
პრეპარატი სიმალგელი თეთრი შეფერილობის მქონე სუსპენზიის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც სასიამოვნო გემო აქვს. ის შიგნით, ორალური გზით, მისაღებადაა განკუთვნილი.
სიმალგელი სუსპენზია ანტაციდური მედიკამენტების ჯგუფში ერთიანდება. ასევე, ის კომბინირებული ფარმაკოლოგიური საშუალებაა, კერძოდ, მასში ალუმინი და მაგნიუმი ოპტიმალური თანაფარდობით გვხვდება. პრეპარატის შედგენილობაში არის მეტეორიზმის საწინააღმდეგო კომპონენტიც, რომელსაც გაზგამყვანი ფუნქცია აქვს.
რისგან შედგება და როგორ მოქმედებს სიმალგელი
სიმალგელი წამალია, რომელიც აქტიური და დამხმარე ნივთიერებისგან შედგება. სუსპენზიის ყოველ 5 მილილიტრში 405 მგ. ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალი გელი, 100 მგ. მაგნიუმის ჰიდროქსიდი და 125 მგ. სიმეტიკონია. ისინი აქტიური კომპონენტებია.
რაც შეეხება დამხმარე ნივთიერებებს, ესენია: უწყლო ლიმონის მჟავა, მანიტოლი, ბაღის პიტნის ზეთი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, 95%-იანი ეთანოლი და გაწმენდილი წყალი.
სიმალგელის ფუნქცია მის სხვადასხვა თვისებასთანაა დაკავშირებული. პრეპარატს გააჩნია როგორც ანტაციდური, შეწოვის ხელშემწყობი და შემომგარსველი, ისე გაზგამყვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დამცველი მოქმედება. ასევე, მედიკამენტი გამოირჩევა მჟავის გამანეიტრალებელი მაქსიმალური გავლენით, კუჭის წვენის პეპტიდური აქტივობის შემცირებითა და დამაზიანებელი ზემოქმედებისგან კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვით.
ამ ეფექტის დიდი ნაწილი სიმეტიკონის წყალობით მიიღწევა, რომელიც ანტაციდური, მაადსორბირებელი კომპონენტია და გაზგამყვანი მოქმედებით მეტეორიზმის კლინიკურ გამოვლინებებს აღმოფხვრის. ასეთია, მაგალითად, ტკივილი, ბუყბუყი და შებერილობის შეგრძნება მუცლის არეში, ბოყინი და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმეტიკონი ბაქტერია Helicobacter pylori-ს ზრდა-გავრცელებას უშლის ხელს.
სიმალგელი სუსპენზია კუჭის სანათურში გამოყოფილ მარილმჟავაზე მოქმედებს, კერძოდ კი მას ანეიტრალებს, რასაც ალუმინის ქლორიდისა და წყლის წარმოქმნის გზით ახერხებს. ის კუჭის წვენის პეპტიდურ აქტიურობასაც ამცირებს, ხოლო ნაწლავების ტუტე შიგთავსში ალუმინის ქლორიდის მეშვეობით ალუმინის უხსნადი და შეუწოვადი ნაერთები (როგორიცაა ფოსფატები), ასევე ქლორის იონები ფორმირდება. ეს იონები ხელახლა შეიწოვება, რაც ალკალოზის, ანუ ტუტიანობის მატების, განვითარებას ეწინააღმდეგება.
სიმალგელი პეფსინისა და ნაღველში არსებული მჟავების შთანთქმას განაპირობებს. ის კუნთის სპაზმსა და დუოდენოგასტრალური რეფლუქსს აჩერებს, ხსნის დისპეფსიურ ჩივილებსაც. სიმეთიკონის მეშვეობით კუჭ-ნაწლავში გაზების წარმოქმნა მცირდება. წამლის სუსპენზიური ფორმა ხელს უწყობს, რომ ის კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს და მისი ეფექტი გახანგრძლივდეს.
სიმალგელი 250 მლ. და 300 მლ. ფლაკონებშია ხელმისაწვდომი.
