რა როლს თამაშობს PSP საგანმანათლებლო სფეროში


თანამედროვე მსოფლიოში დიდი კომპანიების ფუნქციები მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის დაკმაყოფილებით არ შემოიფარგლება. საზოგადოება ასეთი კომპანიებისგან ხშირად სოციალური პასუხისმგებლობის აღებას, მოსახლეობის ყველა ფენისათვის არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ შესაძლებლობების მიწოდებასაც მოელის.

ბევრი ბიზნესი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამ ახალ მოდელს ფეხს ვერ უწყობს, თუმცა ნამდვილად არსებობენ კომპანიები, რომლებიც ეფექტიანად ქმნიან შესაძლებლობებს და არაერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორს ავითარებენ.

PSP სწორედ ასეთი კომპანიაა — ქართული ფარმაცევტული ბიზნესის ერთ-ერთი ფლაგმანის ხედვა სცდება ბიზნეს ინტერესებს და პრიორიტეტად ირჩევს განათლების ხელშეწყობას, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას. კომპანია წლებია, თანამშრომლობს ქართულ პროფესიულ და უმაღლეს  სასწავლებლებთან და სხვადასხვა ინოვაციური პროგრამის საშუალებით, ფარმაციის დარგში პროფესიონალების მომზადებას უწყვეტად უჭერს მხარს.  

PSP საქართველოში არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს, მათ შორისაა:

  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ბიზნესის აკადემია
  • ინტერბიზნესის აკადემია
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
  • საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"
  • საზოგადოებრივი კოლეჯი “ამაგი”
  • კოლეჯი “ორიენტირი”
  • საზოგადოებრივი კოლეჯი "ილია"

“ფარმაცევტის პროფესიული სტანდარტი” და საგანმანათლებლო პროგრამები

გრძელვადიანი პროგრამა

PSP მიჰყვება მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში დამკვიდრებულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული და საგანმანათლებლო სექტორები სიმბიოზურ ურთიერთობაში არიან. არაერთ დასავლურ ქვეყანაში ფარმაცევტული კორპორაციები უშუალოდ მონაწილეობენ სამედიცინო სასწავლებლების კურიკულუმების შემუშავებაში.

როგორც უკვე აღინიშნა, PSP ამ ტენდენციას არ ჩამორჩება, რისი დასტურიც 2017 წელს “ფარმაცევტის პროფესიული სტანდარტის” შემუშავებაა — ეს პროცესი PSP-ს უშუალო ხელმძღვანელობითა და ფასილიტაციით წარიმართა. რა თქმა უნდა, სტანდარტის შემუშავება არ ყოფილა მხოლოდ ერთჯერადი თეორიული ამოცანა: მის საფუძველზე გრძელვადიანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა, რომელიც დღესდღეობით 10-ზე მეტ პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლება.

PSP აქტიურად მონაწილეობს პარტნიორ ორგანიზაციებში მაღალი სტანდარტისა და პროგრამის წარმატებით დანერგვაში — კომპანიის მხარდაჭერით ზემოთ ჩამოთვლილ სასწავლებლებში შექმნილია სიმულაციური აფთიაქები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ და რეალურ გარემოში სამუშაოდ მოემზადონ.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია, დასაქმდეს როგორც აფთიაქებში, ისე საბითუმო რეალიზაციის ობიექტებსა და სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.

მოკლევადიანი პროგრამები

გრძელვადიანი პროგრამა არ არის ერთადერთი მიმართულება, რომელსაც PSP უთმობს ყურადღებას. 2022 წელს კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა განათლების სექტორის გაუმჯობესებისკენ და შეიმუშავა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე გადამზადებისა და მომზადების მოკლევადიანი პროგრამები.

