
როდინირი, ანტიბიოტიკი ცეფდინირის აქტიური ნივთიერებით, წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინების კლასის წამალს, რომელიც ეფექტიანად ებრძვის ინფექციურ-ანთებით პროცესებს. მისი განსაკუთრებული ფარმაკოლოგიური თვისებები და გამოყენების ფართო სპექტრი მას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ინფექციების მკურნალობაში.
როდინირის ფორმა და შედგენილობა
როდინირი 300 მგ კაფსულებისა და სუსპენზიის (სიროფის) სახითაა ხელმისაწვდომი. პირველ რიგში, ვისაუბროთ როდინარის ტაბლეტების შესახებ, რომელთა გარსი სპეციალურად ისეა შექმნილი, რათა პრეპარატი ოპტიმალურად შეიწოვოს ორგანიზმმა. თითო კაფსულა შეიცავს ცეფდინირის 300 მგ-სა და ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, როგორიცაა მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი და კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, რომლებიც უზრუნველყოფენ პრეპარატის სტაბილურობასა და ეფექტურობას.
პრეპარატი გამორჩეულია მარტივი მიღების წესით, რაც მას კომფორტულ არჩევანს ხდის როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. მისი მყარი, ჟელატინის კაფსულები მოთეთრო ფერის ფხვნილს შეიცავს, რომელიც სპეციფიკური ინფექციების სამკურნალოდაა განკუთვნილი.
რაც შეეხება სუსპენზიას - როდინირის სიროფი, რომელიც დამზადებულია პერორალურად მისაღები სუსპენზიის ფხვნილის სახით, წარმოადგენს კრემისფერ-მოყვითალო ფხვნილს მარწყვისა და ნაღების სასიამოვნო სურნელით. მისი სრული დასახელებაა “როდინირი 250მგ/5მლ”. სიროფის აქტიური კომპონენტიც ცეფდინირია – ნახევრადსინთეზური β-ლაქტამური ანტიბიოტიკი, რომელიც ბაქტერიოციდულ მოქმედებას ახდენს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვის გზით. ეს უნიკალური მექანიზმი მას ეფექტურს ხდის ისეთ ბაქტერიებთან ბრძოლაში, რომლებიც პენიცილინისა და ცეფალოსპორინების მიმართ მდგრადია.
როგორია პრეპარატის მოქმედების მექანიზმი
როდინირი, როგორც ანტიბიოტიკი, მუშაობს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ჩახშობით. ეს მექანიზმი ბაქტერიებს სიცოცხლისუნარიანობას აკარგვინებს და ინფექციის პროგრესირებას აჩერებს. როდინირი ანტიბიოტიკი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ ბაქტერიებთან, რომლებიც ბეტა-ლაქტამაზას გამოიმუშავებენ და მდგრადია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
პრეპარატი აქტიურად მოქმედებს ისეთ მიკროორგანიზმებზე, როგორებიცაა:
- Streptococcus pneumoniae და Streptococcus pyogenes, რომლებიც ხშირად იწვევენ ფარინგიტსა და ტონზილიტს.
- Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis, რომლებიც შუა ყურის და სინუსის ინფექციებს იწვევენ.
როდის გამოვიყენოთ როდინირი?
როდინირი 300 მგ ტაბლეტები ინიშნება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, როგორიცაა:
- ყურ-ყელ-ცხვირის ორგანოების ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი.
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია.
- კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები.
ამავე დროს, ტაბლეტები ეფექტურია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში 6 წლიდან, რაც მას მრავალფეროვან არჩევანს ხდის სხვადასხვა ასაკის პაციენტისთვის.
რაც შეეხება სიროფს - ის 6 თვიდან პაციენტებში გამოიყენება და ხშირად საბავშვო როდინირსაც უწოდებენ, თუმცა, სუსპენზიის მიღება მოზარდებსა და მოზრდილებშიც რეკომენდირებულია.
როგორია პრეპარატის მიღების წესები
როდინირის 300 მგ კაფსულების მიღება შესაძლებელია როგორც დღეში ერთხელ (600 მგ), ისე ორჯერ (300 მგ). რამდენჯერ და რა დროის განმავლობაში უნდა იღებდეთ ანტიბიოტიკს - ამაზე გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს.
ზოგადად კი როდინირის ანოტაცია გვეუბნება, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და სხვადასხვა პრობლემის წინააღმდეგ 13 წელს გადაცილებულ მოზარდებსა და მოზრდილებში შეიძლება შემდეგნაირად გამოვიყენოთ:
- ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: 300 მგ ყოველ 12 საათში, ან 600 მგ დღეში ერთხელ, 5-10 დღის განმავლობაში.
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს: ანალოგიური დოზირება 10 დღემდე პერიოდში.
- არაჰოსპიტალური პნევმონიის და კანის ინფექციების დროს: 300 მგ ყოველ 12 საათში 10 დღის განმავლობაში.
რაც შეეხება 13 წელს ქვემოთ პაციენტებს - ამ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს, თერაპია წარიმართება ტაბლეტებით თუ სუსპენზიით. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებაც.
6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ რეკომენდირებულია პრეპარატის დოზირების განსხვავებული რეჟიმი განსხვავებული დაავადებისთვის. მაგალითად, თუკი ბავშვს აწუხებს მწვავე ოტიტი, ფარინგიტი ან ტონზილიტი, მას წესით როდინირის 7 მგ/კგ დაენიშნება 12 საათში ერთხელ 5-10 დღის განმავლობაში ან 14 მგ/კგ - დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. თუ პატარას პრობლემა მწვავე სინუსიტია, ამ შემთხვევაშიც როდინირის 7 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ ან 14 მგ/კგ - დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. რაც შეეხება კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებს - ამ დროს, ექიმმა, შეიძლება 7 მგ/კგ შეფარდების როდინირი დანიშნოს 12 საათში ერთხელ მისაღებად 10 დღის განმავლობაში.
