
გლანდების ოპერაცია, რომელიც სამედიცინო ტერმინოლოგიაში ცნობილია, როგორც ტონზილექტომია, არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) ამოჭრა. ისინი მდებარეობს ყელის უკანა ნაწილში და წარმოადგენს იმუნური სისტემის კომპონენტს, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გლანდები თავად შეიძლება გახდეს ქრონიკული ინფექციების წყარო, რაც მისი მოცილებას საჭიროებას ქმნის.
რამ შეიძლება გამოიწვიოს გლანდების ოპერაციის საჭიროება?
ტონზილექტომია გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების შემთხვევაში:
- განმეორებითი, ქრონიკული ან მძიმე ტონზილიტი;
- სუნთქვის პრობლემები, რომლებიც ვლინდება ძილის დროს;
- სხვა პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია გადიდებული გლანდებით;
- სისხლდენა ნუშურა ჯირკვლებიდან;
- გლანდების იშვიათი დაავადებები.
რა არის ტონზილიტი?
ნუშურა ჯირკვლები წარმოადგენს იმუნური სისტემის დაცვის პირველ ხაზს იმ მიკრობებისა და ვირუსებისგან, რომლებიც პირში აღწევს. ეს დანიშნულება გლანდებს აყენებს ინფექციის, შეშუპებისა და გაღიზიანების მაღალი რისკის ქვეშ, რომელსაც ანთება ეწოდება. სამედიცინო ენაზე კი ნუშურა ჯირკვლების ანთებას ტონზილიტი, ანუ ანგინა ჰქვია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ სქესობრივი მომწიფების შემდეგ, გლანდების იმუნური მოქმედება ნელდება. ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ვლინდება ანგინა მოზრდილებში იშვიათად.
ოტორინოლარინგოლოგმა (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) შეიძლება შემოგთავაზოთ ტონზილექტომია იმ შემთხვევაში, თუ ტონზილიტი გაგიმეორდათ:
- გასულ წელს მინიმუმ შვიდჯერ;
- მინიმუმ ხუთჯერ წელიწადში ბოლო ორი წლის განმავლობაში;
- მინიმუმ სამჯერ წელიწადში ბოლო სამი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, შესაძლოა, ოტორინოლარინგოლოგმა გირჩიოთ პროცედურის ჩატარება, თუ გაქვთ:
- ბაქტერიული ინფექცია, რომელიც იწვევს ტონზილიტს და არ უმჯობესდება ანტიბიოტიკებით;
- ინფექცია, რომელიც იწვევს ჩირქის დაგროვებას ნუშურა ჯირკვლების უკან და მდგომარეობა არ უმჯობესდება მედიკამენტების გამოყენების ან დრენირების შემდეგ. ჩირქოვან დაგროვებას პერიტონზილარული აბსცესი ეწოდება.
განმეორებითი ინფექციების შემდეგ გლანდები შეიძლება ზომაში გაიზარდოს. ტონზილექტომიას შეუძლია, გადაჭრას გადიდებულ ნუშურა ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის:
- სუნთქვის გაძნელება;
- ძილის ობსტრუქციული აპნოე.
განმარტება: ზოგადად ძილის აპნოე წარმოადგენს დარღვევას, რომლის დროსაც ძილში სუნთქვა ეპიზოდურად წყდება. მის ყველაზე გავრცელებულ ფორმას — ძილის ობსტრუქციულ აპნოეს კი ანატომიური თავისებურებები და ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნება იწვევს.
სხვა რისი განკურნება შეუძლია გლანდების ოპერაციას?
ტონზილექტომიამ ასევე შეიძლება განკურნოს ნუშურა ჯირკვლების სხვა იშვიათი დაავადებები ან სამედიცინო მდგომარეობები, როგორებიც არის:
- სიმსივნე ერთ ან ორივე ჯირკვალში;
- სისხლდენა ნუშურა ჯირკვლების ზედაპირთან ახლოს არსებული სისხლძარღვებიდან;
- მძაფრი არასასიამოვნო სუნი პირში, რომელსაც ჰალიტოზს უწოდებენ. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია გლანდებში წარმოქმნილ პატარა კენჭებთან.
რა რისკებთან არის დაკავშირებული ტონზილექტომია?
