დიდროფი — სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტიანი საშუალება

დიდროფი ალფა-ადრენომიმეტური ჯგუფის ფარმაკოლოგიური საშუალებაა. ის გამჭვირვალე სითხის სახითაა წარმოდგენილი, რომლის შეფერილობაც უფეროდან მკრთალ მოყვითალომდეა.

იგი სხვადასხვა პრობლემისას გამოიყენება, როგორიცაა ორგანიზმში პათოგენური ვირუსების ან ბაქტერიების შეჭრის შედეგად გამოწვეული მწვავე რინიტი. ასევე, სინუსიტი, პოლინოზი, მწვავე ალერგიული რინიტი, ევსტაქიიტი და შუა ყურის ანთება. დიდროფს სისხლძარღვების შევიწროება შეუძლია, რითაც დახშულ ნესტოებს ხსნის და სუნთქვას აადვილებს.

როგორია დიდროფის ანოტაცია 

პრეპარატი ორი ფორმითაა ხელმისაწვდომი: 0.05% ან 0.1%-იანი დიდროფის სპრეი და დიდროფის წვეთები. მათში მთავარი აქტიური კომპონენტი ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდია, რომლის კონცენტრაციაც 0.5 მგ. ან 1 მგ-ია. რაც შეეხება დამხმარე ნივთიერებებს, ესენია: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.

დიდროფის ცხვირის წვეთები და აეროზოლი ქსილომეტაროლინის წყალობით სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტით გამოირჩევა. ის ალფა-ადრენომიმეტური მოქმედებით ხასიათდება და იმიდაზოლინის მიერაა წარმოებული.

როცა სითხე ცხვირში ხვდება, იქ ლორწოვანი გარსის მიმდებარედ არსებულ სისხლძარღვებზე აქვს გავლენა, კერძოდ კი მათ ავიწროებს. ეს ფარმაკოლოგიური საშუალება ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ჰიპერემიასა და ექსუდაციას ამცირებს. 

რინიტის მქონე ადამიანებს დიდროფი ცხვირით სუნთქვას უადვილებს. აგრეთვე, ის დანამატი წიაღებისა (სინუსები) და ევსტაქის მილის (სმენის ორგანოს ნაწილი) გამტარობას აღადგენს. თერაპიული, ზომიერი, კონცენტრაციით მიღებისას ქსილომეტაზოლინი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას არ იწვევს და წამწამოვანი ეპითელიუმის ფუნქციის დარღვევასაც არ განაპირობებს.

დიდროფის აეროზოლი და წვეთები გამოყენებიდან რამდენიმე წუთში იწყებს ფუნქციონირებას და მისი ეფექტი 10-12 საათის განმავლობაში გრძელდება. თავად  ქსილომეტაზოლინი ადგილობრივი გამოყენებისას თითქმის არ შეიწოვება და სისტემური მოქმედება არ ახასიათებს. 

პრეპარატის 2 კვირაზე მეტი ხნით მოხმარება რეკომენდებული არაა, რადგან ეს შესაძლოა, სისხლძარღვების მეორეული გაფართოების მიზეზი გახდეს, რასაც მედიკამენტური რინიტი ეწოდება. ამ დროს პრესინაფსური α2-ადრენორეცეპტორების აგზნების გამო ნერვულ დაბოლოებებში ნეირომედიატორ ნორადრენალინის გამოთავისუფლება იზღუდება.

როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი — მიღების წესი და დოზირება

დიდროფი ნესტოებში შესასხურებლად ან ჩასაწვეთებლად გამოიყენება იმის მიხედვით, თუ რომელი ფორმით მოიხმართ მას. პრეპარატის დოზირება ასაკზეა დამოკიდებული, ასევე იმაზე, თუ რამდენპროცენტიანი ფლაკონი გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ დიდროფი საბავშვო გამოყენებისთვის სხვა დოზებით მიიღება, ვიდრე შედარებით მოზრდილებსა და ზრდასრულებში.  

დიდროფი 0.05% აეროზოლის სახით (დიდროფის სპრეი საბავშვო):

  • 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია თითო ნესტოში 1-ჯერ შესხურება დღეში 1-3-ჯერ. 1 შესხურებისთვის საკმარის სითხეში ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის შემცველობა 35 მკგ-ია.