გადამზადების პროგრამა “ფარმაცევტული ზრუნვის” მიდგომა უნიკალურია ქართულ პროფესიულ და საგანმანათლებლო ბაზარზე იმ კუთხით, რომ ის არ მოიცავს მხოლოდ დასაქმებულთა კვალიფიციის ამაღლებას — პროგრამის ერთ-ერთი მიზანი შრომით ბაზარზე ისეთი ადამიანების რეინტეგრაციაა, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით კარიერულ საქმიანობაში პაუზა ჰქონდათ. რეინტეგრაციის წახალისება არამხოლოდ კომპანიის მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, არამედ ხელს უწყობს როგორც განათლების სექტორის, ისე შრომითი ბაზრის გადახალისებას და კონკურენციის გაჩენას, რომელიც ნებისმიერი სფეროს პროგრესისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

PSP ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ტრენინგ-ცენტრი შექმნა. მომავალი ფარმაცევტები პერსონალური მენტორების დახმარებით იწყებენ მუშაობას, ეცნობიან დარგის გამოწვევებს, სიახლეებს და ასე პირველ კარიერულ ნაბიჯებსაც დგამენ.

ორივე მოკლევადიანი პროგრამა PSP-სა და მისი პარტნიორის, საქართველოს ბიზნეს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრებაა და ფინანსურად სრულად სახელმწიფოს მიერ არის მხარდაჭერილი.

შეფასების ბაზა და სტუდენტური დასაქმება

PSP-მ სტუდენტთა ცოდნის ობიექტური შეფასებისთვისაც შექმნა ბერკეტი. 2020 წელს კომპანიამ 12 000-მდე სტანდარტიზებული ტესტი შეიმუშავა, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსთან და სტუდენტთა ცოდნის ობიექტურ შეფასებას უზრუნველყოფს. ქართული განათლების სისტემისათვის ეს ინიციატივა უნიკალურია.

გარდა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვისა, PSP აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების კარიერულ განვითარებასაც. ეს კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

PSP ახორციელებს სტუდენტური დასაქმების პროგრამას, რომლის მონაწილეებსაც აქვთ შესაძლებლობა, განათლების მიღების პარალელურად, ფარმაცევტის თანაშემწის ან ტექნიკური ასისტენტის პოზიციებზე დასაქმდნენ. პროგრამა სთავაზობს ახალგაზრდებს აკადემიურ გრაფიკთან ადაპტირებულ 4, 6 ან 8-საათიან სამუშაო განრიგს და მეტიც, წარმატებულ მონაწილეებს კომპანია სწავლას სრულად უფინანსებს.

დასაქმების პროგრამა პასუხობს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს იმ სავალალო მდგომარეობის აღმოფხვრას, რომელიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებობს. ბოლო მონაცემებით, 20-იდან 24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში 31.9%-ს უტოლდება და ამ უარყოფითი ტენდენციის დადებითისკენ შემოსაბრუნებლად სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დიდი კომპანიების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

PSP — საუკეთესო ბიზნესპარტნიორი განათლებაში

კომპანიის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. PSP-ს ინოვაციური, მრავალწახნაგოვანი მიდგომა საგანმანათლებლო სფეროში სათანადოდ არის დაფასებული. 2022 წელს, ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე PSP განათლებაში საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დაასახელეს.

ეს სტატუსი ლოგიკური შედეგია მრავალფეროვანი პროექტებისა და იმ უნიკალური მიდგომისა, რომელიც კომპანიას განათლების სექტორის მიმართულებით აქვს არჩეული.

PSP-ს საქმიანობა, ყურადღება, რომელსაც ის განათლების სფეროს უთმობს, ხელს უწყობს არა მხოლოდ PSP-ის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის წარმოჩენას, არამედ აჯანსაღებს შრომით ბაზარს, ზრდის ფარმაცევტული სფეროს პოპულარობას და, რაც ყველაზე მთავარია, ავითარებს პროფესიული განათლების კულტურას, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია.

რასაკვირველია, PSP განაგრძობს აქტიურ საქმიანობას ამ მიმართულებით და მისი მიზანია, ორი სფეროს,  განათლებისა და ჯანდაცვის, ერთმანეთთან დაკავშირებით გააძლიეროს როგორც ერთი, ისე — მეორე. ამგვარად, კომპანია ცდილობს, გაამართლოს საკუთარი სახელის აბრევიატურაში დამალული ლათინური ფრაზა “Paulatim Summa Petuntur” — “ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ”.