რიგევიდონი - ტაბლეტები ეფექტიანი კონტრაცეფციისთვის

რიგევიდონი ჰორმონალური კონტრაცეფციული საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება და ეფექტიანობით გამოირჩევა. იგი ორალური გზით მიიღება და ქალებს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაში ეხმარება.

რეგევიდონი ეფექტიანია არა მხოლოდ კონტრაცეფციისთვის, არამედ ქალების ზოგადი ჰორმონალური ბალანსის მოსაწესრიგებლადაც. მისი გამოყენება შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის რეგულაციისთვის, ენდომეტრიოზის სიმპტომების შესამსუბუქებლად და მენსტრუალური ტკივილების შესამცირებლად. ამის მიუხედავად, პრეპარატის მიღება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, კერძოდ მოხმარების წესების დაცვასა და კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობების გათვალისწინებას.

როგორია რიგევიდონის ანოტაცია — როგორ მოქმედებს პრეპარატი

რიგევიდონის ტაბლეტები კომბინირებული სახითაა წარმოდგენილი და ორი ტიპის აქტიურ კომპონენტს შეიცავს — ეთინილესტრადიოლსა და ლევონორგესტრელს. პირველი მათგანი სინთეტიკური ესტროგენია, რომელიც ჰორმონალური ბალანსის დარეგულირებას უწყობს ხელს; მეორე პროგესტერონის სინთეტიკური ფორმაა, რომელიც ენდომეტრიუმსა და საშვილოსნოს ლორწოზე ზემოქმედებს.

ისინი ოვულაციას, ანუ საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების გამოთავისუფლებას უშლის ხელს, საშვილოსნოს ლორწოვან გარსს ცვლის და სპერმატოზოიდების შეღწევას აფერხებს. მედიკამენტში შემავალი დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი და საქაროზა.

ამრიგად, პრეპარატი სამი ძირითად მიმართულებით მოქმედებს:  

  • ოვულაციის პრევენცია — პრეპარატი საკვერცხეებში კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას ბლოკავს, რაც განაყოფიერებას შეუძლებელს ხდის;
  • ლორწოს შესქელება — საშვილოსნოს ყელში ლორწო უფრო სქელი ხდება, რაც სპერმატოზოიდის მოძრაობას ხელს უშლის;  
  • ენდომეტრიუმის ცვლილებები — საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დასამაგრებლად ნაკლებად ხელსაყრელი ხდება.  

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება

რიგევიდონი 21-ტაბლეტიან ფირფიტებშია მოთავსებული. ეს იმიტომ, რომ პრეპარატი ყოველდღიურად სწორედ  21 დღის განმავლობაში მიიღება, რის შემდეგაც 7-დღიანი შესვენებაა საჭირო.

მედიკამენტის ეფექტიანობა ძალიან მაღალია (99%-ზე მეტი), თუ ინსტრუქციები მკაცრად არის დაცული:

  • დაწყება — რიგევიდონის მიღება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (მაშინ, როცა სისხლდენა იწყება) იწყება. თუ ტაბლეტს მენსტრუაციის მეორე ან მესამე დღეს მიიღებთ, პირველი 7 დღის განმავლობაში საჭიროა დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდის (მაგალითად, პრეზერვატივი) გამოყენება.  
  • მიღების დრო — ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს ორგანიზმში ჰორმონალური დონის სტაბილურობას უწყობს ხელს.  
  • მიღების სქემა — პრეპარატი 21 დღის განმავლობაში (ყოველდღიურად ერთი ტაბლეტი) მიიღება, რის შემდეგაც 7-დღიანი შესვენებაა საჭირო. ამ პერიოდში, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა იწყება, რაც ნორმალურია.
  • ახალი შეფუთვის დაწყება — 7-დღიანი შესვენების შემდეგ რიგევიდონის ახალ შეფუთვაზე უნდა გადახვიდეთ, მიუხედავად იმისა, სისხლდენა დასრულდა თუ არა. 

ტაბლეტი დღეში ერთხელ მიიღება, სასურველია, ჭამის შემდეგ, რათა შესაძლო გულისრევის შეგრძნების რისკი შემცირდეს. ტაბლეტს მცირე ოდენობით წყალი უნდა დააყოლოთ.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:  

  • თუ 12 საათზე ნაკლებია გასული — მიიღეთ ტაბლეტი მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. დანარჩენი ტაბლეტების მიღება ჩვეულ დროს განაგრძეთ;  
  • თუ 12 საათზე მეტი გავიდა — შესაძლოა, ამის გამო პრეპარატის ეფექტიანობა შემცირდეს, ამიტომ გამოტოვებული ტაბლეტი მიიღეთ დაუყოვნებლივ და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდი გამოიყენეთ. 

