ყველა მშობელი დაგვეთანხმება, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი პატარები ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებისგან დავიცვათ.
ზაფხულის გრძელ და თბილ დღეებს პატარებისთვის განსაკუთრებული ხალისი მოაქვს, რაც ბუნებრივად დაკავშირებულია ეზოში თამაშთან, სანაპიროზე თუ აუზზე დროის სასიამოვნოდ გატარებასა და სხვა გარე აქტივობებთან. რთულია აუხსნა ბავშვს, დღის რომელი პერიოდია ნაკლებ სახიფათო, ამიტომ დღევანდელ სტატიაში რისკების შესამცირებლად რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ.
· ულტრაიისფერი სხივები ორი ტიპის არის, UVA - შედარებით გრძელი სხივია, რომელიც კანს უჯრედულ დონეზე აზიანებს და სხვადასხვა პათოლოგიის ტრიგერს წარმოადგენს. UVB - ძირითადად კანის ზედაპირზე მოქმედებს და დამწვრობის წინაპირობა ხდება. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას ყურადღება შემდეგ წარწერებზე უნდა გავამახვილოთ:
1. Broad spectrum UVA/UVB - ასეთი მანიშნებლის მქონე პროდუქტი თქვენი პატარის სრულფასოვან დაცვას უზრუნველყოფს.
2. Water/Sweat resistant - იდეალურ ვარიანტში შეფუთვაზე ამ კომენტარსაც წააწყდებით. საცხი ოფლ და წყალგამძლეა, შესაბამისად, მოუსვენარი, თამაშისგან დაქანცული ბავშვისთვის კრემის განახლება შედარებით დიდ ინტერვალებში მოგიწევთ.
3. Dermatologically/Pediatrically tested - მიუხედავად იმისა, რომ ექიმების მიერ პროდუქტის შემოწმების კონკრეტულ სტანდარტზე მსოფლიო მედიცინა ჯერ არ შეთანხმებულა, ეს წარწერა გულს უმშვიდებს მშობელს. შეგიძლიათ დაუშვათ, რომ კონკრეტული პროდუქტი ბავშვების გარკვეულ ჯგუფზე ტესტირებული და უსაფრთხოდ მიჩნეულია.
· შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი საცხს, სპრეისა და ლოსიონს შორის ოპტიმალური ფორმის პოვნაა. ბავშვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპრეი იდეალური გამოსავალია. მისი გამოყენება გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თან პროცესი მეტად სახალისოა. მთავარია ყურადღება გაამახვილოთ გამოყენებული საშუალების ოდენობაზე, რამდენიმე შესხურების შემდგომ, ხელით, მთელს სხეულზე გადაანაწილეთ პროდუქტი.
· გაითვალისწინეთ, რომ დილის 11:00-დან შუადღის 17:00 საათამდე მზე განსაკუთრებით მწველი და რადიოქატიურია. შესაბამისად, სასურველია თუ ამ მონაკვეთში ბავშვი დროს ჩრდილში დაყოფს.
· ორგანიზმის დეჰიდრატაციისგან დასაცავად აკონტროლეთ სითხის მიღების პერიოდულობა. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტივობებში გართულმა ბავშვმა შესაძლოა ვერც იგრძნოს წყურვილის გრძნობა, თავად შესთავაზეთ წყალი.
· არ დაგავიწყდეთ ქუდი! ქუდებს შორის კეპი ან განიერფრთიანი პანამა იდეალური არჩევანია.
· სასურველია - სათვალეც. UVA/UVB სხივები მხედველობასაც უქმნის საფრთხეს, ამიტომ აუცილებელია მწვანე, ყავისფერ ან ნაცრისფერ მინიანი სათვალის შერჩევა, რომელსაც UV400 ფილტრის სტიკერი ან საბუთი მოყვება.
· ჩააცვით ღია ფერის ტანისამოსი და დაუფარეთ სხეულის რაც შეიძლება დიდი ზედაპირი. შერჩეული ნაჭრები უნდა იყოს გრილი და შილიფი.
· იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი კონკრეტულ მედიკამენტებს იღებს, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან. რიგი სამკურნალო საშუალებები ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივებისადმი, შესაბამისად, შესაძლოა ზაფხულის პერიოდში მათი დროებითი შეწყვეტა იყოს რეკომენდებული.
ზაფხული ის უდარდელი, ფერადი და თბილი პერიოდია, რომელიც განსაკუთრებული მოგონებების შექმნას უნდა მიეძღვნას. ამას ჩვენი პატარები ყველაზე უკეთ გრძნობენ. ზრუნვის მცირე ელემენტები იცავს ბავშვს და ეხმარება მშობელს სიმშვიდის მოპოვებაში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account