სწრაფად ვრცელდება დაავადებაც. როგორც წესი, ქულები იწერება 1-დან 4-მდე.
- Grade 1 - ერთმანეთისგან კარგად გამოყოფილი უჯრედები, ჰგავს ნორმალურს - სიმსივნე სწრაფად არ იზრდება;
- Grade 2 - ნორმალურად გამოყოფილი უჯრედები, ირზდებიან ჩვეულებრივ უჯრედებზე სწრაფად;
- Grade 3 - ცუდად გამოყოფილი, ამ დროს უჯრედები იზრდებიან და ვრცელდებიან სწრაფად;
- Grade 4 - არადიფერენცირებული უჯრედები, იზრდებიან და ვრცელდებიან ძალიან სწრაფად.
ცხადია, ნებისმიერ სიმსივნეს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ორგანიზმზე, თუმცა, სამედიცინო გამოცემა Healthline-ის ცნობით, მაგალითად, აშშ-ში სწორედ ადენოკარცინომაა ყველაზე გავრცელებული. ამ სიმსივნეზე მოდის მკერდის კიბოს უმრავლესობა, ნაწლავის სიმსივნის შემთხვევების 96%, ფილტვის სიმსივნეების 40%, პანკრეასული კიბოს 95% და პროსტატის სიმსივნის თითქმის 100%.
გავიგოთ, რას ნიშნავს ადენოკარცინომის გაჩენა სხვადასხვა ორგანოში.
პროსტატის ადენოკარცინომა და გლისონის სკალა
ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა არის პროსტატის ადენოკარცინომა. თავის მხრივ, კაცის რეპროდუქციულ სისტემაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. ამ დროს მუტაციები პროსტატის ჯირკვლის სადინარში გამავალ უჯრედებში ჩნდება.
შესაძლოა, ადენოკარცინომა პროსტატის და ზოგადი ჯანმრთელობის კუთხით შეუმჩნევლადაც მიმდინარეობდეს და ნელა პროგრესირებდეს, თუმცა, არის შემთხვევებიც, როცა სიმსივნე აგრესიულია, სწრაფად ვრცელდება სხვა მიმდებარე ქსოვილებშიც და ძვლებსა და ლიმფურ კვანძებშიც კი შეუძლია გადავიდეს.
ის, თუ რამდენად აგრესიულად იზრდება სიმსივნე, ფასდება გლისონის სკალაზე. ასე მაგალითად - დიაგნოზი შეიძლება იყოს „პროსტატის ადენოკარცინომა GS 8 3 5“. რას ნიშნავს ეს? ამ შემთხვევაში GS ინგლისურ ენაზე აღნიშნავს გლისონის სკალას, 8 არის საბოლოო ქულა და ის მიღებულია ორი ცვლადის - 3-ისა და 5-ის ჯამით. პირველი რიცხვი (3) წარმოადგენს კიბოს უჯრედების ყველაზე გავრცელებულ ნიმუშს, ხოლო მეორე რიცხვი (5) ასახავს შემდეგ ყველაზე გავრცელებულ შაბლონს. ეს, ასევე, მიუთითებს, რომ კიბოს აქვს ზომიერად არანორმალური (moderately abnormal) და ძალიან არანორმალური (highly abnormal) უჯრედების ნაზავი - საბოლოო ჯამში კი ეს აგრესიულ სიმსივნეზე მიუთითებს. აქვე, აუცილებელია იმის ცოდნა, რომ დიაგნოზის კონტექსტში ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც საბოლოო ჯამი, ისე ცვლადების ბუნება.
ძალიან ხშირად პაციენტებს სიმსივნის სიმპტომები არ აქვთ. ადენოკარცინომამ თავი შესაძლოა მხოლოდ ბოლო სტადიებზე გამოავლინოს ისეთი ნიშნებით, როგორიცაა:
- სისხლი შარდში
- ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით
- ერექციული დისფუნქცია
- შარდის სუსტი ნაკადი, რომელსაც შეიძლება ახასიათებდეს შეჩერება და თავიდან დაწყება
საშვილოსნოს კიბო — ენდომეტრიული და სეროზული
საშვილოსნოს ადენოკარცინომა, ან ენდომეტრიული ადენოკარცინომა, რეპროდუქციული სისტემის კიდევ ერთი სიმსივნური წარმონაქმნია. საშვილოსნოს (ენდომეტრიუმის) კიბო ქალის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული კიბოა, რომლის დიაგნოზსაც, Memorial Sloan Kettering Cancer Center-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად 50 000-მდე ამერიკელს უსვამენ. ის ხშირად ვითარდება მენოპაუზის შემდეგ, დაახლოებით 50-დან 60 წლამდე ასაკში.
