რჩევები სხეულის მოვლისთვის

რჩევები სხეულის მოვლისთვის

ჩვენი კანის საჭიროებები სეზონურად იცვლება, სწორედ ამიტომ, სახისა თუ სხეულის რუტინა მასთან ადაპტაციას საჭიროებს.

 „ლამაზ სხეულში - ლამაზი სულია“ - გამონათქვამი რომელიც ცხადყოფს ჭეშმარიტებას, რომ სხეულის მოვლა ადამიანებისთვის ცალკე ხელოვნებად ფაქტობრივად ანტიკური დროიდან მოიაზრება. გამომდინარე თანამედროვე რუტინების აქტუალობიდან, ხშირად ჟღერდება მცდარი წარმოდგენა, რომ აღნიშნული მხოლოდ სახის კანზე ზრუნვას მოიცავს, რეალურად კი, მოხდენილი სილუეტისა და  სასურველი კონტურების მისაღებად, სხეულზე ზრუნვა აუცილებლობას წარმოადგენს.

ვთანხმდებით, რომ ორგანიზმის საჭიროებების მიხედვით რუტინა სეზონურად იცვლება და ადაპტირდება კონკრეტულ გარემო ფაქტორებთან. მაგალითად, ზამთრის სეზონზე დეჰიდრატაციისკენ მიდრეკილების გამო კანი შრება, თხელდება მისი დამცავი ბარიერი და მეტად მიდრეკილი ხდება დაზიანებისკენ, შესაბამისად, პროდუქტები, რომლებზეც არჩევანს ვაჩერებთ გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებით და აქტიური დამატენიანებელი კომპონენტებით, ხოლო ზაფხულში შედარებით მსუბუქ, ადვილად შეწოვად მოვლის საშუალებებზე ვაჩერებთ არჩევანს.

თუ უკვე გაქვთ სახის კანის მოვლის თანმიმდევრული რუტინა, ალბათ სხეულის მოვლის პირველი ნაბიჯს ადვილად გამოიცნობთ - გაწმენდა.

 

მკვდარი უჯრედების მოშორება

ნებისმიერ სეზონზე, ხავერდოვანი სტრუქტურის კანისთვის აუცილებელია შხაპის მიღებისას პერიოდული სკრაბირება. შემადგენელი გრანულების სიხისტის მიხედვით, მექანიკური სკრაბები უხეშ და რბილ საშუალებებად იყოფა. გომაჟისას რამდენიმე ტიპის ბენეფიტებით სარგებლობთ:

·        კანს შორდება მკვდარი უჯრედები;

·        რბილდება გარქოვანებული ზედაპირი;

·        უმჯობესდება დამატენიანებელი პროდუქტების შეწოვადობა;

·        ზაფხულის სეზონზე იღებთ თანაბარ, ერთგვაროვან რუჯს;

 

შხაპის გელი

გემოვნებაზე და გელების არჩევანზე არ დაობენ, რადგან პრეფერენციას პირდაპირ განაპირობებს თქვენი საჭიროება და სურვილები. დასაბანი საშუალება შეიძლება იყოს გელისებრი ან შედარებით დამატენიანებელი მოქმედების - კრემოვანი. იმ შემთხვევაში, თუ კანის კონკრეტული მდგომარეობის მკურნალობა ან განსაკუთრებული მოვლა გაქვთ მიზნად, პროდუქტები დერმატოლოგიური ხაზებიდან უნდა შეარჩიოთ.

 

დამატენიანებელი საშუალებები

ყველაზე ყურადსაღები ის პროდუქტებია, რომლებსაც არ ჩამოიბანთ, რჩება კანზე და ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს. შხაპის მიღებისთანავე ლოსიონის წასმა ხელს უწყობს წყლის გარკვეული ნაწილის შეკავებას თქვენს ორგანიზმში, რაც უნარჩუნებს კანს ტენიანობას.

სახის კანისგან განსხვავებით სხეულზე დიდი ბენეფიტი გვაქვს. შეგვიძლია შიის, ქოქოსის ან სხვა ნატურალური წარმოშობის კარაქების გამოყენება გამონაყარის შიშის გარეშე, შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე ირჩევთ დამატენიანებელ საცხს, შეგიძლიათ უფრო მსუყე ინგრედიენტებზე გააკეთოთ არჩევანი.

ზამთრის სეზონზე გაუწყლოვებისას შარდოვანა, კერამიდები და გლიცერინი უნდა ვეძიოთ შემადგენლობაში, ზაფხულში კი უფრო მსუბუქი, ადვილად შეწოვად ლოსიონებზე შევჩერდეთ.

ფრანგული ფარმაციის წამყვან დერმატოლგიურ ბრენდებში ხშირად შეხვდებით ეკონომიურ, მულტიფუნქციურ ტანისა და სახის ლოსიონებს მთელი ოჯახისთვის. აღნიშნული საშუალებები განსაკუთრებით ჭარბობს დერმატიტის ხაზებში და გაჯერებულია სამკურნალო კომპონენტებით, არ შეიცავს პარფიუმს და არ არის კომოდოგენური. მიუხედავად იმისა, რომ სახესთან შედარებით კანი სხეულზე გაცილებით სქელია, ისიც მიდრეკილია გაღიზიანებადობისკენ და მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ალერგიულ ინგრედიენტებს.

ასევე, სხეულის მოვლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორსულობისას, როცა იკლებს კანის ელასტიურობა და იმატებს მისი მიდრეკილება დაზიანებისკენ.

სტრიები (striae) არის ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლები, რომლებიც ჩნდება მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე, დუნდულებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე.

სტრიების გაჩენა გამოწვეულია შემაერთებელი ქსოვილის სწრაფი გაფართოებით/გაწელვით/ დაზიანებით, რაც იწვევს ქსოვილის ატროფიას და ეპიდერმისის გათხელებას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰორმონალური ფაქტორი, რადგან სტრიები ვითარდება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც ხდება ჰორმონალური ცვლილებები და იშვიათად იჩენს თავს უბრალო ფიზიკური სტრესისგან.

მისი საპრევენციო ინგრედიენტების ეფექტურობა მცირე კვლევებით არის დამტკიცებული, თუმცა არ აიძლევა სანდოობის უტყუარ გარანტიას. მაგალითად, მიჩნეულია, რომ  ვიტამინი E-ს, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველი პროდუქტები მეტად დამყოლს ხდიან კანს.

რამდენიმე სიტყვით სხეულის მაკორექტირებელ საშუალებებსაც უნდა შევეხოთ. რთულია ცალსახად დავეთანხმოთ აზრს, რომ ანტიცელულიტური საცხები თუ  გამამკვრივებელი გელები ხელს უწყობენ წონაში კლებას ან გაჯიუტებული ცხიმოვანი უჯრედების დაშლას, თუმცა მათ შემადგენლობაში არსებული აქტიური ინგრედიენტები ნამდვილად ახურებენ კანის ზედაპირს, რაც აჩქარებს მის შიდა ფენებში ნივთიერებათა მიმოცვლას და ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ტონუსი. იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშობთ, იკეთებს მასაჟების კურსს ან ცდილობთ იკვებოთ სწორად, მსგავსი ტიპის პროდუქტები კიდევ უფრო აგიმაღლებთ მოტივაციას და თვალსაჩინოს გახდის შედეგს მოკლე დროში.

 სხეულზე მოვლა არის სასიამვნო რიტუალი საკუთარი თავის გასანებივრებლად, რომელზე უარიც არცერთ სეზონზე არ უნდა ვთქვათ.