
რასაკვირველია, სხვადასხვა ხარისხის ფიზიკური ტკივილი ყველას გამოგვიცდია – თუ ისეთი ტკივილი გიგრძნიათ, რომელმაც ყველა საქმეს მომენტალურად მოგწყვიტათ, სწორ გვერდზე მოხვდით და კითხვა უნდა გააგრძელოთ.
ნებისმიერი ტკივილი მძიმე გამოცდილებაა, ვინაიდან შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, ჯანმრთელობა და მენტალური მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა იწვევს მას – ოპერაცია, ტრავმა თუ ჯანმრთელობის რაიმე ქრონიკული მდგომარეობა – მთავარ დისკომფორტს თავად ტკივილი წარმოადგენს და ყველა სხვა ფაქტორს განზე სწევს.
შესაბამისად, ტკივილთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. გაუკონტროლებელ ტკივილს, დომინოს პრინციპით, სხვა მრავალი პრობლემა მოჰყვება: მაგალითად, ძილის დარღვევა და მას მოყოლილი დაბალი პროდუქტიულობა. ტკივილის კონტროლის ტრადიციული სტრატეგიები მრავალმხრივია, თუმცა, დაგვეთანხმებით, პირველი, რასაც ასეთ დროს ვეძებთ, ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტებია, რომელთა ეფექტიანობასაც იმით ვზომავთ, თუ რამდენად მალე დასრულდება დისკომფორტი.
ტკივილგამაყუჩებლების არსენალი საკმაოდ ფართოა, ამიტომ იდეალური პრეპარატის შერჩევა საკმაოდ რთულია. ეს ბლოგი ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებას, ტორადოლს (საერთაშორისო დასახელება – კეტოროლაკი) ეხება, რომელიც ზომიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე კუპირებისათვის ეფექტიანი მედიკამენტია.
რა არის ტორადოლი – ანოტაცია
ტორადოლი ძლიერმოქმედი ანალგეტიკია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით, რომელიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს მიეკუთვნება. პრეპარატი ტორადოლი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას ფერმენტულ სისტემას და, შესაბამისად, პროსტაგლანდინების სინთეზს. ტორადოლის მოქმედ ნივთიერებას კეტოროლაკი წარმოადგენს. აფთიაქებში ვხვდებით როგორც ტორადოლის ამპულებს, ისე 10მგ-იან ტაბლეტებს.
ტორადოლი არ არის ოპიატი და, ბუნებრივია, არ მოქმედებს ცენტრალურ ოპიატურ რეცეპტორებზე. იგი არ ახდენს ზეგავლენას სუნთქვაზე და არც სუნთქვის ოპიატებით გამოწვეულ დათრგუნვას ან სედაციას აძლიერებს. კეტოროლაკი უმთავრესად ღვიძლში მეტაბოლიზდება.
რაც შეეხება გამოყოფას, კეტოროლაკი და მისი მეტაბოლიტები, უმთავრესად, თირკმელებით გამოიყოფიან. შეყვანილი დოზის საშუალოდ 92% შარდით გამოიყოფა. ამასთან 40% მეტაბოლიტების სახით, ხოლო 60% უცვლელი პრეპარატის სახით. ფეკალიებით დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა. ჯანმრთელი ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5.3 საათს. რა თქმა უნდა, პარამეტრები განსხვავებულია ასაკის მატებასთან ერთად. 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი სტანდარტულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 7 საათამდე (4.3-დან 8.6 საათამდე).
გამოყოფაზე გავლენას ახდენს თირკმელების დაზიანებაც – ასეთ დროს კეტოროლაკის გამოყოფა ფერხდება, რაც აისახება ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებასა და პლაზმური კლირენსის შემცირებაზე. რაც უფრო მძიმეა ორგანოს დაზიანება, ელიმინაციის სიჩქარე უფრო და უფრო მცირდება. საინტერესო გამონაკლისია თირკმელების მძიმე უკმარისობა – ასეთ პაციენტებში ტორადოლის კლირენსი მოსალოდნელზე ბევრად მაღალია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლეენას არ ახდენს – მხოლოდ ოდნავ ხანგრძლივდება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა და ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფა.
ტორადოლი ზომიერი და ძლიერი ისეთი ტკივილის ხანმოკლე დაყუჩებისათვის გამოიყენება, რომელიც ოპიატებით ანალოგიური ინტენსივობის გაუტკივარებას საჭიროებს. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი ქრონიკული ტკივილის სინდრომების სამკურნალოდ არ გამოიყენება.
