რა არის ტოქსივენოლი და რა როლი აქვს მას ვენური დაავადებების მკურნალობაში?

ვენური დაავადებები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. მას ძირითადად ჰიპოდინამიური ცხოვრების წესი იწვევს, თუმცა შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს. 

დაავადების ალბათობას ასევე ზრდის ჭარბი წონა და მდედრობითი სქესი. უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და მშობიარობის, არცთუ იშვიათად - ჰორმონული პრეპარატების, მათ შორის - კონტრაცეპტივების მიღების გამო.

რა სიმპტომები ახასიათებს ვენურ დაავადებას?

ზოგადად, ვენური დაავადებისათვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ფეხების შეშუპება, სიმძიმისა და წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემთხვევაში. მოგვიანებით, არსებულ გამოვლინებებს ემატება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და კრუნჩხვები კანჭის კუნთებში (განსაკუთრებით ღამის საათებში) ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი,  მოლურჯო ფერის სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავები“, ფართოვდება კანქვეშა ვენები. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტროფიკული დარღვევები მაგალითად ეგზემა, თრომბოფლებიტი ამ ტროფიკული წყლული.

იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი გართულებები, მნიშვნელოვანია დროულად ამოიცნოთ დაავადება და მიმართოთ შესაბამისი პროფილის ექიმს, რომელიც ანამნეზის შეკრებითა და ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს. 

დღეისათვის არსებობს ვენური დაავადებების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: სკლეროთერაპია, ელასტიკური კომპრესია, ქირურგიული მკურნალობა და, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მკურნალობას ტაბლეტების, მალამოებისა და ინიექციების მეშვეობით.

ვენური დაავადებების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტიანი პრეპარატია ტოქსივენოლი, რომელიც გამოდის როგორც ტაბლეტების, ასევე ამპულების სახით. უპირატესად გამოიყენება ტოქსივენოლის ტაბლეტები, ინიექციები ინიშნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როცა საჭიროა სწრაფი თერაპიული ეფექტი.

რისთვის გამოიყენება ტოქსივენოლი?

ტოქსივენოლის როგორც ტაბლეტები, ასევე ინიექციები ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
  • ჰემოროიდული კვანძები;
  • დიაბეტური ანგიოპათია;
  • რეტინოპათია.

როგორია პრეპარატის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი?

ტოქსივენოლის შემადგენელი კომპონენტების - ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის კომბინაცია განაპირობებს პრეპარატის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და სისხლდენის სინდრომების მკურნალობა კაპილარების მომატებული სისუსტის შემთხვევაში. 

ტროქსერუტინი, ვიტამინი P4 - არის ბიოფლავონოიდი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების დამცავ მოქმედებას და ამცირებს მათ განვლადობას, ასევე ხელს უშლის სისხლის თხევადი კომპონენტის ჭარბ შეღწევას ქსოვილებში. 

პრეპარატი ასევე აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რაც გავლენას ახდენს მემბრანის განვლადობაზე და თრგუნავს ჰიალურონის სინთეზს, ამის შედეგად გამომუშავდება ჰიალურონის მჟავას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხს აგებს სისხლძარღვთა კედლების სიმტკიცეზე. 

კარბაზოქრომი – არის ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტივობის გარეშე. იგი აშკარა ზეგავლენას ახდენს კაპილარების სიმტკიცესა და განვლადობაზე, ასევე სისხლძარღვთა შეკუმშვის ძალაზე და ტონუსზე.

მიღების წესები და დოზირება

დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და სიმძიმეზე. თუმცა ზოგადად რეკომენდირებული დოზაა 2-4 ტაბლეტი დღეში, ხოლო ინიექციების შემთხვევაში - 3-9 მლ საინექციო ხსნარი დღეში 1-ჯერ კუნთში.

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

როგორც წესი, ტოქსივენოლი კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენებიც საკმაოდ იშვიათად აქვს, ხოლო თუ აქვს, ისინი ჩვეულებრივ სუსტია და ხანმოკლე. 

პრეპარატის ძირითად გვერდით მოვლენას წარმოადგენს  კუჭ-ნაწლავისმხრივი მოვლენები. ხოლო ინიექციების არასწორი მეთოდით გამოყენებისას (ინტრადერმალურად ან კანქვეშ) შესაძლებელია განვითარდეს კანის გაღიზიანება (სიწითლე ნემსის შეყვანის ადგილას და გენერალიზებული ერითემა).

რაც შეეხება უკუჩვენებებს, პრეპარატის ერთადერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შეიძლება თუ არა პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან არ არის გამორიცხული მავნე ზემოქმედება ნაყოფსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე. 

სიფრთხილის დამატებითი ზომები

ტოქსივენოლის ინიექციები არ უნდა გამოიყენოთ ინტრადერმალურად ან კანქვეშ, რადგან არ არის ჩატარებული კლინიკური კვლევები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ შეყვანის ამ მეთოდებით.

პრეპარატი შეიცავს 28,3 მგ ნატრიუმს 9 მლ-ში, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას თირკმლების დაქვეითებული ფუნქციის მქონე და ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ტოქსივენოლის მიღება არ შეიძლება ასკორბინის მჟავასთან ერთად.