“ტკივილის გარეშე” — რა შემთხვევაში არ გამოიყენება მიგ 400

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო სიმპტომია, რომელიც ადამიანს არ აძლევს მას ძილის, მუშაობისა თუ ყოველდღიური საქმიანობებით დაკავების საშუალებას, აქვეითებს ცხოვრების ხარისხსა და წამყვანი დაავადებების მკურნალობის ეფექტიანობას.

თანამედროვე მედიცინაში მიღებული კონცეფციის მიხედვით, რომელიც შეიძლება აღიწეროს ორი სიტყვით — “ტკივილის გარეშე”, პაციენტებს აღარ უწევთ ტკივილის მოთმენა, რადგან არსებობს მისი დათრგუნვის უამრავი საშუალება არსებობს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ფართო სპექტრის სამედიცინო პრეპარატები. 

ერთ-ერთი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტია მიგ 400, რომელიც აქტიურად გამოიყენება, როგორც ტკივილის დათრგუნვისთვის, ასევე ცხელებისა და გაციების დროს.

მიგ 400-ის ანოტაცია — რას შეიცავს და რა შემთხვევებში გამოიყენება პრეპარატი 

მიგ 400-ის ერთი ტაბლეტი  შეიცავს 400 მგ იბუპროფენს. მედიკამენტი გამოიყენება სიმპტომური მკურნალობისას, შემდეგ შემთხვევებში:

  • მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი — მათ შორის, კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, შაკიკის, მენსტრუალური ტკივილის, ზურგის ტკივილის და სახსრების ტკივილის, კუნთების ტკივილის დროს; 
  • მომატებული ტემპერატურისა და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
  • ხერხემლისა და სახსრების ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (მათ შორის რევმატიული და რევმატოიდული ართრიტები, ოსტეოართროზი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი და სხვა.), სახსრების სინდრომი პოდაგრის გამწვავების პერიოდში;
  • რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმული ანთება, ტენდინიტი, ბურსიტი, რადიკულიტი;
  • ნევრალგია, მიალგია, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და ადნექსიტის თანმხლები ტკივილი;
  • ცხელება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

როგორ და რა დოზებით უნდა მიიღოთ მიგ 400? 

მიგ 400-ის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. პრეპარატის დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ნოზოლოგიურ ფორმასა და კლინიკურ გამოვლინებათა სიმძიმეზე.

პრეპარატს იღებენ პერორალური ან რექტარული (სწორ ნაწლავში) შეყვანით. ორივე შემთხვევაში იბუპროფენის დოზა შეადგენს: ზრდასრულებში 200-800 მგ (მიღების სიხშირე - 3-4-ჯერ დღეში). 

მიგ 400-ის საბავშვო დოზა შეადგენს 20-40 მგ/კგ (სადღეღამისო დოზა), რამდენიმე მიღებაზე განაწილებული.

ზრდასრულებისათვის მაქსიმალური დოზაა: 2-4 გ. როგორც პერორალურად, ასევე რექტალურად მიღების შემთხვევაში.

პერორალურად მიღების შემთხვევაში, ტაბლეტები მიიღეთ დაუღეჭავად, დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით, არამშიერ კუჭზე. თუ გაქვთ მგრძნობიარე კუჭი, მიიღეთ მიგ 400 საკვებთან ერთად.

არ მიიღოთ პრეპარატი ოთხ დღეზე ხანგრძლივად ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მიღებებს შორის უნდა დაიცვათ 6 საათიანი ან მეტხნიანი ინტერვალი. მიმართეთ  ექიმს თუ თვლით, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი.

რა გვერდითი მოვლენები ახლავს მიგ 400-ის მიღებას? 

მიგ 400-ის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • გულისრევა, უმადობა, ფაღარათი, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმში;
  • კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, იშვიათად - სისხლდენა; ხანგრძლივი მიღების შედეგად, შეიძლება ღვიძლის ფუნქციის მოშლაც;
  • თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილის დარღვევები, აგზნება, მხედველობის გაუარესება;
  • ანემია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია (ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში);
  • თირკმლის ფუნქციის მოშლა (ხანგრძლივი მიღების შედეგად);
  • გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება;
  •  ასეპტიკური მენინგიტი (უმეტესად აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევებში);
  • ბრონქოსპაზმი.

გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ხანდაზმულებში ვითარდება, განსაკუთრებით ხშირია შინაგანი სისხლდენისა და კუჭისა და ნაწლავების პერფორაციის შემთხვევები, რომლებიც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათოც კი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულები მიგ 400-ის მიღებისას განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატის მიღებამდე?

პრეპარატი არ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:

  • აქტიური ნივთიერება იბუპროფენის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; კუჭისა და ნაწლავების
  • ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები გამწვავების ფაზაში;
  • მხედველობის ნერვის დაავადება, დარღვევები სისხლის წარმოქმნაში;
  • აშკარა გადახრები თირკმლისა ან ღვიძლის ფუნქციებში;
  • ჭარბი მგრძნობელობა იბუპროფენისადმი;
  • წარსულში ალერგიული შეტევების არსებობა, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა რომელიმე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ, როგორიცაა: ასთმის შეტევები, ცხვირის ლორწოვანის შესიება, რეაქციები კანის მხრივ (გაწითლება, გამონაყარი და სხვ.).