ტორადოლის მიღების წესი და დოზები
ტკივილგამაყუჩებლის მოხმარებისას მისი დოზისა და მიღების წესის ზედმიწევნით დაცვა გმართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუნებურად ხელი შეუწყოთ გვერდითი მოვლენების განვითარებას – ამის თავიდან ასარიდებლად, ყურადღებით გაეცანით მოცემულ ქვეთავს.
მოზრდილებში ტორადოლის მრავალჯერადი ინტრამუსკულარული (ი/მ) ან ნაკადური ინტრავენური (ი/ვ) გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ვინაიდან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი მოვლენების სიხშირე იზრდება. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ტორადოლის გადასხმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. რაც შეეხება ტორადოლის ტაბლეტებს, 7 დღეზე ხანგრძლივად მათი მიღება მოზრდილებისათვის არ არის სასურველი.
ბავშვებში ტორადოლის პარენტერული (კუჭ-ნაწლავში მიღების გარეშე, ინიექციით) გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს. ტორადოლის ინიექციების არ არის სასურველი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტების ამ ჯგუფში შეზღუდულია.
მოზრდილთათვის ტორადოლის ინიექცია განკუთვნილია ერთჯერადი ან მრავალჯერადი ინტრამუსკულარული ან ნაკადური ინტრავენური შეყვანისათვის, ხოლო ბავშვებში ტორადოლის ხსნარი შეიძლება შევიყვანოთ ერთჯერადად ინტრამუსკულარულად, საჭიროების შემთხვევაში ინტრავენური ინიექციების დამატებით. ბავშვებისათვის უმჯობესია ინტრავენური ინიექციის გამოყენება, რადგან ინტრამუსკულარულ შეყვანას თან ტკივილი ახლავს. ინტრავენურად პრეპარატი არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.უნდა შეიყვანოთ, ხოლო ინტრამუსკულარული ინიექცია ნელა, კუნთში ღრმად ხორციელდება. ტორადოლის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაახლოებით 30 წუთში იწყება, ხოლო მაქსიმალური გაუტკივარება მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი 4-6 საათს გრძელდება.
გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტიანი დოზით! ეს დოზა ირჩევა ტკივილის ინტენსივობისა და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, დამატებით დაინიშნოს ოპიატების დაბალი დოზა (როცა არ არსებობს მათ მიმართ უკუჩვენებები). მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ნორმალური ჰიდრატაციისა და ელექტრონული ბალანსის მქონე ავადმყოფებისათვის – ჰიპოვოლემია (წყლისა და ელექტროლიტების კარგვა) აუცილებლად კორექტირებული უნდა იყოს.
ინიექციის გამოყენებამდე მოამზადეთ საშუალებები, რომლებიც ანაფილაქსიური შოკის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ამის ალბათობა დაბალია, თუმცა ვინაიდან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შანსი არსებობს, ეს სცენარი გამორიცხული არ არის.
მოზრდილებში (65 წლამდე) ინტრამუსკულარულად შეყვანისას უნდა გამოიყენოთ 10-60მგ ტორადოლი, ერთჯერადად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით. 65 წელს გადაცილებულ და თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პირებში დოზა ერთჯერად 10-30მგ-ს შეადგენს. ინტრავენური შეყვანისას, ამ ჯგუფებისათვის განკუთვნილი დოზები შესაბამისად 10-30მგ-სა და 10-15მგ-ს შეადგენს.
2 წელს გადაცილებულ ბავშვებში, ერთჯერადი ინტრამუსკულარული გამოყენებისას დოზა შეადგენს 1მგ-ს ბავშვის წონის ყოველ კილოგრამზე, ინტრავენური შეყვანისას კი კილოგრამზე 0.5-1მგ-ს.
პრეპარატის ერთზე მეტჯერ მიღებისას, ტორადოლის ი/მ და ი/ვ ინიექციების გამოყენების მაქსიმალური ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ბავშვებში - 2 დღეს.
თუ 65 წლამდე პაციენტი ტორადოლის ინიექციის მიღებას ერთზე მეტჯერ აპირებს, ი/მ შეყვანისას - 10-30მგ, ხოლო შემდგომ ყოველ 4-6 საათში 10-30მგ უნდა მიიღოს. ნაკადური ი/ვ შეყვანისას საწყისი დოზა შეადგენს 10-30მგ-ს, შემდეგ, საჭიროების მიხედვით, 10-30მგ ყოველ 6 საათში. ინფუზიისას საწყისი დოზაა 30 მგ, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს.
