
ადამიანის ორგანიზმს მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს გარკვეულ ბაქტერიებთან და ინფექციებთან ბრძოლა. როდესაც მავნე ბაქტერიები ჩვენს სხეულში ხვდებიან, სათანადო მკურნალობაა საჭირო, რათა რიგი დაავადებები ავიცილოთ თავიდან — იქნება ეს მსუბუქად მიმდინარე გართულებები თუ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები.
ამიტომაც, მედიცინის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას წარმოადგენს ისეთი პრეპარატების არსებობა, რომლებიც ამ „ბრძოლაში“ გვეხმარება.
ასეთ მედიკამენტებს შორისაა მეტრონიდაზოლი. ის წარმოადგენს ანტიბიოტიკსა და ანტიპარაზიტულ საშუალებას, რომელიც სხვადასხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.
სახელწოდება მის ძირითად მოქმედ ნივთიერებას უკავშირდება — სწორედ ქიმიური ნაერთი მეტრონიდაზოლია პასუხისმგებელი პრეპარატის ანტიბაქტერიულ და ანტიპარაზიტულ მოქმედებაზე.
როგორია მეტრონიდაზოლის მოქმედების მექანიზმი?
მეტრონიდაზოლის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მის უნარს, ზიანი მიაყენოს მიკროორგანიზმების დნმ-ს, რის შედეგადაც ისინი ვეღარ მრავლდებიან.
უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მეტრონიდაზოლი თავისთავად არ არის აქტიური — ის მხოლოდ ანაერობულ პირობებში აქტიურდება. და როცა პრეპარატი ანაერობულ მიკროორგანიზმებში ან პარაზიტებში აღწევს, პრეპარატი ხვდება მიკროორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ფერმენტებს (ფერედოქსინებს).
შემდეგ მეტრონინაზოლი მიკროორგანიზმების დნმ-ის ჯაჭვების დაშლას იწყებს, რაც საბოლოოდ მათ განადგურებას იწვევს. შედეგად, ანაერობული ბაქტერიები და პარაზიტები ვერ ახერხებს ზრდასა და გამრავლებას. საბოლოოდ, ასე კონტროლდება ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ინფექცია.
საგულისხმოა, რომ მეტრონიდაზოლის ეს მექანიზმი ეფექტიანად მოქმედებს როგორც ანაერობულ ბაქტერიებზე, ისე გარკვეულ პარაზიტებზე (მათ შორის Giardia lamblia და Entamoeba histolytica) რაც მას ფართოდ გამოყენებადს ხდის სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ.
რა ჩვენებების დროს ინიშნება მეტრონიდაზოლი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტრონიდაზოლი გამოიყენება სხვადასხვა ინფექციის დროს, რომლებიც ანაერობული ბაქტერიებითა და ზოგიერთი პროტოზოათია გამოწვეული. თუმცა აქვე განვიხილავთ ძირითად ჩვენებს:
- ტრიქომონიაზი — ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც Trichomonas vaginalis იწვევს. ხოლო მეტრონიდაზოლი გამოიყენება როგორც მის სამკურნალოდ, ისე პრევენციისთვის. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა ერთდროულად ჩაიტარონ მკურნალობის კურსი;
- ბაქტერიული ვაგინოზი — იგივე ვაგინალური ინფექცია, რომელიც ბაქტერიების ბალანსის დარღვევითაა გამოწვეული. ამ დროს პაციენტს აღენიშნება დიდი რაოდენობით გამონადენი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს;
- ამებიაზი — ამ პარაზიტულ ინფექციას Entamoeba histolytica იწვევს, რასაც თან სდევს დიარეა, მუცლის ტკივილი და ღვიძლის აბსცესი;
- გიარდიაზი — პროტოზოას მიერ გამოწვეული ინფექცია, რომელიც იწვევს ნაწლავურ დარღვევებს, დიარეასა და მუცლის ტკივილს. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ვრცელდება დაბინძურებული წყლით;
- ლამბლიოზი — ის გამოწვეულია Giardia lamblia პარაზიტით, რომელიც აზიანებს ნაწლავის სისტემას და იწვევს დიარეას, მუცლის ტკივილს და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებს;
- კლოსტრიდიუმ ინფექციები — მათ შორის Clostridium difficile-ით გამოწვეული დიარეა, რომელიც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ;
- ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები — მაგალითად, პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი, მუცლის ინფექციები, ფილტვებისა და ღვიძლის აბსცესი;
- ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა — მეტრონიდაზოლი ხშირად გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიული ჩარევების შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციები. ეფექტიანია განსაკუთრებით პოსტოპერაციული ანაერობული ინფექციების პრევენციისთვის.
