მეტყველების დარღვევა — მისი ფორმები და თერაპია

მეტყველება ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური გზაა სხვებთან ურთიერთობისთვის. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, მეტყველების დარღვევა ქმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც გავლენას ახდენს ყველაფერზე, პირადი ურთიერთობებიდან პროფესიულ შესაძლებლობებამდე.

მეტყველების დარღვევები მოიცავს უამრავ შრეს და მიმართულებას, რაც ართულებს ვერბალურ კომუნიკაციას. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ყველა ასაკის ადამიანზე. ამ აშლილობების გაგება აუცილებელია არა მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისათვის, არამედ საზოგადოებაში ინკლუზიის გასაძლიერებლადაც.

მეტყველების დარღვევების ნაწილი წარმოიქმნება ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა სასის ნაპრალი ან ნევროლოგიური პრობლემები, ზოგი კი განვითარების გამოწვევებისგან ან ტრავმისგან.

ეს პრობლემა ყველანაირ ასაკობრივ კატეგორიაში ვლინდება. თუმცა, არის მცირედი განსხვავებები. 

მეტყველების დარღვევა ბავშვებში შეიძლება იყოს როგორც გარემო ფაქტორებით გამოწვეული (მაგალითად, სტრესი, ტრავმა), ისე გენეტიკური ანომალიებით, ტვინის ტრავმით ან ინფექციითა თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, პატარას პრობლემის დიაგნოსტირება თავის დროზე მოხდეს და თერაპიაც დროულად დაიწყოს. 

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის განვითარებასა და ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ასაკობრივად სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამოვლენა. მაგალითად, 12 თვის ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს თავისებურად საუბარს და ბგერებს წარმოთქვამდეს, 18 თვისამ იცოდეს რამდენიმე დასახელების საგანი და ამბობდეს რამდენიმე სიტყვას, 20 თვისა ცნობდეს სხეულის ნაწილებს, იცოდეს 20-ზე მეტი სიტყვა. 

მეტყველების დარღვევა დიდებშიც ვითარდება - ეს შემთხვევების უმრავლესობაში გარემოს ფაქტორების ზემოქმედებით, სტრესით, გადატანილი დაავადებებითაა გამოწვეული.

მეტყველების დარღვევის ფორმები

მეტყველების დეფექტი შეიძლება დაიყოს ორი ძირითად კატეგორიად. პირველი - საუბრის დარღვევა, როცა პრობლემური არის როგორ წარმოთქვამს ადამიანი სიტყვებს, ბგერებს. ხოლო მეორე ძირითადი კატეგორია არის ენობრივი - როცა ადამიანს აქვს გაგების, გამოხატვისა და სოციალურ კონტექსტში ლექსიკის სწორად გამოყენების დარღვევა.

თავის მხრივ, ეს ორი კატეგორიაც იყოფა სხვადასხვა ტიპის დარღვევებად. მაგალითად, საუბრის დარღვევები შეიძლება იყოს შემდეგ ტიპებად დაყოფილი:

  • არტიკულაციური დარღვევები - გულისხმობს გარკვეული ბგერების სწორად გამომუშავების სირთულეს, რაც იწვევს მეტყველებისად მათ ჩანაცვლებას, გამოტოვებას ან დამახინჯებას. მაგალითად, შ-ს ნაცვლად ს-ს წარმოთქმა, ჭ-ს ნაცვლად ტ და ა.შ.
  • ენის ბორძიკი - როცა ირღვევა მეტყველების ბუნებრივი დინება და რიტმი, რაც იწვევს ბგერევის ან სიტყვების გამეორებას, არასტაბილურ მეტყველებასა და გახანგრძლივებულ პაუზებს.
  • ფონოლოგიური დარღვევები - მოიცავს ბგერების არასწორი წარმოთქმის პრბლემების, როგორიცაა ბგერების ჩანაცვლება მიმსგავსებულით, ან უფრო მარტივად წარმოსათქმელით. არტიკულაციის დარღვევებისგან განსხვავებით, ეს შეცდომები ხშირად დაკავშირებულია კოგნიტურ ან ლინგვისტურ საკითხებთან და არა ფიზიკურად წარმოთქმის სირთულესთან. მაგალითად, „ტატა" - „კატას" ნაცვლად. 
  • დიზართრია - არის მოტორული დარღვევა, რომელიც გამოწვეულია პირის ღრუს, სახის ან სასუნთქი სისტემის კუნთების სისუსტით, რაც იწვევს დაბნეულ ან ნელ მეტყველებას. ხშირად გამოწვეულია ნევროლოგიური პირობებით, როგორიცაა ინსულტი, პარკინსონის დაავადება, ცერებრალური დამბლა ან გაფანტული სკლეროზი.
  • მეტყველების აპრაქსია  - არის მოტორული მეტყველების დარღვევა, როდესაც ტვინი თითქოს ებრძვის მეტყველებისთვის საჭირო კუნთების კოორდინაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიტყვებისა და ბგერების ფორმირების სირთულე. ხშირად გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც უჭირთ ბგერების, მარცვლების და სიტყვების წარმოთქმა.
  • აფაზია - აშლილობა, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანების შედეგად, ხშირად ინსულტის გამო, რომელიც გავლენას ახდენს გაგების ან სიტყვათა ფორმულირების უნარზე.
  • შერჩევითი მუტიზმი - შფოთვასთან დაკავშირებული მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს, ხშირად ბავშვს, არ შეუძლია ისაუბროს კონკრეტულ სოციალურ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ნორმალურად ისაუბროს სხვების თანდასწრებით. ჩვეულებრივ გვხვდება ისეთ სოციალურუად დატვირთულ ადგილებში, როგორიცაა სკოლა, სადაც ბავშვმა შეიძლება იგრძნოს სტრესი ან შფოთვა.
  • სუნთქვის დარღვევა საუბრის დროს - მეტყველების პრობლემა, როცა ინდივიდს, მათ შორის, ბავშვსაც, საუბრისას ხმა ეხლიჩება, ტემბრს ვერ აკონტროლებს, საუბრისას სუნთქვის უკმარისობის ნიშნები აქვს და ჟღერადობაც დარღვეულია. 

რა ტიპის ენობრივი დარღვევები არსებობს? 

რაც შეეხება ენობრივ დარღვევებს, ის სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: იმპრესიული, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების დარღვევა. 

იმპრესიული მეტყველების დარღვევა - არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს უჭირთ მათთვის სალაპარაკო ენის გაგება ან დამუშავება. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც სიტყვიერ, ასევე წერილობით კომუნიკაციაზე. ამ დროს ინდივიდს უჭირს ინსტრუქციების, განსაკუთრებით მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების შესრულება, რთული წინადადებების ან აბსტრაქტული ენის გაგება. ხშირად გვეჩვენება, თითქოს ადამიანი არ უსმენს, თუმცა პრობლემა არის გაგება და არა უყურადღებობა ამ დარღვევის მქონე ადამიანების მხრიდან.

ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - გულისხმობს აზრების, იდეების ან ემოციების ეფექტურად გადმოცემის სირთულეს. იმპრესიული აშლილობისგან განსხვავებით, ექსპრესიული ენის აშლილობის მქონე პირებს ხშირად შეუძლიათ გაიგონ, რას ამბობენ სხვები, მაგრამ უჭირთ სწორი რეაგირების მოხდენა ან საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვა.  დარღვევის მახასიათებლებია, მაგალითად,  შეზღუდული ლექსიკა, სრული ან გრამატიკულად სწორი წინადადებების ფორმირების სირთულე,  სიტყვების გახსენების სირთულე და საუბრისას ხშირად ისეთი ბგერების გამოყენება, როგორიცაა "ამმმ", "ჰმმმ" და ა.შ.

რეცეპტული მეტყველების დარღვევა კი გულისხმობს, რომ ინდივიდს სოციალურ კონტექსტში ენის სათანადოდ გამოყენების სირთულე აქვს.

როგორ ადგენენ ან მკურნალობენ მეტყველების დარღვევას

იმისთვის, რომ მეტყველების პრობლემებისთვის შესაბამისი თერაპია შეირჩეს, პირველ რიგში, საჭიროა, სწორი დიაგნოზის დასმა - უნდა დადგინდეს, პრობლემა წარმოშობილია ფიზიკური პრობლემებით (კუნთების, თავის ტვინის, გადატანილი დაავადებების გამო) თუ არის სტრესთან და ემოციურ ფონთან დაკავშირებული.

შესაბამისი სპეციალისტები დარღვევის დასადგენად, პირველ რიგში, ფიზიკურ დათვალიერებას ამჯობინებენ. ბავშვების შემთხვევაში პედიატრმა, შესაძლოა, განვითარების დასადგენი ტესტებიც გამოიყენოს. როგორც წესი, ოჯახის ექიმებიცა და პედიატრებიც პირველადი გამოკვლევების შემდეგ გირჩევენ, რომ ლოგოპედს ან მეტყველების დარღვევების სხვა სპეციალისტს მიმართოთ.

მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, რა პრობლემას დაინახავს სპეციალისტი. შესაძლოა, მეტყველების გასაუმჯობესებელი თერაპია დაგჭირდეთ, რათა კონკრეტული ბგერების წარმოთქმა გააუმჯობესოთ. არ არის გამორიცხული, დაგინიშნონ ფსიქოტერაპიაც, ან სუნთქვითი ვარჯიშები.

ცხადია, ყველა ინდივიდი განსხვავებულია და თუნდაც ერთი და იმავე პრობლემის არსებობის დროს ერთმა შეიძლება გადალახოს დაბრკოლება, მეორემ კი - ვერ. ზოგადად, შესაბამისი და სწორი თერაპია ნამდვილად არის გზა, გააუმჯობესოთ მეტყველება და დაძლიოთ პრობლემები, გამოასწოროთ დარღვევები.

თუმცა, ვერცერთი სპეციალისტი ვერ გირჩევთ, რა შეიძლება გააკეთოთ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა, მოგცენ რჩევები, მაგალითად, როგორ მართოთ სუნთქვა და, შესაბამისად, თქვენი ხმა იმ შემთხვევებში, როცა განსაკუთრებულ სტრესს განიცდით. 

არსებობს მრავალი დარღვევა და რთულია იმაზე საუბარი, რომელი მათგანი როგორ განიკურნება. მაგალითად, ბავშვობაში არსებული პრობლემები ზრდასთან ერთად შეიძლება მოგვარდეს. თუკი მეტყველების დარღვევა ჯანმრთელობის პრობლემამ გამოიწვია, სავარაუდოდ, გამოჯანმრთელებასთან ერთად ეს საკითხიც მოგვარდება. თუმცა, არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როცა ადამიანს მეტყველების დარღვევის გამოსასწორებლად საკმაოდ დიდი ხანი და თერაპიის გრძელი გზა სჭირდება.

მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანების ყოველდღიურობაზე ეს პრობლემა დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, არის ნაბიჯები, რომლებიც ამ ყოველდღიურობას ამსუბუქებს. მაგალითად, შეგიძლიათ მოძებნოთ ამავე პრობლემების მქონე ადამიანთა ჯგუფები და მათთან კომუნიკაციით გაიმარტივოთ გამოცდილებაც - თქვენ იგრძნობთ, რომ მარტო არ ხართ და მხარდამჭერები თქვენივე საზოგადოებაშიც გყავთ. ამავდროულად, იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზეც - ეს დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერ თერაპიაში. თანაც, მეტყველების პრობლემები ხშირადაა დაკავშირებული შფოთვასა და დეპრესიასთან - ამ ყველაფერთან გამკლავებაში კი ფსიქოლოგი დიდ დახმარებას გაგიწევთ.