რიგევიდონი და ორსულობა — რატომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება ამ პერიოდში

დაიმახსოვრეთ, რომ ორსულობისას რიგევიდონის მიღება არ შეიძლება. თუ ფეხმძიმობის შესახებ პრეპარატის გამოყენებისას შეიტყობთ, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.

რიგევიდონის გამოყენება ლაქტაციის პერიოდშიც არ არის რეკომენდებული, რადგან ის შესაძლოა, დედის რძის რაოდენობასა და შედგენილობაზე ახდენდეს გავლენას. კერძოდ, შესაძლებელია, პრეპარატის ჰორმონები მცირე დოზით დედის რძეში მოხვდეს, რაც ახალშობილზე უარყოფითად იმოქმედებს. 

ორსულობის შემდგომ რიგევიდონის პირველი დოზა (თუ ჩვილს ძუძუთი არ კვებავთ) მშობიარობიდან 21-28 დღის შემდეგ მიიღება. თუ ქალს უკვე ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი, პრეპარატის მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორსულობა ამ მედიკამენტის პირდაპირი უკუჩვენებაა. პირველი 7 დღის განმავლობაში სასურველია პარალელურად ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება.

ორსულობის მეორე ტრიმესტრში აბორტის შემდეგ რიგევიდონი ასევე 21-28 დღეში მიიღება, რადგან ამ პერიოდში (ისევე, როგორც მშობიარობის შემდეგ) თრომბოემბოლური გართულებების რისკი იმატებს. ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემდეგ პრეპარატი დაუყოვნებლივ მიიღება.

რიგევიდონი და ციკლი — რა უნდა ვიცოდეთ

პერორალური კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენებისას მენსტრუალური ციკლის დარღვევები ხშირია, განსაკუთრებით მათი მიღების საწყის ეტაპზე. ამ პერიოდში ქალების ნაწილი არარეგულარულ სისხლდენას განიცდის, როგორიცაა შუალედური ან მცირესისხლიანი გამონადენი. ეს მოვლენები, ძირითადად, ჰორმონულ ცვლილებებთან ორგანიზმის ადაპტაციასთანაა დაკავშირებული, რაც, როგორც წესი, სამი ციკლის განმავლობაში გრძელდება. 

თუ არარეგულარული სისხლდენა მას შემდეგ ვლინდება, რაც მენსტრუალური ციკლი ადრე რეგულარული იყო, აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული ანალიზი. შესაძლოა, ამის მიზეზი ჰორმონული ცვლილებები არ იყოს, ამიტომ ექიმმა უნდა გამოიკვლიოს პოტენციური არაჰორმონული ფაქტორები, მაგალითად, ავთვისებიანი პროცესები ან ორსულობა. ასეთ შემთხვევებში დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

ხშირად კონტრაცეფციული პრეპარატების მიღებებს შორის შესვენების პერიოდში ე.წ. მოხსნის სისხლდენა არ ვითარდება. ეს შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს, თუმცა თუ პრეპარატის გამოყენების წესი დაირღვა და მოხსნის სისხლდენა ზედიზედ ორი ციკლის განმავლობაში არ გამოვლინდა, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. ასეთი შემთხვევები კონტრაცეფციის გაგრძელებასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაციას მოითხოვს.

კონტრაცეფციული პრეპარატების გამოყენებით მენსტრუაციის დაწყების დროის გადადებაც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ტაბლეტების ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება შესვენების გარეშე დაიწყოს, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, მენსტრუაცია სასურველ პერიოდზე გადაიტანოს. ასეთი გადავადების პროცესში მაინც მოსალოდნელია შუალედური სისხლდენა ან ლაქოვანი გამონადენი. მენსტრუაციის გადადების შემდეგ 7-დღიანი შესვენების დაცვა კვლავ აუცილებელია. 

როგორია ამ მედიკამენტის უკუჩვენებები

კომბინირებული პერორალური კონტრაცეფციული საშუალებების (კოკ) გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში დაუშვებელია, რადგან მათი მიღება შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს. 

ამ პრეპარატების მიღება არაა რეკომენდებული იმ დაავადებებისა და მდგომარეობების დროს, რომლებიც ვენურ ან არტერიულ თრომბოემბოლიასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ესენია ანამნეზში არსებული ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა. თუ მსგავსი პრობლემები პრეპარატის გამოყენებისას პირველად გამოვლინდება, მისი მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა გულის სარქვლების პრობლემები, არითმია ან მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ასევე გამორიცხავს კოკ-ების გამოყენებას. გარდა ამისა, პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, თუ მათ აღენიშნებათ მიკრო ან მაკროანგიოპათიები. ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების, ღვიძლის მძიმე დაავადებების ან უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენის შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება სრულიად დაუშვებელია.  