ტონზილექტომიას, ისევე როგორც სხვა ოპერაციებს, თან ახლავს გარკვეული რისკები, მათ შორის:
რეაქცია ანესთეზიაზე. ქირურგიული ჩარევის დროს გამოყენებული დასაძინებელი მედიკამენტები ხშირად იწვევს მცირე, მოკლევადიან პრობლემებს. ეს მოიცავს თავის ტკივილს, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას ან კუნთების ტკივილს. სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემები და გარდაცვალება იშვიათია.
შეშუპება. ენისა და რბილი სასის შეშუპებამ შეიძლება სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს. ამ სიმპტომის გამოვლენა მეტად სავარაუდოა პროცედურის დასრულებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში.
სისხლდენა ოპერაციის დროს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გლანდების ოპერაციის მსვლელობისას პაციენტს მძიმე სისხლდენა დაეწყოს. ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობა და საავადმყოფოში დაგეგმილზე მეტი დროის გატარება.
სისხლდენა შეხორცების დროს. სისხლდენას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შეხორცების პროცესშიც. ეს ყველაზე სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობას ფუფხი სძვრება და გაღიზიანებას იწვევს.
ინფექცია. იშვიათად, ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.
რა ხდება ოპერაციამდე, მისი მიმდინარეობისას და რეაბილიტაციის პერიოდში?
თქვენი ექიმი აგიხსნით, თუ როგორ უნდა მოემზადოთ ტონზილექტომიისთვის. ექიმს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:
- ყველა მედიკამენტი და დიეტური დანამატი, რომელსაც იღებთ. აუცილებლად აცნობეთ ექიმს ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების შესახებაც, რომლებსაც მოიხმართ;
- ანესთეზიაზე ცუდი რეაქციების პირადი ან საოჯახო ისტორია;
- სისხლდენის პრობლემების პირადი ან საოჯახო ისტორია;
- ალერგიული ან სხვა სახის რეაქციები მედიკამენტებზე, როგორებიც არის ანტიბიოტიკები.
ინსტრუქციები
ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ:
- ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ან დოზის შეცვლა;
- ოპერაციამდე, შუაღამის შემდეგ, ჭამისგან თავის შეკავება;
- იმაში დარწმუნება, რომ ოპერაციის შემდეგ სახლში ვინმე წაგიყვანთ;
- გამოჯანმრთელებისთვის 10-დან 14 დღემდე პერიოდის გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ ამისთვის უფროსებს შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეთ, ვიდრე — ბავშვებს.
ოპერაციამდე დაგჭირდებათ გარკვეული გამოკვლევების ჩატარება: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის განსაზღვრა, სისხლის გამოკვლევა ვირუსებზე, კოაგულოგრამა, ალერგიული სინჯები, ელექტროკარდიოგრამა. ასევე საჭიროა კონსულტაციების გავლა სხვადასხვა სპეციალისტთან: ანესთეზიოლოგი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი, თერაპევტი ან პედიატრი. ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა, თუ რამდენად არსებობს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა.
გარდა ამისა, გლანდების ოპერაციამდე შეიძლება დაგჭირდეთ ძილის გამოკვლევა (პოლისომნოგრაფია) იმ შემთხვევაში, თუ ტონზილექტომიის ჩატარების მიზანი ძილის ობსტრუქციული აპნოეს, სასუნთქი გზების სხვა სახის ბლოკირების ან რაიმე მსგავსი მდგომარეობის მკურნალობაა.
გლანდების ოპერაცია და ანესთეზია
გლანდების ოპერაცია შეიძლება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ენდოტრაქეული ანესთეზიით ჩატარდეს, თუმცა ბოლო დროს პირველი მათგანი ძალიან იშვიათად გამოიყენება. ზოგადი ანესთეზია პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც უფრო კომფორტულია. თანამედროვე კვლევის მეთოდები და მედიკამენტები პაციენტის დაზღვევის საშუალებას იძლევა გართულებისგან როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე — მის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი ანესთეზიით ქირურგიული ჩარევა პრაქტიკიდან თითქმის ამოღებულია.
გლანდების ოპერაციის სხვადასხვა მეთოდები
ტონზილექტომიის რამდენიმე მეთოდს განასხვავებენ: ელექტროკაუტერიზაციით, ბლაგვი წესით, რადიოტალღებით, კობლაციით და ლაზერით.
შედეგის მიხედვით, გამოყენებულ მეთოდებს შორის სხვაობის შემჩნევა რამდენიმე კვირაში უკვე რთულია, თუმცა საგულისხმოა, რომ თითოეულ შემთხვევაში რეაბილიტაციის პროცესი განსხვავებულია. მაგალითად, ჭრილობა და ყლაპვა შედარებით ნაკლებმტკივნეულია კობლაციისა და ლაზერის შემდეგ. თუმცა, შემდგომი გართულებები ნებისმიერ შემთხვევაშია მოსალოდნელი და თითქმის არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი მეთოდით კეთდება გლანდების ოპერაცია.
როგორია გლანდების ოპერაციის შემდგომი პერიოდი
პაციენტების უმეტესობას სახლში წასვლა ტონზილექტომიის ჩატარების დღესვე შეუძლია. თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკაში ღამით დარჩენაც, თუ საქმე გვაქვს გართულებებთან.
აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, გლანდების ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი მოზრდილებში უფრო ხანგრძლივია, ვიდრე — ბავშვებში. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მათ პატარებზე ხშირად აღენიშნებათ სისხლდენა და ყელიც უფრო მეტად სტკივათ.
ტონზილექტომიის შემდეგ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს შემდეგი პრობლემები:
- სუსტი ან ძლიერი ტკივილი ყელის არეში 1-დან 2 კვირამდე პერიოდში;
- ტკივილი ყურებში, კისრის ან ყბის არეში;
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება რამდენიმე დღის განმავლობაში;
- მსუბუქი ცხელება რამდენიმე დღის მანძილზე;
- უსიამოვნო სუნი პირში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში;
- ენის ან ყელის შეშუპება;
- ყელში რაღაცის გაჩხირვის შეგრძნება;
- ბავშვებში შფოთვა ან ძილის დარღვევა.
პუნქტები, რომლებიც ტკივილის მართვისა და გამოჯანმრთელებისთვის ხელის შესაწყობად უნდა გაითვალისწინოთ:
- მედიკამენტები. მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები ექიმის დანიშნულების მიხედვით.
- სითხეები. ოპერაციის შემდეგ დალიეთ ბევრი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.
- საკვები. გლანდების ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვანია გარკვეული რეჟიმის დაცვა და ამ მიმართულებით დიდი როლი ენიჭება სწორად კვებას. მიიღეთ საკვები, რომლის გადაყლაპვაც ადვილია. არ მიირთვათ მჟავე, ცხარე, მყარი ან ხრაშუნა საკვები, რამაც შეიძლება ტკივილი ან სისხლდენა გამოიწვიოს.
- დასვენება. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე დაისვენეთ. არ ირბინოთ, არ იაროთ ველოსიპედით და არ შეასრულოთ სხვა მძიმე აქტივობები ოპერაციის გაკეთებიდან ორი კვირის განმავლობაში.
ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც შეძლებთ იკვებოთ რეგულარული დიეტით და ღამით იძინოთ ისე, რომ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის მიღება არ დაგჭირდეთ. ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ პერიოდში.
როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების გუნდს?
ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ ჩამოთვლილ გართულებებს — მათი გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება, სასწრაფო დახმარება დაგჭირდეთ.
სისხლდენა. შესაძლოა, ცხვირის ლორწოში ან ნერწყვში მუქი სისხლის ნაწილაკები აღმოაჩინოთ, თუმცა, თუ ისინი ღია წითელი ფერის იქნება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. ასეთ დროს შეიძლება ოპერაცია დაგჭირდეთ სისხლდენის შესაჩერებლად.
ცხელება. დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა 38.9°C-მდე ან უფრო მაღალ ნიშნულამდე აიწევს.
დეჰიდრატაცია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ დეჰიდრატაციის ნიშნებს შეამჩნევთ. ამაში იგულისხმება ნაკლები შარდვა, წყურვილი, სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
სუნთქვის პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ ხვრინვა ან ხმაურიანი სუნთქვა ხშირია ოპერაციის შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში. თუმცა, თუ სუნთქვა გიჭირთ, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ.
გლანდების ოპერაციის შედეგი
ტონზილექტომიას შეუძლია შეამციროს ყელში ბაქტერიული ინფექციების მოხვედრის შანსები და, ასევე, მათი ზემოქმედების ხარისხი. გარდა ამისა, გლანდების ოპერაცია ხელს უწყობს სუნთქვის პრობლემების გაუმჯობესებას მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები არ არაეფექტიანია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account