კალციქეა — კალციუმის ცვლის მარეგულირებელი მედიკამენტი

კალციქეას სუსპენზია არის სიროფი ფორთოხლის არომატით, რომელიც გამოიყენება კალციუმისა და D3-ის დეფიციტის, რაქიტის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. სიროფი ასევე გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების დროს.

კალციქეას სუსპენზიის გარდა არსებობს კალციქეას ტაბლეტები (Calcicare), რომელიც გამოიყენება იმავე ჩვენებების დროს.

რა ნივთიერებები შედის კალციქეას შედგენილობაში და რა მოქმედება ახასიათებთ მათ? 

კალციქეას 200 მლ-იანი სუსპენზიის შედგენილობაში შედის კალციუმი კარბონატი (500მგ), მაგნიუმი (150მგ), თუთია (4მგ) და ვიტამინი D3 (400სე).

კალციქეას 1 ტაბლეტის შედგენილობაში კი აღნიშნული ნივთიერებების წილი შემდეგნაირია: კალციუმი (400მგ), მაგნიუმი (100მგ), თუთია (4მგ), ვიტამინი D3 (200სე).

სიროფისა და ტაბლეტების შედგენილობაში შემავალი კალციუმი აუცილებელია ბავშვებისათვის, რათა ჰქონდეთ სრულყოფილი ძვლოვანი მასა, ხოლო ზრდასრულ ასაკში ეს მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში კალციუმის მიღება თავიდან აგაცილებთ ეკლამპსიასა და სისხლძარღვების გაფართოებას.

რაც შეეხება მაგნიუმს, მას აქვს მნიშვნელოვანი როლი კალციუმის მეტაბოლიზმში. როგორც წესი, კალციუმის შეწოვა უფრო მარტივად ხდება ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი ხდება.  

ადამიანის ზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ეტაპია უჯრედების დაყოფა. თუთიას აქვს მნიშვნელოვანი როლი უჯრედების დაყოფის და მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში. ასევე, იგი მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში. აღსანიშნავია ისიც, რომ ორსულობის დროს  თუთიის დეფიციტს უკავშირდება მრავალი გართულება.

სიროფის შედგენილობაში შემავალი კიდევ ერთი ნივთიერებაა ვიტამინი  D3, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს კალციუმის გამოყოფას თირკმლებიდან და აძლიერებს ნაწლავურ რეაბსორბციას.

 

კალციქეას ანოტაცია - მიღების წესი და დოზირება

კალციქეას სუსპანზიისა და ტაბლეტების მიღების წესი და დოზირება განსხვავებულია.

სიროფის შემთხვევაში დოზები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ბავშვები (6 თვიდან -1წლამდე) - 1/2 ჩაის კოვზი, ერთხელ დღეში;
  • ბავშვები (1- 4 წელი) - 1/2 ჩაის კოვზი, 2-ჯერ დღეში;
  • ბავშვები (5 -12 წელი) - 1 ჩაის კოვზი, 2-ჯერ დღეში;
  • მოზრდილები - 2 ჩაის კოვზი, 2-ჯერ დღეში;
  • ორსულები და მეძუძური დედები - 2 ჩაის კოვზი, 2-ჯერ დღეში.

ტაბლეტების შემთხვევაში რეკომენდებულია 1 ან 2 ტაბლეტის მიღება დღის განმავლობაში, საკვებთან ერთად.

აქვს თუ არა კალციქეას გვერდითი მოვლენები ან უკუჩვენებები

მედიკამენტთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები ცხადყოფს, რომ კალციქეას  მიღებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. გარდა ამისა, კალციქეას არ აქვს უკუჩვენებები. მედიკამენტი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, არა უმეტეს 30 °C ტემპერატურაზე. რაც შეეხება ვარგისიანობას, მედიკამენტის ვადად განსაზღვრულია გამოშვებიდან სამი წელი.

კალციქეა განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.