- პეპტიკური წყლულის მკურნალობა — გამოიყენება Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია პეპტიკურ წყლულებთან. უბრალოდ, ასეთ დროს მეტრონიდაზოლი უმეტესად სხვა ანტიბიოტიკებთან ან ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ინიშნება;
- ოსტეომიელიტი — ძვლის ინფექცია, რომლის დროსაც მეტრონიდაზოლი გამოიყენება ანაერობული ბაქტერიების საწინააღმდეგოდ;
- გინგივიტი და პირის ღრუს სხვა ინფექციები — პრეპარატი გამოიყენება ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული პირის ღრუს ინფექციების, მათ შორის მწვავე ნეკროზულ-შინდისფერი გინგივიტის (ANUG) სამკურნალოდ.
რა სახით იწარმოება მეტრონიდაზოლი?
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პრეპარატი სხვადასხვა ფორმით იწარმოება. ასე გაცილებით ადვილია მეტრონიდაზოლის ამა თუ იმ საჭიროებისთვის გამოყენება.
- მეტრონიდაზოლი ტაბლეტი
ეს არის პერორალური მიღებისთვის განკუთვნილი აბები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სამი სახის დოზითაა წარმოდგენილი: მეტრონიდაზოლი 250 მგ, მეტრონიდაზოლი 500 მგ და მეტრონიდაზოლი 750 მგ.
- მეტრონიდაზოლი კაფსულა
ცხადია, ეს ფორმაც პერორალური მიღებისთვისაა განკუთვნილი და ხშირად ტაბლეტების ალტერნატივას წარმოადგენს. უბრალოდ, დოზები ოდნავ განსხვავებულია — 250 მგ, 375 მგ და 500 მგ.
- ინიექცია
გამოიყენება ინტრავენური (IV) ინფუზიისთვის, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების შემთხვევაში ან პაციენტებისათვის, რომელთაც არ შეუძლიათ მედიკამენტის პერორალურად მიღება. ასეთ დროს მეტრონიდაზოლის გადასხმა საკმაოდ ეფექტიანია.
მეტრონიდაზოლის ამპულები ძირითადად იწარმოება შემდეგი დოზებით: 500 მგ/100 მლ (ამპულებში ან ინფუზიის ბოთლებში) და 1 გ/100 მლ.
- მეტრონიდაზოლი გელი
მედიკამენტის ამგვარი ფორმა განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის — მაგალითად, ვაგინალური გელი ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ ან გელი აკნეს წინააღმდეგ.
გელი ძირითადად იწარმოება 1% კონცენტრაციით. ეს ნიშნავს, რომ მისი ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ მეტრონიდაზოლს.
- მეტრონიდაზოლი სანთელი
ეს პრეპარატის ვაგინალური საშუალებაა, რომელიც ადგილობრივად ინიშნება — სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ან ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ.
მეტრონიდაზოლი ვაგინალური გამოყენებისთვის ორი დოზით იწარმოება: 500 და 750-მილიგრამიანი სანთლები.
- მეტრონიდაზოლი მალამო და მეტრონიდაზოლი კრემი
მეტრონიდაზოლი იწარმოება მალამოს ან კრემის სახითაც. ეს ფორმა გამოიყენება ადგილობრივად კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა როზაცეა, მცირე ან საშუალო ზომის კანის ინფექციები, ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ადგილობრივი ინფექციები.