საშვილოსნოს ადენოკარცინომა ამ ორგანოში გაჩენილ სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებულად ითვლება. მისი ორი სახესხვაობა არსებობს: ენდომეტრიული და სეროზული. ენდომეტრიული ადენოკარცინომა შემთხვევების 75%-ში ვლინდება და ენდომეტრიუმში წარმოიქმნება. ის ადრეულ ეტაპზევე ვლინდება და განკურნების მაღალი სტატისტიკა აქვს. ხოლო სეროზული ლიმფურ კვანძებში ვრცელდება და გამოვლენის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს.
მისი სიმპტომები შეიძლება იყოს:
- მენსტრუაციის დროს უჩვეულო ნაკადი (პრემენოპაუზურ შემთხვევებში)
- არარეგულარული მენსტრუალური ციკლი (ასევე პრემენოპაუზურ შემთხვევებში)
- მენჯის ტკივილი ან დისკომფორტი
- გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს წყლიანი ან სისხლიანი
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
ფილტვის ადენოკარცინომა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი სახეობა სწორედ ფილტვის ადენოკარცინომაა. კიბოს ეს ფორმა, როგორც წესი, იწყება ფილტვების გარე რეგიონებში და მჭიდრო კავშირში შეიძლება იყოს მოწევასთან, თუმცა ის ასევე შეიძლება გაჩნდეს არამწეველებში. სიმპტომები ხშირად მოიცავს მუდმივ ხველას, ქოშინსა და გულმკერდის ტკივილს, თუმცა ადრეულ ეტაპებზე ნიშნები იშვიათია. ეს ართულებს სიმსივნის ადრეულ და ხშირად დროულ გამოვლენასაც კი, რაც ერთ-ერთი ფაქტორია, თუ რატომ არის ფილტვის ადენოკარცინომათი გარდაცვალების სტატისტიკა მაღალი.
ფილტვის ადენოკარცინომის ნიშნები შეიძლება იყოს:
- მუდმივი ხველა
- სისხლი, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეინიშნება ნახველში
- სუნთქვის უკმარისობა
- ხიხინი
- მადის კარგვა
- წონაში კლება
- ტკივილი გულ-მკერდის არეში
- ხშირი ინფიცირება სხვადასხვა ინფექციით (ბრონქიტი, პნევმონია. ა.შ.)
გარდა ზემოხსენებული ნიშნებისა, ექიმები ურჩევენ მწეველებსა და თამბაქოს ბოლთან ხშირ შეხებაში მყოფ პირებს, პერიოდულად ჩაიტარონ კვლევები სრული უსიმპტომობის დროსაც კი.
ნაწლავისა და კუჭის ადენოკარცინომა — რა უნდა ვიცოდეთ
ნაწლავის და უფრო ხშირად, მსხვილი ნაწლავის ადენოკრაცინომა ამ სიმსივნის კიდევ ერთი გავრცელებული სახეობაა. ის ნაწლავურ სიმსივნურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულადაც ითვლება. როგორც სხვა შემთხვევებში, ნაწლავის ადენოკარცინომის დროსაც პრობლემა მისი გამოვლენაა - ამ დაავადებას, სხვა ზემოხსენებულების მსგავსად, საწყის ეტაპზე განსკაუთრებით არ ახასიათებს რაიმე ისეთი შემაშფოთებელი სიმპტომი, რაც პაციენტს ექიმთან მისვლისკენ უბიძგებდა. სწორედ ამიტომ სპეციალისტები მოგვიწოდებენ, რაღაც პერიოდულობით აუცილებლად ცავიტაროთ კვლევები და ვაკონტროლოთ ჩვენი ჯანმრთელობა.
ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრების სტილიდან გამომდინარე განსაკუთრებით არაჯანსაღად იკვებებიან, ხშირად მოიხმარენ უმ ან ზედმეტად გადამუშავებულ ხორცპროდუქტებს (სოსისი, ძეხვეულობა) და ვისაც ოჯახში აქვთ მსგავსი დაავადება გადატანილი.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობითა და განვითარებით კუჭის ადენოკარცინომა განსხვავდება ნაწლავურისგან, მათი სიმპტომები და შესაძლო გამომწვევი ფაქტორები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რა უბიძგებს უჯრედებს მუტაციისკენ, მეცნიერებისთვის უცნობია, თუმცა, ორივე სიმსივნის შემთხვევაში ტკივილები და ნიშნები შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს.
ორივე ადენოკარცინომის ნიშნები შეიძლება იყოს:
- ტკივილი მუცლის არეში
- მადის უეცარი კარგვა
- წონის კლება
- მცირე ულუფებით დანაყრება
- მონელების პრობლემები
- გულძმარვა
- გულისრევა
- თავბრუსხვევა
ლორწოვანი, იგივე მუცინური ადენოკარცინომა
მუცინური ადენოკარცინომა არის ამ სიმსივნის ქვეტიპი, როცა კიბოს უჯრედები გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით მუცინს, ლორწოს კომპონენტს. მუცინური ადენოკარცინომა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვალში, ფილტვებში, საკვერცხეებში და სხეულის სხვა ნაწილებში. მას სხვა სახის სიმსივნეებისგან განასხვავებს მნიშვნელოვანი მუცინის (ლორწოს) არსებობა წარმონაქმნის შიგნით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც კიბოს ქცევაზე, ასევე მის პასუხზე მკურნალობაზე.
ამ დაავადების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. მასზე დიდი სამეცნიერო კვლევები ჯერ კიდევ ტარდება და მეცნიერებს დიდი გზა აქვთ გასავლელი ამ ადენოკარცინომის შესწავლამდე.
ადენოკარცინომის ეს სახეობა თუ სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდა, მეტასტაზურს უწოდებენ. ის შეიძლება შეგვხვდეს სახელის მუცინური ადენოკარცინომის მეოთხე სტადია, ან მეოთხე სტადიის კიბო. ამ შემთხვევაში მისი უჯრედები ყველაზე ხშირად ვრცელდება და მოედება ფილტვებს, ძვლებსა და ღვიძლს. თუმცა, დაავადება ყველა პაციენტში მაინც ინდივიდუალუად მიმდინარეობს.
იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ორგანოს ლორწოვან გარსში გაჩნდა, მუცინური ადენოკარცინომის სიმპტომები სწორედ ამავე ორგანოების სიმსივნეს შეიძლება ჰგავდეს.
როგორ მკურნალობენ დაავადებას?
რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება, ადენოკარცინომა მკურნალობას უკეთ ექვემდებარება. როგორც სხვა სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ, მის შემთხვევაშიც მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს - რომელ მეთოდს მიმართავს ექიმი, დამოკიდებულია დაავადების მდებარეობაზე, მის ხასიათზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი შეიძლება იყოს ქირურგიული ჩარევა და სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა. თუმცა, როგორც წესი, მხოლოდ ოპერაცია შედეგზე ვერ გაგვიყვანს და, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის ან ექიმის შერჩევით სხვა ჩარევის აუცილებლობაც.
ქიმიოთერაპია, როგორც უკვე ვახსენეთ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომბინაციაშია, მაგალითად, ქირურგიასთან ერთად. თუმცა, რიგ შემთხვევებში შეიძლება მხოლოდ ეს მეთოდი აირჩიოს ექიმმა - ეს დამოკიდებულია სიმსივნის განვითარების დონესა და პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზეც.
კიდევ ერთი თერაპია, რომელიც სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად გამოიყენება, რადიოთერაპიაა - წარმონაქმნის მაღალი დასხივება. ეს მეთოდიც შეიძლება გამოიყენონ როგორც კომბინაციაში, ისე ცალკე.
გარდა ამისა, არსებობს იმუნოთერაპია, თარგეტირებული თერაპია, მედიკამენტური მკურნალობის მეთოდი და სხვა - როგორც უკვე ვახსენეთ, მკურნალი ექიმი სიმსივნის დამარცხების გზას თქვენთან ერთად, სამედიცინო ანამნეზის გამოყენებით შეარჩევს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account