როდის და როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი
წამალი სიმალგელი სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, როცა გამოხატულია მომატებული ან ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია. პრეპარატის ჩვენებებია:
- მეტეორიზმი, ანუ ნაწლავებში აირების ჭარბად წარმოქმნა;
- დისპეფსია, რომლის დროსაც ვლინდება დისკომფორტი/ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება, შებერილობა;
- თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლული, ეროზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
- მწვავე ან ქრონიკული გასტრიტი, რომელიც გამწვავების ფაზაშია;
- ქრონიკული ზედაპირული გასტრიტი და ატროფიული გასტრიტი;
- დუოდენო-გასტრალური რეფლუქსი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- ტოქსიკური გასტროენტერიტი და კოლიტი;
- ქრონიკული ქოლეცისტიტი და ოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი;
- ნაღველკენჭოვანი დაავადება და ქრონიკული პანკრეატიტი;
- ყავის ან ნარკოტიკის ჭარბი მოხმარებით ან არასწორი კვებით გამოწვეული დისპეფსია.
სიმალგელის მიღების წესი ასეთია:
პირველ რიგში, გამოყენებამდე არ დაგავიწყდეთ სუსპენზიის ფლაკონის შენჯღრევა. რეკომენდებული დოზა დღეში არაუმეტეს 60 მილილიტრია, მაგრამ ამ და სხვა პრეპარატის მიღებას შორის ინტერვალი 1-2 საათი უნდა იყოს.
მოზრდილებში, როგორც წესი, ინიშნება 10 მლ. დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 1-1.5 საათის შემდეგ. მედიკამენტის განზავების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სითხე არ დალიოთ. ასე სუსპენზია კუჭის ლორწოვან გარსზე უკეთ გადანაწილდება.
რეკომენდებულია, რომ სიმალგელის მიღების შემდეგ წამოწვეთ და გვერდი რამდენჯერმე შეიცვალოთ, ყოველ 2 წუთში ერთხელ. გასათვალისწინებელია, რომ რეფლუქს-ეზოფაგიტისას ის ჭამიდან ხანმოკლე პერიოდში მიიღება, ხოლო ეპიზოდური გამოყენებისას სასურველი დოზა ერთჯერადად 10 მილილიტრია.
სიმალგელი ბავშვებში, რომელთა ასაკიც 10 წელს აღემატება, მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით მიიღება. ჩვეულებრივ, ამ ასაკობრივი კატეგორიაში ზრდასრულისთვის განკუთვნილი დოზის 1/2 ინიშნება.
რა უნდა გავითვალისწინოთ სიმალგელის გამოყენებამდე
სხვა პრეპარატებთან ერთად სიმალგელის მიღება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ზოგიერთი მედიკამენტი მისი თერაპიული ეფექტის შემცირებას იწვევს. მაგალითად, იზონიაზიდთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ქინიდინთან, ინდომეტაცინთან, ფუროსემიდთან, ბარბიტურატებთან და დიგოქსინთან კომბინაციამ შეიძლება, პრეპარატის ეფექტურობა შეამციროს. შესაბამისად, აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
სიმალგელის გამოყენებისას არსებობს გარკვეული გვერდითი მოვლენების რისკი, რომლებიც განსაკუთრებით ვლინდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში სისხლში ალუმინისა და მაგნიუმის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატმა შესაძლოა, გამოიწვიოს ძვლებისა და სახსრების დაავადებების გამწვავება. იშვიათად აღინიშნება გემოს შეგრძნების დარღვევა, გულისრევა და ალერგიული რეაქციები, რაც დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევებისა და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღება საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და საჭიროა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა.
სიმალგელი სიფრთხილით მიიღება ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია ან არიან ორსულად.
ხანდაზმულებმა და თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებმა პრეპარატი აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გამოიყენონ. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია ორგანიზმის ფოსფორით მდიდარი საკვებით უზრუნველყოფა, რათა სხეულში მინერალური ბალანსი შენარჩუნდეს და ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა თავიდან აიცილოთ.
პრეპარატი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომია. წამალ სიმალგელის ფასი ცვალებადია, მასზე მოქმედებს ფასდაკლებებიც.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account