
იმპოტენცია, იგივე სქესობრივი უძლურება, რომელსაც ხშირად სექსუალურ დისფუნქციასაც უწოდებენ — არის მდგომარეობა კაცებში, როდესაც შეუძლებელია ერექციის მიღწევა ან მისი იმ დონეზე შენარჩუნება, რომ კოიტუსი, სქესობრივი აქტი განხორციელდეს.
იმპოტენცია ქალებში, იგივე ქალის სექსუალური დისფუნქცია, ნაკლებად ეხება ერექციის ფიზიკურ ასპექტს და უფრო მეტად გამოიხატება სექსუალური ლტოლვის შემცირებაში, სექსუალური აღგზნების ან ორგაზმის მიღწევის უუნარობაში.
რა იწვევს იმპოტენციას?
იმპოტენცია კაცებში შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის ფსიქოგენური, ნეიროგენული, სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ორგანული.
ფსიქოგენური, იგივე ფსიქოლოგიური იმპოტენცია ხშირად იჩენს თავს სქესობრივი აქტის დროს თავდაჯერებულობის ნაკლებობისას ან გონებრივი და ფიზიკური გადაღლისას. გარდა ამისა, ის შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, სტრესითა და დეპრესიით.
იმპოტენციას იწვევს ასევე ნეიროგენული პრობლემები: პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები.
სისხლძარღვოვან პრობლემებს შორის კი, რომლებმაც შესაძლოა სექსუალური დისფუნქცია გამოიწვიოს, ვხვდებით: მიკროცირკულაციის დარღვევას სასქესო ორგანოში, სასქესო ორგანოს სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანებას და ვენურ დრენაჟს. იმპოტენციის მიზეზი ხშირად ხდება მაღალი არტერიული წნევაც.
იმპოტენციის განვითარების რისკის შემცველი ენდოკრინული პრობლემებიდან საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, პროლაქტინომა (ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე), ასევე ტესტოსტერონის დაბალი დონე.
რაც შეეხება ორგანულ პრობლემებს, სქესობრივი უძლურების მიზეზი შეიძლება გახდეს, უროლოგიური დაავადებები: პეირონის დაავადება (ფიბროზული ნაწიბურის განვითარება პენისში), ქრონიკული მენჯის ტკივილის სინდრომი, ფიმოზი (პენისის ჩუჩის შევიწროება) და პროსტატიტი (მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთება).
ქალის სექსუალური დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსით, მაგალითად დაბალი ესტროგენით მენოპაუზის შემდეგ. მისი განვითარების რისკფაქტორია ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები - სტრესი და შფოთვა, ფიზიკური პრობლემები ან ურთიერთობაში არსებული სირთულეები.
ქალებში, ისევე როგორც კაცებში, იმპოტენციაზე შეიძლება გავლენა იქონიოს გარკვეული მედიკამენტების მიღებამ. სექსუალური დისფუნქცია, კაცების მსგავსად ქალებშიც შეიძლება წარმოიშვას სამედიცინო მდგომარეობით, მაგალითად, როგორიცაა დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
ბევრი ფიქრობს, რომ ხშირი მასტურბაცია იმპოტენციას იწვევს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დადგენილია, რომ ის არ ახდენს უარყოფით გავლენას კაცებში ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უნარზე.
როგორ ხდება იმპოტენციის დიაგნოსტიკა
იმის დასადგენად, რომ საქმე იმპოტენციასთან გვაქვს, რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორისაა სასქესო ორგანოს ექოსკოპია, რათა ცვლილებების გამოვლენით სწორი დიაგნოზი დაისვას.
გარდა ამისა, იმპოტენციის დიაგნოზის დასმა ლაბორატორიულ ანალიზებსაც მოითხოვს. მათ შორის სისხლის ტესტით შეიძლება გამოვლინდეს ტესტოსტერონის დაბალი დონე, დიაბეტი ან გულის დაავადება, რომლებიც ხშირად სექსუალური დისფუნქციის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს. შარდის ტესტში კი დიაბეტის ნიშნებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოვლენაა შესაძლებელი, რომლებიც იმპოტენციას იწვევს.
იმპოტენციის დიაგნოსტიკის დროს მიმართავენ ენდოკრინოლოგიურ კვლევებსაც. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ესენი კი იმპოტენციის გამომწვევ მიზეზებს შორისაა.
ამასთან, იმპოტენციის დასადგენად პაციენტს კვლევებს ნევროლოგიური დაავადებების გამოსავლენადაც უტარებენ.
კვლევების შედეგების შეფასებით სპეციალისტი ზუსტი დიაგნოზის დასმასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას შეძლებს.
როგორ მკურნალობენ იმპოტენციას?
მკურნალობის მეთოდი იმის მიხედვით არის შერჩეული, თუ რით არის გამოწვეული იმპოტენცია. შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრას ხელი შეიძლება შეუწყოს ფიზიკურმა აქტივობამ, ალკოჰოლისა და ნიკოტინის შემცირებამ, ჯანსაღმა კვებამ. შედეგად, სისხლის მიმოქცევა და, ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, რაც იმპოტენციის სიმპტოემებს შეამცირებს.
ამასთან ერთად, იმპოტენციის სამკურნალოდ იყენებენ მედიკამენტებსაც. მაგალითად, PSP-ის აფთიაქებში ფინური წარმოების მენემაქსის ტაბლეტებია ხელმისაწვდომი. პრეპარატი ერექციულ დისფუნქციასა და ლიბიდოს დაქვეითებას ებრძვის.
თუ იმპოტენცია დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, როგორიცაა სტრესი, შფოთვა ან დეპრესია, კონსულტაცია ან კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია (CBT) შეიძლება ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ.
იმ შემთხვევაში, თუ მიზეზი დაბალი ტესტოსტერონია შეიძლება დაინიშნოს ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (HRT).
მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია დარტყმით-ტალღოვანი თერაპია, რომლის დროსაც, სპეციალური აპარატის დახმარებით წარმოიქმნება შოკ-ტალღები, რომლებიც სასქესო ორგანოს განახლებული სისხლძარღვოვანი სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ეს უკანასკნელი ასრულებს მთავარ როლს ერექციის მიღწევაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account