ლაქტოჯი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. მისი ძირითადი დანიშნულება კი ნაწლავების მიკროფლორის ბალანსის აღდგენაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჭმლის ნორმალურად მოსანელებლად.
ბუნებრივია, ეს ზოგად ჯანმრთელობაზეც მოქმედებს, ვინაიდან კუჭ-ნაწლავის სისტემის მოუწესრიგებლობა უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე.
Lacto-G სამი სახით იწარმოება: ლაქტოჯი, ლაქტოჯი ფორტე და ლაქტოჯი ქიდსი. ვიდრე უშუალოდ პრეპარატის ჩვენებებზე, მისი გამოყენების წესსა თუ უკუჩვენებებზე ვისაუბრებთ, მოდით, ამ სამს შორის განსხვავება განვიხილოთ.
ცხადია, სამივე მათგანი პრობიოტიკულ დანამატს წარმოადგენს, მაგრამ მათ შორის ძირითადი განსხვავება შემადგენლობასა და მოქმედების სიძლიერეში მდგომარეობს:
- Lacto-G — შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ნაწლავების მიკროფლორის რეგულირებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში გვეხმარება. აღნიშნული პრეპარატი ყოველდღიური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ჩვეულებრივ, მსუბუქი და საშუალო დონის საჭმლის მომნელებელი პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, ხშირად მიმართავენ როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას ნაწლავების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და საჭმლის მონელების პრობლემების პრევენციისთვის;
- Lacto-G Forte — ის შედარებით მაღალი კონცენტრაციის პრობიოტიკებით და დამატებითი აქტიური ინგრედიენტებით გამოირჩევა, რაც მედიკამენტის ეფექტს აძლიერებს. ამიტომაც, ლაქტოჯი ფორტე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის უფრო სერიოზული პრობლემების, ხანგრძლივი მიღების შემდეგ ინიშნება. ამასთან, რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს სწრაფი ჩარევა ესაჭიროება მიკროფლორის აღდგენასა და საჭმლის მონელების პრობლემების დაძლევაში;
- Lacto-G Kids — ეს არის ლაქტოჯი საბავშვო ვერსია, ანუ სპეციალურად შექმნილია ბავშვებისთვის. აქვს უფრო ნაზი ფორმულა და ადაპტირებულია ბავშვის ორგანიზმის საჭიროებებზე.
საგულისხმოა, რომ სამივე პრეპარატი რამდენიმე სახითაა წარმოებული, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს პაციენტებისთვის მათი მიღება.
- Lacto-G ხელმისაწვდომია კაფსულის, ტაბლეტის, ფხვნილისა და სიროფის სახით;
- ლაქტოჯი ფორტე — კაფსულის, ტაბლეტის, ფხვნილისა და საღეჭი ტაბლეტების;
- ლაქტოჯი ქიდსი/ლაქტოჯი კიდსი — სიროფის, საღეჭი ტაბლეტისა და ჟელატინის.
რა შემთხვევაში გამოიყენება ლაქტოჯი? — წამალი, რომელიც სხვადასხვა პრობლემას აგვარებს
ლაქტოჯი, ლაქტოჯი ფორტე და ლაქტოჯი ქიდსი ჯანმრთელობის სხვადასხვა საჭიროების მიხედვით გამოიყენება. თითოეული ფორმულა და დოზა პაციენტის კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ინიშნება, აქ კი ზოგადად მიმოვიხილავთ სამივე მათგანის ჩვენებას:
Lacto-G ეფექტურია მათთვის, ვისაც მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი ან საჭმლის მონელების სხვა პრობლემები აწუხებს. პრეპარატი არეგულირებს ნაწლავის მიკროფლორას — მაგალითად, ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.
ხოლო ლაქტოჯი ფორტე, ჩვეულებრივ, ინიშნება მაშინ, როცა უფრო ძლიერი პრობიოტიკული ეფექტია საჭირო — მაგალითად, შედარებით მძიმე ანტიბიოტიკების კურსის გავლის შემდეგ, ან განსაკუთრებით რთული საჭმლის მონელების პრობლემების შემთხვევაში. ამავდროულად, გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც უფრო ინტენსიურ მხარდაჭერას საჭიროებენ მიკროფლორის აღსადგენად.
რაც შეეხება ლაქტოჯი ქიდსს, ის გამოიყენება ბავშვებში მუცლის შებერილობის, ყაბზობის ან საჭმლის მონელების სხვა პრობლემების დროს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრეპარატი სპეციალურად შემუშავებულია ბავშვის ნაწლავების მიკროფლორის დასაბალანსებლად და დასარეგულირებლად. შესაძლოა, ექიმმა ლაქტოჯი ქიდსი დანიშნოს იმ შემთხვევებშიც, როცა ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს ან აწუხებს საჭმლის მონელების პრობლემები.
როგორია ლაქტოჯის მიღების წესი და სწორი დოზირება?
რა თქმა უნდა, სამივე პრეპარატის სწორი დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, საჭიროებებსა და მედიკამენტის კონკრეტულ ფორმაზე. აქვე გაგიზიარებთ ზოგად რეკომენდაციებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დოზირება ექიმმა უნდა განსაზღვროს.
Lacto-G და Lacto-G Forte:
ლაქტოჯი და ლაქტოჯი ფორტე პსპ-ში ძირითადად კაფსულის სახითაა ხელმისაწვდომი. დოზირება კი ორივე შემთხვევაში ასე ნაწილდება:
- როგორც წესი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე;
- 2-12 წლის ასაკის ბავშვებში — 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე;
- 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში — 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.
Lacto-G Kids:
- სიროფი — ჩვეულებრივ, ლაქტოჯი ქიდსი ფლაკონების სახით უფრო მარტივი მისაღებია ბავშვებისთვის. როგორც წესი, ინიშნება დღეში 1 ფლაკონი. საჭიროების შემთხვევაში კი, რაოდენობა 2-მდე იზრდება. გაითვალისწინეთ, პროდუქტის მიღება შესაძლებელია პირდაპირ, ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით.
მთლიანობაში, დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული რეკომენდაციები მკურნალი ექიმისგან მიიღოთ.
ლაქტოჯის გვერდითი ეფექტები
როგორც კვლევები ადასტურებს, პრეპარატს კარგად იღებს ორგანიზმი და მისი რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
ამასთან, სერიოზული ალერგიული რეაქციების ალბათობა მაღალი არ არის, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ არაორგანული ნიშნების მიმართ. მით უფრო, პრეპარატის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account