გელის მსგავსად, მალამო ძირითადად იწარმოება 1% კონცენტრაციით. ეს ნიშნავს, რომ მისი ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ მეტრონიდაზოლს.
რაც შეეხება კრემს, ძირითადად გვხვდება 0.75% და 1% კონცენტრაციებით.
- მეტრონიდაზოლის სუსპენზია
სუსპენზია ხშირად გამოიყენება ბავშვების ან იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც არ შეუძლიათ ტაბლეტების თუ კაფსულების მიღება.
მეტრონიდაზოლის სუსპენზია ძირითადად იწარმოება შემდეგი კონცენტრაციით: 25 მგ/მლ — თითოეულ მილილიტრში 25 მგ მეტრონიდაზოლია მოცემული.
მეტრონიდაზოლის მიღების წესი და დოზირება
რა თქმა უნდა, მეტრონიდაზოლის მიღების წესი და დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, პაციენტის ასაკზე, წონაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პრეპარატის ფორმაზე (ტაბლეტები, სუსპენზია, ინიექციები და ა. შ.).
თუმცა ქვემოთ გაგიზიარებთ მეტრონიდაზოლის დოზირების ზოგად რეკომენდაციებს — უბრალოდ, გაითვალისწინეთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ნებისმიერ შემთხვევაში მისი დანიშნულებით მკურნალობა.
ამასთან, იმ ჩვენებების მკურნალობისას რომელთა შესახებაც მეტრონიდაზოლის ანოტაციაში შესაბამისი დოზები არაა მოცემული, უშუალოდ მკურნალი ექიმი მართავს პროცესს.
მეტრონიდაზოლი ტაბლეტი
ტრიხომონიაზი:
- ამ შემთხვევაში, ერთდროულად მიმდინარეობს ორივე სექსუალური პარტნიორის მკურნალობა. დოზირება კი ასეთია: პერორალურად 250 მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს, ჭამის დროს, 10 დღის განმავლობაში.
ამებიაზი:
- მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 750 მგ (3 ტაბლეტი 250 მგ) 3-ჯერ დღეში, 5-10 დღის განმავლობაში.
- ხოლო ბავშვებში: პერორალურად 35-50 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე დღე-ღამეში, 3-ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
ლიმბლიოზი:
- ამ დროს 2-დან 5 წლამდე ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 250 მგ 2-ჯერ დღეში (დღე-ღამის დოზა 250 მგ);
- 6-დან 10 წლამდე: 1/2 ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში (375 მგ დღე-ღამეში);
- ხოლო 10 წლის ზევით: 1 ტაბლეტი 250 მგ 2-ჯერ დღეში (500 მგ დღე-ღამეში). ჩვეულებრივ, პრეპარატს დილას და საღამოს იღებენ, 5-10 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 4-6 კვირის შემდეგ.
ანაერობული ინფექციები:
- მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად. უბრალოდ, მკურნალობის საშუალო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს;
- მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: 1-2 ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
- ახალშობილები და ბავშვები 12 წლამდე: 7.5 მგ/კგ სხეულის მასის წონაზე, 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა:
მუცლის ღრუში, გინეკოლოგიასა და მეანობაში ქირურგიული ოპერაციების წინ. პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ პრეპარატს, შემდეგი დოზირებით:
- მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: თავიდან 1 გ (4 ტაბლეტი 250 მგ) ერთჯერადი დოზით, შემდეგ თითო-თითო ტაბლეტი 250 მგ 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ოპერაციისწინა შიმშილობის მომენტამდე;
- ბავშვები 5-დან 12 წლამდე: 125 მგ, ყოველი 8 საათი 2 დღე-ღამის განმავლობაში.;
- ახალშობილები და ბავშვები 5 წლამდე: 5 მგ/კგ სხეულის მასისა, ყოველი 8 საათი, 2 დღე-ღამის განმავლობაში.
მეტრონიდაზოლი ამპულა
გაითვალისწინეთ, რომ მეტრონიდაზოლის საინიექციო საშუალება მხოლოდ ვენაში შეიყვანება, 5 მლ/წთ სიჩქარით.
