ადაპტოლი — პრეპარატი ნევროზისა და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების შესამსუბუქებლად

 

დღესდღეობით შფოთვა, სტრესი და ნერვული დაძაბულობა ბევრი ადამიანისთვის გამოწვევას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ირგვლივ მრავალი სტრესფაქტორი არსებობს, ჩვენი ნერვული სისტემა კი მეტ ხელშეწყობას საჭიროებს ჯანსაღი, სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. 

 

ამ პროცესში ხშირად სხვადასხვა სახის პრეპარატიც გვესაჭიროება, რათა უფრო ეფექტიანად შევძლოთ მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნება. მსგავს მედიკამენტებს შორისაა ადაპტოლიც (Adaptol).

 

რა არის ადაპტოლი?

ადაპტოლი, ეს არის ანქსიოლიტიკური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ნევროზის, შფოთვის, სტრესის, ნერვული დაძაბულობისა და ემოციური არასტაბილურობის სიმპტომების შესამსუბუქებლად. 

 

ასევე, Adaptol-ის გამოყენება შეიძლება გულის დაავადებების სიმპტომების შესამცირებლად, ვინაიდან მას ზომიერი სედატიური ეფექტი აქვს. აქვე განვმარტოთ, რომ სედატიური ეფექტი ეწოდება ფარმაკოლოგიურ გავლენას, რომელიც ორგანიზმში დამშვიდებასა და ნერვული სისტემის ფუნქციების დაბალანსებას უზრუნველყოფს. მართალია, ზოგჯერ ამ ეფექტს ძილიანობაც ახასიათებს, მაგრამ კონკრეტულად ადაპტოლის სწორად მიღებისას პაციენტებს მომატებული ძილიანობა არ აღენიშნებათ.

 

გარდა ამისა, ადაპტოლს ხშირად მიმართავენ როგორც დამხმარე საშუალებას ნიკოტინისა და ალკოჰოლის დამოკიდებულების სამკურნალოდ.

 

ძირითადად, რა ჩვენებების დროს ინიშნება ადაპტოლი? 

 

  1. შფოთვა და ნერვული დაძაბულობა;
  2. სტრესი;
  3. ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
  4. ფსიქო-ემოციური პრობლემები;
  5. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის აღმოფხვრა.






ადაპტოლის ანოტაცია

 

როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ადაპტოლის ანოტაციაც შეიცავს ინფორმაციას მედიკამენტის გამოყენების,  მოქმედების მექანიზმის, დოზირების, გვერდითი ეფექტების, უკუჩვენებებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 

 

ანოტაციიდან ვიგებთ, რომ ადაპტოლი მიეკუთვნება ანქსიოლიტიკებს — ანუ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს შფოთვასა და ნერვულ დაძაბულობას. მისი მოქმედების მექანიზმი კი დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებასთან. სწორედ ასე ახერხებს ადაპტოლი ზედმეტი დაძაბულობის, შფოთვისა და სტრესის შემსუბუქებას.

 

ამასთანავე, საგულისხმოა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Adaptol-ის მიღებისას პაციენტს არ აღენიშნება მომატებული ძილიანობა; შესაბამისად, ის არც კოგნიტიურ ფუნქციებს ამცირებს. ასევე, არ აღვიძებს ფსიქომოტორულ აქტივობას — მოგეხსენებათ, ეს არის ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედებების ინტეგრირებული ფუნქციონირება, რაც მოიცავს მოძრაობებს, რომლებიც გამოწვეულია როგორც გონებრივი პროცესებით, ისე სხეულის მოტორიკით. ამ უკანასკნელზე კი შეიძლება გავლენა იქონიოს ფსიქოლოგიურმა მდგომარეობებმა — მაგალითად, შფოთვამ, სტრესმა, დეპრესიამ ან ნევროლოგიურმა დარღვევებმა. მსგავსად მოქმედებს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემებზეა მიმართული. თუმცა ადაპტოლის მიღებისას მსგავსი ეფექტის გამოვლენისგან დაცული ხართ.

