ალოხოლი — წამალი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის

ალოხოლი ნაღველმდენი საშუალებაა, რომელიც ნაწლავებში ლპობისა და ფერმენტაციის პროცესებს ამცირებს. ის ღვიძლის სეკრეტორულ (გამოყოფის) ფუნქციებს აძლიერებს და ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების აქტიურობას.

ალოხოლის ინსტრუქცია გვეუბნება, რომ ეს წამალი ინიშნება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც შეიძლება იყოს ქრონიკული ქოლეცისტიტები, ქოლეცისტოჰეპატიტები, ქოლანგიტები, ნაღვლის მომატებული ლიტოგენობა, ნაწლავების ატონიით გამოწვეული ყაბზობა. ალოხოლის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.

ალოხოლის შედგენილობა, დოზები და მიღების წესი

ალოხოლის წამალი შედგება რამდენიმე აქტიური ინგრედიენტისგან. ესენია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მშრალი ნაღველი, ხმელი ნიორი, აქტივირებული ნახშირი და ჭინჭრის ფოთლები. გარდა ამისა, მის შედგენილობაში შეიძლება შეგვხვდეს მაგნიუმის ოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და კალციუმის სტეარატი.

ხშირად ეშლებათ და ვიზუალურად ალოხოლი თეთრი ჰქონიათ, თუმცა რეალურად ეს ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტებია, დაფარული ღია ყვითელი ფერის გარსით. გაჭრის შემთხვევაში დავინახავთ, რომ ტაბლეტი სამი ფენისგან შედგება: ბირთვი - ნაცრისფერი-შავი ფერის ჩართვებით; შუა ფენა - თეთრი ფერის და გარე ფენა - ღია ყვითელი ფერის.

ასევე, გავრცელებულია შეხედულებაც, რომ ცალკე არსებობს ნაღვლის ალოხოლი. თუმცა, რეალურად, ის ღვიძლის ფუნქციაზე მოქმედებს. ეს აზრი, შეიძლება, არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი იყოს — ალოხოლის შედგენილობაში შესული ნაღვლის გამო.

როგორც წესი, ალოხოლი 50 ტაბლეტისგან შემდგარ შეფუთვაში იყიდება. თუმცა, ცხადია, შესაძლებელია ნაკლები რაოდენობის წამლის შეძენა. 

ალოხოლის მიღების წესი შემდეგნაირია: 

  • მოზრდილებმა უნდა დალიონ 1 ან 2 ტაბლეტი, დღე-ღამეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი, დაახლოებით, 3-4 კვირას გრძელდება.
  • ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 12 წლის ასაკიდან და მათ შეიძლება 1 ტაბლეტი მიიღონ დღეში 3-ჯერ, ასევე კვების შემდეგ. მოზარდების მკურნალობის კურსიც 3-4 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს.

ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ჩაგიტარდეთ განმეორებითი კურსიც 3-თვიანი ინტერვალით.

ალოხოლის ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია მწარმოებელ კომპანიასა თუ საიმპორტო ქვეყანაზე. 

ვინ არ უნდა მიიღოს ალოხოლი?

ალოხოლი არ ინიშნება 12 წლამდე ბავშვებში, თუკი ბავშვს შესაბამისი ჩვენებები აქვს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რათა იმავე მოქმედების, ბავშვებისთვის განკუთვნილი წამალი გამოგიწეროთ.

ასევე, ალოხოლი არ ინიშნება ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებში. მისი მიღების გადაწყვეტილება შეიძლება ექიმმა მიიღოს ისეთ სიტუაციაში, როცა წამლის მიერ დედისთვის მოტანილი სიკეთე აღემატება ნაყოფისთვის არსებულ რისკებს.

ალოხოლი და სხვა მედიკამენტები

ალოხოლის გამოყენებამდე სხვა წამლებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

  • მისი გამოყენებისას სინთეზურ ან მცენარეული წარმოშობის ქოლეტერულ საშუალებებთან, შესაძლოა, ნაღვლის წარმოქმნის პროცესი გაძლიერდეს;
  • თუკი ალოხოლს მიიღებთ საფაღარათო საშუალებებთან ერთად, ის მოგიხსნით ყაბზობას და შეამცირებს ტოქსიკური ნივთიერებების შეწოვას ნაწლავებში;
  • პრეპარატი ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას;
  • მისი გამოყენება რეკომენდებულია ანტისეპტიკურ ან ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან კომბინაციაში, როცა ორგანიზმში ღვიძლის ან სანაღვლე გზების ინფექციური პროცესები მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა — შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ ალოხოლი და ნოშპა ერთად? საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეკითხვა იმავე ექიმს უნდა დავუსვათ, ვინც ალოხოლს გამოგვიწერს. სწორედ მას ექნება ჩვენი სამედიცინო ჩვენებების მიხედვით კითხვაზე კომპეტენტური პასუხი.

თუმცა, თუკი სპაზმური ტკივილები გაწუხებთ, ნოშპასა და ალოხოლის ერთად მიღების შესახებ კონსულტაცია ფარმაცევტთან მაინც გაიარეთ. შესაძლებელია, მან უკეთესი სპაზმის მომხსნელი შემოგთავაზოთ.