სუსპენზიის მოსამზადებლად საჭიროა ფლაკონში არსებული ფხვნილის სრულად გახსნა 38 ან 63 მლ ადუღებულ და გაგრილებულ წყალში ორჯერადად. ყოველი დამატების შემდეგ ფლაკონი ინტენსიურად უნდა შეანჯღრიოთ, რათა პრეპარატი სრულად გაიხსნას. სუსპენზია საბოლოოდ საჭიროებს 5-წუთიან დაყოვნებას, რათა კონსისტენცია სრულყოფილად მომზადდეს.
მომზადებული როდინირის სიროფი ინახება არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მისი დოზის სწორად განსაზღვრისთვის გამოიყენება სპეციალური საზომი კოვზი.
თუ პაციენტს თირკმლის ფუნქციის დარღვევა აღენიშნება, დოზა მცირდება. ექიმის ზედამხედველობით შესაძლებელია დოზის რეგულირება ჰემოდიალიზის შემთხვევაში.
ფარმაკოკინეტიკა – როგორ ითვისებს ორგანიზმი როდინირს?
როდინირი სწრაფად შეიწოვება და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია მაქსიმალურ მაჩვენებელს მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ აღწევს. პრეპარატი ფართოდ ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებსა და ბრონქებში.
მისი უმეტესი ნაწილი თირკმლებით გამოიყოფა, რაც მკურნალობას უსაფრთხოს ხდის იმ პაციენტებისთვისაც, ვისაც ღვიძლის პრობლემები აწუხებს.
როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
როგორც ყველა პრეპარატს, როდინირის ანტიბიოტიკსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ყველაზე ხშირი სიმპტომებია:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა; იშვიათი – დისპეფსია, გასტრიტი, ღებინება, მუცლის ტკივილი, AST, ALT და LDH აქტივობის მომატება.
- ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათი – თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათი – კრუნჩხვები.
- ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსია, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მომატებული ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
- სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი.
- სისხლის შედედების სისტემის მხრივ: პროთრომბინის დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება, ჰემოლიზური ანემია და შინაგანი სისხლდენა, დადებითი კუმბსის პირდაპირი სინჯი.
- შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების დისფუნქცია, ტოქსიური ნეფროპათია, გლუკოზურია, კეტონურია.
გარდა ამისა, როდინირის მიღების გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სუპერინფექციის განვითარებაც.
პენიცილინის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებმა როდინირი სიფრთხილით უნდა მიიღონ, რადგან დაფიქსირებულია ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები.
ინფორმაცია ორსულებისა და ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის
ორსულობის დროს როდინირი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს. მისი მიღება თვითნებურად დაუშვებელია - ამან შეიძლება ნაყოფზე მოახდინოს ზეგავლენა.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს - ანოტაცია გვეუბნება, რომ ანტიბიოტიკი ამ დროსაც ისევე სიფრთხილით ინიშნება, როგორც ორსულობაში. თქვენი მკურნალი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ მედიკამენტი დედისთვის სასიცოცხლო აუცილებლობისაა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ მიღების ნებართვას.
როგორ გამოიყენება როდინირი პედიატრიაში
მედიკამენტს მნიშვნელოვანი როლი უკავია პედიატრიაშიც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 6 თვემდე ასაკის ჩვილებში პრეპარატი არ ინიშნება. 6 თვის ასაკიდან 6 წლამდე ბავშვებში უმჯობესია მისი სუსპენზიის ფორმით მიღება. 6-დან 12 წლამდე ასაკში, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, მკურნალი ექიმი წყვეტს, როდინირის რომელი ფორმა იქნება უმჯობესი. ხოლო 13 წლიდან მოზარდებში ჩვეულებრივ ტაბლეტებიც ინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები და რეკომენდაციები
როდინირი არ უნდა იქნეს მიღებული მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების გამოყენებიდან 2 საათის განმავლობაში, რადგან ისინი ამცირებენ პრეპარატის ეფექტიანობას.
ნებისმიერი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალების მიღების დროს საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გაჩენის შესაძლებლობის გათვალისწინება - გამონაკლისი არც როდინირის მიღებაა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია შეგიძლიათ მკურნალ ექიმთან გაიაროთ.
როდინირის ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიკროორგანიზმების განვითარება და ჭარბი ზრდა. თუ ამ თერაპიული კურსის დროს ვითარდება სოკოვანი, ან ბაქტერიული სუპერინფექცია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ალტერნატიული მკურნალობაც.
გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცეფალოსპორინებმა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა დააქვეითონ პროთრომბინული აქტივობა, რაც იწვევს პროთრომბინის დროის გაზრდას. ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი კონსულტაცია სწორედ ექიმისგან უნდა მიიღოთ.
როდინირი პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი - როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიის სახით. მისი შეძენა შეგიძლიათ ადგილზე მისვლით, ან ონლაინ ვებგვერდის საშუალებით.
რაც შეეხება ღირებულებას - როდინირის ფასი ცვალებადია. როგორც წესი, ტაბლეტებიცა და სუსპენზიაც დაახლოებით ერთნაირი ღირებულებისაა და რაც მთავარია, საკმაოდ ბიუჯეტურია.
როდინირის ტაბლეტებიცა და სიროფიც არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამორჩეულია თავისი ეფექტიანობით და ფართო გამოყენების სპექტრით. მისი უნარი, სწრაფად და ეფექტიანად ებრძოლოს ინფექციურ დაავადებებს, მას მნიშვნელოვან საშუალებად აქცევს როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account