 

ადაპტოლი ძირითადად იწარმოება ტაბლეტების სახით, თუმცა გვხვდება ადაპტოლი კაფსულის ფორმითაც გვხვდება. პრეპარატი ხელმისაწვდომია შემდეგი დოზებით: 

 

  • ადაპტოლი 300მგ
  • ადაპტოლი 500მგ

 

ადაპტოლი 500 პსპ-ს აფთიაქში მხოლოდ აბების სახით გვხვდება, ხოლო ადაპტოლი 300 — აბებისა და კაფსულის. ორივე შემთხვევაში, პრეპარატი უნდა შეინახოთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურა კი 15-25°C უნდა იყოს.

 

რის მიხედვით განისაზღვრება პაციენტისთვის ადაპტოლის საჭირო დოზა? 

 

ადაპტოლის საჭირო დოზა ინდივიდუალური პაციენტებისთვის რამდენიმე ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება, რათა პრეპარატის ეფექტურობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს, გვერდითი ეფექტების რისკი კი მინიმუმამდე დავიდეს. ეს ფაქტორებია: 

 

  • კლინიკური მდგომარეობა და სიმპტომების სიმძიმე:

 

  • შფოთვა და ნერვული დაძაბულობა — თუკი პაციენტს მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომები აღენიშნება, შესაძლოა დაინიშნოს 300-500მგ დღეში 2-3-ჯერ;
  • სტრესი და ემოციური არასტაბილურობა — პაციენტებისთვის, რომლებიც განიცდიან ძლიერ სტრესს ან ემოციურ არასტაბილურობას, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1000-1500მგ-მდე დღეში;
  • ნიკოტინისადმი დამოკიდებულება — ამ მხრივ კომპლექსური მკურნალობის დროს, ძირითადად, ინიშნება 600-900მგ ადაპტოლი დღეში 3-ჯერ, 5-6 კვირის განმავლობაში.

 

  • პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლები 

 

  • ასაკი — ასაკის მატებასთან ერთად, ექიმმა შეიძლება ადაპტოლის დოზა შეცვალოს;
  • სხეულის წონა — ზოგჯერ შეიძლება პაციენტის სხეულის წონაც გაითვალისწინოს ექიმმა; განსაკუთრებით მაშინ, თუ დოზის უფრო ზუსტი განსაზღვრაა საჭირო;
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა — თუ პაციენტს სხვა სამედიცინო მდგომარეობები აღენიშნება, როგორიცაა ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, შეიძლება ექიმმა დოზა შეცვალოს.

 

ზოგადად, უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა იწყება დაბალი დოზით. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ეტაპობრივად იზრდება. 

 

ბუნებრივია, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას ინდივიდის მდგომარეობისა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, რათა ოპტიმალურ შედეგამდე მივიდეს პაციენტი.

 

ამიტომაც, ადაპტოლის საჭირო დოზის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ —  პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. 

 

თავის მხრივ, პაციენტმა არ უნდა შეცვალოს დოზა თვითნებურად და უნდა მიიღოს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა განსაზღვრა.

 

როგორია ადაპტოლის ჭარბი დოზირების შესაძლო უარყოფითი შედეგები? 

 

რა თქმა უნდა, ადაპტოლის ზედმეტად დიდი რაოდენობით მიღებას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება, რომლებიც სიმძიმით განსხვავდება.

 

  1. პირველ რიგში, მოსალოდნელია სედატიური ეფექტის გაძლიერება — ანუ ძილიანობისა და უძლურების განცდის წარმოქმნა. ასე ვთქვათ, ჭარბი დოზირებისას შეიძლება მეტისმეტად მოდუნდეს ადამიანი, მოეძალოს ძილი, რაც მის ფუნქციონალურ შესაძლებლობებსაც შეამცირებს.

    შესაძლოა, ამას ბუნებრივად მოჰყვეს ყურადღების, კონცენტრაციისა და რეაქციის დროის დაქვეითება, რაც განსაკუთრებით საშიშია, თუ პაციენტი მართავს მანქანას ან მუშაობს მძიმე ტექნიკასთან.
  2. არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია) — ადაპტოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა, გულისრევა ან სუსტი მდგომარეობა.