ამასთან, საყურადღებოა პაციენტები, რომლებსაც შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით აღენიშნებათ. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ ასევე მისი მიღების უკუჩვენებას წარმოადგენს. ექიმებმა პაციენტებს უნდა განუმარტონ, რომ კოკ-ები არ იცავს აივ-ინფექციისგან (შიდსი) ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან, ამიტომ ამ პრობლემებისგან თავდაცვის სხვა მეთოდების გამოყენება აუცილებელია.  

როდის უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე

გასათვალისწინებელია, რომ პერორალური კონტრაცეფცია თრომბოემბოლიისა და სიმსივნეების რისკს ზრდის. ქალებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტრიგლიცერიდემია ან ოჯახური ანამნეზი აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კომბინირებული პერორალური კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენებამ შესაძლოა, პანკრეატიტის განვითარების რისკი გაზარდოს. ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებების დროს, რიგევიდონის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, სანამ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ნორმაში არ დაბრუნდება.

არტერიული წნევის მატება კოკ-ების მომხმარებელთა უმრავლესობაში მცირეა, თუმცა ზოგჯერ შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერტენზია განვითარდეს. ასეთ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს. კოკ-ებმა ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობასა და პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობაზე, ამიტომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა ამ პრეპარატის გამოყენებისას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადღებით უნდა გააკონტროლონ.  

ასეთ კონტრაცეფციულ საშუალებებს უკავშირდება გარკვეული დაავადებების გამწვავების ან გაჩენის რისკი, როგორიცაა ქლოაზმა, წყლულოვანი კოლიტი, სიყვითლე, ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბება და სხვა. პრეპარატმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ ქალებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მძიმე დეპრესიის ეპიზოდები. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და კონტრაცეფციის ალტერნატიული მეთოდები განიხილებოდეს.

ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს, როგორიცაა ჰიდანტიონები, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი და ანტიბიოტიკები (მაგალითად, ამპიცილინი, ტეტრაციკლინი), შეუძლია, რომ კოკ-ების ეფექტიანობა შეამციროს. ეს პრეპარატები ღვიძლის ფერმენტების აქტივაციის გზით სასქესო ჰორმონების დაშლას აჩქარებს.

კოკ-ის ეფექტს ფერმენტების ინდუქციით კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მცენარეული საშუალებებიც ამცირებს, რის გამოც კონტრაცეფციული გავლენის დაკარგვა და შუალედური სისხლდენაა მოსალოდნელი. ამ პრეპარატებთან ერთად კოკ-ის გამოყენებისას რეკომენდებულია ბარიერული კონტრაცეფციის მეთოდების დამატება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 4 კვირის განმავლობაში. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში კი კონტრაცეფციის ალტერნატიული გზების არჩევაა საჭირო.

რა უნდა ვიცოდეთ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ 

კომბინირებული პერორალური კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენებას შეიძლება ახლდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების სიმკვრივის ან მტკივნეულობის მომატება, სხეულის წონის ცვლილება, ლიბიდოს დაქვეითება ან მომატება. ასევე, გუნება-განწყობის გაუარესება და დეპრესიული მდგომარეობა. შესაძლოა, განვითარდეს მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები, ქლოაზმები (კანის მუქი ლაქები) და ჩივილები კონტაქტური ლინზების ტარებისას.  

იშვიათად, პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ტრიგლიცერიდებისა და შაქრის დონის მომატება, გლუკოზის ტოლერანტობის ცვლილება, არტერიული წნევის ზრდა, ფილტვის ემბოლია, თრომბოემბოლია ან გულ-სისხლძარღვთა მძიმე პრობლემები: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ტვინის ემბოლია ან ბადურას თრომბოზი. ასევე, ზოგჯერ ვითარდება მეზენტერიული თრომბოზი, მცირე მენჯის ორგანოების ან ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი.  

დამატებით, შესაძლებელია ისეთი მოვლენები, როგორიცაა თმის ცვენა, საშოს სეკრეტის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, დაღლილობა ან სისუსტე, დიარეა და სხვა მცირედი დისკომფორტები. ისინი ინდივიდუალურია და პაციენტის ორგანიზმის მიხედვით განსხვავდება.

მოწევა კოკ-ებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკს კიდევ უფრო ზრდის, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ეს რისკი უფრო მაღალია ასაკოვან პაციენტებში და იზრდება იმ ქალებში, რომლებიც ბევრ სიგარეტს მოიხმარენ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო 35 წელზე უფროსი ასაკის მწეველ ქალებში, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაუარესდეს.