ოსტეოჰარდი - საკვები დანამატი კალციუმისა და ვიტამინ D3 - ის დეფიციტის შესავსებად

ოსტეოჰარდი არის კომბინირებული მედიკამენტი და საკვები დანამატი, რომელიც გამოიყენება მენოპაუზის შემდგომ პერიოდში და ხანდაზმულთა ოსტეოპოროზის და მათი გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია) პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიისთვის.

გარდა ამისა, მედიკამენტი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმასა და კუნთებში) და ახერხებს კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის შევსებას.

რისგან შედგება ოსტეოჰარდი?

ოსტეოჰარდის 1 ტაბლეტი შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს - კალციუმი (600 მგ), ქოლეკალციფეროლი, ვიტამინი D3 (5 მკგ), თუთია (10 მგ) და ფიტომენადიონი, ვიტამინი K1 (50 მკ).

მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი კალციუმი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. ამასთან, იგი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში, წარმოადგენს სისხლის შემადედებელი სისტემის კომპონენტს

რაც შეეხება ვიტამინ D3-ს, იგი აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან აქტიური, ვიტამინ დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით

მედიკამენტის შედგენილობაში შემავალი კიდევ ერთი კომპონენტი, თუთია არეგულირებს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. ახდენს სასქესო ჰორმონების სინთეზის რეგულაციას, სპერმატოზოიდების მომწიფებასა და დნმ-ის მოლეკულის სტაბილიზირებას. თუთია ამცირებს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის მოცილების რისკს

ვიტამინი K კი მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. წარმოადგენს სისხლის შემადედებელი სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

ოსტეოჰარდის ანოტაცია - გამოყენების წესი და დოზირება

ოსტეოჰარდი გამოიყენება განსხვავებული დოზებით დაავადებების სპეციფიკისა და იმის მიხედვით, პროფილაქტიკისთვისაა გამიზნული მისი გამოყენება თუ მკურნალობისთვის. კერძოდ:

  • ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა  – 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში;
  • ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში;
  • კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა:
  • მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით – 2 ტაბლეტი დღის განმავლობაში;
  • ბავშვები 6 წლიდან 12 წლამდე – 1 ტაბლეტი დღის განმავლობაში; 
  • ბავშვები 2 წლიდან 6 წლამდე – 1/2 ტაბლეტი დღის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ტაბლეტები უნდა მიიღოთ ჭამის დროს.

მედიკამენტის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: ანორექსია, წყურვილი, პოლიურია, მადის დაქვეითება, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

შეიძლება თუ არა ოსტეოჰარდის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გასათვალისწინებელია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კალციუმის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ-, D3 ვიტამინის დოზა კი - 10 მკგ-. შესაბამისად, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას სხვა წყაროებიდან მიღებული კალციუმისა და ვიტამინი D3-ის რაოდენობა, როგორც ბავშვის ასევე დედის ორგანიზმში.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გამოყენებისას და რა უკუჩვენებები აქვს მას?

სხვა მედიკამენტების მსგავსად ოსტეოჰარდის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს გვერდითი მოვლენები. კერძოდ,

  • ალერგიული რეაქციები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში);
  • ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის შემცველობის მომატება).

მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე:

  • ჰიპერკალციემია;
  • ჰიპერკალციურია;
  • ნეფროლითიაზი;
  • ვიტამინ D3-ის ჰიპერვიტამინოზი;
  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

შენახვის პირობები და ვარგისიანობა

მედიკამენტი ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. რაც შეეხება ოსტეოჰარდის ვარგისიანობას, მოქმედების ვადა მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. გაითვალისწინეთ, რომ არ გამოიყენოთ მედიკამენტი შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატი განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, შესაბამისად, მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.