რის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი ესომი და როგორ მოქმედებს ის


ესომი წამალია, რომელიც მჟავასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება. კერძოდ, ეს სამკურნალო საშუალება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, ანუ მათი დათრგუნვის ეფექტის მქონე პრეპარატების ჯგუფში ერთიანდება.

ესომი კაფსულების სახითაა წარმოდგენილი. აქტიური კომპონენტის როლს ეზომეპრაზოლ მაგნიუმის დიჰიდრატი ასრულებს, რომელიც 40 მილიგრამი ეზომეპრაზოლის ეკვივალენტურია. ასევე, მედიკამენტში დამატებით საღებავი საშუალებები გვხვდება: ბრილიანტის ლურჯი, წითელი ერითროსინი, ტიტანის დიოქსიდი და ყვითელი E110.

ესომის კაფსულები მოზრდილებში გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების, ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის, პეპტიური წყლულის განმეორებითი სისხლდენისა და ზოლინგერ ელისონის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება. 12 წლის ასაკიდან მოზარდებში ის გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის დროს ინიშნება.

ესომი 40 მგ. კაფსულების სახითაა ხელმისაწვდომი, მათ შორის პსპ-ს სააფთიაქო ქსელში. ესომის ფასი ცვალებადია, რადგან მასზე მოქმედებს ფასდაკლებები.

ესომის ანოტაცია — როგორია პრეპარატის ფარმაკოდინამიკა  

ეზომეპრაზოლი, რომელიც ომეპრაზოლის S-იზომერია, კუჭის მჟავის სეკრეციას სპეციფიკური მოქმედების მექანიზმით ამცირებს. იგი პარიესულ უჯრედებში მჟავას ტუმბოს ინჰიბიტორია და ეფექტიანად ეწინააღმდეგება მჟავის როგორც ბაზალურ, ისე სტიმულირებულ გამოყოფას. მისი მოქმედება იწყება, როდესაც იგი უჯრედის სეკრეტორული მილაკების ძალიან მჟავე გარემოში კონცენტრირდება და აქტიურ ფორმად გარდაიქმნება. ამ პროცესის შედეგად ფერმენტი H⁺/K⁺-ATP-აზა ბლოკირებას განიცდის, რაც კუჭის მჟავას წარმოქმნის პროცესს აფერხებს.  

ეზომეპრაზოლის ეფექტი შესამჩნევია მისი მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. ესომის 20-40 მგ. დოზის მიღების შემთხვევაში კუჭის მჟავას სეკრეცია მკვეთრად მცირდება და მკურნალობის მეხუთე დღეს, პენტაგასტრინით სტიმულაციის შემდეგ, მჟავის გამოყოფა დაახლოებით 90%-ით იკლებს. ეს ეფექტი პრეპარატის რეგულარული მიღებისას კიდევ უფრო იზრდება და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების, მათ შორის გასტროეზოფაგური რეფლუქსის, მკურნალობას.  

ეზომეპრაზოლი მჟავა გარემოში დაშლის თავიდან ასაცილებლად ნაწლავში ხსნადი გრანულების სახით მიიღება. ის სწრაფად შეიწოვება, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 1-2 საათში აღწევს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია დოზასა და მიღების ხანგრძლივობაზე: ერთჯერადი დოზის შემთხვევაში 40 მგ-სთვის ბიოშეღწევადობა 64%-ია, ხოლო განმეორებით მიღებისას ეს მაჩვენებელი 89%-მდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საკვების მიღება ამ პროცესს ანელებს, ეს პრეპარატის კლინიკურ ეფექტზე არ მოქმედებს.  

პრეპარატი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს (97%-ით), რაც ორგანიზმში მის ეფექტიან განაწილებას უზრუნველყოფს. ის სრულად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის (CYP) სისტემით, რაშიც დიდწილად CYP2C19 ფერმენტი მონაწილეობს, რომელიც ჰიდროქსილირებულ და დემეთილირებულ მეტაბოლიტებს წარმოქმნის. მეტაბოლიზებას უზრუნველყოფს CYP3A4-იც, რომელიც სულფონ-მეტაბოლიტის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი.

ეზომეპრაზოლი ორგანიზმიდან სწრაფად გამოიყოფა. პლაზმიდან მისი ნახევრად დაშლის პერიოდი 1.3 საათია, ხოლო კლირენსი — 17 ლ/სთ ერთჯერადი მიღების შემდეგ. განმეორებითი გამოყენებისას კლირენსი მცირდება, რაც პირველ გავლის მეტაბოლიზმის შეფერხებას უკავშირდება. ეს პრეპარატი ორგანიზმში არ გროვდება და მისი ეფექტიანობა ხანგრძლივ მიღებაზე არაა დამოკიდებული, რაც ესომს მჟავასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ უსაფრთხოსა და შედეგიანს ხდის.

ესომის მიღების წესი და დოზირება 

თუ კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს პაციენტს პრეპარატის პერორალურად მიღება არ შეუძლია, ეზომეპრაზოლი ინიშნება პარენტერალური გზით. დოზა დამოკიდებულია მდგომარეობაზე: რეფლუქს ეზოფაგიტის დროს რეკომენდებულია დღეში ერთხელ 40 მგ, ხოლო რეფლუქს დაავადების სიმპტომების მართვისთვის — 20 მგ. 

ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისთვის საწყისი დოზა 20 მგ-ია. რისკ-ჯგუფის პაციენტებში ის პრევენციის მიზნით იმავე დოზით ინიშნება. როგორც წესი, ინტრავენური თერაპია ხანმოკლეა, და პაციენტი მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე პრეპარატის პერორალურ ფორმაზე უნდა გადავიდეს. 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს სისხლდენის პროფილაქტიკისთვის თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ ინიშნება 80 მგ ეზომეპრაზოლი 30-წუთიანი ბოლუსური ინფუზიით, რასაც მოჰყვება უწყვეტი ინტრავენური ინფუზია 8 მგ/სთ სიჩქარით, 72 საათის განმავლობაში. ამ პროცედურის შემდეგ პაციენტისთვის აუცილებელია მჟავას დამთრგუნველი პერორალური თერაპიის გაგრძელება.  

 

ინტრავენური შეყვანისას 40 მგ. დოზა იხსნება და შეჰყავთ სულ მცირე 3 წუთის განმავლობაში. 20 მგ. დოზისთვის განზავებული ხსნარის ნახევარი გამოიყენება. 40 მგ. ხსნარი შეიძლება ინფუზიის სახით 10-30 წუთის განმავლობაში შეიყვანოთ, ანალოგიურად 20 მგ. ხსნარის ნახევარიც.

თირკმელების უკმარისობისას დოზის კორექცია, როგორც წესი, არ არის საჭირო, თუმცა მძიმე უკმარისობისას სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია. იგივეა ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობისას, მაგრამ მძიმე უკმარისობისას მაქსიმალური ინტრავენური დოზა 20 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. წყლულის დროს სისხლდენისას მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის 80 მგ. საწყისი დოზის შემდეგ შესაძლებელია შემცირებული, 4 მგ/სთ დოზის, ინფუზია.  

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არაა. 1-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც პერორალური ფორმის მიღება არ  შეუძლიათ, ეზომეპრაზოლი პარენტერალური გზით ინიშნება, როგორც  გერდ-ის მკურნალობის კურსის ნაწილი. 

როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში, ინტრავენური თერაპია უნდა იყოს დროებითი და, საჭიროებისამებრ, სწრაფად შეიცვალოს პერორალური ფორმით. ესომეპრაზოლის სწორი დოზირება და შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, მდგომარეობასა და სპეციფიკურ კლინიკურ საჭიროებებზე.

სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ

პრეპარატი უკუნაჩვენებია მისი აქტიური ან დამახმარე კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას. ესომის გამოყენება არ შეიძლება ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად, როგორიცაა ნელფინავირი და ატაზანავირი. ასევე, სიფრთხილით მიიღება სამედიცინო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYPC19-ით; სამკურნალო პრეპარატებთან pH დამოკიდებული შეწოვით; კლოპიდოგრელთან; ვარფარინთან; ცისაპრიდთან; ცილოსტაზოლთან; ვორიკონაზოლთან; ფენიტოინთან; დიაზეპამთან; მეთოტრექსატთან; ტაკროლიმუსთან.

ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის, მაგალითად, წონაში უეცარი და მნიშვნელოვანი კლების, პერიოდული ღებინების, დისფაგიის, სისხლიანი პირღებინების ან სისხლიანი განავლის,ასევე კუჭის წყლულის ეჭვის ან მისი არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამორიცხვა. ესომეპრაზოლით მკურნალობამ შესაძლოა, სიმპტომები შეასუსტოს და დიაგნოსტირება გაართულოს. პაციენტები, რომლებიც ამ პრეპარატს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებენ (განსაკუთრებით ერთ წელზე მეტხანს), მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

ბაქტერია Helicobacter pylori-ის ერადიკაციისთვის სამმაგი კომბინირებული თერაპიის დანიშვნისას საჭიროა მისი ყველა კომპონენტის შესაძლო ურთიერთქმედების გათვალისწინება. კლარითრომიცინი CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორია, ამიტომ მის გამოყენებასთან დაკავშირებული უკუჩვენებები უნდა გაითვალისწინონ იმ პრეპარატების მიღებისას, რომლებიც ამ იზოფერმენტის მეშვეობით მეტაბოლიზდება. 

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი გაზარდოს და ვიტამინ B12-ის შეწოვა შეამციროს. მათმა ხანგრძლივმა გამოყენებამ (ერთი წელი და მეტი), განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შესაძლოა, ხანდაზმულებში ან ოსტეოპოროზის სხვა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში ძვლის მოტეხილობების რისკი მცირედით გაზარდოს.

ასევე, აღინიშნა ჰიპომაგნიემიის შემთხვევები, ძირითადად მათთან, ვინც პრეპარატს სამი თვის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებდა. ჰიპომაგნიემიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ტეტანიას, ბოდვას, კრუნჩხვებს, თავბრუსხვევას ან პარკუჭოვან არითმიას. აღნიშნული მდგომარეობა, როგორც წესი, მაგნიუმის ჩანაცვლებითი თერაპიისა და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება.

ორსულ ქალებში ეზომეპრაზოლის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ნაყოფის განვითარებაზე პრეპარატის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი გავლენა არ გამოავლინა, თუმცა ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო. ძუძუთი კვების დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. 

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე მედიკამენტი უმნიშვნელოდ მოქმედებს. ამის მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, რაც მუშაობის დროს სიფრთხილეს მოითხოვს.