მრავალჯერადი მოხმარების დოზები მცირდება, თუ პაციენტი 65 წლის ასაკსაა გადაცილებული ან აქვს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში, შეჰყავთ 10-15 მგ, საჭიროების შემთხვევაში, ყოველ 4-6 საათში. ნაკადური ი/ვ შეყვანისას ნიშნავენ 10-15 მილიგრამს ყოველ 6 საათში.
როგორც წესი, მოზრდილებს ტორადოლის ტაბლეტებს ხანმოკლე, 7 დღემდე ვადით უნიშნავენ. ტორადოლის ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული შესაბამისი გამოცდილების სიმცირის გამო.
ტაბლეტის ერთჯერადი მიღებისას, რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს, მრავალჯერადი მიღებისას კი უნდა მიიღოთ 10 მგ ყოველ 4-6 საათში. ტკივილის გამოხატულებისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
ტორადოლის ტაბლეტების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40მგ-ს!
ვინაიდან კეტოროლაკ ტორმეტამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმლებით გამოიყოფიან, ამიტომ კრეატინინის კლირენსის შემცირებასთან ერთად, შემცირდება პრეპარატის კლირენსიც. თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობისას ტორადოლი არ უნდა მიიღოთ. თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და ნაკლები დოზით, თირკმლის ფუნქციის საგულდაგულო კონტროლის ფონზე. დიალიზით კეტოროლაკის მნიშვნელოვანი გამოყვანა სისხლის მიმოქცევიდან ვერ ხერხდება.
ტორადოლის ზედოზირებას ერთჯერადი შეყვანისას თან ახლავს ტკივილი მუცელში, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიდური წყლულების და/ან, ეროზიული გასტრიტის განვითარება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ტორადოლის გავლენა ორსულობასა და ლაქტაციაზე
ორსულებში ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი ნაყოფის წინაშე არსებულ შესაძლო რისკს გადაწონის – ეს გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.
მშობიარობის პირველ და მეორე პერიოდში ტორადოლის მიღება არ შეიძლება, რადგან პროსტაგლანდინების ინჰიბიციით მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეასუსტოს საშვილოსნოს კუმშვადობა, რაც საშვილოსნოდან სისხლდენების რისკს გაზრდის.
მცირე კონცენტრაციით პრეპარატი აღმოჩენილია დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვებისას ტორადოლის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ტორადოლის გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები
ტორადოლის მოხმარებას შესაძლოა თან ახლდეს არასასურველი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი გამოვლენის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება, თუ ამ ქვეთავში მოცემულ სიფრთხილის ზომებს გაითვალისწინებთ და ექიმის დანიშნულებასაც მიჰყვებით.
გვერდით მოვლენათა შორის შეიძლება იყოს ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეფსია, ამოქარვება, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პანკრეატიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პერფორაციები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, მელენა.
გვერდითი ეფექტები შეიძლება შეეხოს ცენტრალურ ნერვულ და ძვალ-კუნთოვან სისტემებსაც და გამოიხატოს ძილისა და აზროვნების დარღვევებით, შფოთვით, ასეპტიკური მენინგიტით, კრუნჩხვებით, დეპრესიით, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევით, ძილიანობით, პირის სიმშრალით, ეიფორიით, წყურვილის შეგრძნებით, ჰალუცინაციებით, თავის ტკივილით, ჰიპერკინეზიებით, კონცენტრაციის დარღვევით, კუნთების ტკივილით, პარესთეზიებითა და ოფლიანობით.
ტორადოლის მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფერდების ტკივილი, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში, ბრადიკარდია, სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, მკერდის ტკივილი, ასთმა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
არასასიამოვნო გამოვლინებათა შორის ასახელებენ კანის (ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაიელის სინდრომი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ჭინჭრის ციება), სისხლის სისტემისა (პურპურა, თრომბოციტოპენია, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატომები, პოსტოპერაციული სისხლდენები, სისხლდენის დროის გახანგრძლივება) და გრძნობის ორგანოების (გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევები, მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება) დარღვევებს.