    ამასთანავე, მოსალოდნელია გულისცემის შენელება (ბრადიკარდია).
  3. გულის ტკივილი და დისკომფორტი — ადაპტოლის ჭარბი დოზირებისას შეიძლება პაციენტმა გულის არეში ტკივილი ან დისკომფორტი იგრძნოს. როგორც წესი, ის გულის ორგანულ დაავადებებთან არაა დაკავშირებული, მაგრამ მაინც ნეგატიურად მოქმედებს პაციენტზე.
  4. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები — გარდა იმისა, რომ შეიძლება კუჭში მჟავიანობა გაიზარდოს ან მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია გულისრევა და კუჭის ტკივილი.
  5. გულის რითმის დარღვევა — ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია განვითარება გულის რითმის დარღვევა. ამან კი შეიძლება გულის სრულფასოვნად მუშაობაზე იქონიოს გავლენა.
  6. ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები — პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ადაპტოლის ჭარბმა დოზამ შეიძლება შფოთვა ან ფსიქიკური აღელვება გამოიწვიოს. ასევე, კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებაც, რაც მეხსიერების პრობლემების გამოვლენასა და კონცენტრაციის დაკარგვას გულისხმობს.
  7. ტოქსიკური ეფექტი — ცხადია, ჭარბი დოზირებისას ადაპტოლმა შეიძლება ტოქსიკური გავლენა იქონიოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე; მათ შორის  ღვიძლზე, თირკმელებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

 

მსგავსი პოტენციური საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად, დოზირების დროს აუცილებელია, მკაცრად დაიცვათ ექიმის მითითებები. ასევე, ადაპტოლის მიღების წესი სწორედ ექიმის მიერ განისაზღვრება.

 

რა პოტენციური გვერდითი ეფექტები აქვს ადაპტოლს? 

 

ჩვეულებრივ, ადაპტოლს კარგად იღებს პაციენტების უმეტესობა, მაგრამ, სხვა პრეპარატების მსგავსად, მასაც გააჩნია გარკვეული გვერდითი ეფექტები:

 

  • ძილიანობა და მოდუნება — იშვიათად, შესაძლოა, პაციენტებს ზედმეტი მოდუნება აღენიშნებოდეთ, რაც ყოველდღიურ აქტივობებზეც მოქმედებს;
  • თავბრუსხვევა და კონცენტრაციის პრობლემები; 
  • გულისრევა — ძირითადად ვლინდება დოზის გადაჭარბების ან ორგანიზმის საპასუხო რეაქციის დროს;
  • არტერიული წნევის ცვლილებები; 
  • მუცლის ტკივილი;
  • ალერგიული რეაქციები — გამონაყარი კანზე, ქავილი ან სხვა გამოვლინებები;

 

რა შემთხვევაში არ შეიძლება ადაპტოლის მიღება? 

 

  1. ჰიპერმგრძნობელობა — თუკი პაციენტს ადაპტოლის რომელიმე კომპონენტზე აქვს ალერგია, ეს შეიძლება გამოიხატოს გამონაყარში, ქავილში ან სხვა ალერგიულ სიმპტომებში;
  2. ორსულობა და ლაქტაცია — ადაპტოლის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს საკმარისი მონაცემები მისი უსაფრთხოების შესახებ ამ მდგომარეობაში. ანალოგიურად ლაქტაციის დროს, ვინაიდან საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს დედის რძეზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ;
  3. ბავშვთა ასაკი — ადაპტოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან ამ მხრივ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს მისი უსაფრთხოების ან ეფექტიანობის შესახებ;
  4. ღვიძლისა და თირკმლის დარღვევები — პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა ან სხვა ღვიძლის დაავადებები, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ადაპტოლის გამოყენებისას, რადგან პრეპარატმა შეიძლება ღვიძლის ფუნქციონირებაზე იმოქმედოს. ასევე, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა ადაპტოლის გამოყენების შესაძლო რისკები უნდა განიხილონ და ექიმის რეკომენდაციას დაეყრდნონ;
  5. შფოთვის სერიოზული ფორმები — Adaptol-ის გამოყენება რეკომენდებული არაა, თუ ინდივიდს მძიმე ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება… მაგალითად, მწვავე ფსიქოზი ან სერიოზული დეპრესია, რადგან შეიძლება პრეპარატმა საჭირო ეფექტი ვერ უზრუნველყოს.