როგორ მოვუაროთ ალერგიული ტიპის კანს?

 

რომელ ინგრედიენტებს უნდა ერიდოთ თუკი ალერგიული ტიპის კანი გაქვთ?

ხშირად აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი კანის ტიპი შესაძლოა იყოს მგრძნობიარე შინაგან თუ გარეგან გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, თუმცა წლებია რაც პრობლეას სერიოზული სახე მიეცა და რეაქტიული ან სენსიტიური ხაზები კონკრეტული მოვლის საშუალებებით არის წარმოდგენილი.

 

ზუსტად არავინ იცის, რა შეიძლება განაპირობებდეს აღნიშნულ პრობლემას, თუმცა მკაცრი ან ზედმეტად ცხელი კლიმატი, მშრალი, დაბალი ტენიანობის ჰაერი, ხისტი წყალი, სტრესი, კონკრეტული მედიკამენტები ან ულტრაიისფერი სხივების ჭარბი მოქმედება მაინც ძირითად გამაღიზიანებლებად მოიხსენიება. მსგავსი ტიპის კანი ხასიათდება არათანაბარი ტექსტურით, უმეტესად სიწითლისკენ, დაჭიმულობსა და ქავილისკენ მიდრეკილებით, გამოშრობისგან შექმნილი აქერცლით და სხვა დისკომფორტებით. ლოგიკურია, რომ მსგავსი თავისებურებების მოვლა კარგ დერმატოლოგიურ პროდუქტებს და ზედმიწევნით დაცულ რუტინას საჭიროებს. უნდა მოერიდოთ რიგ გამაღიზიანებელ კომპონენტებს და მთელი გულიყურით გაეცნოთ შემადგენლობებს.  მაგალითად, ყურადსაღებია:

 

ფტალატები

ქიმიკატების ჯგუფი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სურნელოვან პროდუქტებში. შემადგენლობაში უმეტესად დიეთილის ფტალატი, ან DEP სახით არის წარმოდგენილი.

 

პარფიუმი 

თხევადი ნარევი, რომელიც გამოიყენება სასიამოვნო სუნისთვის. იგი იწარმოება სურნელოვანი ეთერზეთებისგან, რომლებიც მიიღება მცენარეებისა და სანელებლებისგან ან სინთეზური არომატული ნაერთებისგან.

 

პარაბენები

მიუხედავად იმისა, რომ პარაბენები არაჩვეულებრივი შემნახველი კომპონენტებია და გამოიყენება როგორც კონსერვანტები საკვებ ინდუსტრიაშიც კი, საკმაოდ მაღალია მათდამი კანის მგრძნობელობა და ფსორიაზის მაპროვოცირებელ ინგრედიენტადაც კი ითვლება. ისინი გვხვდება მაკიაჟის მრავალ პროდუქტში (როგორიცაა პომადა, ტუში, კორექტორი და ტონალური კრემი) და კანის მოვლის საშუალებებში (როგორიცაა ლოსიონი, საპარსი პროდუქტები და მზისგან დამცავი საშუალებები). პარაბენები შეიწოვება კანის მეშვეობით და ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი სახით: butylparaben, methylparaben, propylparaben.

 

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების სიაში არ არიან შეტანილი, თუმცა საკმაოდ მაღალია ორგანიზმის მგრძნობელობა გამაღიზიანებლებისადმი და სასურველია ალერგიული კანის შემთხვევაში უარი თქვათ მათ გამოყენებაზე.

არ დაგავიწყდეთ წყლის ტემპერატურაც. თქვენს შემთხვევაში კონტრასტული შხაპი  ცუდი იდეაა. ასე კიდევ უფრო დასტრესავთ სისხლძარღვებს, რაც სიწითლის სახით გამოიხატება. ზედმეტად ცივი და ხისტი წყალი დაგირღვევთ მჟავა-ტუტოვან ბალანსს, აი მუდმივად ნელ-თბილი წყალი კი საუკეთესო გადაწყვეტილებაა დისკომფორტის მოსახსნელად.

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზისგან დამცავის აქტიური გამოყენება წელიწადის ნებისმიერ დროს. წაისვით SPF 30 დილის რუტინის ბოლო საფეხურზე და განიახლეთ ის ყოველ 2 საათში. მოერიდეთ კონდინცირებად სივრცეებს, სადაც ჰაერი ზედმეტად გამომშრალი და დაბალი ტენიანობისაა. იზრუნეთ საკუთარ წყლის ბალანსზე და მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი სითხე. თქვენს შემთხვევაში არაჩვეულებრივ გადაწყვეტილებაა თერმული წყლის განოყენება.

 

რა არის თერმული წყალი?

თერმული წყალი არის ნიადაგქვეშა /მიწისქვეშა მინერალური წყლის სახეობა , რომელიც სწორედ მისი მდებარეობიდან გამომდინარე არის ბაქტერიებისგან თავისუფალი და აბსოლუტურად სუფთა. შეიცავს ბუნებრივად მინერალურ მარილებს, იოდსა და ნახშირორჟანგს, რაც ამშვიდებს კანს, აძლიერებს მის დამცავ ბარიერს და ხსნის სხვადასხვა ტიპის დისკომფორტს.

რისთვის გამოიყენება თერმული წყალი?

დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ადგილას, თერმული წყალი იდეალური გადაწყვეტილებაა

·         გასაგრილებლად

·         ელასტიურობის და სინოტივის აღსადგენად

·         ტონირებისთვის

·         გაჯანსაღებისთვის

·         დაჭიმულობის და სხვა ტიპის დისკომფორტის მოსახსნელად

მიუხედავად იმისა, რომ რეაქტიული კანის მოვლა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, საბედნიეროდ ბაზარზე ალერგენებისგან დაცლილ ბევრ პროდუქტს შეხვდებით. შეისწავლეთ საკუთარი ორგანიზმი, მოერიდეთ მის გამაღიზიანებელ კომპონენტებს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე პსპთან ერთად.