აქვე უნდა გაითვალისწინოთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებიც (ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტონია, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსია), თუკი ტორადოლის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევით.
შეიძლება, ამ გრძელმა ჩამონათვალმა შეგაშინათ, თუმცა ნუ იდარდებთ, როგორც უკვე აღინიშნა, ამ გვერდით მოვლენათა უმრავლესობის (განსაკუთრებით, მძიმე რეაქციების) გამოვლენის ალბათობა ძალიან მცირეა, თუკი პრეპარატს სწორად იღებთ.
ნუ მიიღებთ ტორადოლს თუ:
- გაქვთ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და პერფორაცია;
- გაქვთ თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა;
- გამოირჩევით მომატებული მგრძნობელობით ტორადოლისა და სხვა მსგავსი პრეპარატების მიმართ;
- აღგენიშნებათ ალერგიული რეაქციები ასპირინზე და პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბტორებზე;
- გჭირდებათ პროფილაქტიკური გაუტკივარება ოპერაციის წინ (ასეთ შემთხვევაში არსებობს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა, შესაბამისად, სისხლდენის რისკი);
- სახეზეა ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის ან არასრული ჰემოსტაზის მდგომარეობები.
გაითვალისწინეთ, რომ ტორადოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება. ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, მათ შორის ტორადოლს, ნებისმიერ დროს შეიძლება განუვითარდეთ მძიმე გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის წინამორბედი სიმპტომატიკის გარეშე.
ისევე, როგორც სხვა აასს-ით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი ტორადოლის დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად იმატებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მძიმე სისხლდენების რისკი დამოკიდებულია დოზაზე და იზრდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც დღე-ღამეში ტორადოლის 60 მგ-ზე მეტს მოიხმარენ. ანამნეზში წყლულოვანი დაავადების არსებობა ზრდის კუჭ-ნაწლავის მხრივ მძიმე გართულებების განვითარების ალბათობას.
ავადმყოფებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა და ბრონქოსპაზმი, ცხვირის პოლიპოზი, ანგიონევროზული შეშუპებები, ტორადოლი სიფრთხილის დაცვით უნდა დაენიშნოთ.
სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტებს ტორადოლი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ, ასეთ დროს მათი მდგომარეობა საგულდაგულო კონტროლით უნდა შეფასდეს. მიუხედავად ამისა, კლინიკური კვლევებით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტორადოლსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის არ გამოვლინდა. ტორადოლისა და ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების, მათ შორის ანტიკოაგულანტებისა და დექსტრანების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენების რისკი.
აღწერილია პოსტოპერაციული ჰემატომებისა და ოპერაციული ჭრილობის სხვა გართულებების განვითარების შემთხვევები ტორადოლის პარენტერულად პერიოპერაციული გამოყენებისას – სწორედ ამიტომ, პოსტოპერაციულ ავადმყოფებში ტორადოლის დანიშვნისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
როგორც აღინიშნა, ტორადოლის გამოყენებისას აღწერილია სითხის შეკავებისა და შეშუპებების შემთხვევები, ამიტომ გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიისა და ანალოგიური მდგომარეობების მქონე ავადმყოფებში პრეპარატის მიღების დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია და სიფრთხილეა აუცილებელი.
თუ ტრანსპორტის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ პრეპარატით მკურნალობისას ზოგიერთ ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. ასეთი ნიშნების გამოვლენისას, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, მოერიდოთ ამ სამუშაოს შესრულებას და გაუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.
ტორადოლის მიღება სხვა წამლებთან ერთად
თუ ტორადოლის მიღებას სხვა მედიკამენტებთან ერთად აპირებთ, ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ქვეთავი, რადგან შესაძლოა, კონკრეტულმა კომბინაციამ არასასიამოვნო გვერდითი მოვლენების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.
ტორადოლის ასპირინთან, ან სხვა აასს-თან ერთად მიღება ზრდის ამ ჯგუფის პრეპარატებთან დაკავშირებული მძიმე გართულებების რისკს. მაგალითად, პენტოოქსიფილინთან ერთად დანიშვნისას სისხლდენების რისკი იზრდება.
თუ პრობენეციდს იღებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ამცირებს კეტოროლაკის პლაზმურ კლირენსსა და განაწილების მოცულობას, ზრდის მის კონცენტრაციას პლაზმაში და ახანგრძლივებს ნახევარგამოყოფის პერიოდს. ასევე, პროსტაგლანდინების ზოგიერთი ინჰიბიტორი თრგუნავს ლითიუმის კლირენსს თირკმლებიდან, რითაც ზრდის მის კონცენტრაციას შრატში. აღწერილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მომატების შემთხვევები ტორადოლით მკურნალობის ფონზე. სიფრთხილეს მოითხოვს ტორადოლის და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენებაც, ვინაიდან პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები მეტოტრექსატის კლირენსს ამცირებენ და ამით ზრდიან მის შესაძლო ტოქსიურობას.
მართალია, კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტორადოლს და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის, თუმცა, ტორადოლისა და ჰემოსტასზე მოქმედი სხვა პრეპარატების, მათ შორის ანტიკოაგულანტებისა და დექსტრანების, ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს. ასევე, სიფრთხილეა საჭირო ტორადოლისა და პრობენეციდის ერთდროული დანიშვნისას, ვინაიდან ამ უკანასკნელმა შეიძლება კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა შეცვალოს.
ტორადოლი ფუროსემიდის შარდმდენ მოქმედებას დაახლოებით 29%-ით ამცირებს, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატების გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას.
მოერიდეთ ტორადოლის ტაბლეტების მიღებას ცხიმებით მდიდარი საკვების მირთმევის შემდეგ, რადგან ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია მაქსიმალური კონცენტრაციის შემცირება და მისი მიღწევის შეფერხება დაახლოებით 1 საათით.
ხშირად ისმის კითხვა, იწვევს თუ არა კონკრეტული ტკივილგამაყუჩებლები რაიმე სახის დამოკიდებულებას. ტორადოლს არა აქვს დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალი. პრეპარატის სწრაფი მოხსნის შემდეგ, მოხსნის სიმპტომები არ ვლინდება.
ნუ შეურევთ ტორადოლის საინიექციო ხსნარს მორფინის სულფატს, პეტიდინის ჰიდროქლორიდს, პრომეტაზინს ან ჰიდროქსიზინს პატარა მოცულობის ჭურჭელში (მაგალითად, ერთ შპრიცში), ვინაიდან ეს კეტოროლაკის დალექვას გამოიწვევს.
ტორადოლის ხსნარი თავსებადია ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნართან, გლუკოზის 5% ხსნართან, რინგერისა და რინგერ-ლაქტატის ხსნარებთან, აგრეთვე, ხსნარ პლაზმალიტთან. გარდა ამისა, ტორადოლი თავსებადია ინფუზიურ ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინოგილინს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, მორფინის სულფატს, მეპერიდინ ჰიდროქლორიდს, დოპამინის ჰიდროქლორიდს, ხანმოკლე მოქმედების ინსულინს და ჰეპარინის ნატრიუმის მარილს.
შენახვის პირობები და დამატებითი მონაცემები
როგორც წესი, ტაბლეტების სახით წარმოებული ტორადოლის შეფუთვაში 20 ტაბლეტს ვხვდებით, ხოლო პრეპარატის თხევადი ვარიანტის შეფუთვა 5 ცალ 1მლ-იან ამპულას შეიცავს.
ნუ გამოიყენებთ ტორადოლს შეფუთვაზე გამოსახული ვადის გასვლის შემდეგ. დაბნეულობას თავიდან აგარიდებთ და გეტყვით, რომ ვარგისობის თარიღში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
პრეპარატი ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა მათი სიმპტომები თქვენსას. შესაძლოა, ამან ამ პიროვნების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, რადგან კონკრეტული ინდივიდი, შესაძლოა პერპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩეოდეს.
შეინახეთ პრეპარტი ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 15°-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება ნაგავში და გამდინარე წყალში — საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემდეგ, გარემოზე ზრუნვაც არ არის ცუდი არჩევანი. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს და ამ კეთილშობილური მიზნის შესრულებაში ის დაგეხმარებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტორადოლი მძიმე ტკივილების დაყუჩების ეფექტიანი საშუალებაა, გახსოვდეთ, რომ ტკივილის მენეჯმენტი ხშირად ჰოლისტურ მიდგომას მოითხოვს – ტკივილებს, როგორც წესი, აუცილებლად აქვთ მიზეზი, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და პრობლემის სათავეს მიაგენით. იქამდე კი, თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ტკივილის გარეშე გაგრძელებაზე ტორადოლი იზრუნებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account