განსაკუთრებული მითითებელი და სიფრთხილის ზომები 

პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, მიგ 400 მგ-ს შეუძლია გაართულოს დაორსულება. იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ დაორსულებას ან გარკვეული სირთულეები გაქვთ დაორსულებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

გულის პრობლემების არსებობისას, გადატანილი ინსულტისას ან ამ დაავადებების განვითარების რისკის არსებობისას (მაგალითად, გამოვლენილი მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატება ან თუ პაციენტი თამბაქოს მწეველია), მკურნალობა განხილულ უნდა იქნას ექიმთან. 

გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების დროს, როგორებიცაა: სისტემური წითელი მგლურა ან შერეული კოლაგენოზი, არსებობს თავის ტვინის გარსის არაინფიციური ანთების სიმპტომების განვითარების რისკი, ამიტომ მიგ 400-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.

შეიძლება თუ არა მიგ 400-ის მიღება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში? 

მიგ 400-ის მიღება დაუშვებელია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან არსებობს ნაყოფისა და დედის ორგანიზმში გართულებების განვითარების მომატებული რისკი. ორსულობის პირველ-მეორე ტრიმესტრებში პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით. იმ შემთხვევაში, თუ მიგ 400 მგ-ის გამოყენებისას დადასტურდა ორსულობა, ამის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.

ლაქტაციის პერიოდში აქტიური ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის შესაბამისი პროდუქტები დედის რძეში მხოლოდ უმნიშვნელო კონცენტრაციებით გადადის, თუმცა ჩვილისათვის უარყოფითი შედეგები ბოლომდე გამოკვლეული არ არისა, ამიტომ მიგ 400-ის ხანმოკლე გამოყენებისას, ძუძუთი კვების შეწყვეტას ადგენს ექიმი. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით დანიშვნის შემთხვევაში, შეიძლება მიზანშეწონილი აღმოჩნდეს ძუძუთი კვების ადრეული შეწყვეტა.

მიგ 400 ასევე არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-მდე წონის ბავშვებში, რადგან არსებული დოზირება, როგორც წესი, მათთვის შესაფერისი არ არის.

რომელ პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული მიგ 400-ის მიღება? 

მიგ 400-ის მიღება არ არის რეკომენდებული სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ე.წ. ცოგ-2-ის (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები) ინჰიბიტორების ჩათვლით. ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ თანმხლებ თერაპიას აცეტილსალიცილის მჟავათი ან სხვა პრეპარატებით. ასეთ დროს იზრდება კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების რისკი, აქედან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კომბინაციაში კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი პრეპარატების მიღებაც. 

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მიგ 400-სთან ერთად ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროებას ზრდიან, მაგალითად, პერორალური კორტიკოსტეროიდები, ვარფარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სეროტონინის უკუ-მიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების აგრეგაციის-აცეტილსალიცილის მჟავას ტიპის ინჰიბიტორები. 

თუ მიგ 400-თან ერთად ღებულობთ სისხლის შედედების ინჰიბიტორებს ან შაქრის დონის დამაქვეითებელ პრეპარატებს, რეკომენდებულია, პროფილაქტიკის მიზნით, ჩაიტაროთ სისხლის შედებებისა და სისხლში შაქრის მაჩვენებლების კონტროლი.

მიგ 400-ის სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებასთან კომბინაციაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ნეფროტოქსიურობა თირკმლების უკმარისობის განვითარების საშიშროებით.

მოქმედებს თუ არა მიგ 400 ავტომობილის მართვაზე და სხვადასხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე?  

მაღალ დოზირებებში მიგ 400-ის მიღებამ შეიძლება არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს ცეტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგალითად გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუხვევა, რეაქციის შენელება და სხვა.

შესაბამისად, ავტომობილის მართვისა და სხვა მსგავ მექანიზმებთან მუშაობის უნარი უარესდება. ასეთ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ  სწრაფად და ზუსტად მოახდინოთ რეაგირება გაუთვალისწინებელ, უეცარ შემთხვევებზე.

როგორ უნდა მოქცეთ ჭარბი დოზირების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში?  

ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მოძრაობის შენელება, ცნობიერების დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, კანისა და ლორწოვანი გარსების სილურჯე (ციანოზი). აქედან გამომდინარე, მიგ 400 მხოლოდ ექიმის მითითებების ან ინსტრუქციაში მოცემული დოზირების შესაბამისად უნდა მიიღოთ. 

ჭარბი დოზირების დროს, მიმართეთ ექიმს. საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე, იგი დახმარების შესაბამის ზომებს მიიღებს.

თუ დაგავიწყდათ მიგ 400-ის მიღება და გამოტოვეთ პრეპარატის დოზა, გააგრძელეთ შემდეგი დოზიდან. დაუშვებელია ჩვეული რეკომენდებული დოზის გაზრდაც. 

პრეპარატი და ალკოჰოლური სასმელები 

მიგ 400-ით მკურნალობის დროს, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ეს იწვევს გვერდითი მოქედებების რისკის გაზრდას, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.