რის სამკურნალოდ გამოიყენება პულმიკორტი

პულმიკორტი თეთრი ან მოთეთრო ფერის ადვილად რესუსპენდირებელი საინჰალაციო სუსპენზიაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბუდესონიდს და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ციტრატს, ნატრიუმის ედეტატს, პოლისორბატ 80, ლიმონმჟავას (უწყლო) და გასუფთავებულ წყალს.

პრეპარატი პულმიკორტი გამოდის ერთჯერადი დოზის შემცველ, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერში. პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) სამკურნალოდ.

პულმიკორტის უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები 

პულმიკორტი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ასევე, ის არ გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში.

პულმიკორტი სიფრთხილით ინიშნება ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმის, ღვიძლის ციროზის, სასუნთქი გზების სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს, ასეთ შემთხვევებში საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური მოქმედების განვითარების საშიშროების გათვალისწინება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი 

ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს, თუმცა საშიშროების ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება, შესაბამისად, ორსულობის პერიოდში, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საჭიროა პულმიკორტის მინიმალური დოზის გამოყენება.

პულმიკორტი აღწევს დედის რძეში, თუმცა მისი თერაპიული დოზის გამოყენებისას ზემოქმედება ბავშვზე არ გამოვლენილა, აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში.

პულმიკორტის გამოყენების წესი და დოზირება

პულმიკორტის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდებული დოზა არ აღემატება 1 მგ / დღეში, პრეპარატის მთელი დოზა უნდა მიიღოთ ერთჯერადად (ერთდროულად), ხოლო უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას რეკომენდებულია მთლიანი დოზის გაყოფა.

პრეპარატი უნდა განზავდეს 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, 2 მლ მოცულობამდე. სუსპენზიის გამოყენება შესაძლებელია განზავებიდან 30 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული საწყისი დოზებია:

  • 6 თვიდან ბავშვებში: 0.25-0.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის მომატება 1 მგ / დღემდე .
  • მოზრდილებსა და ხანდაზმულებში: 1-2 მგ დღეში.

შემანარჩუნებელი თერაპიისას:

  • 6 თვიდან ბავშვებში: 0.25-2 მგ დღეში;
  • მოზრდილებსა და ხანდაზმულებში: 0.5-4 მგ დღეში. გამწვავების შემთხვევაში დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ.

რა გვერდითი ეფექტები ახლავს თან პულმიკორტის გამოყენებას? 

პულმიკორტის მიღების შემდეგ, პაციენტთა დაახლოებით 10%-ში, შეიძლება მივიღოთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • პირხახის კანდიდოზი, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, ხველა, ხმის ჩახლეჩა, ხმის დაბოხება;
  • ანგიონევროზული შეშუპება, კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება;
  • ბრონქოსპაზმი;
  • ნერვოზულობა, აგზნებადობა, დეპრესია, ქცევის დარღვევა; 
  • თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქცია, იშვიათ შემთხვევაში განვითარებულა სისხლჩაქცევები კანზე. 

განსაკუთრებული მითითებები 

ნებულაიზერის ნიღბით გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს სახის კანის გაღიზიანება. ნიღბის გამოყენებისას გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სახის წყლით დაბანა.

პირხახის კანდიდოზის განვითარების საშიშროების გათვალისწინებით, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია პრეპარატის ყოველი ინჰალაციის შემდეგ, პირის ღრუში საგულდაგულოდ გამოივლოს წყალი.

ბრონქული ასთმის მკურნალობისას გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში და მოზარდებში ზრდის პროცესის დარღვევა. 

როგორ ხდება ნებულაიზერის დახმარებით პულმიკორტის საინჰალაციო სუსპენზიის გამოყენება 

პულმიკორტის სუსპენზია გამოიყენება ინჰალაციისათვის შესაბამისი ნებულაიზერის დახმარებით. ნებულაიზერი აღჭურვილია მუნდშტუკითა და სპეციალური ნიღბით. 

გამოყენებამდე ფრთხილად შეანჯღრიეთ კონტეინერი მსუბუქი ბრუნვითი მოძრაობით. ამის შემდეგ კონტეინერის გახსნილი ბოლოდან უნდა გადმოადინოთ სითხე ნებულაიზერში. ნებულაიზერის შევსების მოცულობა უნდა შეადგენდეს 2-4 მლ-ს. 

გახსნილი კონტეინერი ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას. გახსნილი კონტეინერის გამოყენება შესაძლებელია 12 საათის განმავლობაში. მასში დარჩენილი სითხის გამოყენებამდე კონტეინერი ისევ ფრთხილად უნდა შევანჯღრიოთ.

პულმიკორტის სუსპენზიის გამოყენებისათვის არ გამოდგება ულტრაბგერითი ნებულაიზერი. რეკომენდებულია ნებულაიზერის გასუფთავება ყოველი გამოყენების შემდეგ, ინსტრუქციის შესაბამისად.