რისი მანიშნებელია ძლიერი მენსტრუალური ტკივილი?

 

ენდომეტრიოზი ის პათოლოგიაა, რომელიც თვეში ერთხელ, მენსტრუაციის პერიოდში ანთებით პროცესსა და ძლიერ ტკივილს იწვევს.

  ძლიერი მენსტრუალური ტკივილი არა მხოლოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის, არამედ მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. თუ თვის გარკვეული პერიოდი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე დამოკიდებული ხდებით, დიაგნოსტიკის დროა! ეს სიმპტომი შესაძლოა ისეთი დაავადების მანიშნებელი იყოს, როგორიცაა - ენდომეტრიოზი.

 

ენდომეტრიოზი - ესაა მდგომარეობა, როდესაც ქსოვილი, რომელიც ჩვეულებრივ საშვილოსნოს ღრუშია და დაახლოებით თვეში ერთხელ მენსტრუაციის სახით ჩამოიშლება საშვილოსნოს ღრუს გარდა მდებარეობს იქ, სადაც არ უნდა იყოს, ანუ არაბუნებრივ ადგილებზე ვითარდება, მაგალითად: საკვერცხეებზე, მილებზე, ნაწლავზე, მცირე მენჯის ღრუში. ეს ნიშნავს იმას, რომ მენსტრუაციის დროს იგივე პროცესები როგორც საშვილოსნოში ასევე სხვა ორგანოებში ვითარდება, ანუ ენდომეტრიუმის ქსოვილი ჩამოიშლება მუცლის ღრუშიც, რაც იწვევს ადგილობრივ ანთებით პროცესსა და ძლიერ ტკივილს.

სამწუხაროდ, პათოლოგიის განვითარების ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია, თუმცა რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:

-        ოჯახური ისტორია ანუ გენეტიკური მიდრეკილება

-        მოკლე მენსტრუალური ციკლი (27 დღეზე ნაკლები)

-        მენსტრუაციის დიდი ხანგრძლივობა (7 დღეზე მეტი)

-        სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, მათ შორის აბორტი

-        ხანდაზმული ორსულობა

გარდა მუცლის ღრუს მწვავე ტკივილისა, დისკომფორტი შესაძლოა ლოკალიზებული იყოს წელის არეში, ასევე გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომატიკა:

-        ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის პერიოდში

-        ტკივილი სქესობრივი კავშირისას ან მისი დასრულების შემდგომ

-        სხვა

ნუ დააყოვნებთ, ჩივილების არსებობის შემთხვევაში დროულად ეწვიეთ ექიმის კაბინეტს და ჩაიტარეთ სადიაგნოსტიკო კვლევები, რადგან ენდომეტრიოზის უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხეების კიბო ან უშვილობა. პსპ-ს რუბრიკაში „იზრუნე ჯანმრთელობაზე“ რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, სწორედ აღნიშნულ სინდრომზე ამახვილებს ყურადღებას.