ნალგეზინი — ყოველთვის, როცა გტკივა


ტკივილი, ანთება და ცხელება — ის ნიშნებია, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის გამაფრთხილებელ სიგნალებად უნდა აღვიქვათ.

 

ხსენებული სიმპტომები დამახასიათებელია სხვადასხვა დაავადებისთვის — საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების,რევმატოლოგიური და  ნევროლოგიური პრობლემების, თუ ინფექციური დაავადებებისთვის. ყველა მათგანი საჭიროებს დროულ და ეფექტურ მკურნალობას. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

 

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მწვავე ტკივილისა და ანთების დროული მკურნალობა? 

 

არანამკურნალები მწვავე ტკივილი და ანთება არა მხოლოდ აუარესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ იწვევს დაავადების გაქრონიკულებას, ორგანიზმის დასუსტებას და იმუნური სისტემის დაქვეითებას. ეს კი, თავის მხრივ, ზრდის სხვა დაავადებების განვითარების რისკს.სწორედ ამიტომ, ტკივილის დროული მკურნალობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

მეორე მხრივ, ტკივილისა და ანთების დროულად მართვა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს, როდესაც არასრულფასოვანი და დაგვიანებული მკურნალობა იწვევს ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვას.

 

 

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: ტკივილისა და ანთების დროული მოხსნა პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. არანამკურნალები მწვავე ტკივილი გადაიზრდება ქრონიკულ ტკივილში, რომელსაც ხშირად ერთვის დეპრესია და შფოთვა, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ქრონიკულ ტკივილს და იკვრება მანკიერი წრე, რომლიდან თავის დაღწეევა ორმაგად ძნელია.

 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი ეფექტური და დაბალანსებული უსაფრთხოების მქონე პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ნალგეზინი და ნალგეზინი ფორტე. ეს მედიკამენტები წარმოადგენს ისეთი პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტას როგორიცაა: ტკივილი, ანთება და მაღალი ტემპერატურა.

როგორ მუშაობს ნალგეზინი და ნალგეზინი ფორტე?

ნალგეზინი და ნალგეზინი ფორტეს მთავარი მოქმედი ნივთიერებაა ნაპროქსენი. ნალგეზინი და ნალგეზინი ფორტე ბლოკავს ორგანიზმში არსებულ გარკვეულ ნივთიერებებს (ე.წ.ციკლოოქსიგენაზებს), რომლებიც იწვევენ ტკივილს, ანთებასა და ცხელებას. 

რატომ არის ნალგეზინი ეფექტური პრეპარატი? 

  1. სწრაფი მოქმედება:ნალგეზინის და  ნალგეზინ ფორტეს  ტაბლეტები სწრაფად იხსნება და შეიწოვება ორგანიზმში და მოქმედებას იწყებს 15 წუთში. შესაბამისად, წამლის მიღების შემდეგ, მალე იგრძნობთ ტკივილის გაყუჩებას;
  2. ხანგრძლივი ეფექტი:ნალგეზინი და ნალგეზინ ფორტე ორგანიზმში დაახლოებით 12-15 საათის განმავლობაში რჩება და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტკივილის ხანგრძლივ გაყუჩებას და ძირითადად მიიღება დღეში მხოლოდ 2-ჯერ;
  3. მაღალი ეფექტურობა:ნალგეზინის და ნალგეზინ ფორტეს ეფექტურობა დადასტურებულია არაერთი კლინიკური კვლევით და დიდი პრაქტიკული გამოცდილებით.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია  ექიმთან. ნაპროქსენი (ისევე, როგორც ამ ჯგუფის - ე.წ.არასტეროიდების  სხვა მედიკამენტები) ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა ორგანიზმიდან. ამიტომ, თირკმლის პრობლემების დროს, შეიძლება საჭირო გახდეს დო ზის კორექტირება.

რა უნდა გაითვალისწინოთ მედიკამენტის მიღებამდე 

ნალგეზინი და ნალგეზინი ფორტე გაიცემა ურეცეპტოდ. მიიღება ყოველთვის ჭამის შემდეგ და მიღებისას გასათვალისწინებელია მედიკამენტის უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები.

 

ნალგეზინის მიღება არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ნაპროქსენზე, ასპირინნზე, ან მსგავს მედიკამენტებზე. ასევე, თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,რომელიც არ არის მართული, ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობა, კუჭის და ნაწლავების წყლული, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ნალგეზინი არ მიიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გარდა ამისა, არსებობს მდგომარეობები, როდესაც ნაპროქსენის მიღება შესაძლებელია, მაგრამ სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით.  მაგ: თუ გაქვთ გულის, სისხლძარღვების ან თირკმლების პრობლემები, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ხანდაზმული ასაკი და სხვა.

 

სიფრთხილე და ექიმის რეკომენდაციები საჭიროა სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას (იხ.ქვემოთ).

ნალგეზინის მიღების წესი:

დოზირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით იღებთ ნალგეზინს. ზოგადად, ტკვილის გაყუჩება ნალგეზინის ძირითადი ფუნქციაა. სუსტი ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორც წესი, ნალგეზინი 275მგ საკმარისია და მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში. საშუალო და უფრო ძლიერი ტკივილის დროს რეკომენდებულია ნალგეზინი ფორტე 550მგ. 1-2- ტაბლეტი დღეში (550მგ.-1100მგ. დღეში). ექიმის რეკომენდაციით მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე დღეში.