დიდროფი 0.1% აეროზოლის სახით:

  • 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვისა და მოზრდილებისთვის რეკომენდებულია თითო ნესტოში 1 შესხურება დღეში 2-3-ჯერ. 1 შესხურებისთვის საკმარის სითხეში ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის შემცველობა 140 მკგ-ია.

დიდროფი 0.05% წვეთების სახით:

  • 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თითო ნესტოში რეკომენდებულია 1-2 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
  • 6-დან 12 წლის ასაკის ბავშვებში თითო ნესტოში რეკომენდებულია 1-3 წვეთი დღეში 1-2-ჯერ. თითო წვეთში 0.025 მგ. ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდია.

დიდროფი 0.1% წვეთების სახით:

  • 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვისა და მოზრდილებისთვის რეკომენდებულია თითო ნესტოში 2-3 წვეთი დღეში 2-3-ჯერ. თითო წვეთში 0.05 მგ. ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდია.

უმჯობესია, ნებისმიერი ფორმით პრეპარატის გამოყენება 7 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდეს. დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება გვერდითი ეფექტების რისკს ზრდის, განსაკუთრებით ბავშვებში.

პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა პრეპარატს, გვერდითი მოვლენები დიდროფსაც აქვს. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა მას ხშირად ან/და ხანგრძლივად იყენებენ. ამ დროს ადამიანს აღენიშნება:

  • ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება/სიმშრალე;
  • ცემინება;
  • წვის ან/და ჩხვლეტის შეგრძნება;
  • ჰიპერსეკრეცია;

იშვიათად:

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • არითმია;
  • ძილის დარღვევა;
  • თავის ტკივილი;
  • სისუსტე;
  • ღებინება;
  • მხედველობის გარდამავალი დარღვევა;
  • დეპრესია.

რაც შეეხება უკუჩვენებებს, მათ შორისაა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, იქნება ეს ქსილომეტაზოლინი თუ დამხმარე ნივთიერებები. ასევე, ატროფიული რინიტი, ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის გარსების მიმდებარედ ქირურგიული ჩარევა, გამოხატული ათეროსკლეროზი, თვალის შიდა წნევის მომატება, ტაქიკარდია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა და ჰიპერთირეოზი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დიდროფი არ გამოიყენება მაშინ, როცა ტრიციკლური ანტიდეპრესანტებითა და მაო-ს ინჰიბიტორებით ვმკურნალობთ (ან ამ უკანასკნელით მკურნალობის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში). ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ერთდროულად მიღება არტერიული წნევის მომატების რისკს შეიცავს.

რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის მოხმარებამდე 

დიდროფის მოხმარებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია აქვთ.

პრეპარატის ხანგრძლივი დროის, 2 კვირაზე მეტი ხნის, განმავლობაში შესხურება ან ჩაწვეთება რეკომენდებული არაა. ამან შესაძლოა, მისი მოქმედება შეასუსტოს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია, მედიკამენტური რინიტით თანდართული რეაქტიული ჰიპერემია, ლორწოვანი ეპითელიუმის დაზიანება და მისი აქტივობის დათრგუნვა გამოიწვიოს.

როცა ორგანიზმს ქსილომეტაზოლინი დიდი ხნის განმავლობაში ჭარბად მიეწოდება, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მისი ზემოქმედების შანსი იზრდება. ამ დროს შესაძლებელია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარი დაქვეითდეს, რაც გასათვალისწინებელია.

დაიმახსოვრეთ, რომ ფლაკონი მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, რადგან თუ მას სხვა გამოიყენებს, შესაძლოა, ინფექცია გადაედოს. ამის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი ინდივიდუალური მოხმარების უნდა იყოს. 

დაბოლოს, ორსულობის პერიოდში დიდროფის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ეს მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა პრეპარატის სარგებელი ნაყოფზე მისი პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების რისკს აღემატება. დიდროფს უნდა მოერიდონ მეძუძური დედებიც, მიუხედავად იმისა, რომ დედის რძეში ქსილომეტაზოლინის ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ მოგვეპოვება.