ინფექციების პრე-და პოსტოპერაციული პროფილაქტიკა:
- მოზრდილებში ინიშნება 500 მგ უშუალოდ ოპერაციის წინ, თანაც პრეპარატის შეყვანა უნდა დასრულდეს ოპერაციამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. დამატებითი დოზა შეიყვანება 8 საათში ერთხელ;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთჯერადი დოზა 20-30 მგ/კგ;
- ახალშობილები გესტაციური ასაკით < 40 კვირა: 10 მგ/კგ ერთჯერადად ოპერაციის წინ.
ანაერობული ინფექციები:
- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ეფექტურობაზე — ჩვეულებრივ, საკმარისია შვიდდღიანი კურსი. მოზრდილებში ძირითადად ინიშნება 500 მგ 8 საათში ერთხელ;
- 8 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული დღიური დოზა – 20-30 მგ/კგ დღეში ერთხელ ან 7.5 მგ/გრ 8 საათში ერთხელ. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 40 მგ/კგ-მდე ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითადად შეადგენს 7 დღეს.
- < 8 კვირის ბავშვები: 15 მგ/კგ დღეში ერთხელ ან 7.5 მგ/გრ 12 საათში ერთხელ;
ბაქტერიული ვაგინოზი:
- მოზარდები: 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში ან 2000 მგ ერთჯერადად.
ტრიქომონიაზი:
- მოზრდილები და მოზარდები: 2000 მგ ერთჯერადად ან 200 მგ დღეში სამჯერ 7 დღის განმავლობაში ან 400 მგ დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
- < 10 წლამდე ასაკის ბავშვები: 40 მგ/კგ ერთჯერადად ან 15-30 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 2-3 დოზად 7 დღის განმავლობაში; დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2000 მგ-ს.
ლამბლიოზი:
- > 10 წლის პაციენტები: 2000 მგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 400 მგ დღეში სამჯერ 5 დღის განმავლობაში, ან 500 მგ დღეში ორჯერ 7-10 დღის განმავლობაში;
- 7-10 წლის ბავშვები: 1000 მგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში;
- 3-7 წლის ბავშვები: 600-800 მგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში;
- 1-3 წლის ბავშვები: 500 მგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
მეტრონიდაზოლის ვაგინალური სანთლები
მედიკამენტის ვაგინალური სანთლები ძირითადად ორი ჩვენებისთვის გამოიყენება:
- ჩვეულებრივ, ბაქტერიული ვაგინოზის დროს ინიშნება 500 მგ 1-ჯერ დღეში (საღამოს), 7 დღის განმავლობაში.
- ტრიქომონიაზის შემთხვევაში კი — 500 მგ 1-ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
მეტრონიდაზოლის მალამო, გელი და კრემი
თუკი პაციენტს როზაცეა აწუხებს, დაზიანებულ კანზე მცირე რაოდენობის მალამო/გელი/კრემი უნდა დაიტანოს დღეში 1-2-ჯერ. როგორც წესი, მკურნალობის კურსი 3-დან 4 კვირამდე გრძელდება, მაგრამ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, შეიძლება ხანგრძლივობა შეიცვალოს.
ხოლო ბაქტერიული ინფექციების დროს დაზიანებულ ადგილას დღეში 1-2-ჯერ უნდა წაისვას, 7-14 დღის განმავლობაში.
რა უნდა გავითვალისწინოთ მეტრონიდანაზოლის მიღებისას?
მეტრონიდაზოლის მიღებისას და მის შემდეგ 48 საათის განმავლობაში რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღების თავიდან არიდება. ასე გვერდითი მოვლენებისგან შეძლებთ თავის დაცვას. კერძოდ, ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გულისრევა, სიწითლე, ტაქიკარდია და სხვა სერიოზული სიმპტომები.
ასევე, არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმის გარეშე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გამწვავება ან პრეპარატის მიმართ მდგრადობის განვითარება.