 

სიცხის დასაწევად, ჩვეულებრივ, იწყებენ ერთი ტაბლეტით (ნალგეზინი ფორტე 550მგ.), შემდეგ კი აგრძელებენ ნახევარი ტაბლეტი ნალგეზინი ფორტეთი, ან 1 ტაბ. ნალგეზინით (275მგ) ყოველ 8-12 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ.

 

შაკიკის პრევენციისთვის რეკომენდებულია ერთი ტაბლეტი (550მგ ნალგეზინი ფორტე) დღეში ორჯერ, ხოლო შეტევის დაწყებისას — ერთნახევარი ტაბლეტი (825მგ.), საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნახევარი ან ერთი ტაბლეტი (275მგ.-550მგ.) 30 წუთის შემდეგ.

 

მენსტრუალური ტკივილების და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დროს, ჩვეულებრივ, იწყებენ ერთი ტაბლეტით (550მგ.), შემდეგ კი აგრძელებენ ნახევარი ტაბლეტით (275მგ.) ყოველ 8-12 საათში, საჭიროებისამებრ.

 

პოდაგრის მწვავე შეტევისას საწყისი დოზაა ერთნახევარი ტაბლეტი (825მგ.), შემდეგ ერთი ტაბლეტი 8 საათში, ხოლო შემდგომ — ნახევარი ტაბლეტი (275მგ.) ყოველ 8 საათში, შეტევის მოხსნამდე.

 

რევმატული დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა ოსტეოართრიტი, სპონდილოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი დოზირება განსხვავებულია და დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე. შეიძლება დაინიშნოს 1-დან 3 ტაბლეტამდე დღეში.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ მკურნალობა დანიშნულია ექიმის მიერ, დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა, ან დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 

ნალგეზინი შესაძლო გვერდითი ეფექტები 

მიუხედავად იმისა, რომ ნალგეზინს აქვს დაბალანსებული უსაფრთხოების პროფილი, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, მასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ეფექტები არ ვლინდება ყველა პაციენტში და ალბათობა იზრდება მაღალი დოზების გამოყენებისას (მაღალ დოზად ითვლება 1650მგ., ანუ 3 ტაბლეტზე მეტი დღეში).

 

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები საჭმლის მომნელებელ სისტემასთანაა დაკავშირებული. ესენია მუცლის ტკივილი, გულისრევა, ფაღარათი ან ყაბზობა. ზოგჯერ ვითარდება უფრო სერიოზული პრობლემები, როგორიცაა კუჭის ან ნაწლავის წყლული ან სისხლდენა. 

 

ნერვული სისტემის მხრივ არის შანსი, რომ გამოვლინდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ძილის პრობლემები. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს დეპრესია ან კონცენტრაციის პრობლემები.

კანის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს ქავილი, გამონაყარი ან ჭარბი ოფლიანობა. იშვიათ შემთხვევებში ვითარდება უფრო სერიოზული ალერგიული რეაქციები.

 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პოტენციური გვერდითი ეფექტია: შეშუპება, ქოშინი ან გულისცემის დარღვევები. თირკმლების მხრივ კი სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის შემადგენლობის ცვლილებები, სმენის ან მხედველობის პრობლემები, ან სასუნთქი სისტემის დარღვევები.

განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა მუცლის ძლიერი ტკივილი, შავი განავალი, სისხლიანი ღებინება, ან ძლიერი ალერგიული რეაქცია.

ნალგეზინის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან 

ნალგეზინის მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის ურთიერთქმედებას სხვა მედიკამენტებთან. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც პაციენტებისთვის, ისე ექიმებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები. პირველ რიგში, ნაპროქსენმა შეიძლება იმოქმედოს სისხლის შედედების პროცესზე. ამიტომ, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებლებს), აუცილებლია ამის გათვალისწინება. ასევე, არ არის რეკომენდებული ნალგეზინის მიღება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად, რადგან ეს ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნალგეზინის ურთიერთქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედ წამლებთან. მაგალითად, მან შეიძლება შეასუსტოს ზოგიერთი წნევის დამწევი წამლის ეფექტი, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები. ასევე, შეიძლება გაზარდოს თირკმლის პრობლემების რისკი აგფ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.

ნაპროქსენი ასევე მოქმედებს ზოგიერთი შარდმდენის ეფექტურობაზე, მაგალითად, ფუროსემიდზე. მან შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში, რაც საჭიროებს ფრთხილ მონიტორინგს.

თუ იღებთ მეტოტრექსატს, ფენიტოინს ან სულფანილამიდებს, უნდა იცოდეთ, რომ ნაპროქსენი შეიძლება ანელებდეს მათ გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც ზრდის მათი ტოქსიკურობის რისკს.

ბოლოს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კუჭის წამლები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს, შეიძლება ამცირებდნენ ნალგეზინის შეწოვას.