დაბოლოს, დოზირების ზუსტი სქემა და მიღების ხანგრძლივობა ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად — გამომდინარე პაციენტის მდგომარეობიდან და ინფექციის კონკრეტული ტიპიდან.
უკუჩვენებები, რომელთა დროსაც მეტრონიდაზოლის მიღება არ შეიძლება
როგორც ყველა მედიკამენტს, მეტრონიდაზოლსაც აქვს გარკვეული უკუჩვენებები. მათი ცოდნა კი აუცილებელია, ვიდრე პაციენტი პრეპარატის მოხმარებას დაიწყებს:
- ალერგიული რეაქციები — მეტრონიდაზოლის მიმართ ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი და ანაფილაქსიური შოკი;
- ღვიძლის დაავადებები — ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების შემთხვევაში, მეტრონიდაზოლის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ის ღვიძლიდან გამოიყოფა. შესაძლოა, ექიმმა პერიოდულად შეცვალოს დოზა, ზოგადი მაჩვენებლების მიხედვით;
- ნევროლოგიური პრობლემები — პაციენტებისთვის, რომელთაც ნევროლოგიური დარღვევების მაღალი რისკი აქვთ (მაგალითად, ეპილეფსიის ისტორია ან კრუნჩხვები), მეტრონიდაზოლის მიღება რეკომენდებული არაა;
- ორსულობა — ორსულობის დროს მეტრონიდაზოლის გამოყენების გავლენა და უსაფრთხოება არ არის საკმარისად შესწავლილი. ამას ართულებს ის გარემოებაც, რომ სხვადასხვა გამოკვლევის მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. ამიტომაც, I ტრიმესტრის განმავლობაში მეტრონიდაზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების სამკურნალოდ — იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხო ალტერნატივა არ არსებობს. ხოლო II და III ტრიმესტრების დროს მეტრონიდაზოლის გამოიყენება მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.
- ლაქტაცია — მეტრონიდაზოლი დედის რძეში გადადის, რის გამოც მკურნალობის მსვლელობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ლაქტაციის განახლება შეიძლება თერაპიის შეწყვეტიდან სულ მცირე 2-3 დღის შემდეგ, ვინაიდან მეტრონიდაზოლს გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს.
რა გვერდითი ეფექტები აქვს მეტრონიდაზოლს?
მეტრონიდაზოლს, როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, გარკვეული გვერდითი ეფექტები აქვს. თითოეული მათგანი შეიძლება ინდივიდუალური იყოს სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში. ასევე, ეს დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე, მიღების ხანგრძლივობასა და ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციაზე.
საერთო გვერდითი ეფექტები:
- გულისრევა;
- გემოს ცვლილებები (მეტალის გემო პირში);
- მუცლის ტკივილი და დიარეა;
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
- პირის სიმშრალე;
- ენის სითეთრე ან სილურჯე.
სერიოზული გვერდითი ეფექტები:
- ნევროლოგიური რეაქციები — ტვინის ნერვების დაზიანება (ნევროპათია), რომელიც გამოიხატება სხეულის ნაწილების დაბუჟებაში ან ჩხვლეტის შეგრძნებებში. ასევე, კრუნჩხვები, მოძრაობის დარღვევა ან კოორდინაციის პრობლემა;
- ალერგიული რეაქციები — გამონაყარი, ქავილი, სიწითლე ან შესივება. ამასთან, შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია (სასიცოცხლოდ საშიში მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას);
- ჰემატოლოგიური რეაქციები — თრომბოციტების ან ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რომელიც შეიძლება გამოიხატოს სისხლდენაში ან ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობით);
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები — ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რაც იწვევს ღვიძლის ფერმენტების მომატებას სისხლში.
დამატებითი გვერდითი ეფექტები:
- ფოტოალერგიული რეაქციები — მზის სხივებთან კონტაქტის შემდეგ კანის სიწითლე ან დამწვრობის შეგრძნება;
- შარდის ფერის ცვლილება — შარდი შეიძლება გახდეს მუქი ან მოწითალო-ყავისფერი, რაც არ არის სახიფათო.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account